ინციდენტი მოხდა მხოლოდ ორი თვის შემდეგ, რაც ტრამპი გადაურჩა მკვლელობის მცდელობას პენსილვანიის მიტინგზე.
რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც 5 ნოემბერს ჩატარდება?
სიმპათიის ზრდა ტრამპის მიმართ?
ბოლო დროს ტრამპის თავს კარგი არაფერი ხდებოდა. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ჩატარდა მისი ბოლო დებატები აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან და დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატთან, კამალა ჰარისთან. ტრამპის დაუსაბუთებელმა კომენტარებმა, თითქოს ოჰაიოს ქალაქ სპრინგფილდში ჰაიტელი მიგრანტები შინაურ ცხოველებს ჭამენ, საყოველთაო დაცინვა გამოიწვია. თუმცა, მკვლელობის ამ ახალმა მცდელობამ შეიძლება კვლავ გამოიწვიოს მის მიმართ კეთილგანწყობის ზრდა.
დებატების ხელახალი ფოკუსირება
ტრამპის კამპანიას შეუძლია შეეცადოს დებატების ხელახალ ფოკუსირებას კანონის და წესრიგის საკითხებსა და პოლიტიკური ძალადობის მუქარაზე. შესაძლოა ოპონენტებიც დაადანაშაულოს მტრული კლიმატის გაღვივების გამო. პენსილვანიაში მასზე პირველი თავდასხმის შემდეგ რესპუბლიკური პარტიის წევრები მოითხოვდნენ, რომ თანამდებობა დაეტოვებინა კიმბერლი ჩიტლს, საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელს, რომელიც პასუხისმგებელია აშშ-ის პოლიტიკური ლიდერების დაცვაზე. მისი მოსმენები კონგრესში მედიამ ფართოდ გააშუქა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელი ინციდენტის დროს საიდუმლო სამსახურმა, როგორც ჩანს, სწრაფად იმოქმედა და შეძლო სავარაუდო შეიარაღებული პირის გაუვნებელყოფა, ყურადღებას ალბათ კვლავ გაამახვილებენ საპრეზიდენტო კანდიდატების დაცვის ხარისხზე. „ფოქს ნიუზმა“, რომელიც ტრამპისა და რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერად მიიჩნევა, ნაკლები ილაპარაკა იმაზე, რომ თავდასხმა ჩაიშალა და მეტი - რომ სავარაუდო შეიარაღებულმა პირმა შეძლო ცეცხლსასროლი იარაღის დამიზნება, ვიდრე მას საიდუმლო სამსახურის აგენტები ესროდნენ. შესაძლოა, ამ ინციდენტის გამო ტრამპი ნაკლებად გამოჩნდეს საზოგადოებაში და მეტი ყურადღება გაამახვილოს თავის ციფრულ კამპანიაზე.
მეტი პოლარიზაცია
შეერთებული შტატები უკვე ღრმად არის პოლიტიკურად პოლარიზებული და ეს ინციდენტი ვითარებას მხოლო გაამძაფრებს. 15 სექტემბრის ინციდენტის შემდეგ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ჰარისმა სწრაფად დაგმეს ის, რასაც ორივემ "პოლიტიკური ძალადობა" უწოდა. თუმცა, ტრამპის მხარდამჭერები ყოფილ პრეზიდენტს მაინც პოლიტიკური ძალადობის მსხვერპლად აღიქვამენ. მათი ოპონენტები კი მკვლელობის მორიგ მცდელობას მიიჩნევენ დასტურად იმისა, რომ საზოგადოებას სწორედ ტრამპი ხლეჩს.
უკრაინის ყურადღების ცენტრში მოქცევა
სავარაუდო თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია, როგორც რაიან უესლი როუთი, 58 წლის, ჰავაიდან. მას ხანგრძლივი კრიმინალური ისტორია გააჩნია, რომელიც 1990-იანი წლებიდან იწყება. სოციალურ მედიაში ის აკრიტიკებდა ტრამპს, თუმცა თქვა, რომ ხმა მისცა მას 2016 წელს. სოციალური მედიის მისი პროფილებიდან ჩანს, რომ ის უკრაინას უჭერდა მხარს და 2022 წელს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარეს ბრძოლაც სცადა. უკრაინის უცხოური ლეგიონის წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ „ის არასოდეს ყოფილა ლეგიონის ნაწილი და არანაირად არ თანამშრომლობდა" მათთან. როუთი მოუწოდებდა სხვებს, უკრაინის მხარეს ებრძოლათ და 2023 წელს ამ საკითხზე რამდენიმე მედია ორგანიზაციას, მათ შორის The New York Times-ს ესაუბრა.
ფორუმი