Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არის პიტერ ტაბიჩი - მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის ჯილდოს მფლობელი კენიიდან


მასწავლებლის საუკეთესო ჯილდოს მფლობელი 2019 წლის დაჯილდოებაზე კენიელი მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელი, პიტერ ტაბიჩი გახდა.

ფინალისტების ათეულში იმყოფებოდა ქართველი მასწავლებელი, ლადო აფხაზავა.

როგორც ლადო აფხაზავამ დაჯილდოების შემდეგ დაწერა, "ვულოცავ პიტერ ტაბიჩის 2019 მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მიღებას. ის ნამდვილად გამორჩეული მასწავლებელი და პიროვნებაა და დღეს მისი გამოცდილება და სიტყვა ყველაზე მეტად სჭირდება სამყაროს."

ვინ არის პიტერ ტაბიჩი და რა დამსახურებისთვის გადაეცა მას საუკეთესო მასწავლებლის ჯილდო?

პიტერისთვის მასწავლებლობა მემკვიდრეობით მიღებული პროფესიაა. მასწავლებელი იყო მისი მამაც. ის ასწავლის სოფელ პვანის სკოლაში, კენიის ცენტრისგან მოშორებულ ღარიბ რეგიონში, სადაც გვალვა და შიმშილობა ჩვეულებრივი ამბავია. მისი მოსწავლეებდან თითქმის ყოველი მესამე ობოლია, ბევრ მათგანს კი სახლში საჭმელი არ აქვს. ბავშვებს სკოლაში მისასვლელად კილომეტრების ფეხით გავლა უწევთ გზაზე, რომელიც წვიმიანობისას გაუვალი ხდება.

ნარკოტიკების მოხმარება, არასრულწლოვანთა ფეხმძიმობა და ქორწინება, სკოლის მიტოვება ადრეულ ასაკში და თვითმკვლელობები - ამ რეგიონში ხშირად ხდება. სკოლაში, სადაც პიტერი ასწავლის 58 მოსწავლე, ერთი კომპიუტერი, ერთი მასწავლებელი და ცუდი ინტერნეტია.

პიტერი მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელია. ის თავისი ყოველთვიური შემოსავლის 80 % ღარიბების დასახმარებლად ხარჯავს, დასვენების დღეებში კი დამატებით გაკვეთილებს უტარებს ბავშვებს.

პიტერმა სკოლაში შექმნა ტალანტებისა და სამეცნიერო კლუბები, რომლებიც მიზანიც მოსწავლეების კვლევით პროექტებში ჩაბმა და მეცნიერებით დაინტერესებაა.

კენიის სამეცნიერო-ტექნიკურ ბაზრობაზე პიტერის მოსწავლეებმა წარადგინეს მათ მიერ შექმნილი მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც სმენა და მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს საშუალება ეძლევათ გაზომონ საგნები. პეტერის მოსწავლეებმა მიიღეს ჯილდო ქიმიკოსთა სამეფო საზოგადოებიდან, მას შემდეგ, რაც გამოიყენეს ადგილობრივი მცენარე ელექტროენერგიის მისაღებად. პიტერის სკოლის მათემატიკოსთა გუნდი მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ გამოფენაში, რომელიც წელს, არიზონაში იმართება.

სამი წლის განმავლობაში სკოლაში მოსწავლეების რაოდენობა გაორმაგდა, დისციპლინის დარღვევის შემთხვევები კვირაში 30-დან სამამდე შემცირდა.

2017 წელს 59 მოსწავლიდან მხოლოდ 16-მა მოახერხა სწავლის კოლეჯში გაგრძელება, ეს ციფრი 2018 წელს გაიზარდა. გასულ წელს პიტერის 26 მოსწავლე გადავიდა უნივერსტეტსა და კოლეჯში.

მასწავლებლის ჯილდოს მიზანი პროფესიის პოპულარიზაცია და ისეთი მასწავლებლების აღმოჩენაა, რომლებიც განსაკუთრებული ძალისხმევის ფასად გადასცემენ ცოდნას ბავშვებს. ამ ჯილდოს გამარჯვებული იღებს მილიონ დოლარს. დაჯილდოება ყოველ წელს ტარდება. ქართველი მასწავლებელი დაჯილდოებაში პირველად მონაწილეობდა.

XS
SM
MD
LG