Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არის და რატომ იბრძოდა ყირიმში ალექსანდრ ფრანჩეტი?


ალექსადრ ფრანჩეტი ჩეხეთის სპეცრაზმის გარემოცვაში
ალექსადრ ფრანჩეტი ჩეხეთის სპეცრაზმის გარემოცვაში

ბოლო ხანს ჩეხეთი აშკარად გააქტიურდა იმ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნის კუთხით, რომლებიც პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მხარეზე იბრძოდნენ უკრაინის ტერიტორიაზე.

ჩეხმა სამართალდამცველებმა პრაღის აეროპორტში 12 სექტემბერს დააკავეს, რუსეთის მოქალაქე, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის ნახევარკუნძულის, ყირიმის ანექსიაში.

ჩეხეთის პოლიციამ ეჭვმიტანილის ვინაობა არ დაასახელა, მაგრამ ჩეხმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ საუბარია ალექსანდრ ფრანჩეტიზე, რომელიც ჩეხეთის ხელისუფლებამ უკრაინის მიერ გაცემული საერთაშორისო ორდერის საფუძველზე დააკავა.

"ეს იყო უკრაინის და ჩეხეთის სამართალდამცველების ერთობლივი ნაბიჯების შედეგი, რათა ალექსანდრ ფრანჩეტი სასამართლოს წინაშე წარდგეს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი რამდენიმე დანაშაულისთვის, მათ შორის, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაში მონაწილეობისთვის", - უთხრა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ოლეჰ ნიკოლენკომ რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს 13 სექტემბერს.

13 სექტემბერს პრაღის საქალაქო სასამართლომ ალექსანდრ ფრანჩეტის წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მისი კიევში შესაძლო ექსტრადიციის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

უკრაინისათვის გადაცემის შემთხვევაში 49 წლის ფრანჩეტის 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამასთანავე უკრაინა იმედოვნებს, რომ ფრანჩეტის ექსტრადიცია კიევს ყირიმის მოვლენებსა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე სხვა ეჭვმიტანილების გადაცემის შესაძლებლობას მისცემს.

ოლენევი, კრამარენკო, ფრანჩეტი

ალექსანდრ ფრანჩეტი, რომელიც ჩეხეთში 1990-იანი წლების ბოლოს ვორონეჟიდან ჩასულა და მუდმივი ბინადრობის უფლებას ფლობს, 2004 წლამდე სხვა გვარს ატარებდა. ოლენევი - ამ გვარით არის იგი დარეგისტრირებული დღემდე საიტზე стихи.ру, სადაც საკუთარ პოეზიას აქვეყნებდა.

ინსტაგრამის ამ ვიდეოში კი, რომელიც პრაღის ერთ-ერთი სპორტდარბაზში ვარჯიშის დროს არის გადაღებული, ჩანს, რომ ფრანჩეტი ფიტნეს-ინსტრუქტორია. ვიდეო მის გვერდზეა გამოქვეყნებული.

ოფიციალური დოკუმენტები და ფეისბუკის პოსტები აჩვენებს, რომ ფრანჩეტის პრაღაში ჰქონდა ბიზნესი და ხშირად სტუმრობდა პრაღის ცენტრში მდებარე სპორტ-დარბაზ „Vagon“-ს.

რადიო თავისუფლება ესაუბრა კლუბის მფლობელ, ივან კრჟეპინსკის, რომელმაც ვერ გაიხსენა ასეთი გვარის თანამშრომელი, მაგრამ დაადასტურა, რომ ფრანჩეტის ზოგიერთი ფოტო მართლაც არის გადაღებული Vagon-ში. სხვების მონაყოლით კი გაირკვა, რომ ფრანჩეტი არ ყოფილა სპორტ-კლუბის თანამშრომელი, არამედ იგი იქ თავის კლიენტებს ემსახურებოდა.

სხვადასხვა დროს ფრანჩეტი ჩეხეთის ტერიტორიაზე ფლობდა სულ მცირე 4 კომპანიას, მაგრამ დღეისათვის ისინი ან დახურულია, ან მის გარეშე განაგრძობენ მუშაობას.

საჯარო რეესტრის თანახმად, გვარი ფრანჩეტი - ალექსანდრ ოლენევმა მიიღო 2004 წელს. გვარის ცვლილება უკავშირდება მის ქორწინებას, რომლის თაობაზეც ცნობები ძალიან ძუნწია.

რადიო თავისუფლება შეეცადა დაკავშირებოდა ჩეხეთში მყოფ ალექსანდრ ფრანჩეტის ქალიშვილს და ასევე ყირიმში მცხოვრებ მის თანამებრძოლ, სერბ დეიან ბერიჩს, მაგრამ სოციალური ქსელის საშუალებით ადრესატებისადმი გაგზავნილი შეკითხვები უპასუხოდ დარჩა.

სამაგიეროდ ცნობილია, რომ ალექსანდრ ფრანჩეტი იყენებდა კიდევ ერთ გვარს - კრამარენკო. სწორედ ამ გვარით იცნობს ფრანჩეტის ცნობილი უკრაინული საიტი „მიროტვორეცი“, რომლის მონაცემთა ბაზაში შეჰყავთ ის პირები, რომლებსაც კავშირი აქვთ ყირიმის ანექსიასთან და უკრაინის სახელმწიფოს წინაშე ჩადენილ სხვა დანაშაულებთან.


ფრანჩეტი და მისი „ჩრდილოეთის ქარი“

ყირიმში ფრანჩეტი ნახევარკუნძულის ანექსიამდე, 2014 წლის თებერვალში ჩავიდა, სადაც მისი ორგანიზებით სადაზვერვო დაჯგუფება „ჩრდილოეთის ქარი“ შეიქმნა. როგორც ფრანჩეტი თავად ჰყვება იუტუბზე გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში, დაჯგუფება „დივერსანტებისგან გაზსადენებისა და ელექტროგადამცემი ხაზების დაცვით“, ყოფილა დაკავებული.

ფრანჩეტის არასოდეს დაუმალავს მონაწილეობა ყირიმის ანექსიაში. რუსი და ჩეხი ჟურნალისტებისთვის მიცემულ მრავალრიცხოვან ინტერვიუებში იგი ჰყვებოდა, რომ ყირიმში ჩავიდა, რათა ნეოფაშისტური „მემარჯვენე სექტორისგან“ დაეცვა ყირიმის მოსახლეობა, რაც კრემლის გავრცელებულ პროპაგანდისტულ კლიშეს წარმოადგენს.

მთლიანობაში „ჩრდილოეთის ქარში“ ყოფილა 12 მოხალისე, მათგან ცნობილია მხოლოდ ოთხი, მათ შორისაა ფრანჩეტი და სერბი დეიან ბერიჩი.

ანექსირებულ ყირიმში ფრანჩეტის საბრძოლო გმირობების შესახებ, ძირითადად მისი და მისი თანამებრძოლის, სერბი დეიან ბერიჩის მონაყოლიდან, ცნობილია მხოლოდ ერთი ეპიზოდი და ისიც - ფრაგმენტულად.

დაახლოებით 2015-2016 წლებში დივერსიულმა ჯგუფმა „ჩრდილოეთის ქარმა“ სევასტოპილს ერთადერთი წყალსაცავის მახლობლად, ჩერნორეჩენსკის კანიონის მახლობლად, აღმოაჩინა 11-12-კაციანი დივერსიული ჯგუფი. მაგრამ უცნობია ამ ოპერაციის დეტალები და თავად ამ „დივერსანტების“ ბედი.

ალექსანდ ფრანჩეტის მონაწილეობა 2014 წლის ყირიმის მოვლენებში აღნიშნულია მედლით „ყირიმის დამსახურებისთვის“, რომლითაც იგი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მრავალ ფოტოზე პოზირებს. რუსეთის საჯარო რეესტრის თანახმად, ალექსანდრ ფრანჩეტი არის ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სევასტოპოლის დაცვის“ თანადამფუძნებელი.

პუტინის კრიტიკოსი არშემდგარი დეპუტატი

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ფრანჩეტი დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა ნახევარკუნძულზე და მეტიც სევასტოპოლის ერთ-ერთი რაიონის დეპუტატადაც იყარა კენჭი, რაც მისთვის წარუმატებლად დასრულდა. მოგვიანებით ანექსირებულ ყირიმში მყოფი ფრანჩეტი ჩიოდა, რომ დაჯგუფება „ჩრდილოეთის ქარში“ მის თანამებრძოლებს არ აძლევდნენ რუსეთის მოქალაქეობას.

2016 წელს ალექსანდრ ფრანჩეტი შეეცადა საგარეო კავშირები გაება ჩეხეთთან, პარლამენტარ მილან შარაპატკის მეშვეობით, მაგრამ თანამშრომლობა უშედეგო აღმოჩნდა.

კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ ფრანჩეტი სულ უფრო ხშირად აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას და პირადად პუტინს. ამასთან, თუ პრორუსულად განწყობილი ყირიმელი სეპარატისტები კრემლს უკრაინის საქმეებში რუსეთის არასაკმარისი აგრესიულობისთვის აკრიტიკებენ, ფრანჩეტის უკმაყოფილება, როგორც გაირკვა, რუსეთის ხელისუფლების სოციალური პოლიტიკით ყოფილა განპირობებული.

„მე მრცხვენია ამ პრეზიდენტის გამო, რომელსაც ვიღაცები კვლავ ირჩევენ და ხმას აძლევენ. ბოლო წლებში მე (რუსეთის) მრავალ რეგიონში ვიმოგზაურე და არ შემხვედრია არავინ, ვინც მას (პუტინს) ხმა მისცა, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციაში მომუშავე ერთადერთი გოგოსი, რომელსაც ეს აიძულეს. როგორ შეუძლია მას (პუტინს) იცრუოს და ეკრანიდან გვითხრას: „არ გავზრდი საპენსიო ასაკსო“, - შემდეგ კი ადგეს და გაზარდოს. როგორ შეეძლო ეთქვა, რომ ჭკუას ასწავლის მას, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებებზე ალაპარაკდება? შემდეგ კი ამას თავად აკეთებს“, - ამბობდა ფრანჩეტი 2020 წელს იუტუბის არხით გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ვიდეოში.

რუსეთის საელჩომ ჩეხეთში გაავრცელა ცნობა, რომ დაკავებული უკვე მოინახულა საკონსულო განყოფილების თანამშრომელმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომდგენლის, მარია ზახაროვას თანახმად, სამინისტროში სასაუბროდ დაიბარეს ჩეხეთის ელჩი, ხოლო რუსეთის საელჩომ პრაღაში საპროტესტო ნოტა გაუგზავნა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს.

ბოლო ხანს ჩეხეთში გააქტიურდა იმ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნა, რომლებიც პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მხარეზე იბრძოდნენ უკრაინის ტერიტორიაზე.

სექტემბრის დასაწყისში პრაღის სასამართლომ 20 წლით პატიმრობა შეუფარდა არაერთგზის ნასამართლევ ირჟი ურბანეკს, რომელიც დამნაშავედ ცნეს დონბასში ტერორისტული ჯგუფის წევრობისთვის.

გამოძიების თანახმად, 2015 წლის დასაწყისში ურბანეკი კვიპროსის გავლით ჩავიდა აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც იგი შეაიარაღეს თვითგამოცხადებული „დონბასის სახალხო რესპუბლიკის“ სეპარატისტულმა ძალებმა. თავდაპირველად ჩეხეთის მოქალაქე დაკავებული იყო სამეურნეო საქმეებით, მოგვიანებით, 2018 წლისთვის საბრძოლო მოქმედებებშიც მონაწილეობდა.

ირჟი ურბანეკის გასამართლებისა და ალექსანდ ფრანჩეტის დაპატიმრების შემდეგ ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელობამ მოუწოდა ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომ თავის შეიკავონ ევროპაში მოგზაურობისგან, შიშობენ, ფრანჩეტის დაკავება შესაძლოა, პრეცედენტი გახდეს.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ფრანჩეტის გადმოცემის შესახებ თხოვნა ჩეხეთის იუსტიციის სამინისტროს მის დაკავებამდე, ჯერ კიდევ 2020 წლის აგვისტოში გაუგზავნა. ამჯერად უკრაინის იუსტიციის სამინისტრო ამთავრებს ფრანჩეტის ექსტადირების პროცედურისათვის საჭირო მასალების შეგროვებას.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG