პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, მსჯავრდებულთა სია, რომლებიც პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულისათვის შეიწყალა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ანგი ხუციშვილმა შეადგინა. ამის შესახებ განცხადება დიმიტრი გაბუნიამ 23 სექტემბერს, პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა:
„არსებობს შეწყალების დეპარტამენტი, რომელსაც ჰყავს თავისი კურატორი ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, რომელიც ჩემი ინფორმაციით, თვეების განმავლობაში იყო დაკავებული თავიდან ბოლომდე ამ სიის შედგენით. მიბრძანდება ეს ადამიანი გამოძიებაში“.
32 წლის ანგი ხუციშვილი პროფესიით იურისტია. რამდენიმე თვეა ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობას ასრულებს.
ინტერნეტსივრცეში მისი სახელი და გვარი იძებნება მხოლოდ პრეზიდენტის მიერ მარიამობის დღესასწაულზე მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ გამოქვეყნებულ ახალ ამბებში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ვიდეოში, რომელიც მსჯავრდებულთა შეწყალების ხელმოწერის კადრებს ასახავს, პრეზიდენტს შეწყალების სიას მაგიდაზე სწორედ ანგი ხუციშვილი უდებს. ქვემოთ მოცემული ვიდეო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2019 წლის 27 აგვისტოს გაავრცელა.
ანგი ხუციშვილის სახელი და გვარი ფიგურირებს სალომე ზურაბიშვილის შემომწირველების სიაშიც.
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, 2018 წლის 29 აგვისტოს ანგი ხუციშვილმა საპრეზიდენტო კამპანიის მსვლელობისას სალომე ზურაბიშვილის შესწირა 901 ლარი. პირველ სექტემბერს კი განახორციელა 1830 ლარის ოდენობის არაფულადი შემოწირულობა.
2018 წელს ანგი ხუციშვილი იყო პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წარმდგენი საინიციატივო ჯგუფის წევრი.
გარდა ამისა, ინტერნეტში იძებნება მის მიერ, 2019 წლის 18 სექტემბერს შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.
დეკლარაციის თანახმად, ანგი ხუციშვილი მშობლებთან ერთად ფლობს სამ მიწის ნაკვეთს, თბილისში, სტაფანწმინდასა და საგარეჯოში. ორ ბინას თბილისში, აგარაკს სტეფანწმინდაში და ასევე საცხოვრებელ სახლს თბილისში.
- 2019 წელს ანგი ხუციშვილმა შეიძინა ბინა სოფელ დიღომში, რომლის ღირებულებამ დეკლარაციის თანახმად შეადგინა 43 ათასი ლარი.
- ასევე 2019 წელს, მან 2500 ამერიკულ დოლარად შეიძინა ავტოფარეხი თბილისში, ჭყონდიდელის ქუჩაზე.
- ანგი ხუციშვილმა 2017 წელს, 380 კვ.მ ფართის საცხოვრებელი სახლი, რომელიც თბილისში, ნაძალადევის რაიონში მდებარეობს, დეკლარაციის თანახმად, 73 ათას ლარად იყიდა.
- დეკლარაციის თანახმადვე, 2018 წელს, ანგი ხუციშვილის დედამ, ნელი ღუდუშაურმა 35 ათას ამერიკულ დოლარად შეიძინა ბინა თბილისში, ჭყონდიდელის ქუჩაზე.
რადიო თავისუფლება მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებას, თუმცა, ამ დრომდე მათთან გასაუბრება ვერ მოხერხდა.
სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთა დაკავშირებით 34 პატიმარი შეიწყალა. მათგან სამი მკვლელობაში მსჯავრდებული პირი, რომელთაგან ერთი, დღემდე ძებნილია.
სკანდალურ შეწყალებას საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა. გენერალურა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
პროკურატურაში განცხადება გამოძიების დაწყების მოთხოვნით "ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა შეიტანა. ის ირწმუნება, რომ წყაროს ინფორმაციით, მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში აქტიურადაა ჩართული პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, დიმიტრი გაბუნია.
მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში დიმიტრი გაბუნიას აქტიურ მონაწილეობაზე ლაპარაკობს 25 წლის წინ მოკლული, იოსებ ქოიავას მამა, თამაზ ქოიავაც.
თამაზ ქოიავას სიტყვებით, მისი შვილის მკვლელს, ზურაბ ნადირაძეს მფარველობდა სწორედ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.
დიმიტრი გაბუნია მტკიცედ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას შეწყალების პროცესში მისი მონაწილეობის შესახებ და ამბობს, რომ ის "ცამდე მართალია".