Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაკის პარკი: სასტუმროს მშენებლობის საფრთხე რეალურია


ვაკის პარკი
ვაკის პარკი

ვაკის პარკში შესაძლოა, განახლდეს მასშტაბური სასტუმროს მშენებლობა. თბილისის მერია, ერთი მხრივ, ამ პროცესის შეჩერების აუცილებლობაზე ლაპარაკობს, ხოლო, მეორე მხრივ, აცხადებს, რომ არსებობს 2013 წელს აღებული „სპეცნებართვა“, რომელიც მშენებლობის განახლების საფუძველს ქმნის. ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებების მიღმა გარემოს დამცველები, ექსპერტები და სამოქალაქო აქტივისტები ვერ ხედავენ მერიის რეალურ სურვილს - არ აშენდეს სასტუმრო რეკრეაციულ ზონაში. საზოგადოების პროტესტი ისევ იკრებს ძალას.

ვაკის პარკი
ვაკის პარკი

საზოგადოების პროტესტი

საზოგადოება ისევ ბრძოლისთვის ემზადება მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ „მწვანე ალტერნატივის“ სარჩელი არ მიიღო და ვაკის პარკთან დაკავშირებული 5-წლიანი სასამართლო დავა გარემოს დამცველთა წაგებით დასრულდა.

ორგანიზაციებს, საზოგადოებრივ ჯგუფებსა და აქტივისტებს არ სჯერათ, რომ დედაქალაქის მერია გულწრფელად ცდილობს სრულად აღკვეთოს უკანონო მშენებლობა რეკრეაციულ ზონაში - ვაკის პარკში.

როგორც ორგანიზაციის "ინიციატივა საჯარო სივრცისთვის" იურისტმა ანანო ცინცაბაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას:

  • „დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მათთვის მიუღებელია 30-მეტრიანი სასტუმროს მშენებლობა ვაკის პარკში. აქედან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ, რომ უფრო დაბალი ნაგებობა მათთვის მისაღები იქნება“;
  • „დედაქალაქის მერიამ ინვესტორს შესთავაზა რესტორნის მშენებლობა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია“.

ღია წერილში, რომლითაც საზოგადოებრივმა ჯგუფებმა დედაქალაქის მერს მიმართეს, მას ურჩევენ ყურადღება გაამახვილოს, მაგალითად, იმ ფაქტზე, რომ 2017 წელს ვაკის პარკის საზღვრები გაფართოვდა და მთელ სივრცეს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

წერილზე ხელმომწერები მერიას სამართლებრივ გამოსავალზე ერთობლივ მუშაობას სთავაზობენ. ხელმომწერთა შორის არის ანანო ცინცაბაძის ორგანიზაციაც. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ვაკის პარკის რეალური დაცვის სურვილის შემთხვევაში, მერიას შეუძლია:

  • სასამართლოს გზით მოითხოვოს ქონების ექსპროპრიაცია (ქონების ჩამორთმევა გადაუდებელი საზოგადოებრივი ან სახელმწიფოებრივი აუცილებლობის გათვალისწინებით) და კომპენსაცია შესთავაზოს ინვესტორს;
  • ანდა მოელაპარაკოს ინვესტორს და მიწის გამოსყიდვის მიზნით, მიწის ნაკვეთში რეალისტური საბაზრო ფასი შესთავაზოს.

როგორც „პარტიზანული მებაღეობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნატა ფერაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, თუკი ვაკის პარკში სასტუმროს აშენება განახლდება, დაიწყება მასშტაბური საპროტესტო მოძრაობა დედაქალაქში არსებული არაერთი უკანონო და საზიანო მშენებლობის წინააღმდეგ. მისთვის მიუღებელია, რომ მერიის წარმომადგენლები ვაკის პარკში მშენებლობით დაინტერესებულ ინვესტორს საზოგადოებრივი ჯგუფების გვერდის ავლით შეხვდნენ.

რა პოზიცია აქვს მერიას?

„ბატონმა (გიგი) უგულავამ, რომელიც გახლდათ ქალაქის მერი, რა თქმა უნდა, უკანონოდ გასცა ნებართვა. სპეცნებართვაა გამოცემული, რომ ვაკის პარკში აშენებულიყო 30-მეტრიანი, დაახლოებით 8-9-სართულიანი შენობა-ნაგებობა. ეს, რა თქმა უნდა, უკანონო იყო და ამას ჩვენ ვეწინააღმდეგებით“, - განაცხადა 22 იანვარს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.

მისი თქმით, მერიის მიერ შეთავაზებული ორი წინადადებიდან ინვესტორი არცერთს არ დათანხმდა:

  • „ეს იყო ადგილმონაცვლეობა (არსებულის ნაცვლად სხვა მიწის ნაკვეთის შეთავაზება)“;
  • „და მეორე, აღდგენილიყო რესტორანი „ბუდაპეშტი“, რომელიც ვაკის პარკთან ერთად აშენდა და აღდგენილიყო იგივე ზომებსა და მოცულობებში“.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მწვანე სივრცეში, რომელიც ქალაქისთვის ერთობ მნიშვნელოვანია, არ განხორციელდეს მშენებლობა“, - განაცხადა კალაძემ, რომლის თქმითაც 21 იანვარს გამართული შეხვედრის კვალდაკვალ, ახლო მომავალში ინვესტორთან კიდევ ერთი შეხვედრა შედგება.

ვაკის პარკში, სასტუმროსთვის გამიზნული 2863.00 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა სახელები წლების განმავლობაში იცვლებოდა: „გრაალი“ „აგრო ლენდ ჯორჯიამ“ შეცვალა და ბოლო პერიოდამდე, საჯარო რეესტრის მონაცემებში „ტიფლის კოსტავა“ ფიგურირებს.

21 იანვარს გამართული უშედეგო შეხვედრის შემდეგ, ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ დაადასტურა, რომ არსებობს ე.წ. „სპეცნებართვა“, რომლის საფუძველზეც, მერიას ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის ახალი ნებართვის გაცემა მოუწევს:

  • „რაღაც გარკვეული პროცედურის საფუძველზე ამ ნებართვის გაცემის რეჟიმში მერია აუცილებლად ჩავარდება, თუ ეს კომპანია გააკეთებს მომართვას“;
  • „ეს არის უვადო აქტი, რომელიც დღეს ძალაშია... ამის საფუძველზე მას მშენებლობის მოთხოვნის უფლება აქვს და მას აქვს უფლება, მოითხოვოს 30 მეტრიანი სასტუმროს მშენებლობა ვაკის პარკში“.

ინვესტორი გაბრაზებულია და იმუქრება

როგორც სასტუმროსთვის გამიზნული მიწის ნაკვეთის მფლობელი კომპანიის წარმომადგენელი გიორგი ზაქაიძე აცხადებს, „მერია არის საზოგადოების მცირე ნაწილის ზეწოლის ქვეშ", „ისევ ძველებურად ხელების გადაგრეხაზე არიან გადასული" და "ნარმანიას შემდეგ იმავეს აკეთებენ“.

ვაკის პარკი
ვაკის პარკი

  • „არ აქვთ არანაირი უფლება, რომ ჩვენ მშენებლობის ნებართვა არ გაგვიგრძელონ და არ მოგვცენ“;
  • „ჩვენ გვაქვს 2013 წელს აღებული მშენებლობის ნებართვა, უფრო სწორად, ჩვენმა კომპანიამ იყიდა მიწა მშენებლობის ნებართვიანად, პროექტი შევიძინეთ“;
  • „2013 წლის მშენებლობის ნებართვა თავის სპეცნებართვით ჩვენ გვაქვს აღდგენილი სასამართლოს მიერ განჩინებით და დავალებული აქვს ქალაქ თბილისის მერიას, რომ ჩვენ ეს მშენებლობის ნებართვა აღგვიდგინოს, გაგვაგრძელებინოს“.

ზაქაიძე ამბობს, რომ მერიის მხრიდან წინააღმდეგობის შემთხვევაში, კომპანია სასამართლოს მიმართავს და არა თუ მხოლოდ დაიდასტურებს მშენებლობის ნებართვას, არამედ მასშტაბური ზარალის ანაზღაურებასაც მოითხოვს.

​ანანო ცინცაბაძისთვის მიუღებელი და გამაღიზიანებელია ინვესტორის ასეთი ჯიუტი და საზოგადოების მოთხოვნის მიმართ გულგრილი პოზიცია იმ ფონზე, რომ ვაკის პარკთან დაკავშირებული საზოგადოებრივი ინტერესი გაცილებით მაღალია, ვიდრე კონკრეტული ბიზნესინტერესი.
ვაკის პარკის დამცველები იმედს იტოვებენ, რომ საკითხი საზოგადოების სასარგებლოდ გადაწყდება; მერიას მოუწევს გაითვალისწინოს საზოგადოების ხუთწლიანი მწვავე პროტესტი და ბოლო დღეებში გამოვლენილი მზარდი საპროტესტო მუხტი.

რა არის „სპეცნებართვა“?

„სპეცნებართვას“, როგორც ტერმინს, საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს, - ეუბნება რადიო თავისუფლებას იურისტი ანანო ცინცაბაძე.

  • სპეცნებართვაში იგულისხმება ქალაქ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას 2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულება, რომელითაც ვაკის პარკის ტერიტორიაზე (ი.ჭავჭავაძის გამზირი #68) „გაიზარდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრები და სასტუმროს განთავსების მიზნით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმება დამტკიცდა;
  • უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს განკარგულება ძალაში დარჩა, მაგრამ 2016 წელს ვადა უკვე გაუვიდა მერიის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 სექტემბრის #909795 ბრძანებას მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე;

სასტუმროს მშენებლობით დაინტერესებულმა კომპანიამ აუცილებლად უნდა მიმართოს მერიას მშენებლობის ახალი ნებართვის მოთხოვნით და ვაკის პარკის დამცველები მოუწოდებენ კახა კალაძეს, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვას მშენებლობის განახლება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG