Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთის 88-ე შეხვედრა - ტატუნაშვილის საქმე ისევ ბუნდოვანია


ერგნეთის 88-ე შეხვედრის მონაწილეები
ერგნეთის 88-ე შეხვედრის მონაწილეები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 6 საათს გაგრძელდა. შეხვედრის მთავარ თემას კვლავ არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემა წარმოადგენდა.

მეორე თვეა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დე ფაქტო ხელისუფლებისგან მოითხოვენ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემას სრულფასოვანი ექსპერტიზის ჩასატარებლად. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ის ვერსია, რომელსაც ოსური მხარე ტატუნაშვილის დაღუპვის პირველივე დღეებიდანვე ავითარებდა. კოჩიევის თქმით, ტატუნაშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა და ქართულ მხარეს ცხედართან და ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად შინაგანი ორგანოების ფრაგმენტებიც გადაეცა.

„საქართველოს ექსპერტიზამ ვერცერთ კითხვას ამომწურავი პასუხი ვერ გასცა და იმის თქმა, რომ ტატუნაშვილი მოკლულია ფაქტის დამახინჯებაა. ტატუნაშვილი დაიღუპა გულის შეტევით და ამ "მის წამებაზე" არც ქართულმა და არც ოსურმა ექსპერტიზამ პასუხი არ გასცა.“

ჩვენი მიზანია ამომწურავი პასუხი გაეცეს ყველა კითხვას ტატუნაშვილთან მიმართებაში, გამოვლინდნენ და დაისაჯონ დამნაშავეები. სრულყოფილი ექსპერტიზის ჩატარებისთვის საკმარისი არ არის ფრაგმენტები...
ირაკლი ანთაძე

გარდა ამისა კოჩიევს არ ესმის ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მოტივაცია და საპასუხოდ, მისი თქმით, ცხინვალში მზადდება სია, რომელშიც ის ადამიანები შევლენ, რომლებმაც ერედვისა და ძარის ტრაგედიებში მიიღეს მონაწილეობა. ოსური მხარე ქართულ შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლებს 90-იანი წლების კონფლიქტის დროს სოფლებთან ერედვთან და ძარასთან რამდენიმე ათეული ოსის მკვლელობაში ადანაშაულებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემა საქართველოს ხელისუფლების მთავარ მოთხოვნად რჩება. მისი თქმით, შინაგანი ორგანოების ფრაგმენტების გადმოცემა სრულყოფილი ექსპერტიზის ჩატარების საშუალებას არ იძლევა.

„ჩვენი მიზანია ამომწურავი პასუხი გაეცეს ყველა კითხვას ტატუნაშვილთან მიმართებაში, გამოვლინდნენ და დაისაჯონ დამნაშავეები. სრულყოფილი ექსპერტიზის ჩატარებისთვის საკმარისი არ არის ფრაგმენტები. ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხი.“

შეხვედრის დაწყებამდე
შეხვედრის დაწყებამდე

88-ე შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის უფლებების დაცვა მოითხოვეს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მეარაყიშვილის წინააღმდეგ ორი საქმეა აღძრული დე ფაქტო მმართველი პარტიის „ედიანაი ოსეტიას“ მიმართ ცილისწამებისა და საბუთების გაყალბების მუხლებით. თამარ მეარაყიშვილი მიიჩნევს, რომ მას დე ფაქტო ხელისუფლება მისი საქმიანობის გამო დევნის და ყველა საქმე ხელოვნურად არის შეკერილი.

აგვისტოში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის წევრები დაისვენებენ, მორიგი შეხვედრა კი 14 სექტემბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG