Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტი ამზადებს სანქციებს რუსეთისა და ბელარუსის რეჟიმების მიმართ


17 სექტემბერს ევროპარლამენტში კენჭი ეყრება ხუთი წამყვანი ფრაქციის მიერ ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და ბელარუსში შექმნილი პოლიტიკური სიტუციის თაობაზე შემუშავებულ ორ რეზოლუციას.

რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს ცნობით, რუსეთისა და ბელარუსის რეჟიმების კრიტიკულ შეფასებებსა და მათ მიმართ სანქციების გაძლიერებას მხარს უჭერენ ევროპარლამენტში შემავალი ყველა ძირითადი ფრაქციები და ჯგუფები.

ალექსეი ნავალნის მოწამვლის თაობაზე მომზადებული რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტარები რუსეთის მიმართ ე.წ. „ევროკავშირის მაგნიტსკის სიის მსგავსი“ სანქციების მექანიზმის სასწრაფოდ შემუშავების ინიციატივით გამოდიან, ემხრობიან რუსეთის იზოლაციას „დიდი შვიდეულის“ და სხვა საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში და იმეორებენ, რომ უნდა შეწყდეს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა.

ევროპარლამენტის სახელით მომზადებულ ორივე რეზოლუციას ხუთი ფრაქციის სახელით ხელს აწერენ ევროპის სახალხო პარტიის (EPP), მწვანეებისა და ევროპის თავისუფალი ალიანსის (Verts/ALE) , სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის (S&D), ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების (ECR Group) და ევროპის განახლების (Renew Europe) წარმომადგენლები.

ბელარუსში 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ განვითარებული სიტუაციის შესახებ მომზადებული რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტარები „მტკიცედ უჭერენ“ მხარს სანქციების დაწესებას უშუალოდ ალიაქსანდრ ლუკაშენკას მიმართ და ხაზგასმით აცხადებენ, რომ ევროკავშირმა აღარ უნდა აღიაროს იგი „ბელარუსის პრეზიდენტად მიმდინარე ვადის ამოწურვის შემდეგ“.

მიიღებს თუ არა ევროკავშირი თავის „მაგნიტსკის სიას“?

ევროპარლამენტი რუსეთს მოუწოდებს ჩაატაროს გამჭვირვალე და ყოველმხრივი გამოძიება ანტიკორუფციონერი ბლოგერისა და კრემლის კრიტიკოსი პოლიტიკოსის მოწამვლის საქმეზე მას შემდეგ, რაც ჯერ გერმანიის ბუნდესვერის, შემდეგ კი საფრანგეთისა და შვედეთის დამოუკიდებელმა ლაბორატორიებმა დაადასტურეს ნავალნის "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნივთიერებით მოწამვლა.

რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს ალექსეი ნავალნის საქმის გამოძიებას საერთაშორისო და ევროპული ინსტიტუტების - გაეროს, ევროკავშირის, ეუთოსა და ქიმიური იარაღის აკრძალვის (OPCW) ორგნიზაციის -წარმომადგენელთა მონაწილეობით.

„მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას სრულად ითანამშრომლოს ქიმიური იარაღის აკრძალვის (OPCW) ორგანიზაციასთან, უზრუნველყოს მიუკერძოებელი საერთაშორისო გამოძიება, გამოავლინოს და დასაჯოს ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში პასუხისმგებელი ყველა პირი“, - ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

ევროპარლამენტში აცხადებენ, რომ „რუსეთის საიდუმლო სამსახურის მიერ განხორციელებული პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობები ან მკვლელობების განზრახვა პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ევროკავშირის შიდა უსაფრთხოებაზე“.

აგვისტოს ბოლოს, ციმბირის ქალაქ ტომსკიდან მოსკოვისკენ მიმავალ თვითმფრინავში ყოფნისას, ალექსეი ნავალნი შეუძლოდ გახდა და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც თვითმფრინავმა საგანგაშო დაჯდომა განახორციელა ომსკში.

ომსკიდან ნავალნი ბერლინის კლინიკა „შარიტეში“ გადააფრინეს, სადაც გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, "ერთმნიშვნელოვანი მტკიცებულება" მიუთითებს, რომ ნავალნი საბჭოთა ტიპის ნერვული აგენტითაა მოწამლულიო.

„კვლავაც ვაცხადებთ, რომ ალექსეი ნავალნის საქმე მხოლოდ ერთი ელემენტია რუსეთის უფრო ფართო დღის წესრიგისა, რომელიც ემყარება რეპრესიულ პოლიტიკას ქვეყნის შიგნით და აგრესიულ მოქმედებას საერთაშორისო არენაზე, სადაც იგი ავრცელებს არასტაბილურობას და ქაოსს, ცდილობს აღადგინოს თავისი გავლენის სფერო, იქცეს დომინანტად და ძირი გამოუთხაროს საერთაშორისო წესრიგს“, - ნათქვამია ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ ევროპარლამენტის მიერ 15 სექტემბერს შემუშავებულ რეზოლუციის პროექტში, რომელსაც ხელს აწერენ ხუთი წამყვანი ფრაქციის წარმომადგენლები.

რუსეთი ამ დრომდე უარყოფს ნავალნის მოწამვლას ქიმიური იარაღის ელემენტით

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 3 სექტემბერს განაცხადა, რომ არ არსებობს რუსეთის დადანაშაულების საფუძველი და ამ საკითხზე რუსეთის პრეზიდენტი არ მიიჩნევს საჭიროდ რაიმე განცხადების გაკეთებას.

მაგრამ 14 სექტემბერს პუტინმა მაინც დაარღვია ნავალნის საქმეზე დუმილი მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ტელეფონით დაურეკა რუსეთის პრეზიდენტს და მოუწოდა თავის რუს კოლეგას, „დაუყოვნებლად მოჰფინოს ნათელი“ ნავალნიზე თავდასხმას.

კრემლის ცნობით, ვლადიმირ პუტინმა „უადგილოდ“ მიიჩნია ნავალნის საქმეზე რუსეთის „უსაფუძვლოდ“ დადანაშაულება.

„საუბარში ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ ინციდენტის რეალური გარემოებების დასადგენად საჭიროა გერმანიის მიერ ნავალნისგან აღებული ანალიზის საფუძველზე გაკეთებული ოფიციალური დასკვნისა და ბიომასალების რუსეთისათვის გადაცემა, ასევე რუს ექიმებთან ერთობლივი მუშაობის აღდგენა“, - ნათქვამია კრემლის მიერ სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელებულ ოფიციალურ ცნობაში.

ალექსეი ნავალნის მოწამვლის თაობაზე მომზადებული რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტარები რუსეთის მიმართ ე.წ. „ევროკავშირის მაგნიტსკის სიის მსგავსი“ სანქციების მექანიზმის სასწრაფოდ შემუშავების ინიციატივით გამოდიან, ემხრობიან რუსეთის იზოლაციას „დიდი შვიდეულის“ და სხვა საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში და იმეორებენ, რომ უნდა შეწყდეს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა.

ალექსეი ნავალნიზე განხორციელებული „ქიმიური თავდასხმის“ შემდეგ ევროპარლამენტში მივიდნენ დასკვნამდე, რომ „რუსეთი აღარ შეიძლება ჩაითვალოს სტრატეგიულ პარტნიორად, მისი ანტაგონისტური საგარეო პოლიტიკის, მესამე ქვეყნების წინააღმეგ განხორციელებული სამხედრო ინტერვენციებისა და უკანონო ოკუპაციების გამო“, - ნათქვამია ევროპარლამენტის ხუთი უდიდესი ფრაქციის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკის“ გამოყენებით 2018 წლის მარტში ევროკავშირის ტერიტორიაზე, ბრიტანეთის სოლსბერიში მოწამლეს რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, იულია; და ასევე „ნოვიჩოკის“ ნარჩენებთან შეხება გახდა ბრიტანეთის მოქალაქე დონ სტურჯესის დაიღუპვის მიზეზი.

ევროპარლამენტართა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ, უკვე მოქმედი სანქციების პარალელურად, საჭიროა რუსეთისათვის „ახალი ამბიციური შემზღუდავი ზომების“ დაწესება ალექსეი ნავალნის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის დასკვნების შესაბამისად, ანუ იმ რუსი მოხელეების წინააღმდეგ, რომლებიც ფიგურირებენ ალექსეი ნავალნის ფონდის საგამოძიებო მასალებში და რისთვისაც ანტიკორუფციონერი ბლოგერის სიცოცხლე რუსეთში არაერთხელ აღმოჩნდა საფთხეში.

ლუკაშენკას რეჟიმის დაგმობა და იზოლაცია

ევროპარლამენტი 17 სექტემბერს განიხილავს კიდევ ერთ, „ბელარუსში შექმნილი ვითარების თაობაზე“ მომზადებულ, რეზოლუციას.

ხუთი საპარალამენტო ჯგუფის მიერ შედგენილ დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინ შექმნილი ვითარება ბელარუსში, კანდიდატების და მათი მომხრეების დაშინება და დაჭერა, ახალი არჩევნების მოთხოვნით ბელარუსის ქუჩებში გამოსული მოქალაქეების სასტიკი ძალით დარბევა და ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული მასშტაბური რეპრესიები.

„მაშინ როცა დაწყებულმა დევნამ და მუქარებმა აიძულეს ოპოზიციის წამყვანი წევრები - სვიატლანა ციხანოუსკაია, ვერანიკა ცეპკალა, პავალ ლატუშკო და ოლჰა კობალკოვი - თავშესაფარი ეძებათ ევროკავშირში, ხოლო მარია კალესნიკავა ნიღბიანმა ადამიანებმა მინსკის ერთ-ერთი ქუჩიდან გაიტაცეს 7 სექტემბერს, მაშინ როცა თავისუფალია მხოლოდ ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ერთადერთი წევრი, ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი... ვინაიდან ბელარუსის ხელისუფლება აგრძელებს სასტიკ რეპრესიებს დამოუკიდებელი ბელარუსი რეპორტიორებისა და სამოქალაქო ჟურნალისტების მიმართ მათთვის მოვლენათა ობიექტური გაშუქების ხელის შეშლის მიზნით, გამომდინარე იქიდან, რომ ბელარუსი ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც სიკვდილით დასჯა გამოიყენება, ევროპარლამენტი, ევროპის კავშირის საბჭოს პოზიციის შესაბამისად, არ აღიარებს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების უხეში დარღვევით ჩატარებული 9 აგვისტოს ე.წ. დამოუკიდებელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ბელარუსში; არ ცნობს ალიაქსანდრ ლუკაშენკას ბელარუსის პრეზიდენტად უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ“, - ნათქვამია ევროპარლამენტის სახელით მომზადებულ რეზოლუციაში, რომელსაც ხუთი ფრაქციის სახელით ხელს აწერენ ევროპის სახალხო პარტიის (EPP), მწვანეებისა და ევროპის თავისუფალი ალიანსის (Verts/ALE), სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის (S&D), ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების (ECR Group) და ევროპის განახლების (Renew Europe) წარმომადგენლები.

ალიაქსანდრ ლუკაშენკას მიმდინარე საპრეზიდენტო უფლებამოსილება 5 ნოემბერს იწურება

ბელარუსში 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ განვითარებული სიტუაციის შესახებ მომზადებული რეზოლუციის პროექტის ავტორები „მტკიცედ უჭერენ“ მხარს სანქციების დაწესებას არა მხოლოდ ადამიანების დევნაში, დაკავებაში, სასტიკ ანგარიშსწორებასა და მკვლელობაში პასუხისმგებელი პირების მიმართ მკაცრი სანქციების დაწესებას, არამედ ევროპარლამენტარები ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებენ სანქციები დაუწესდეს პირადად ალიაქსანდრ ლუკაშენკას, რასაც დღემდე ეწინააღმდგება ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა.

ამის შესახებ სექტემბრის დასაწყისში წერდა გერმანული „ველტი“, რომლის წყაროების თანახმად, ლუკაშენკას სანქცირებულთა სიაში არშეყვანის ინიციატორები - გერმანია, იტალია და საფრანგეთი - მიიჩნევენ, რომ „ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დარჩეს ღია ლუკაშენკასთან დამაკავშირებელი არხები“, რასაც სანქციები გაართულებდა.

ევროპარლამენტარები ახალი რეზოლუციის პროექტში მოუწოდებენ ევროკავშირის საბჭოს მიბაძოს ბალტიის ქვეყნებს და შეიყვანოს სანქცირებულ პირთა სიაში ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ხოლო პირვანდელი „შავი სია“ გააფართოოს და მასში შეიყვანოს ბელარუსის რეჟიმის მომხრე მაღალჩინოსანი და საშუალო რგოლის მოხელეები, ასევე ის ბიზნესმენები და მეწარმეები, რომლებიც საპროტესტო აქციებსა და გაფიცვებში მონაწილეობის გამო სამსახურიდან ათავისუფლებენ თავიანთ თანამშრომლებს.

თუ ბელარუსის რეჟიმის მიმართ ევროპარლამენტარები მაქსიმალური სანქციების გამოყენებას უჭერენ მხარს, ევროპელი კანონმდებლები აუცილებლად მიიჩნევენ „ბელარუსის დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების, უფლებადამცველების, დამოუკიდებელი ჟურნალისტების, სამოქალაქო სექტორების და ადამიანებს შორის პირდაპირი კონტაქტების გაძლიერების“ ხელშეწყობას და, ასევე, ვიზების მისაღებად „ჰუმანიტარული დერეფნების“ შექმნას ბელარუსის იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც „იძულებული არიან ბელარუსი დატოვონ პოლიტიკური მოტივებით ანდა სამედიცინო დახმარების მისაღებად მათ წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის შედეგების სამკურნალოდ“.

ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ.

მასობრივი მღელვარება მოჰყვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ხმათა 80 %-ით არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, გამოცხადებას.

საპროტესტო გამოსვლების პირველ დღეებში „ომონი“ სასტიკად გაუსწორდა აქციების მონაწილეებს. დაშავდა ასობით ადამიანი, ათასობით დააკავეს.

გაეროს თანახმად, არეულობის დროს დაიღუპა 4 ადამიანი. კიდევ 8 მოქალაქის ადგილსამყოფელი უცნობია.

ევროკავშირი არ აღიარებს ბელარუსის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს და მოუწოდებს ლუკაშენკას შეწყვიტოს რეპრესიები, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და დაიწყოს პოლიტიკური დიალოგი ახალი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების მიზნით.

ბრიუსელისგან განსხვავებულ პოზიციაზეა მოსკოვი

ვლადიმირ პუტინმა ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა არჩევნებში გამარჯვება ალიაქსანდრ ლუკაშენკას და ბელარუსის ხელისუფლებას ფინანსური კრიზისის დასაძლევად ახალი 1, 5 მილიარდი დოლარის მოცულობის კრედიტის გამოყოფას დაჰპირდა.

პუტინმა ასევე მიანიშნა სამხედრო დახმარებაზე ლუკაშენკასთვის და განაცხადა, რომ ორი ქვეყანა გააგრძელებს თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში, ხოლო რუსეთის საჰაერო მედესანტეებმა 14 სექტემბერს დაიწყეს ერთობლივი წვრთნები ბელარუსის ძალებთან.

ლუკაშენკას თქმით, ბელარუსმა ახლო კავშირები უნდა შეინარჩუნოს თავის "უფროს ძმასთან", რუსეთთან, განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG