Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილობაში მცხოვრები ქალის მოგონება სოხუმსა და ომზე


სოხუმი, 1993 წ.
სოხუმი, 1993 წ.

სანაპიროსთან ძალიან ახლოს, გულიას ქუჩისა და მშვიდობის გამზირის გადაკვეთაზე ვცხოვრობდით. დღეს მას ჰქვია შოტლანდსკაია... არ არსებობდა დღე, რომ სოხუმელი სანაპროზე არ გასულიყო, არ ესეირნა, კაფეში არ დამჯდარიყო... კარუსელები... ეს არის მთელი ჩეი ბავშვობა. სოხუმში ყოველი დღე იყო დღესასწაული“ - გვეუბნება სოხუმელი ინგა შედანია. ის 24 წლის იყო, როცა საყვარელი ქალაქი დატოვა.

ინგა შედანია
ინგა შედანია

ინგა შედანიამ თავისი ოჯახი ზუგდიდში შექმნა, 2 შვილი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ 27 წელი გავიდა, თავს ამ ქალაქის დროებით მცხოვრებად მიიჩნევს და ამბობს, რომ მისი სახლი სოხუმშია. იმ სახლში ახლა აფხაზები ცხოვრობენ.

1992 წლამდე შედანიების ოჯახში 14 აგვისტო მხოლოდ გართობის და ახლობლების შეკრების დღე იყო. „ეს ჩემი დის დაბადების დღეა. ტორტს კრემს ვუსვამდი, როცა შუქი ჩაქრა და ალიაქოთი დაიწყო. სოხუმში ქართული ჯარი შემოვიდა და აფხაზებმა დაიწყეს ქალაქში არეულობა. ეს იყო 1992 წლის 14 აგვისტო. ხალხი ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა. შიშით გარბოდნენ. როცა დაბომბვები დაიწყო, ჩვენ ვიმალებოდით ფუნიკულიორთან ახლოს, მამაჩემის მეგობრის სახლში, რომელსაც ბუნკერი ჰქონდა. მერე სოფელში. ჩვენ ფაქტიურად, ნოემბერში გამოვედით. ბოლო წუთამდე წარმოუდგენელი იყო, რომ სოხუმს დავტოვებდით და სოხუმში არ ვიცხოვრებდით. მერეც სულ გვეგონა, რომ დავბრუნდებოდით“ - იხსენებს ინგა შედანია.

ჩვენ გამოვედით ბოლო გემით. ეს იყო კერძო, დაქირავებული უკრაინული ტანკერი. მისკენ ქვიშაში მივრბოდით და ზემოდან გვბომბავდნენ. დღესაც მიკვირს, რომ ცოცხლები გადავრჩით.

რამდენიმე თვის შემდეგ ინგა შედანია ბევრი სხვა ქართველის მსგავსად უკან, სოხუმში დაბრუნდა. ეგონათ, რომ კონფლიქტი ამოწურული იყო: „შევარდნაძემ რომ გამოაცხადა, ვინც სამსახურში არ გავა, დაკარგავენო, მე წავედი. ბაღში აღმზრდელად ვმუშაობდი. სამ დღეში გზა გადაიკეტა. აი, მაშინ ვნახე ჩემი თვალით ყველაფერი - ქუჩაში გვამები, ზევიდან გვბომბავდნენ. ჩემი სახლის წინა ქუჩა მთლიანად დაიბომბა. მეზობლები დაიღუპნენ.“

1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, შედანიების 4 სულიანი ოჯახი ახლობლებმა აეროპორტთან შენიშნეს. იმ დღეს აეროდრომზე ხალხით სავსე თვითმფრინავი ააფეთქეს. ყველას ეგონა, რომ შედანიებიც ამ თვითმფრინავში დაიხოცნენ. ინგას ოჯახმა სოხუმის დატოვება გემით მოახერხა: ჩვენ გამოვედით ბოლო გემით. ეს იყო კერძო, დაქირავებული უკრაინული ტანკერი. მისკენ ქვიშაში მივრბოდით და ზემოდან გვბომბავდნენ. დღესაც მიკვირს, რომ ცოცხლები გადავრჩით. ღამის თორმეტ საათზე ეს გემი გააპარეს. ეს იყო ბოლო გემი, რომელიც სოხუმიდან ფოთში მივიდა.“

ინგა შედანია გვეუბნება, რომ მისი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა - სოხუმამდე და სოხუმის შემდეგ: “შეგრძნება, რომ ოდესმე სახლში დავბრუნდები, დღესაც მომყვება, თუნდაც ნასახლარი დამხვდეს.

XS
SM
MD
LG