Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დახმარებაზე ცხინვალის უარი საერთაშორისო ორგანიზაციებს


ცინვალი (ფოტო რადიო თავისუფლების არქივიდან).
ცინვალი (ფოტო რადიო თავისუფლების არქივიდან).

ცხინვალის ქუჩებში მილიციის თანამშრომლები გამოჩნდნენ. ისინი სკვერებსა და ქუჩებში შეკრებილებს მოუწოდებენ, რომ გარეთ დიდხანს არ იყვნენ და მეტი დრო სახლში გაატარონ. ადგილობრივი ხელისუფლება ამ რეიდებს ინფექციური დაავადებების პრევენციით ხსნის, თუმცა, ამავე დროს, ოლიმპიურ სასახლეში ატარებს მასობრივ ტურნირს თავისუფალ ჭიდაობაში. რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო გვიყვება, რომ ამ დღესთან დაკავშირებით ცხინვალში რუსეთიდან სტუმრებიც დიდი რაოდენობით ჩავიდნენ.

„ეს ტურნირი, უკვე მეორე წელია, რაც ტარდება. 150 ბავშვზე მეტი იღებს მონაწილეობას. ჭიდაობა ყველაზე კონტაქტური სპორტია და რას ფიქრობს მთავრობა, არ მესმის. ქუჩებში დგომა თუ არ შეიძლება, დარბაზში ჭიდაობა შეიძლება? ძამბოლათ თედეევს (რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ცხინვალში გავლენიანი პირი) ვერ უთხრეს უარი. მისი ძმების სახელობისაა ეს ტურნირი და თედეევმა მოსკოვიდან არაერთი ცნობილი მოჭიდავე ჩამოიყვანა. ეს კიდევ ცალკე საფრთხეა. აგერ, მეზობელ ყაბარდოში ორი შემთხვევაა დაფიქსირებული და ესეც ძალიან გვაშინებს. აფთიაქებში პირბადეები და ანტისეპტიკური სითხეები საერთოდ აღარ არის“, - ამბობს რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო.

დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარიულმა ექიმმა, მარინა კოჩიევამ, ე. წ. პარლამენტში დეპუტატებთან გამოსვლისას აღიარა, რომ ადგილობრივ ექიმებს არც შესაბამისი აღჭურვილობა აქვთ და აფთიაქებშიც მედიკამენტების დეფიციტია. გარდა ამისა,მისი განმარტებით, ცხინვალში არ არის შესაბამისი დონის ლაბორატორია, სადაც ვირუსის გამოვლენის შესაძლებლობა ექნებათ. ამიტომ, მისი თქმით, რუსეთს დახმარება სთხოვეს. კოჩიევას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციამ საზღვარგარეთ პრეპარატებისა და სამედიცინო მასალების გატანა აკრძალა, დახმარების იმედი მაინც აქვთ.

რუსეთის დახმარების იმედად დარჩენილმა ოკუპირებულმა ცხინვალის რეგიონმა, აფხაზეთისგან განსხვავებით, უარი თქვა საერთაშორისო დახმარებაზე.რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამა „ეხო კავკაზას“ ცნობით, 18 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დაურ კოვემ, საერთაშორისო დელეგაციის წევრები მიიღო. დელეგაციაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები შედიოდნენ. შეხვედრის მთავარი თემა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარება იყო.

15 მარტს რადიო თავისუფლების წყარომ, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს და ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური მოლაპარაკებების მიმართულებით ბევრ ინფორმაციას ფლობს, გვიამბო, რომ თებერვლის ბოლოს, საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენამდე, აფხაზურმა მხარემ სასწრაფოდ მოითხოვა გალში ტექნიკური შეხვედრის ჩატარება. ამ შეხვედრის დეტალები არც ქართულ და არც აფხაზურ მხარეებს არ გაუხმაურებიათ. წყარო კი გვეუბნება, რომ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს მხოლოდ კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია, მასთან ბრძოლისა და პრევენციის მეთოდები აინტერესებდათ. გარდა ამისა, თებერვლის ბოლოს აფხაზურმა მხარემ საერთაშორისო სამედიცინო დახმარების მიღების მზადყოფნა გამოთქვა:

„ამ თემის მიმართ აფხაზურ საზოგადოებას განსაკუთრებული ინტერესი აქვს, რადგან იქ შიდსის, C ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის შემთხვევები ძალიან მაღალია, იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანები კი რისკჯგუფში არიან. ამიტომ თებერვლის ბოლოდან სოხუმისთვის მედიკამენტებისა და სხვა სამედიცინო მასალის მიწოდება მიმდინარეობდა. აფხაზებს ამ საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციებმაც გარკვეული დახმარება გაუწიეს“.

18 მარტის შეხვედრის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დაურ კოვემ, განაცხადა: „ვითარება, რომელიც მსოფლიოში შეიქმნა, ჩვენგან კოორდინირებულ მოქმედებას მოითხოვს. დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეულ შედეგებს მივაღწევთ ერთმანეთის ინფორმირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში“.

„ეხო კავკაზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა, ლუისა ვინტონმა, აფხაზეთისთვის გაწეულ დახმარებაზე ილაპარაკა: ესაა ჯანმოს ექსპერტების კონსულტაცია, მედიკამენტებით უზრუნველყოფა და სამედიცინო პერსონალის დახმარება. მისი თქმით, ეს ყველაფერი ამერიკის საერთაშორისო განვითარებისა და გაეროს სააგენტოების დახმარებით მოხერხდა.

„აფხაზეთში ჩვენ შევძელით სამედიცინო მოწყობილობებისა და მედიკამენტების ჩამოტანა. ექიმებისთვის 500 პერსონალური აღჭურვილობა ჩამოვიტანეთ, 600 ლიტრზე მეტი ანტისეპტიკური საშუალება და 500 ლიტრამდე ანტიბაქტერიული საპონი“, - აღნიშნა ლუისა ვინტონმა.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარება აფხაზეთში საქართველოს მხრიდან ენგურის ხიდის გავლით ჩავიდა. ესაა საერთაშორისო ორგანიზაციების მთავარი პირობა, შეინარჩუნონ ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობა საქართველოს გავლით.

მსგავსი ფორმატის შეხვედრაზე კი სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ უარი თქვა და რუსეთის ფედერაციისგან დახმარებას, რამდენიმე დღეა, ელოდება.

ამის შესახებ ცხინვალის საზოგადოებამაც შეიტყო. ოსი პოლიტოლოგის, დინა ალბოროვას თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების ნაბიჯები, როგორც გარედან, ისე შიგნით ცუდად გამოიყურება. ეს საკუთარი მოქალაქეებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა, როცა უარს ამბობ დახმარებაზე გლობალური ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხის დროს:

„ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის ხალხი უნდა შემოეშვათ, მით უმეტეს, რომ ეს ორგანიზაცია პოლიტიკური არ არის. ეს მსოფლიო ორგანიზაციაა, რომელიც ადამიანებს ეხმარება, იმისთვის რომ ადამიანები კარგად იყვნენ, ცოტას ავადმყოფობდნენ და მალე ჯანმრთელდებოდნენ. მივესალმები აფხაზეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას. ეს არის ბრძნული გადაწყვეტილება და აბსოლუტურად არ მესმის ჩემი მთავრობის გადაწყვეტილება მათი არშემოშვების შესახებ. მე ვფიქრობ, რომ არ არსებობს ამ გადაწყვეტილების სასარგებლო არგუმენტაცია“.

საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებებს ბოლო დღეებში არაერთხელ შესთავაზა დახმარება ახალი კორონავირუსის პრევენციის საქმეში. 21 მარტს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას, ეს კიდევ ერთხელ გააკეთა როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ასევე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. 22 მარტს კი სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს გაითვალისწინონ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.

„ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ასევე ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან. მიმდინარე კვირას აფხაზეთის რეგიონში იყო საერთაშორისო მისია, გაეროს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტების მონაწილეობით, რომელთაც ადგილზე არსებული მდგომარეობის ძალიან სწრაფი და ეფექტური შეფასება გააკეთეს. დღეისათვის ეს მდგომარეობა არ არის კრიტიკული ან საგანგაშო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რისკები არ არსებობს, მით უფრო, როდესაც რეალურად არ კონტროლდება საქართველო-რუსეთის ის მონაკვეთები, რაც ოკუპირებულია. რა თქმა უნდა, სიფრთხილე მართებს ყველას, არც ერთი რეგიონი არ არის რისკისგან დაზღვეული.

ქეთევან ციხელაშვილი
ქეთევან ციხელაშვილი

საქართველოს ხელისუფლება შესაძლებლობების ფარგლებში, რა თქმა უნდა, მზად არის დაეხმაროს მოსახლეობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში. ბუნებრივია, ეს მოიცავს ჩვენი მხრიდან ინფორმაციის მაქსიმალურ გავრცელებას, მაგრამ ასევე ჩართულობის გარკვეულ მცდელობებს, რასაც ჩვენ სხვადასხვა არხით და ჩვენი პარტნიორების მეშვეობით ვცდილობთ. ასევე, მზად ვართ დახმარებისთვის, რა თქმა უნდა, დიაგნოსტიკისა და, საჭიროების შემთხვევაში, უკვე ინფიცირებულთა მკურნალობის თუ მათი მდგომარეობის მართვის თვალსაზრისით“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყაროს ცნობით, რუსეთის ფედერაციიდან ქალაქში უკვე ის ოსი სტუდენტებიც ბრუნდებიან, რომლებიც რუსეთის უმაღლესი სასწავლებლებიდან სახლში გაუშვეს. ამიტომ, მისი აზრით, მათი თვითიზოლაცია აუცილებელია. გარდა ამისა, წყაროს თქმით, ცხინვალსა და რუსეთის ქალაქებს შორის შეუფერხებლად მოძრაობენ რუსეთის სამხედრო ბაზის წარმომადგენლები, თუმცა არავინ იცის, ისინი იცავენ თუ არა საერთაშორისო რეკომენდაციებს. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელისუფლებამ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსასვლელი ე.წ. გამშვები პუნქტები ჩაკეტა და ამის მიზეზად ვირუსის საქართველოს ტერიტორიიდან გავრცელების საფრთხე დაასახელა, თუმცა ჩრდილოეთით ღიაა როკის ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტი, მაშინ როცა რუსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა შემთხვევები იზრდება.

XS
SM
MD
LG