საქართველოს მოქალაქე იოსებ თოფურიძეს, რომელიც საქართველოში დევნისთვის თავის დასაღწევად ბულგარეთში თავშესაფრის სტატუსის მოპოვებას ცდილობს, სტატუსი არ მიენიჭა და ის შეიძლება საქართველოს გადასცენ. ასეთია საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ბულგარეთის უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ მას მერე, რაც თოფურიძის განცხადება განიხილა.
თოფურიძის ამბავი ბულგარეთში გახმაურდა მისი, როგორც ის აცხადებს, სამდღიანი დაკავების შემდეგ ლტოლვილთა უწყების შენობაში. დაკავების მომენტში ის ბულგარეთში ლტოლვილის სტატუსის მიღების შესახებ გადაწყვეტილებას ელოდა.
„ჩემთვის ყველაზე მიუღებელი ისაა, რომ იმ ინსტიტუციის შენობაში დამაკავეს, რომელსაც შველას ვთხოვდი“, - განაცხადა სოსო თოფურიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას დაკავების შემდეგ. - „განა ბულგარეთი ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა არ არის? თავისუფალი ქვეყანა, რომელსაც ასე ვაფასებ?“
სააგენტომ არც უარყო და არც დაადასტურა თავის ტერიტორიაზე დაკავების ფაქტი და განაცხადა, რომ არაფერი იცის იმის შესახებ, რომ მის შენობაში დააკავეს პირი, რომელსაც განცხადება ჰქონდა შეტანილი ლტოლვილის სტატუსის მოპოვებაზე.
17 მარტს, ოთხშაბათს, ცხადი გახდა, რომ უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება, უარი ეთქვა თოფურიძისთვის ლტოლვილის სტატუსზე.
ამ გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში შეტანილ იქნა სარჩელი საქართველოსთვის თოფურიძის გადაცემის წინააღმდეგ.
რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახურის ცნობაში ნათქვამია, რომ პოლკოვნიკი იოსებ თოფურიძე საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე იყო. 2012 წელს, ხელისუფლებაში მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისა და მისი „ქართული ოცნების“ პარტიის მოსვლის შემდეგ, თოფურიძემ და მისმა არაერთმა კოლეგამ, რადგან პოლიტიკური დევნის შიში ჰქონდათ, საქართველო დატოვეს.
ბულგარეთის ხელისუფლებს, პრეზიდენტ რუმენ რადევს და პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვს საქართველოს სახელმწიფოს ყოფილი მეთაური წერს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდგომ თვეებში ბრალი წაუყენეს ან დააპატიმრეს სააკაშვილის მმართველობის პერიოდის ათეულობით მინისტრი და მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენელი. ამავე ინფორმაციით, ევროპის სულ მცირე შვიდმა ქვეყანამ უარი უთხრა საქართველოს სააკაშვილის გუნდის იმ წევრების ექსტრადიციაზე, რომლებიც თოფურიძის მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ან ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა მათ. სააკაშვილის მიმართ აღძრული ერთ-ერთი საქმის პოლიტიკურ ბუნებას აღიარებს ადამიანის უფლების ევროპული სასამართლოც.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ასევე უცხოეთში ცხოვრობს, პრეზიდენტ რადევის ადმინისტრაციისთვის გაგზავნილ წერილში მხარს უჭერს თოფურიძის მიერ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას.
რადიო თავისუფლებამ ერთი კვირის წინ მიმართა ბულგარეთში პრეზიდენტის ადმინისტრაციას თოფურიძის განაცხადის განხილვის მდგომარეობის თაობაზე, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღია.
იოსებ თოფურიძე ამბობს, რომ თურქეთში თითქმის რვაწლიანი მალვის შემდეგ უკანონოდ გადალახა ბულგარეთის საზღვარი და შეეცადა ლტოლვილის სტატუსის მოპოვებას ამ ქვეყანაში. ლტოლვილთა უწყებამ მას 2019 წლის დეკემბერში უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსზე, რაც შემდგომ ორივე შესაძლო სასამართლომ დაადასტურა.
ამ კვირაში ბულგარეთმა საქართველოდან მიიღო თოფურიძის ექსტრადიციისთვის საჭირო დოკუმენტები და სწორედ ამ საბუთების საფუძველზე გასცა სოფიის პროკურატურამ განკარგულება თოფურიძის დაკავების შესახებ.
„სამშაბათს (16 მარტს) შევიტყვე გადაწყვეტილების შესახებ“, უთხრა თოფურიძემ რადიო თავისუფლებას. „ავკრიფე ჩემი ნივთები მოსალოდნელი დაპატიმრების წინ და ასე წავედი სასამართლოში, რათა ქართული დოკუმენტები მიმეღო. დარწმუნებული ვიყავი, რომ დამაპატიმრებდნენ“, ამბობს იგი.
17 მარტს, საღამოს, სოფიის საქალაქო სასამართლო არ დაეთანხმა პროკურორს და თოფურიძე გაათავისუფლა 1500 ლევის (3 040 ლარი) გირაოს სანაცვლოდ.
თუ ბრალდება არ გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას, ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა შვიდი დღის განმავლობაში უნდა იქნეს შეტანილი და საქმის არსებითი განხილვა მოხდება.
საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალი რანგის თანამშრომელი, იოსებ თოფურიძე, 2012 წლიდან მიმალვაშია. მას ბრალი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება. საქმე ეხება 2005 წელს ჩადენილ დანაშაულს.
საქართველოს პროკურატურამ თავის დროზე გაავრცელა ცნობა, რომ ჯგუფმა, რომელშიც შედიოდა იოსებ თოფურიძეც, „შინაგან საქმეთა სამინისტროს ე. წ. "მოდულის" შენობაში, დავით ახალაიას სამუშაო ოთახში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი პოლიციის თანამშრომლებს იმ მოტივით, რომ თითქოს პოლიციის თანამშრომლებმა 2005 წლის 2 იანვარს რესტორან "ძველ სახლში" შინაგან საქმეთა მინისტრ ივანე მერაბიშვილის მეუღლეს, თაკო სალაყაიას, უხეშად მიმართეს“.
ამ საქმესთან დაკავშირებით ბრალი წარედგინა როგორც იოსებ თოფურიძეს, ასევე მის უფროსს, დათა ახალაიას. ორივეს 3 წლით და 9 თვით პატიმრობა შეუფარდეს. ბულგარეთისთვის გადაცემული „ექსტრადიციის საბუთები რამდენიმეასეულ გვერდს მოიცავს და ჯერ არ წამიკითხავს“, - თქვა თოფურიძემ.