გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიაანთკარის მცხოვრები რამაზ ბეღელური 2 თებერვლის საღამოს გავიდა სახლიდან და ღამით შინ აღარ დაბრუნებულა. ნათესავებმა მისი ძებნა დღეს დილით დაიწყეს და საქმის კურსში პოლიცია ჩააყენეს, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა იგი ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება 3 თებერვალს გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურდა ცხელი ხაზი, მომხდარის შესახებ ეცნობა ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.
“უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. არსებული მექანიზმების გამოყენებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიმართულებით", - ნათქვამია განცხადებაში.
36 წლის რამაზ ბეღელური გუგუტიაანთკარში სოფლის მეურნეობის საქმეებითაა დაკავებული. ერთი ნაკვეთი მას საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს აქვს. დაკავებულის მამამ, გაიოზ ბეღელურმა, შვილის დაკავების დეტალები არ იცის, თუმცა ამბობს, რომ ეს მისი მეორედ დაკავების შემთხვევაა.
„ახლა ცხინვალში ჰყავთ თუ სად ჰყავთ, არ ვიცი. გუშინ წავიდა სახლიდან და არ მოსულა. არ ვიცი, სად არის და როგორ არის. ნასვამი იქნებოდა და იქით როგორ მოხვდა, არ ვიცი. საზღვარი გავლებული აქვთ აქ რუსებს და რომელ ადგილზე შევიდა, ეგ არ ვიცი. შარშანაც დაჭერილი იყო, ჯარიმა გადაგვახდევინეს და გამოვიდა“,- ამბობს დაკავებულის მამა, გაიოზ ბეღელური.
საოკუპაციო ძალებს სოფლის გასწვრივ, ერთ მონაკვეთზე, დაახლოებით, 1,5 კილომეტრზე ე.წ. სასაღვრო ღობე აქვთ გავლებული, თუმცა არის ადგილები, სადაც გაურკვეველია, სად გადის საოკუპაციო ხაზი.
რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყაროს ინფორმაციით, რამაზ ბეღელური ამჟამად სავალდებულო კარანტინშია გადაყვანილი.
„საზღვრის დარღვევისთვის ბოლო დროს დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ჯერ საკარანტინე ზონაში ათავსებენ და ორი კვირის შემდეგ მათ მიმართ სამართლებრივი პროცედურები იწყება ხოლმე. ჩემი ინფორმაციით, გუშინ დაკავებული პირი საავადმყოფოში ჰყავთ. ალბათ, კარანტინის შემდეგ მალევე გაათავისუფლებენ“.
გასული წლის ბოლოს გუგუტიაანთკარის მეზობელი სოფლიდან, ზარდიაანთკარიდან, მირიან თაზიაშვილიც ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. თაზიაშვილი რამდენჯერმე იყო ამ ბრალდებით დაკავებული და მას ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა ცხინვალის ციხე 33 დღის შემდეგ დატოვა. რამაზ ბეღელურისთვის კი ეს საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის მეორე შემთხვევაა და შესაძლოა ის გაორმაგებული ე.წ. ადმინისტრაციული ჯარიმის (დაახლოებით, 200 ლარი) გადახდის შემდეგ გაათავისუფლონ.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიაანთკარს ორი მხრიდან ოკუპირებული სოფლები დისევი და ხელჩუა ესაზღვრება. ოკუპირებულ დისევში საოკუპაციო ძალებს სამხედრო ბაზაც აქვთ განთავსებული. ბოლო ორი წლის განმავლობაში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გუგუტიაანთკარში ჩნდებოდნენ და საოკუპაციო ღობეს აშენებდნენ. 2019 წლის 7 აგვისტოდან მათ სოფელში ახალი ღობეების მონტაჟი დაიწყეს. ღობეებს მიღმა მოექცა ადგილობრივი მცხოვრებლების, გუგუტიშვილებისa და რაზმაძეების, სახლები და მიწის ნაკვეთები. 2020 წელსაც მათ ორჯერ განაახლეს სოფლის ტერიტორიაზე „ბორდერიზაციის“ პროცესი. ე.წ. სასაზღვრო ღობეებთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მუდმივად პატრულირებენ და ქართული სოფლის მოსახლეობის საქმიანობას აკვირდებიან.