Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ვანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა


დავით ვანიშვილი
დავით ვანიშვილი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში მცხოვრები 88 წლის დავით ვანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მოხუცი, რამდენიმე დღეა უკვე, ლოგინში წევს და წამოდგომას ვერ ახერხებს.

დათა ვანიშვილის ცოლის, ვალია ვანიშვილის, ცნობით, დათა პაპას ორივე ფილტვის ანთება აქვს და მდგომარეობა არ უმჯობესდება. ვალია ვანიშვილი იმასაც აცხადებს, რომ მეზობელი სოფელ წინაგარის ექიმმა დათა პაპა მოინახულა და დაადგინა, რომ ფილტვების ანთება აქვს, თუმცა მოხუცისთვის განსაკუთრებული დახმარება არ გაუწევია.

დათა ვანიშვილის შვილი იქვე მეზობელ სოფელშია გათხოვილი. ნანა ვანიშვილი მშობლების მონახულებას მხოლოდ მავთულხლართებთან მისვლით ახერხებდა. ისინი მავთულხლართების სხვადასხვა მხარეს ჩამოსხდებოდნენ და ასე საუბრობდნენ ხოლმე. ზამთარში კლიმატური პირობებისა და იქ მუდმივად მოთვალთვალე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების გამო ასეთი შეხვედრებიც კი იშვიათი ხდება. ნანა ვანიშვილი მავთულხლართებს იქით რამდენჯერმე შეიპარა კიდეც, მაგრამ ამით საფრთხეში ჩაიგდო თავი, რადგან მას თუ დააკავებდნენ, ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანდნენ. ნანა ვანიშვილი საქართველოს ხელისუფლებას და წითელ ჯვარს დახმარებას სთხოვს.

„ძალიან მინდა, რომ აქეთ გადმოვიყვანო და მთლიანი გამოკვლევა ჩავუტაროთ, გავიგოთ რა სჭირს მამაჩემს. მე რომ შევიდე, ვშიშობ, არ დამიჭირონ. ნუთუ ისეთი რაღაცა არ არსებობს, რომ ნება დამრთონ ცოტა ხნით შევიდე და მივხედო მამაჩემსა. ძალიან გვჭირდება ყურადღება, გამოკვლევებია საჭირო. მოხუცია, მაგრამ მოხუცსაც ხომ უნდა სიცოცხლე, არა? იმის შიშიც მაქვს, აქეთ რომ გადმოვიყვანო და არავინ მიაქციოს ყურადღება, რომ იფიქრონ, რომ კორონა აქვს. აღარ ვიცი რა გავაკეთო, როგორ ვუშველო მამაჩემსა“.

ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელი, სამოქალაქო აქტივისტი ლუდა სალია მიიჩნევს, რომ დათა ვანიშვილის დასახმარებლად როგორც ხელისუფლება, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები უნდა გაერთიანდნენ. მისი აზრით, ახლა მთავარია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები:

წითელი ჯვარი უნდა შევიდეს, გამოიყვანონ დათა პაპა და მოათავსონ კლინიკაში. სხვა გზა არაა. კაცს მკურნალობა სჭირდება. კაცს, რომელიც მართლა არ ჩაბარდა ცხინვალს და დგას იმ მავთულხლართთან და არ ეგუება ამ ოკუპაციას, არ უნდა, რომ იქით წავიდეს და ცხინვალის დახმარება მიიღოს და ჩვენ ხომ უნდა დავეხმაროთ მას.

22 დეკემბერს ხურვალეთში ჩავიდნენ აქტივისტები სამოქალაქო მოძრაობისა „ძალა ერთობაშია“ და მავთულხლართებს მიღმა დათა ვანიშვილის ცოლს პროდუქტი და მედიკამენტები მიაწოდეს. მოძრაობის ლიდერი დათო ქაცარავა აცხადებს, რომ აუცილებელია საზოგადოებას დათა ვანიშვილის მიმართ სოლიდარობის განცდა გაუჩნდეს და ვისაც როგორ შეუძლია, ისე დაეხმაროს:

„ვიყავით ხურვალეთში და ველაპარაკეთ როგორც დათას მეუღლეს, ისე სოფლის მცხოვრებლებს. ადგილობრივებს იმის განცდა აქვთ, რომ ყველასგან მიტოვებულები არიან, ამიტომ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლების მიმართ, პირველ რიგში, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ. ვაპირებთ მივმართოთ წითელ ჯვარსაც, რათა დათა პაპას გადმოყვანა მოხერხდეს და მას ნორმალური სამედიცინო დახმარება გაუწიონ“.

დათა ვანიშვილს ოჯახის წევრები მავთულხლართების ორივე მხარეს ჰყავს. ერთი შვილი ვლადიკავკაზში ცხოვრობს, მეორე მეზობელ სოფელშია გათხოვილი. დათა ვანიშვილის ნათესავებისგან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის როგორც ცხინვალის, ისე თბილისის ოფისში მიმართვა უკვე დაფიქსირდა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის კომუნიკაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი სოფიო ელიზბარაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დათა ვანიშვილის შესახებ ინფორმაცია მათ უკვე აქვთ, თუმცა პროცედურულად ოჯახმა გადმოყვანის შესახებ განაცხადი უნდა გააკეთოს:

„ოჯახი დაგვიკავშირდა, ჩვენმა წარმომადგენლებმა აუხსნეს სამედიცინო ევაკუაციის პროცედურა. თბილისის ოფისსაც დაუკავშირდნენ და ცხინვალის ოფისსაც. ოჯახის წევრები ორივე მხარეს არიან. მათ აუხსნეს პროცედურის დეტალები, თუმცა განაცხადი ოფიციალურად არ დაუფიქსირებიათ გადმოყვანის მოთხოვნის შესახებ. ჩვენ ავუხსენით, რომ ამისთვის პროცედურულად საჭიროა ნებართვა ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და ასევე სამედიცინო დასკვნა, რომლის საფუძველზეც ხდება გადაწყვეტილების მიღება და ჩვენ, უბრალოდ, ნეიტრალური შუამავლები ვართ. პროცედურის დეტალები და ინფორმაცია სრულად მიეწოდა ოჯახს, თუმცა მოთხოვნა ოფიციალურად ჯერ არ შემოსულა“.

სოფიო ელიზბარაშვილის თქმით, ეს კომუნიკაცია ორი დღის წინ შედგა და ახლა ოჯახის მხრიდან განაცხადის გაკეთებას ელოდებიან.

2011 წელს საოკუპაციო ძალებმა დათა ვანიშვილს სახლის წინ მავთულხლართები გაუბეს. სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა, მიწის ნაკვეთი კი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. დათა ვანიშვილი მცოცავი ოკუპაციის სიმბოლოდ იქცა. მასთან ხშირად ჩადიან საქართველოში ჩამოსული სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები და ადგილზე ხედავენ ბორდერიზაციის გამო გაყოფილ ოჯახებს, ნათესავებს და მიტაცებულ ტერიტორიებს. დათას საქართველოს მოქალაქეობა აქვს და მასზე უარის თქმას არ აპირებს. მას არაერთხელ შესთავაზეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა მიეღო და იქაურ პენსიას დაუნიშნავდნენ, მაგრამ დათა ვანიშვილი ვერ ეგუება ოკუპაციას. ის უარს არ ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე. ხურვალეთის არაოკუპირებულ ნაწილში გადასვლის გამო რამდენჯერმე დაკავებულიც იყო ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევის ბრალდებით. პირველად ცხინვალის იზოლატორში ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს, მაგრამ მოხუცი თავისას არ იშლის.

88 წლის დათა ვანიშვილი, ფაქტობრივად, საოკუპაციო ხაზზე მცხოვრები ერთადერთი საქართველოს მოქალაქეა, ვისთანაც პირადი კომუნიკაცია ჰქონიათ დემოკრატიული ქვეყნების იმ ლიდერებს, ვინც საქართველოში ვიზიტის დროს საოკუპაციო ზოლთან გასულა. სხვადასხვა დროს დათა ვანიშვილს შეხვდნენ ლეხ კაჩინსკი, ჯონ მაკკეინი, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ევროპარლამენტის, ეუთოს, გაეროსა და სხვა მრავალი ორგანიზაციის თუ ქვეყნის წარმომადგენლები და დიპლომატები.

XS
SM
MD
LG