გიორგი გახარიას ბაქოში გაკეთებულ საჯარო განცხადებებში დავით გარეჯი არ უხსენებია. თუმცა საქართველოში სჯერათ, რომ პრემიერს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან ამ თემაზეც მოუწევდა ლაპარაკი. მით უმეტეს, რომ გახარიას განსაკუთრებული მისია დააკისრა საქართველოს პატრიარქმა და ბაქოში გააცილა სიტყვებით - „ჩვენ ვერ შევეგუებით“.
რის მიღწევა შეუძლია გიორგი გახარიას? რა შედეგებია მოსალოდნელი საკმაოდ სახიფათო დაძაბულობის ფონზე?
მტრებისა და მოყვრების გასაგონად...
ოფიციალური თარგმანის მიხედვით, 9 ოქტომბერს, გიორგი გახარიასთან შეხვედრის დროს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს „ყველაზე ახლო მეგობარი, მეზობელი და პარტნიორი“ უწოდა და არც ის დაუმალავს, რომ ახარებს საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება - პირველად სწორედ აზერბაიჯანში ჩასულიყო.
გიორგი გახარიამ კი, ილჰამ ალიევს უთხრა, რომ აზერბაიჯანი პირველი ვიზიტისთვის შემთხვევით არ შეურჩევიათ და რომ მტრები და მოყვრები ვიზიტითა და მისი შედეგებით ბევრ რამეს დაინახავენ.
- „ამ ვიზიტით ჩვენ ჩვენს მოყვარეებსაც და მტრებსაც კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ, რომ არ არსებობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძმურად, მეგობრულად გადაუწყვეტელი პრობლემები“;
- „ჩვენი ვიზიტი, საუბრები და საქმიანი განხილვები იქნება უაღრესად პროდუქტიული და კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს ყველას, ჩვენს მეგობარსაც და მტერსაც, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ყოველთვის იპოვიან სწორ სიტყვებს და გზებს არსებული პრობლემების გადასაწყვეტად“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბაქოში დავით გარეჯი საჯაროდ არ უხსენებია. თუმცა ანალიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ მის მიერ ნახსენებ სიტყვაში „პრობლემები“ სწორედ დავით გარეჯის გარშემო არსებული სიტუაცია იგულისხმებოდა.
თუკი საქართველოს პატრიარქის სახელით 8 ოქტომბერს გამოქვეყნებული წერილის შინაარსით ვიმსჯელებთ, ილია მეორემ გიორგი გახარიას განსაკუთრებული მისია დააკისრა - მოაგვაროს სიტუაცია, რომელსაც „ჩვენ ვერ შევეგუებით“ და დაარწმუნოს ბაქო, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის დასრულებამდე:
- აღდგეს აქამდე არსებული სტატუს კვო - სასულიერო პირებსა და ტურისტებს არ შეექმნათ უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრების მონახულების პრობლემა;
- ფაქტობრივი მდგომარეობის შენარჩუნება სავალდებულოა, ხოლო მეორე სახელმწიფოსთან შეუთანხმებლად და მით უმეტეს ძალისმიერი ნაბიჯებით ვითარების შეცვლა დაუშვებელია.
საქართველოს პატრიარქი გამოხატავს იმედს, რომ გიორგი გახარიას ჩარევით საბოლოოდ - „ისტორიული სამართლიანობაც“ აღდგება „1936-1938 წლებში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ გამოცემული 1:200 000 მასშტაბის რუკის მიხედვით“.
- „ორმხრივად აღიარებული ამ რუკით უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრები საქართველოს ტერიტორიაზეა დაფიქსირებული (განსხვავებით ბერთუბნისა, რომელიც ასევე გარეჯის განუყოფელი ნაწილია, აზერბაიჯანის მხარეს არის მოქცეული)“, - ვკითხულობთ პატრიარქის წერილში.
რა შედეგებს მოელიან საქართველოში?
ანალიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ ორი ქვეყნის უმაღლესი პირების შეხვედრა ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის ვნებათაღელვის ჩასაცხრობად გახდა აუცილებელი. თუმცა რა გამოვა საბოლოოდ პრემიერის ბაქოში ვიზიტის შედეგად, ამაზე ურთიერთგანსხვავებული მოსაზრებები არსებობს.
ანალიტიკოსებთან საუბრის შედეგად გამოიკვეთა ორი მიმართულება:
- ამ ეტაპზე, საკითხის ძირეულად, ორივე მხარისთვის მისაღები ფორმით გადაწყვეტა შეუძლებელია, რადგან მხარეთა პოზიციები რადიკალურად ურთიერთსაპირისპიროა... დავით გარეჯის პრობლემა თავის დროზე ვერც ბაქოსთან ძალიან დაახლოებულმა - შევარდნაძემ და სააკაშვილმა მოაგვარეს;
- ამ ეტაპზე შესაძლებელია მოხერხდეს ქართული მხარისთვის გადაადგილების სრული აღდგენა სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ნაციონალისტური და პრორუსული ჯგუფების დესტრუქციულ ქმედებებზე, რაც არცთუ ისე იოლია.
„ძნელი იქნება პრორუსული ძალების რიტორიკისა და ქმედებების ჩაცხრობა, რადგან მათ აქვთ ერთი უმთავრესი მიზანი - აზერბაიჯანიც ოკუპანტად გამოიყვანონ და ამით ერთგვარად გადაფარონ ოკუპანტის სტატუსი რუსეთის შემთხვევაში. ისინი ასე იოლად ვერ გაჩერდებიან“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი კორნელი კაკაჩია.
ერთმანეთთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გარეშე აზერბაიჯანისა და საქართველოს განვითარება არ წარმოუდგენია „რონდელის ფონდის“ უფროს მკვლევარს, გიორგი ბადრიძეს. თუმცა მისთვის ძნელი სათქმელია, რამდენად არის შესაძლებელი მყარი საერთო ენის გამონახვა ბაქოსა და თბილისს შორის - საქართველოში პრემიერ-მინისტრების სწრაფი ტემპებით შეცვლის პირობებში.
„იმედი მაქვს, რომ ეს ვიზიტი მიმართული იქნება მეტი ურთიერთგაგებისკენ... თუმცა ძნელი სათქმელია, რამდენად არის ბატონი გახარია აზერბაიჯანისთვის ისეთივე პარტნიორი, როგორიც თავის დროზე იყვნენ - მიხეილ სააკაშვილი ან ედუარდ შევარდნაძე...
ერთსაც და მეორესაც აზერბაიჯანი აღიქვამდა საქართველოს რეალურ ხელმძღვანელად, გადაწყვეტილების მიმღებ პირად... ხოლო ბატონი გახარია, ისევე როგორც მანამდე კიდევ სამი სხვა პრემიერ-მინისტრი, აზერბაიჯანელებისთვის, დიდი ვარაუდით, უბრალოდ წარმოადგენენ დროებით მენეჯერებს“.
ბოლო პერიოდში გამძაფრებული დაძაბულობის ფონზე დავით გარეჯში საველე პატრულირების განახლების გადაწყვეტილება მიიღო ანტისაოკუპაციო მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“. როგორც მისმა დამფუძნებელმა, დავით ქაცარავამ 9 ოქტომბერს უთხრა რადიო თავისუფლებას, „დავით გარეჯი დღევანდელი მდგომარეობით ფაქტობრივად წართმეულია“, „აქამდე ხელისუფლების გულგრილობამ მიგვიყვანა“ და „ძალიან საეჭვოა, რომ რაიმეს გამოსწორება შეძლოს გიორგი გახარიას ბაქოში ვიზიტმა“.
დაძაბულობა და ცრუ ინფორმაცია
ვითარება არაერთხელ დაიძაბა 2019 წლის აპრილის შემდეგ, როცა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა პირველად შეზღუდეს გადაადგილება უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალ გზაზე. მოულოდნელი გადაწყვეტილების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს თავიდანვე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უკავშირებდნენ.
შემდეგ აგორდა პროტესტი - ქართულმა მხარემ გამართა არაერთი მასშტაბური აქცია, ერისა და ბერის მონაწილეობითა და მათ შორის - ინციდენტების თანხლებითაც. თანდათან სულ უფრო ძნელი გასარჩევი გახდა, რამ რა გამოიწვია - ერთი მხარის ქმედებას მეორე პასუხობდა და პირიქით.
ბოლო პერიოდში კი, ვითარება ხელახლა დაიძაბა აზერბაიჯანული მხარის მიერ სასაზღვრო პუნქტის („კეშიკჩი გალა“) გახსნის გამო, დავით გარეჯთან ძალიან ახლოს. შემდეგ ფაქტებს ისევ ინტერპრეტაციები და ცრუ ინფორმაცია დაემატა და სოციალურ ქსელებში ისევ აგორდა დაპირისპირების ტალღა აზერბაიჯანული და ქართული გვარების მქონე მომხმარებლებს შორის.
- დავით გარეჯი საქართველოა - რა ხდება მაგ ...-ებს გარეჯიც უნდათ?
- აღარ ჩავასხათ "სოკარის“ საწვავი - ისედაც გვიჭირს და ამით არაფერი დაგვაკლდება!!!
- დავით გარეჯი აზერბაიჯანის ტერიტორიაა და ქართველებმა უნდა შეიგნოთ!
- ჩვენთან, აზერბაიჯანელებთან მტრობა არ გაწყობთ, გაზის გარეშე დარჩებით!
ვითარება პიკს აღწევს ხოლმე იმ შემთხვევაში, თუკი ქართველების პოზიციის დაცვას სომხური გვარის მომხმარებლები შეეცდებიან. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო დაპირისპირებულ მხარეებს ზოგჯერ საქართველო საერთოდ ავიწყდებათ. იშვითად, მაგრამ მაინც - ვიღაც გამოჩნდება ხოლმე, ყველასთვის იმის შემხსენებელი, რომ წყლის ამღვრევა და კავკასიელი ხალხის დაპირისპირება რუსეთს აწყობს.
ამ დღეებში ფეისბუკზე ფართოდ გავრცელდა საეჭვო წარმოშობის რუსულენოვანი გამოცემის, „ინფოტეკა 24“-ის მიერ 3 ოქტომბერს გამოქვეყნებული სტატია სათაურით - „აზერბაიჯანმა საბოლოოდ მიისაკუთრა ქართული სამონასტრო კომპლექსი დავით გარეჯი (კეშიჩიდაგი)?"
რეაქციებმა ცხადყო, რომ ბევრი მართლაც ძალიან იოლად იჯერებს რუსეთის პროპაგანდისტული არხებით გავრცელებულ სიყალბეს. სინამდვილეში კი, მაგალითად ამ კონკრეტული სტატიის მყვირალა სათაურის მიღმა მსგავსი არაფერია დასაბუთებული. სხვა აზერბაიჯანული წყაროების გადამოწმებით იოლად დასტურდება, რომ ლაპარაკია 20 სექტემბრით დათარიღებულ ამბავზე, როცა აზერბაიჯანმა „ევროპული მემკვიდრეობის დღე“ აღნიშნა და არა - დავით გარეჯის მისაკუთრება.
იქვეა შეთქმულების თეორიებიც:
- „რადგან ეს ღონისძიება აზერბაიჯანის ადგილობრივ მედიასაშუალებებში მხოლოდ აზერბაიჯანულ ენაზე გაშუქდა, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ აზერბაიჯანი კიდევ ერთხელ შეეცადა მიეთვისებინა სხვისი კულტურული მემკვიდრეობა“,
- „იუნესკოსთან აზერბაიჯანის პირველი ლედის მჭიდრო კავშირების გათვალისწინებით, ქართული ისტორიული კომპლექსი - დავით გარეჯი, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება გაფორმდეს როგორც აზერბაიჯანის კულტურული მემკვიდრეობა“.
მეტი დამაჯერებლობისთვის, სტატიაში მითითებულია ბმული, თუმცა ამ ბმულზე გადასვლის შემთხვევაში კიდევ უფრო ვრწმუნდებით, რომ არაფერი მომხდარა ისეთი, რაც მანამდე არ ვიცოდით. მოკლე ინფორმაციაში გამეორებულია აზერბაიჯანული მხარის მიერ მანამდეც ათასგზის გაჟღერებული ვერსია, რომ აზერბაიჯანელები დავით გარეჯს (კეშიკჩიდაგს) წინაპრებად წოდებული ქრისტიანი ალბანელების მემკვიდრეობად თვლიან.
პრობლემებს ქმნის ნახევარი სიმართლეც. მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “Rossiya Segodnya”-ის მიერ დაფუძნებული მედიასაშუალება - "სპუტნიკი" ახალი სასაზღვრო პუნქტის გახსნისადმი მიძღნილ სტატიაში არაფერს ამბობს აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ნათქვამია, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარი „ყოველთვის იყო მეგობრობის და სტრატეგიული პარტნიორობის ნიმუში“ და ერთმანეთთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა აქვთ ორი ქვეყნის მესაზღვრეებს. არადა, პირველწყაროს თანახმად, სწორედ ამ აქცენტებს გაესვა ხაზი იმ დღეს გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში.