13 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით გარეჯში აზერბაიჯანულმა მხარემ კვლავ გადაკეტა უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალი გზა. ამ ცნობას დროში დაემთხვა სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე სახალხო დღესასწაულისა (გარეჯობა) და რელიგიური დღესასწაულის (მამადავითობა) ერთობლივად ჩატარების ფაქტი, რაც საგარეჯოს მერიის ინიციატივა იყო. „დავით გარეჯი საქართველოა!“ - ასეთი სლოგანითა და სულისკვეთებით ჩაიარა დოღმა ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში.
უკავშირდებოდა თუ არა გზის გადაკეტვა სწორედ ამ ფაქტსა და ხალხმრავლობას გარეჯის ტერიტორიაზე? საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება არ გაუკეთებია. ანალიტიკოსები და პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ გარეჯის თემას კიდევ უფრო გაამწვავებს და რუსეთის ინტერესებზე დაასხამს წყალს „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაანონსებული საპროტესტო აქცია.
სახალხო-რელიგიური დღესასწაული და ჩაკეტილი გზა
13 ივნისს მომლოცველთა ნაწილმა გაიარა, ნაწილმა უკვე - ვეღარ. უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებისკენ მიმავალი გზა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ჩაკეტეს, რამაც მრევლისა და სასულიერო პირების გაღიზიანება გამოიწვია. გაისმა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ:
- აზერბაიჯანული თემი შესანიშნავად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე და მას იცავს ქართული სახელმწიფო;
- ხოლო აზერბაიჯანული მხარე ანგარიშს არ უწევს ქართველების რელიგიურ გრძნობებს.
„გარკვეული ჯგუფი გადავიდა, ამის შემდეგ გადაიკეტა რაღაცნაირად იქ მისასვლელი ადგილი. ყველა არ გადაუშვეს“, - განაცხადა გარეჯში მყოფმა სოზარ სუბარმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში. მან ასევე თქვა:
- ჯობია, ჩვენც თავი შევიკავოთ, ვიდრე არ მოხდება საზღვრის საბოლოოდ დადგენა;
- ყველა შემთხვევაში, ასეა თუ ისე, ეს არის ქართული კულტურის ძეგლი;
- მაგრამ არის განსხვავებული მოსაზრება მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან.
სოზარ სუბარს არ დაუკონკრეტებია, უკავშირდებოდა თუ არა გზის გადაკეტვა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე გამართულ ხალხმრავალ საზეიმო ღონისძიებას და თავი რისგან უნდა შევიკავოთ.
13 ივნისს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ერთად აღინიშნა სახალხო და რელიგიური დღესასწაულები.
„2019 წლის 13 ივნისს, სოფელ უდაბნოსთან, დავით გარეჯის მონასტრის მიმდებარედ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით და საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოს-მეუფე ლუკას ლოცვა-კურთხევით, სოფელ უდაბნოში ერთად აღინიშნება სახალხო დღესასწაული #გარეჯობა 2019“ და რელიგიური დღესასწაული - მამადავითობა - დავით გარეჯელის სახელობის დღესასწაული, რომელიც იმართება ამაღლებიდან პირველ ხუთშაბათს“, - წერია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„გარეჯობა - 2019“-ის ფარგლებში დაგეგმილ ტრადიციული დოღში მონაწილეობა მიიღო 50-ზე მეტმა ცხენოსანმა. ისინი გარეჯის ცენტრიდან დავით გარეჯისკენ 12 ივნისს დაიძრნენ და მათ ჰქონდათ სლოგანი - „გარეჯი საქართველოა!“
შესაძლებელია თუ არა, რომ სწორედ ამ ღონისძიებამ დააფრთხო აზერბაიჯანული მხარე? ეწინააღმდეგება თუ არა მსგავსი ქმედებები საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდებებს ემოციების ჩაცხრომასა და სადელიმიტაციო კომისიისთვის მშვიდად მუშაობის საშუალების მიცემის აუცილებლობასთან დაკავშირებით?
ხომ არ უნდა გაეთვალისწინებინა ეს განცხადებები მუნიციპალიტეტის მერიას და მეტი წინდახედულება ხომ არ უნდა გამოეჩინა საკითხის სიმწვავის გამო?
საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ, ხოლო როგორც საგარეჯოს მერიაში უთხრეს რადიო თავისუფლებას:
- 13 ივნისს ღონისძიებებმა შესანიშნავად ჩაიარა;
- რადგან სამუშაო დღე იყო, მოსალოდნელზე ნაკლები ხალხი მოგროვდა, თუმცა მაინც ბევრმა მიიღო მონაწილეობა;
- გარეჯის სახალხო დღესასწაული დავით გარეჯის დიდ სამონასტრო კომპლექსთან XX საუკუნის 70-80-იან წლებში აღინიშნებოდა;
- დღესასწაული აღდგა 2018 წელს და წელსაც აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო.
მერიაში ისიც დაგვიზუსტეს, რომ შარშანდელი ღონისძიება წლევანდელივით მასშტაბური არ ყოფილა.
„ვიდრე აზერბაიჯან-საქართველოს ერთობლივი სადელიმიტაციო კომისია მუშაობს, მხარეებს ემოციებისგან თავის შეკავება ჰმართებთ. მაგრამ დღეს გარეჯობა იყო და ხალხს ვერ აუკრძალავ გამოხატოს თავისი პოზიცია", - უთხრა რადიო თავისუფლებას ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ. ამასთან, მისი თქმით:
- აუცილებელია გარკვეული სამოქალაქო აქტიურობაც პოზიციის გამოსახატავად;
- მაგრამ აუცილებლად იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია“.
ანალიტიკოსი დიდ პრობლემას ხედავს, რომ სწორედ დავით გარეჯის თემაზე აპელირებით მართავს საპროტესტო აქციას „პატრიოტთა ალიანსი“ - „პროვოკაციას უნდა ველოდოთ“.
„პატრიოტთა ალიანსის“ SMS-ები და მიზნები
„დაიცავი დავით გარეჯი. მოდი 15 ივნისს 4 საათზე თბილისში თავისუფლების მოედანზე“ - ამ შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებები ბოლო დღეებში ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო. ტექსტი გავრცელდა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების, დავით თარხან-მოურავისა და ირმა ინაშვილის სახელით.
„პატრიოტთა ალიანსი“ იმედოვნებს, რომ:
- თავისუფლების მოედანს შეავსებს;
- მხოლოდ ერთიანობით და ბრძოლით მიიღწევა ყველაფერი;
- აქციები არ შეწყდება მანამდე, ვიდრე ხელისუფლება ხალხის ხმას არ გაიგებს.
„ამას აქვს ერთადერთი მთავარი მიზანი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაინახოს და გააცნობიეროს, რომ ქართველი ხალხი არ აპირებს დავით გარეჯის დათმობას“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში. ინაშვილი მოითხოვს, რომ გამოძიებულ იქნას წინა ხელისუფლების დროს მოქმედი სადელიმიტაციო კომისიის საქმიანობა.
- "არსებობს ძალიან კონკრეტული ინფორმაცია, რომ ქართულმა მხარემ 2007 წელს აზერბაიჯანულ მხარეს წარმოუდგინა საქართველოსთვის საზიანო მასალები";
- "მაქვს ეჭვის საფუძველი განვაცხადო, რომ საზღვრის შეთანხმებული მონაკვეთი (70%) შეთანხმებულია საქართველოს საზიანოდ".
მართალია, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი ამბობს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი გონიერი ადამიანია, მაგრამ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები ცხადყოფს მათ პოზიციას, რომ - აზერბაიჯანი ოკუპირებას უკეთებს საქართველოს ტერიტორიებს.
მაისში, როცა პოლიტიკურმა ძალამ მასშტაბური საპროტესტო აქციები დააანონსა, მთავარ თემებს შორის არა დავით გარეჯი, არამედ საქართველოს “სამხედრო მიუმხრობლობა” და ხელისუფლების მიერ გაცემული დაპირებების შესრულება სახელდებოდა.
თუმცა სამხედრო მიუმხრობლობის (ნეიტრალიტეტის) მოთხოვნა ახლაც არსად წასულა - უბრალოდ, მეორე ადგილზე გადაინაცვლა. სამხედრო მიუმხრობლობა ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმასა და შესაბამისად, ბევრის აზრით, წყლის რუსეთის წისქვილზე დასხმას ნიშნავს.
„თუკი რაიმე კითხვები არსებობდა, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და ვინ ცდილობს გარეჯის თემის გამწვავებას, ყველა კითხვას გაეცა პასუხი, როდესაც „პატრიოტთა ალიანსმა“ გამოაცხადა ამ აქციის შესახებ და ცდილობს, დაძაბოს სიტუაცია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა. მისი თქმით:
- გარეჯში ვითარება დაიძაბა საქართველოს პრეზიდენტის უპასუხისმგებლო განცხადებების გამო;
- ახლა კი, „ქართული ოცნების“ პარტნიორი პოლიტიკური ძალა ცდილობს იმ მესიჯის დამკვიდრებას, რომ მხოლოდ რუსეთი არ არის ოკუპანტი და აზერბაიჯანიც ოკუპანტია.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მოელის, რომ 15 ივნისის საპროტესტო აქციაზე პროვოკაციული განცხადებები გაკეთდება, რაზეც შესაძლოა მწვავე რეაქცია ჰქონდეს აზერბაიჯანულ მხარეს.
„მით უმეტეს თუ პარლამენტის წევრები გააკეთებენ ასეთ განცხადებებს, მიდი და ამტკიცე მერე, რომ ისინი რუსეთის თამაშს თამაშობენ. ისინი ბაქოსთვის საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები არიან“, - ამბობს ჩიტაძე.