Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავა ინფორმაციის საჯაროობაზე - საია საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ


საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან საჯარო ინფორმაციის მიღებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სასამართლოს ძალით შეეცდება. 5 სექტემბერს ორგანიზაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოში საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლითაც ორგანიზაციას უარი ეთქვა მაუწყებლის ტექნიკური გადაიარაღების გეგმის გადაცემაზე. საიას ინფორმაციით, ტექნიკური გადაიარაღებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებელი აპირებს 40 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის საბანკო სესხის აღებას, რისთვისაც მას სამეურვეო საბჭოს თანხმობაც აქვს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თანახმად, გადაწყვეტილება 2018 წლის 2 აგვისტოს გაფორმდა, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მხარი დაუჭირა გენერალურ დირექტორს აიღოს სესხი და, ამავდროულად, დაიწყოს სესხის ასაღებად საჭირო პროცედურები. საიას იურისტის მარიამ გოგოსაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილება, თავის მხრივ, დაეფუძნა გენერალური დირექტორის მოხსენებით ბარათს, რომელშიც, დეტალურადაა გაწერილი სესხის ზუსტი ოდენობა და თანხის შემდგომი დაფარვის პროცედურები.

მარიამ გოგოსაშვილი
მარიამ გოგოსაშვილი

„ჩვენ დავინტერესდით, რა ტექნიკურ გადაიარაღებაზეა საუბარი და რატომ დასჭირდა საზოგადოებრივ მაუწყებელს დამატებით საბანკო სესხი, მაშინ როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება 52 მილიონი აქვს და, სავარაუდოდ, ეს დაფინანსება მომავალ წელს კიდევ გაიზრდება. როგორც შემდგომ გავრცელდა ინფორმაცია, საზოგადოებრივი მაუწყებელი აპირებს შენობის გაყიდვას, გასხვისების შემდეგ ახალი შენობის ყიდვას და სწორედ ამ ახალი შენობის ტექნიკური გადაიარაღებისთვის არის სესხი საჭირო. ეს კი, რა თქმა უნდა, ბადებს კითხვებს: თუ ჯერ შენობა არ გაქვს, რატომ აყენებ უკვე სესხისა და ტექნიკური გადაიარაღების საკითხს? ან შემდგომში როგორ აპირებ ამხელა ვალის დაფარვას?“ - გვითხრა მარიამ გოგოსაშვილმა. მისივე განმარტებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ინფორმაციის გაცემაზე უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა არა ოფიციალური დოკუმენტი, არამედ გეგმა, რომელიც არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციის კატეგორიას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის იურისტმა დიმიტრი ბერძენიშვილმა, თავის მხრივ, გვითხრა, რომ დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ბორდმა საკრედიტო პროცედურების დაწყებაზე თანხმობა განაცხადა, არის ზოგადი სამუშაო ვერსია.

საგანგებო განცხადებაში კი, რომელიც 5 სექტემბერს გამოქვეყნდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე, ნათქვამია, რომ ტელევიზიის მძიმე ტექნიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად მენეჯმენტმა შეიმუშავა ტექნიკური გადაიარაღების გეგმა, რომლის განხორციელებაც მხოლოდ საკრედიტო რესურსით შეიძლება, რადგან ერთბაშად ამ მოცულობის თანხის გადახდა შეუძლებელია არა მარტო საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, არამედ ნებისმიერი სხვა ტელევიზიის ან სხვა პროფილის ორგანიზაციისთვის.

დეტალური გეგმა, სატენდერო დოკუმენტაცია, დაფინანსების სქემა, სესხის პარამეტრები - ვადიანობა, საპროცენტო განაკვეთი და ყველა სხვა დეტალი - უნდა დამუშავებულიყო მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თანხმობის შემთხვევაში და ეს პროცესი ასეც მიმდინარეობს. ამ ეტაპზე დოკუმენტი დეტალური დამუშავების პროცესშია და დასრულებული სახით არ არსებობს...
საზოგადოებრივი მაუწყებლის საგანგებო განცხადება

ტექნიკური გადაიარაღების გეგმის ღირებულება, განცხადების მიხედვით, დაახლოებით, 45 მილიონ ლარს შეადგენს და მის მოსაზიდად საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. საზოგადოებრივი მაუწყებელი აქვე განმარტავს, რომ მოსაზრებები და ეჭვები ფინანსური პრობლემებისა და იმის შესახებ, რომ მაუწყებელი ტექნიკური გადაიარაღებისთვის აღებულ კრედიტს სხვა მიზნებით გამოიყენებს, არაკომპეტენტურია და საზოგადოებრივი მაუწყებლის დისკრედიტაციისკენაა მიმართული. ამავე განცხადებაში ღია კარის მტვრევადაა შეფასებული „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მცდელობა, სასამართლოს გზით მოიპოვოს ინფორმაცია, რომელიც, მაუწყებლის თანახმად, ჯერ არ არსებობს.

„მაუწყებლის მენეჯმენტმა სამეურვეო საბჭოს შესთავაზა სესხის აღების, მისი მიზნობრიობისა და დაფარვის ზოგადი სქემა, რათა მოეცა თანხმობა მოლაპარაკებების დაწყებაზე. შესაბამისად, დეტალური გეგმა, სატენდერო დოკუმენტაცია, დაფინანსების სქემა, სესხის პარამეტრები - ვადიანობა, საპროცენტო განაკვეთი და ყველა სხვა დეტალი - უნდა დამუშავებულიყო მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თანხმობის შემთხვევაში და ეს პროცესი ასეც მიმდინარეობს. ამ ეტაპზე დოკუმენტი დეტალური დამუშავების პროცესშია და დასრულებული სახით არ არსებობს“, - ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის საგანგებო განცხადებაში.

თუმცა ფაქტია ისიც, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მსხვილი ვალის აღების პერსპექტივა კითხვებს უჩენს არა მარტო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, არამედ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებსაც. საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიული კავშირების თავმჯდომარე ნინო ზაუტაშვილი, მაგალითად, კითხულობს: ვისი პასუხისმგებლობა იქნება ვალის გადახდა მას შემდეგ, რაც ვასილ მაღლაფერიძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურება? რა საჭიროა ტექნიკური გადაიარაღებისთვის 40 მილიონზე მეტი, რაც, მისი აზრით, არაადეკვატური რიცხვია? სათანადოდ გათვლილია თუ არა რისკები და რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალის დაფარვას ვერ შეძლებს და ა.შ. ნინო ზაუტაშვილი ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი ვალდებულია ყველაფერი მკაფიოდ განუმარტოს საზოგადოებას, რომელსაც, საბოლოო ჯამში, ამ თანხისა და მისი პროცენტული დანამატის გადახდა ბიუჯეტიდან მოუწევს.

თავის მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას თავადაც აპირებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირები და 70-მდე თანამშრომელი, რომელთაც სამსახურის დაკარგვა ემუქრებათ. ისინი გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ და ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებში ჩართვისა და რეაგირების თხოვნით პარლამენტს, პრემიერ-მინისტრს, სახალხო დამცველსა და ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ.

XS
SM
MD
LG