ვახტანგ გორგასალის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის გასწვრივ არსებული ტერიტორიის რეკონსტრუქციისთვის 2019 წელს 110 000 000 ლარი დაიხარჯება.მერია გეგმავს, რომ ავტომობილები ამ ადგილას გვირაბით გაატაროს, იქაურობა გაამწვანოს და ფეხით მოსიარულეებს დაუთმოს.
გარემოსდამცველებმა და ურბანისტებმა, ვისაც რადიო თავისუფლება დაუკავშირდა, თითქმის არაფერი იციან ამ გრანდიოზული პროექტის შესახებ. ხოლო ქალაქმგეგმარებელს, ზურაბ ბაქრაძეს, საპრეზენტაციო ანიმაციური კლიპის ნახვის შემდეგ გაუჩნდა შიში, რომ ადამიანებისთვის ისედაც მიუდგომელი მტკვარი ამ ტერიტორიაზე კიდევ უფრო მიუდგომელი გახდება.
გორგასლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციის პროექტი ერთ-ერთია იმ უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის, რომლებიც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, 29 იანვარს წარმოადგინა. პრეზენტაციაზე კალაძემ თქვა:
- არსებული საავტომობილო გზა, რაც შეიძლება, მიწის ქვემოთ ჩავა და გაკეთდება გვირაბი;
- გვირაბის ზედაპირზე გაკეთდება მწვანე სივრცე, რომელიც იქნება მხოლოდ და მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის;
- დაახლოებით 10 ჰექტარ ტერიტორიაზე შეიქმნება მწვანე სივრცე;
- აშენდება საფეხმავლო ხიდი, რომელიც პირდაპირ მეტროსადგურ „ავლაბართან“ გადავა.
მერიის მიერ მომზადებული ანიმაციური კლიპის ნახვის შემდეგ ქალაქმგეგმარებელ ზურაბ ბაქრაძეს დარჩა შთაბეჭდილება, რომ საავტომობილო გვირაბი არა მიწის ქვეშ გატარდება, არამედ ის არსებული მაგისტრალის გადახურვის საშუალებით აიგება ისევე, როგორც ეს რიყის შემთხვევაში მოხდა. ბაქრაძე შიშობს, რომ ასეთ შემთხვევაში:
- კიდევ უფრო დაშორდება ქალაქი მტკვარს;
- დაახლოებით 5 მეტრით აიწევს სიმაღლეში ადამიანის წყალთან მისასვლელი ადგილი;
- ის ადამიანი, რომელიც ვითომ წყლის პირას მივა, იქნება წყლიდან დაშორებული დაახლოებით 10 მეტრით, რადგან ახლა ადამიანები მდინარის ზედაპირიდან 5 მეტრით ისედაც არიან დაშორებული;
- რიყეზე მიწისზედა გვირაბი როცა გადახურეს, იქ უამრავი მიწა დაყარეს, ნიშნული აიწია და მოწყდა მთელი რიყე მდინარის ზედაპირს.
ზურაბ ბაქრაძისთვის გაუგებარია, რატომ მაინცდამაინც გორგასლის ქუჩის მიმდებარე ვიწრო ტერიტორია შეარჩია მერიამ ამგვარი მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად, მაშინ, როცა თბილისში უამრავი ადგილია, რომლებიც „პირდაპირ ამოისუნთქავდნენ“ მსგავსი ინფრასტრუქტურის პირობებში.
„ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ მტკვრის გასწვრივ მაგისტრალები ქალაქს აწუხებს და მტკვარი როგორმე უნდა ჩავრთოთ ქალაქის ცხოვრებაში... სწორედ ამ ხედვიდან გამომდინარე უნდა გადაიდგას ნაბიჯები. ეს პროექტი კი, ასეთ შთაბეჭდილებას არ ტოვებს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ზურაბ ბაქრაძე.