Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გინდა ინტერნეტი? დაიფიცე ყურანზე! - თურქმენეთში თავისუფლებას რელიგიით ებრძვიან


2013 წელი, აშხაბადი. ბავშვები კომპიუტერულ ცენტრში.
2013 წელი, აშხაბადი. ბავშვები კომპიუტერულ ცენტრში.

წარმოიდგინეთ, დაბლოკილი გაქვთ წვდომა ფეისბუკზე, ინსტაგრამზე, ტიკტოკსა და სხვა სოციალურ ქსელებზე. ვერ შედიხართ BBC-ის, როიტერსის, დოიჩე ველეს ვებგვერდებზე.

ამ დროს ყველა ტელევიზია პრეზიდენტს „მფარველს” უწოდებს, ის რეპავს ხოლმე, სახელმწიფო კი გავალდებულებთ, მის დაწერილ წიგნებს აკოცოთ. მოკლედ, მსოფლიოში თითქმის ყველაზე არათავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობთ, და მხოლოდ ჩრდილო კორეა „გისწრებთ”. სწორედ ასეთია რეალობა თურქმენეთის რესპუბლიკაში მცხოვრები თითქმის 6 მილიონი ადამიანისთვის.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, თურქმენეთში მოქალაქეებს აიძულებენ, ყურანზე დაიფიცონ, რომ VPN-ს არ გამოიყენებენ.

10 აგვისტოს ქალმა, სახელად აინურმა, განაცხადა, რომ უკვე წელიწად-ნახევარია, ცდილობს, სახლში ინტერნეტი გაიყვანოს. მისი თქმით, უნდა დაუკავშირდეს ხოლმე ქმარს, რომელიც საზღვარგარეთ სამუშაოდაა წასული.

„შარშან რიგში ჩავეწერე. რიგმა წელიწად-ნახევრის შემდეგ მომიწია. სანამ Wi-Fi-ზე მომცემდნენ წვდომას, ბევრ საბუთს მოვაწერე ხელი. ახლა მთხოვენ, ყურანზე დაიფიცე, რომ VPN მომსახურებას არ გამოიყენებო. VPN-ის გარეშე კი ინტერნეტში საიტებს ვერ ვხსნი”, - უთხრა აინურმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტს. ამ ფორმით VPN-ზე უარის თქმას ძალოვანი სტრუქტურები სხვა რეგიონის მცხოვრებლებსაც აიძულებენ.

ტოტალური კონტროლი ინტერნეტზე

VPN (Virtual Private Network) თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიაა, რომელიც ცვლის თქვენს IP მისამართს. ეს ძალიან ხელსაყრელია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც უნდა, დაბლოკილ საიტებზე ჰქონდეს წვდომა.

თურქმენეთი მოქალაქეებს ინტერნეტში აქტიურად უთვალთვალებს. თანაც, არსებობს ეჭვები, რომ ევროპული კომპანიის დახმარებით. 2019 წელს რადიო თავისუფლების წყარო ამბობდა, რომ ხელისუფლება იყენებს გერმანული Rohde and Schwarz"-ის „აღჭურვილობასა და ექსპერტულ ცოდნას”.

თურქმენეთის რეჟიმი იმაზეც ზრუნავს, რომ ადამიანებმა ცენზურას გვერდი ვერ აუარონ. VPN-ებთან ბრძოლა ხელისუფლებამ და მის დაქვემდებარებაში მყოფმა ინტერნეტპროვაიდერებმა (ანუ ყველამ) რამდენიმე წელია დაიწყეს. შარშან ივნისში, სხვის ტელეფონებზე აპლიკაციების დაყენებისთვის, 30 ადამიანი დააკავეს, შემოდგომაზე კი სხვადასხვა VPN სერვისი დაბლოკეს.

Speedtest.net-ის მონაცემებით, თურქმენეთში მსოფლიოში ყველაზე ნელი ინტერნეტკავშირია. 1 გიგაბაიტი მობილური ინტერნეტი კი 16 დოლარი (თითქმის 50 ლარი) ღირს. საქართველოში მისი ფასი საშუალოდ 5 ლარამდეა.

რელიგია და ადათ-წესები ავტორიტარიზმის სამსახურში

თურქმენეთში მნიშვნელოვან წიგნზე დაფიცება ახალი ხერხია ინტერნეტცენზურის განმტკიცებისთვის, მაგრამ არა მოწინააღმდეგეების დასადუმებლად.

90-იან წლებში და 2000-იანების დასაწყისში, საჯარო მოხელეები, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ვალდებულები იყვნენ, სამშობლოს ერთგულება საკრალურ წიგნზე, „რუხნამაზე“ დაეფიცათ.

მიიჩნეოდა, რომ წიგნი იყო დაწერილი თურქმენეთის პირველი პრეზიდენტის, საფარმურად ნიაზოვის მიერ, რომელსაც მოსახლეობა „თურქმენბაშის” ეძახდა.

მისმა მემკვიდრემ, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა, ეს ტრადიცია 2007 წელს, ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე გააუქმა.

ახლა იგი მოსახლეობის „ერთგულების” მოპოვებას სხვა ხერხებით ცდილობს. ორი წლის წინ, ვენაში მცხოვრები თურქმენი უფლებადამცველი ფარიდ ტუხბატულინი „დოიჩე ველეს” უყვებოდა, რომ ხელისუფლება საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებისთვის და პრეზიდენტის პიროვნების კულტის განმტკიცებისთვის რელიგიურ ლიდერებს იყენებს.

მოსახლეობის ნაწილი წლებია ეჭვობს, რომ ბერდიმუხამედოვს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და იგი თანამდებობას მალე დატოვებს. უშიშროების სამსახურის განკარგულებით, მოლები მრევლს არწმუნებენ, რომ ქვეყნის ლიდერი თავს მშვენივრად გრძნობს.

„ამ მიმართულებით პრეზიდენტთან არსებული რელიგიის საბჭო მუშაობს. მოლების წინაშე დგას ამოცანა, პარასკევის ლოცვის, დაკრძალვების და სხვა ღონისძიებების დროს, პირდაპირ უნდა თქვან, ყველაფერი რიგზეა, პრეზიდენტი ჯანმრთელიაო. ეს ახლა საზოგადოებრივ აზრთან მუშაობის ყველაზე აქტიური არხია”, - უთხრა ფარიდ ტუხბატულინმა „დოიჩე ველეს“.

თურქმენეთის მოსახლეობის 89% მუსლიმია. ივლისის ბოლოს, ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონეში სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა ათეულობით ოჯახი გაჩხრიკა. ძალოვნები მოითხოვდნენ მოსახლეობისგან, გაენადგურებინათ ყველა რელიგიური წიგნი, ყურანის გარდა.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG