Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ნოდია: ტერიტორიები ნატოს სანაცვლოდ? ქარიშხალი ჭიქა წყალში


2 აპრილის ინტერვიუში სააკაშვილმა გაიხსენა, რომ 2008 წლის ომამდე პუტინთან საუბარში მზაობა გამოთქვა, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის სანაცვლოდ ნატოს წევრობის ამბიციაზე უარი ეთქვა, თუმცა პუტინი ამ ნათქვამს სერიოზულად არ შეხვედრია.

სააკაშვილს პუტინთან ამ საუბრის ამბავი ადრეც ჰქონდა მოყოლილი, მაგრამ მაშინ ამას განსაკუთრებული აჟიოტაჟი არ მოჰყოლია. ახლა მოჰყვა: სოციალურ ქსელებში ითქვა, რომ სააკაშვილი არ ყოფილა პროდასავლური კურსის პრინციპული მომხრე. გამოდის, რომ დიდი განსხვავება არ ყოფილა მასა და იმ პრო-რუსულად შერაცხულ ძალებს შორის, ვინც სწორედ ამას ამბობს: უარი ვთქვათ ნატოზე და ამით აფხაზეთს დავიბრუნებთო.

მე ასეთი შეფასებები პრინციპულად არასწორად მიმაჩნია. სააკაშვილის გამონათქვამს შეიძლება, კრიტიკულად შევხედოთ, მაგრამ სულ სხვა კუთხით. მაღალი დონის კონფიდენციალური მოლაპარაკების შინაარსის საჯაროდ მოყოლა საეჭვო პრაქტიკაა, განსაკუთრებით, როდესაც ორივე მხარე კვლავ აქტიური პოლიტიკოსია. ასეთი მოგონებების ადგილი, რომლის ნამდვილობის დადგენა შესაბამისი ჩანაწერის გარეშე შეუძლებელია, პოლიტიკურ მემუარებშია და არა მიმდინარე პოლიტიკურ დისკუსიებში.

მაგრამ აქ პირობითად ჩავთვლი, რომ სააკაშვილი სწორად მოგვიყვა ეპიზოდის ძირითად აზრს. ჩემი სიტყვებით, ამ დიალოგს ასე გადმოვცემ:

„სააკაშვილი: კარგი, ვოვა, დავუშვათ, უარი ვთქვით ნატოზე, რაკი ამაზე ასე ჭედავ. რას მივიღებთ სანაცვლოდ? ჩემი ხალხი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამიგებს, თუ ამის ხარჯზე აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დავიბრუნებთ.

პუტინი: ეგღა მაკლია, მიშენკა, შენისთანებს ვევაჭრო. ვერც ნატოში შეხვალთ და აფხაზეთსაც ვერ მიიღებთ“.

თუ ასეთი საუბარი მართლა შედგა, რატომ გაიხსენა სააკაშვილმა ის ახლა კიდევ ერთხელ? შეიძლება სააკაშვილს უნდა ხალხს უთხრას: „ჩემთვის ჩემი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაა მთავარი, ამის გამო ნებისმიერ დათმობაზე წავიდოდი“. ან: „რუსეთთან დაპირისპირება აკვიატებული კი არა მაქვს, ომის ასაცილებლად ბევრ რამეს ვუთმობდი, მაგრამ არ გამოდის ამ რუსებთან არაფერი“. კარგად იმუშავებს ეს გზავნილი ამომრჩეველთან? შეიძლება. მაგრამ ახლა ეს არ მაინტერესებს.

ერთი წუთით დავივიწყოთ სააკაშვილის პერსონა და მისი დღევანდელი ინტერესები. მესმის, პერსონების და იდეების ერთმანეთისგან გამოყოფა გვიჭირს, მაგრამ მაინც ვცადოთ და საქმის არსზე გადავიდეთ. პრინციპში დასაშვებია თუ არა რუსეთთან ასეთი გარიგება: „ნატოზე ორიენტაცია ტერიტორიების სანაცვლოდ“?

ჩემი პასუხი ორი ნაწილისგან შედგება: (1) თეორიულად, ასეთი გარიგება შეიძლება შეესაბამებოდეს ჩვენს ინტერესებს; (2) რეალურად ამის შანსი არ არსებობს, ამიტომ ამაზე ლაპარაკს არავითარი პრაქტიკული აზრი არა აქვს. ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პოლიტიკას საქართველოსთვის უალტერნატივოა.

მაშინ რად გვინდა ამ წმინდად თეორიული ვარიანტის განხილვა? იმიტომ, რომ არსებობენ პოლიტიკოსები და იდეოლოგები, ვინც სწორედ ამას გვეუბნება: თუ ნატოზე ორიენტაციას დავთმობთ, ტერიტორიების დაბრუნების შანსი გაგვიჩნდება. ეჭვი მაქვს, რომ მათმა დიდმა ნაწილმა იცის, რომ სისულელეს ამბობს, ან შეგნებულად გვატყუებს. მაგრამ არიან გულუბრყვილო ადამიანებიც, ვინც ეს შეიძლება მართლა დაიჯეროს. ამიტომ არგუმენტირებული პასუხებიც უნდა არსებობდეს. არ არის საკმარისი, უბრალოოდ დაუცაცხანო: „შე რუსეთუმე, შენა“.

არც ის აზრი მგონია სწორი, რომ ამ ვარიანტის თეორიული ხსენებაც კი პრო-დასავლურად განწყობილი პოლიტიკოსისგან სახიფათოა, რომ ის უკვე რაღაცნაირ უკანდახევას გულისხმობს. ნატოს წევრობაზე ორიენტაცია არ არის რელიგიური პრინციპი, რომ მისი ჰიპოთეტური გაპრობლემებაც კი მკრეხელობად ჩავთვალოთ და დავგმოთ. ის არის პრაგმატული (ცხადია, ამავე დროს ღირებულებითი) არჩევანი, რომლის უკან ძალიან მყარი რაციონალური არგუმენტები დგას. ამ კურსის მომხრეებს არავითარი საფუძველი არა გვაქვს, ამ საკითხზე დისკუსიის შეგვეშინდეს და ნატო-ნატოს ძახილი მაგიური შელოცვის დონეზე დავტოვოთ.

ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოს ეს არჩევანი მართლაც აქვს: ის აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას და აღარ აქვს რუსეთის მხრიდან ეგზისტენციალური საფრთხე, მაგრამ ამას აღწევს ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმით. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა საკითხის ასეთ გადაწყვეტას დაეთანხმებოდა და ეს სრულიად ბუნებრივი იქნებოდა. ნატო თვითმიზანი არაა, ის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტია. თუ მთავარ საფრთხეს ამ მეთოდით უვლი (ხოლო ნატოზე ორიენტაციით მას მაინც ვერ წყვეტ), ეს მეთოდი უნდა აირჩიო. იდეალურ შემთხვევაში ჯობია, ნატოშიც შეხვიდე, ტერიტორიული მთლიანობაც აღადგინო და რუსეთთან მშვიდობაც გქონდეს, მაგრამ სამყარო იდეალური არ არის.

ასეთი გადაწყვეტილება თავისთავად არც საქართველოს პრო-დასავლურ ორიენტაციაზე უარის ტოლფასი იქნებოდა. ეს ორიენტაცია ევროპული ცივილიზაციის ღირებულებების და ინსტიტუტების არჩევას ნიშნავს. ფინეთი, შვედეთი, ავსტრია სხვადასხვა მოსაზრებებით ნატოში არ შესულან, მაგრამ ევროპული ტიპის ინსტიტუტები აქვთ და რუსეთს არ გვანან.

აქ თუ გავჩერდით და მეტი არაფერი ვთქვით, ეს მსჯელობა, გარეგნულად, ბურჯანაძის და სხვა პრო-რუსული პოლიტიკოსების პოზიციის მსგავსად შეიძლება მოგვეჩვენოს. მაგრამ აქ არ უნდა გავჩერდეთ. მთავარი იმის თქმაა, რომ განხილული ვარიანტი არის ზღაპარი, ფანტაზია, ტყუილი. სააკაშვილ-პუტინის ზემოთ მოყვანილი დიალოგი (ჩავთვალოთ, რომ ის შედგა დაახლოებით ისე, როგორც ზემოთ აღვწერე) ამის ილუსტრაციაა, ემპირიული დადასტურებაა, თუმცა ეს ამის გარეშეც ვიცოდით.

ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ რუსეთი საქართველოს არ განიხილავს დამოუკიდებელ სუბიექტად, აქტორად, რომელსაც ის რაღაცაზე უნდა შეუთანხმდეს და რაღაც დაუთმოს. ოკუპირებული ტერიტორიები მას უკვე თავისად მიაჩნია და, სხვათა შორის, 2008 წლის ომამდეც მიაჩნდა (მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ფორმალურად საქართველოს ნაწილად აღიარებდა). ის იმაშიც დარწმუნებულია, რომ ნატოს კავკასიაში შესვლას ისედაც არ დაუშვებს და საქართველოს ხელისუფლებასთან სახვეწი არაფერი სჭირს. თუ ეს - საქართველოს ნატოში წევრობა, მაინც მოხდა, ამის მიზეზი რუსეთის დასუსტება და დასავლეთის გაძლიერება იქნება. საქართველოს ხელისუფლების სურვილებს, მისი აზრით, დიდი მნიშვნელობა არა აქვს.

რუსეთის ხელმძღვანელობამ ისიც იცის, რომ თუ საქართველო დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებს და თავისას გაინაღდებს, ის მისი ერთგული მაინც არასოდეს იქნება - არა აქვს მნიშვნელობა, რას დაპირდება კონკრეტული ლიდერი. ბოლოს ის მაინც დასავლეთისკენ გაიხედავს. ბიძინა ივანიშვილი რუსეთისთვის შედარებით კომფორტული ლიდერია - შეიძლება, ყველაზე კომფორტული, რაც კი შეიძლება წარმოიდგინო - მაგრამ მის პირობებშიც კი საქართველოს პრო-დასავლურ ორიენტაციაზე უარი არ უთქვამს. საქართველოს რუსეთის სატელიტად ქცევის ერთადერთი რეალისტური გზა მისი ტერიტორიული დანაწევრება და სახელმწიფოებრიობის ჩამოშლაა. ამას რუსი ექსპერტები ღია ტექსტით ამბობენ. მე მგონი, რომ სწორიც არიან.

დასავლეთთან პარტნიორობის ის დონე, რაც გვაქვს, არ გვაკმაყოფილებს და ჩვენი უსაფრთხოების სრული გარანტია არ არის. მაგრამ პატარა ქვეყნებს უსაფრთხოების სრული გარანტიები პრაქტიკულად არასოდეს აქვთ. დასავლური ორიენტაცია უზრუნველყოფს თუნდაც იმ, საკმაოდ მყიფე უსაფრთხოებას, რაც გვაქვს. ამის გარეშე რუსეთის წინაშე სრულიად დაუცველები დავრჩებოდით. მასზე უარის თქმა უკიდეგანო უგუნურება იქნებოდა. დასავლური ორიენტაციის ღირებულებით ასპექტზე აქ აღარ ვილაპარაკებ: ეს ცალკე დიდი თემაა.

რატომ ახსენა სააკაშვილმა პუტინთან ამგვარი საუბარი თავის ბოლო ინტერვიუში, მეორეხარისხოვანი საკითხია. მთავარია, მისი გახსენებულით ვერ გამოვიტანთ დასკვნას, რომ ის რეალურად აპირებდა საქართველოს პროდასავლური კურსიდან გადახვევას; მით უმეტეს, ეს არანაირად არ გამოდგება იმის არგუმენტად, რომ დასავლურ ორიენტაციაზე უარის თქმით რუსეთთან ურთიერთობაში რაიმე მხრივ ვიხეირებთ. ზუსტად პირიქით: ის იმის კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ დასავლური ორიენტაცია ჩვენთვის ერთადერთი სწორი არჩევანია, მათ შორის უსაფრთხოების პოლიტიკის პრაგმატული მოსაზრებებით.

XS
SM
MD
LG