ანასტასია სლოვინსკაია: როცა ამ ინტერვიუსთვის ვემზადებოდი, რა თქმა უნდა, ვცადე გამერკვია, როგორ აღმოაჩინეთ ფარაჯანოვი. ვიცი, რომ კოლეჯის ბოლო კურსზე ნახეთ მისი „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“. ეს რამდენიმე ათწლეულის წინ იყო. ამ ფილმის ნახვის შემდეგ თქვენ მთელი ცხოვრება მიუძღვენით ფარაჯანოვის შემოქმედების შესწავლას. ამის გამო, თუ ვცდები, შემისწორეთ, - ქართული და რუსულიც კი ისწავლეთ.
ჯეიმს სტეფენი: დიახ. ასევე უკრაინულად ვკითხულობ და ცოტა სომხურადაც. კიდევ ფრანგულად, იმიტომ რომ [ფარაჯანოვზე] ლიტერატურა ფრანგულად იბეჭდებოდა.
ანასტასია სლოვინსკაია: მინდა გთხოვოთ, გაიხსენოთ და აღწეროთ თქვენი განცდები ამ ფილმის პირველად ნახვის შემდეგ. რა ჰქონდა ამ კინოს ისეთი, რაც სხვას არ ჰქონდა?
ჯეიმს სტეფენი: ფარაჯანოვის ფილმი პირველად კოლეჯში ყოფნის დროს ვნახე. ეს იყო შესავალი კინემატოგრაფიაში, პროფესორმა გვაჩვენა რამდენიმე ნაწყვეტი „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილებიდან“ და გაოცებული დავრჩი. ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამ არასდროს მენახა, საბჭოთა სხვა ფილმები ნანახი მქონდა - ტარკოვსკის, ეიზენშტეინის… თუმცა ფარაჯანოვი სრულიად სხვა განზომილება იყო. კამერის მოძრაობა უბრალოდ დაუჯერებელი გახლდათ.
მალევე დავიწყე მის შემოქმედებაზე კითხვა და ვნახე „ბროწეულის ფერი“. თუმცა ამ ფილმში უფრო მეტად აღმაფრთოვანა პოეტიკის წარმოუდგენელმა სიზუსტემ და ექსპრესიულობამ. ეს იყო ნამდვილი თავსატეხი - რას ნიშნავს ეს ყველაფერი, საიდან მოდის და როგორ ახერხებდა ის ასეთი ფილმების გადაღებას?
ამ კითხვებმა წიგნზე მუშაობის მოტივაცია მომცა. იმ დროს ინგლისურ ენაზე ფარაჯანოვზე რამე სერიოზული ნაშრომი თითქმის არ იყო. ფრანგულად იყო დაწერილი პატრიკ კაზალის წიგნი, წაკითხულიც მქონდა, ვაფასებ ამ ნაშრომს, მაგრამ მსურდა მისი შემოქმედება აშშ-ის აუდიტორიისთვის უფრო გასაგები ყოფილიყო.
ანასტასია სლოვინსკაია: ერთ-ერთ ინტერვიუში რომელიც სომხეთში ფარაჯანოვის პირველ გამოფენაზეა ჩაწერილი, ის ამბობს: „ყველა ჩემი მეგობარი, გამონაკლისის გარეშე, მთხოვდა სახვითი ხელოვნებით არ დავკავებულიყავი, რადგანაც შესანიშნავი რეჟისორი ხარო. ჩემი გაგებით კი, რეჟისურა - ესაა ზუსტად დამოკიდებულება ფაქტურასთან, ეპოქასთან, დროსთან“. ფარაჯანოვი-მხატვარი და ფარაჯანოვი-რეჟისორი - შეგიძლიათ გამიჯნოთ ისინი?
ჯეიმს სტეფენი: საინტერესო კითხვაა, რადგან ბევრმა ადამიანმა, რომელსაც შეხება აქვს ფარაჯანოვის შემოქმედებასთან, იცის უფრო მეტი მისი ფილმების შესახებ და ნაკლები - მის ნამუშევრებზე სახვით ხელოვნებაში. ამ ნამუშევრების ყველაზე დიდი ნაწილი სომხეთში, მის მუზეუმში ინახება.
აშშ-შიც უმეტესად მის ფილმებზე საუბრობენ. არ მიკვირს, მაგრამ ნათელია, რომ ხელოვნება მისი შემოქმედებითი ბუნების განუყოფელი ნაწილია და არ ვფიქრობ, რომ უნდა განაცალკეო მისი მხატვრობა რეჟისურისგან. ფარაჯანოვს, როგორც ტრანსმედია ხელოვანს, ძალიან საინტერესო ინტერაქცია აქვს საკუთარ ფილმებსა და სახვითი ხელოვნების ნამუშევრებს შორის, ეს, თავის მხრივ, იმსახურებს უფრო სიღმისეულ კვლევას. ვფიქრობ, მისი ფილმების უკეთესად გაგებას შეძლებთ, თუ ნახავთ მის ნამუშევრებს მხატვრობაში.
ანასტასია სლოვინსკაია: ანდრეი ტარკოვსკის შვილი, როდესაც ფარაჯანოვს იხსენებდა, ამბობდა, რომ მასთან შეხვედრებიდან (მაშინ ის ბავშვი იყო) ყველაზე მეტად ის დაამახსოვრდა, რომ ფარაჯანოვი სუფრასთანაც კი მუდამ რაღაცას აკეთებდა - ჩხირკედელაობდა. ეს მოთხოვნილება - მუდამ რაღაცას ქმნიდე, სადაც არ უნდა იყო, რეპრესიების ქვეშ მყოფი რეჟისორისთვის ალბათ ძალიან რთული უნდა იყოს. როგორ ფიქრობთ, ფარაჯანოვის მისწრაფება სახვითი ხელოვნების მიმართ, გამოუვალი მდგომარეობით ხომ არ იყო გამოწვეული? თუ არ ვცდები, პირველი კოლაჟები მან ციხეში შექმნა.
ჯეიმს სტეფენი: ვფიქრობ, ციხის პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი ხელოვნების განვითარებისთვის. ფილმების გადაღება არ შეეძლო, მაგრამ ხატავდა და კოლაჟებს ქმნიდა იმ მასალებით, რაზეც იქ მიუწვდებოდა ხელი.
ანასტასია სლოვინსკაია: ბოთლების ფოლგის თავსახურებსაც კი...
ჯეიმს სტეფენი: დიახ, ისინი მონეტებად აქცია. [ციხეში] მისი შემოქმედებითი პოტენციალი აფეთქდა სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამით ფარაჯანოვი უნიკალური არ არის.
„ციხის ხელოვნება“ მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი ფენომენია. ამ დროს პატიმრები თავის გადასარჩენად შემოქმედებას მიმართავენ ხოლმე. ეს ერთგვარი თერაპიაა.
ფარაჯანოვის სახვითი ხელოვნება ციხეში არ დაწყებულა. პირველი ნამუშევრები ჯერ კიდევ 1950-იან წლებში ჰქონდა. მან რამდენიმე ტილო დიეგო რივერას სტილში დახატა. ამ გავლენის მიუხედავად, მათში ფარაჯანოვის ცელქი შტრიხები იკვეთება.
ის ქაღალდზეც ხატავდა, კოლაჟებსაც ქმნიდა. 1960-იან წლებში ძალიან საინტერესო ავტოპორტრეტი დახატა ზეთში, სადაც ჩანს ახპატი [სოფელი და მონასტერი სომხეთში], მას აცვია უკრაინული ტრადიციული ნაქარგიანი პერანგი.
იმ პერიოდში ის რეგულარულად ხატავდა, თუმცა, როგორც მხატვარი, ციხეში „აყვავდა“. მაგრამ, ჩემი აზრით, მისი ნამუშევრები უფრო მეტად საინტერესო, მრავალფეროვანი და მრავალგანზომილებიანი 1980-იან წლებში გახდა, როცა კოლაჟებთან ერთად სამგანზომილებიანი ასამბლაჟების შექმნა დაიწყო.
ანასტასია სლოვინსკაია: კეთილი. ჩვენ გვყავს ფარაჯანოვი-მხატვარი, ფარაჯანოვი-რეჟისორი. ფარაჯანოვი-ადამიანის შესახებ რას იტყვით? მასზე, მის მიერ ჩვეულებრივ, ყოფით ცხოვრებაში მოწყობილ წარმოდგენებზე თბილისში შეიძლება უფრო მეტს საუბრობდნენ, ვიდრე მის შემოქმედებაზე... ყველა ამ ისტორიაში ის ადამიანი-დღესასწაულია. ფიქრობთ, ბედნიერი იყო?
ჯეიმს სტეფენი: ძალიან რთული კითხვაა. ის წინააღმდეგობრივი ადამიანი იყო. ყველა განსხვავებული პერსპექტივიდან ხედავს და ეს ხედვა ეფუძნება იმას, როდის და რა ვითარებაში ნახეს ფარაჯანოვი.
იყო ძალიან ენერგიული და შემოქმედებითი. როცა მაია პლისეცკაია თბილისში ესტუმრა, სახლში თეატრალური წარმოდგენა დაუდგა. ხალხისგან ასევე მსმენია, რომ მას შეიძლება ბიპოლარული [აშლილობა] ჰქონდა, რადგან იყო პერიოდები, როცა ძალიან ენერგიული, ენთუზიაზმით სავსე და შემოქმედებითი ხდებოდა, ზოგჯერ კი დიდი ხნით უჩინარდებოდა. დადასტურებით თქმა არ შემიძლია, მაგრამ ამაზე საუბრობდნენ.
ხალხი ასევე ჰყვება მის უდიდეს, ღრმა სევდაზე. ასე რომ, თქვენს კითხვაზე ჯერ პასუხი არ მაქვს და არ ვარ დარწმუნებული, რომ ოდესმე ვიპოვი, თუმცა ეჭვი მაქვს, პასუხი ამ ყველაფერის კომბინაციაა.
ანასტასია სლოვინსკაია: ფარაჯანოვზე უამრავი ამბავია, ზოგი მართალი, ზოგიც ტყუილი - ვერ გაარჩევ. თქვენ რომელი ისტორია მოგწონთ ყველაზე მეტად?
ჯეიმს სტეფენი: ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ამბავი ფარაჯანოვზე, შეიძლება ნამდვილიც არ იყოს ან სულ გადაკეთებულია, პატრიკ კაზალსის დოკუმენტურ ფილმშიც მოხვდა. მამამისი ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობდა, ბორდელის პატრონობასაც აბრალებდნენ. მაგრამ ამბავი იწყება მის სახლში „კაგებეს“ მისვლით, სამკაულები რომ დაემალა, დედამისმა ძვირფასეულობა გადააყლაპა. ფარაჯანოვი ამბობდა, ასეთი რამ სხვა დროსაც ყოფილაო. იმასაც ჰყვებოდა, რომ გადაყლაპული სამკაულები შემდეგ ფერს იცვლიდნენ, მაგალითად, თეთრი ბრილიანტი ყვითელი ხდებოდა, რის გამოც დედა უბრაზდებოდა. ეს რეალურად ალბათ შეუძლებელია, მაგრამ შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეეძლო ბავშვობის სევდიანი ამბები საკუთარი წარმოსახვით შემოქმედებად ექცია.
ანასტასია სლოვინსკაია: ერთგან ფარაჯანოვი ჰყვება, რომ რეჟისორმა ვასილი კატანიანმა მას მეძველმანე უწოდა. მას ეს შედარება აშკარად მოსწონს. მეძველმანეზე, რომელმაც მისი ოჯახისგან ბაბუამისის პორტრეტი შეიძინა, ამბობს, ძალიან კარგი პროფესია ჰქონდაო. ფარაჯანოვზე როცა ვფიქრობ, წარმოვიდგენ ადამიანს, რომელმაც ის დრო შეიყვარა, რომელშიც არასდროს უცხოვრია. წარსულის წარმოსახვითი სამყარო - მისი ლეგენდებითა და ამბებით, გასული ეპოქის საგნებით. როგორ ფიქრობთ, ძველმანებისგან შექმნილი სამყაროები რეალობიდან გაქცევის მცდელობაა?
ჯეიმს სტეფენი: ორივე - გაქცევაც და ფანტაზიაც, ასევე საკუთარი წარსულის მიღება. აღსარებისთვის დაწერილ სცენარზე, - რომელიც, სამწუხაროდ, ვეღარ გადაიღეს, (გადაღების დაწყებიდან სამი დღის შემდეგ ფარაჯანოვი ავად გახდა), - ფიქრი ჯერ კიდევ 1966-1967 წლებში დაიწყო, როდესაც „ბროწეულის ფერზე“ მუშაობდა. ეს მისი ავტობიოგრაფიული გამოღვიძების მომენტი იყო.
ვფიქრობ, როგორც კინორეჟისორმა, მან აღმოაჩინა ნამდვილი თემა, რაც იყო ისტორიისა და კულტურის სიმდიდრე თბილისში, რაც შემდეგში სრულიად უნიკალურად წარმოაჩინა. მაგალითად, სცენარში არის მომღერლის საკერავი მანქანა, არის მადამ ჟერმანი, დაობებული კოსტიუმებით, რომელსაც შემდეგ მიჰყიდის ქართულ კინოსტუდიას... ამ ფორმით არსებობს თბილი დანატოვარი, რომელიც თანამედროვე თბილისში სწრაფად ქრება. ეს არის გახსენება მდიდარი კულტურული და ესთეტიკური სამყაროსი, რაც თქვენ გაქვთ. ასევე გაქვთ ტრადიციული ქართული თუ სომხური სამოსი და დასავლეთიდან შემოტანილი ნივთები, რადგან თბილისი კოსმოპოლიტური ქალაქი გახლდათ. ფარაჯანოვი, როგორც რეჟისორი, საკუთარი ნამუშევრებით გვაფიქრებს წარსულთან დიალოგის გზებზე.
ანასტასია სლოვინსკაია: ფარაჯანოვი - თბილისელი სომეხია, რომელმაც ცხოვრების გარკვეული მონაკვეთი უკრაინაში გაატარა. ისტორიისა და ეროვნულისადმი მისწრაფების პარალელურად, ის აბსოლუტური კოსმოპოლიტია. როგორ ერწყმის ეს ერთმანეთს?
ჯეიმს სტეფენი: მისი იდენტობის რაღაც ნაწილი რუსულიც იყო, რადგან განათლება რუსულ სკოლაში მიიღო და უმეტესად ამ ენას იყენებდა და რუსულად წერდა. მაგრამ ევროპული კულტურისადმი დიდი ინტერესი ჰქონდა. უყვარდა იტალური კინო და მასთან დიდი სიახლოვე აკავშირებდა, განსაკუთრებით პაზოლინისთან, თუმცა ფელინისთანაც.
მისი ერთ-ერთ ყველაზე ძვირფასი ნივთი ფელინის წერილი იყო, რომელიც მან „ბროწეულის ფერის“ ნახვის შემდეგ გაუგზავნა. ფარაჯანოვი მოხიბლული იყო ივ სენ-ლორანით, მას უყვარდა ფრანგული მოდა. დიახ, მართალი ხართ, კოსმოპოლიტი იყო. ბევრ ენაზე საუბარი მას უნიკალურ ხელოვანად აქცევს, რადგან ჰქონდა შესაძლებლობა, ენა განსხვავებულად აღექვა. ის ძალიან მგრძნობიარეა ენის ტექსტურის მიმართ.
„მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ უკრაინულ ენაზეა, რაც იმ დროს ცოტა უცხო ხილი იყო. კი უნდოდათ უკრაინულად ფილმების გადაღება, მაგრამ საკმარისი მსახიობები არ ჰყავდათ, რომლებიც უკრაინულად ლაპარაკს შეძლებდნენ. საუბარია 1950-იანი წლების უკრაინულ კინოზე.
როდესაც საბჭოთა კავშირში ფილმი უნდა ეჩვენებინათ, საჭირო იყო მისი რუსულად დუბლირება. იმ დროს ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. მაგრამ ფარაჯანოვს სურდა ენის ავთენტიკურობა შეენარჩუნებინა. „ბროწეულის ფერში“, ვფიქრობ, განგებ გააკეთა ისე, რომ ფილმის დუბლირება შეუძლებელია. ამიტომ ფარაჯანოვისთვის ენის ტექსტურა უნიკალურია და ვფიქრობ, ეს კოსმოპოლიტურ თბილისში აღზრდიდან მოდის.
ანასტასია სლოვინსკაია: დაბოლოს, თქვენ, როგორც ადამიანს, ასე გატაცებულს ფარაჯანოვით, ალბათ გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა მასთან შეხვედრა. რას ეტყოდით ან ჰკითხავდით მას, მართლაც რომ გადაყროდით?
ჯეიმს სტეფენი: გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ამაზე არასდროს მიფიქრია. როცა მისი ნამუშევრებით დავინტერესდი, ეს იყო უკვე ფარაჯანოვის ცხოვრების ბოლო პერიოდი და მალე გარდაიცვალა. ამ შესაძლებლობამ ჩაიარა.
შესანიშნავი იქნებოდა მასთან შეხვედრა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, შესაძლოა მოსაბეზრებელ ადამიანად მოვჩვენებოდი კიდეც, რადგან ზოგჯერ უყვარდა ადამიანები, ზოგჯერ კი - სულაც არა.
გულწრფელად რომ გითხრათ, მიყვარს ისტორიკოსის მსგავსად სხვადასხვა ნაწილის მოგროვება და მერე მათი ერთმანეთთან დაკავშირება. ვაფასებ კიდეც იმას, რომ მთელ სურათს ვერ ვხედავ. ამისთვის სხვა ადამიანები არსებობენ. ეს პროცესი ძალიან საინტერესოა და ჩემთვის უფრო ღირებულია ის, რომ ფარაჯანოვზე ბევრი შეხედულება არსებობს და არ არის საჭირო, ეს ადამიანები ერთმანეთს დაეთანხმონ.
დროდადრო მის შესახებ ახალ გასაოცარ ამბებს ვისმენ, რომლებიც მანამდე არ გამეგონა. და ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე სასარგებლო, მისი ფილმებისა თუ ნამუშევრების პერიოდულ გადახედვასთან ერთად.