„გზების ასოციაცია“ გომბორის გზის შესახებ კვლევას აქვეყნებს და შესაბამის სტრუქტურებს მოუწოდებს დროულად დაიწყონ სამუშაოები „არსებული პრობლემების“ აღმოსაფხვრელად, რათა შემცირდეს ავარიები და მსხვერპლი. სპეციალისტები ამბობენ, რომ დღეს გომბორის გზაზე მოძრაობის უსაფრთხოება არ არის დაცული. გზის სახიფათო მონაკვეთების გაუმართაობაზე ლაპარაკობენ ადგილობრივებიც და მძღოლებიც. რას გეგმავს კომპანია, რომელიც საგზაო ინფრასტრუქტურის გამართვაზეა პასუხისმგებელი?
„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“ გომბორის გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვს. ორგანიზაციამ ამ გზის შესახებ კვლევა ბოლო დროს გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების შემდეგ ჩაატარა. „გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ამბობს, რომ გომბორის გზაზე დაზიანებულია საგზაო ნიშნების ნაწილი, განადგურებულია საფეხმავლო ბილიკები, არ არის დაცული მეწყერსაშიში ზონები და გზაზე ორმოულების დიდი რაოდენობაა. მისივე თქმით, ყველაფერი, ერთობლიობაში, მნიშვნელოვნად ზრდის ავარიების რისკს. დავით მესხიშვილი ამბობს, რომ უმჯობესია გზის რეაბილიტაცია ახლავე დაიწყოს, თუნდაც რამდენიმე დღით ამ გზაზე მოძრაობის აკრძალვა გახდეს საჭირო:
„საგზაო ნიშნები ძალიან ცოტაა განთავსებული და ისიც ხეებშია დამალული, არ აღიქმება. გადასახვევიდან მერვე კილომეტრამდე კი საგზაო ნიშანი საერთოდ არ გვხვდება არსად. არ არის არც კამერა და არც რადარი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შავი წერტილი არის 50-ე კილომეტრი, სადაც ექსკურსიის ბავშვების სახელით ცნობილი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი და მგონია, რომ ინფრასტრუქტურული ჩარევების შედეგად გახდება შესაძლებელი ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა დავიყვანოდ მინიმუმამდე. თუ იქნება საჭირო გზის დროებით, თუნდაც სამი დღით, დაკეტვა, ვფიქრობ, არც ეს არის პრობლემა“.
თელავი-გომბორი-თბილისის გზაზე ბოლო 2 თვის განმავლობაში 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, 5 კი დაიღუპა. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, როცა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე და მისი ოჯახის წევრები ავარიაში მოყვნენ. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. ყველა გადარჩა, თუმცა მსხვერპლით დასრულდა ავარია 9 ივნისს. მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე მიჰყავდა, გზიდან ხევში გადავარდა. დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.
„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელძღვანელის დავით მესხიშვილის მსგავსად, ადგილობრივებიც ამბობენ, რომ გზის პრობლემური მონაკვეთები უნდა შეკეთდეს. უფრო მეტიც, მოსახლეობის ნაწილის თქმით, უნდა გამკაცრდეს საპოლიციო კონტროლი. გზის მიმდებარედ მცხოვრებნი აღნიშნავენ, რომ გომბორის გზა განსაკუთრებით სახიფათოა მათთვის, ვისაც ამ ტერიტორიაზე გადაადგილება ხშირად არ უწევს. გზის გაუმართაობაზე ლაპარაკობენ მძღოლებიც.
„შეკეთება უნდა და ყურადღების მიქცევა უნდა ყველაფერს. მე თავად მძღოლი ვარ და ვიცი ეს გზა. ისიც კი გათვალისწინებული მაქვს, როგორ და რანაირად უნდა ვიმგზავრო დაუცველმა, თუმცა გზა ნაპირებზე ნამდვილად არის გასაკეთებელი“.
„რამდენი ავარია მოხდა... აგერ ბავშვები დაიხოცნენ. როდესაც ცუდი ამინდია და წვიმს, მაშინ არის უფრო მეტად საშიში, რადგან მიწის ფილები იშლება და გზებზე იყრება, რაც ავარიის საშიშროებას ქმნის“.
„სიფრთხილით და ნელა უნდა იაროს ყველამ. აქვეა ის ადგილი, სადაც ბავშვები ავარიაში მოყვნენ. ზუსტად ეგ ადგილია საშიში მძღოლებისთვის და ფეხით მოსიარულეთათვისაც“.
ჩვენ იმ კომპანიის წარმომადგენელს ვესაუბრეთ, ვინც გომბორის გზაზე პერიოდულად სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს. კომპანია "გზამშენის" დირექტორი ტარიელ ლაჩაშვილი გახშირებული ავარიების მიზეზად არა მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას, არამედ მძღოლების უცოდინრობას ასახელებს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ჩასატარებელია გარკვეული სამუშაოები, რომელიც უკვე დაგეგმილი აქვთ:
„მანდ იმდენი ინფორმაცია და საგზაო ნიშანია მოძრაობის წესების შესახებ, რომ თუ ნორმალური მძღოლია, ავარია საერთოდ არ შეიძლება მოხდეს. მთლად რომ გავასწოროთ გზა და ჰორიზონტულად იყოს, ამ ქვეყანაზე იმდენია სისწრაფის მოყვარული მძღოლი, რომ ავარიები არ გამოილევა. პრევენცია კი ყველა გზას უნდა. ახლა ორ ან სამ ადგილზე ვირაზის მოწყობაა საჭირო და სხვა მეტი არაფერი“.
„საქართველოს გზების ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ გომბორის გზაზე ე.წ. შავი წერტილების მოწესრიგება ავარიის შემთხვევებშიც კი გარდაცვლილებისა და დაშავებულების რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს. „საქართველოს გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ამბობს, რომ უახლოეს დღეებში გეგმავს გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდეს და მისი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა დეტალურად გააცნოს.
გომბორის გზას რეაბილიტაცია 2010 წელს ჩაუტარდა. 55-კილომეტრიანი მონაკვეთი სახელმწიფოსა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით შეკეთდა და 43 მილიონი ლარი დაჯდა.