Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაუჩინარება ბელარუსიდან საქართველოს გავლით? 


მინსკის აეროპორტი. 2021 წლის 23 მაისი
მინსკის აეროპორტი. 2021 წლის 23 მაისი

27 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ბელარუსიდან გაუჩინარდა ავიადისპეტჩერი ოლეჰ გალეგოვი, რომელმაც 23 მაისს მინსკის აეროპორტში დაშვება მოსთხოვა ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავს, რასაც დიდი საერთაშორისო სკანდალი მოჰყვა.

თუ ის მოახერხებს ევროპაში უსაფრთხოდ გადასვლას, რასაც ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის ბევრი ოპონენტი ცდილობს, ავიადისპეტჩერი ოლეჰ გალეგოვი შეიძლება გახდეს „ოქროს მოწმე“ იმ საქმეში, რომელსაც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO- იძიებს.

გამოძიების დაწყების გადაწყვეტილება 27 მაისს საგანგებო სხდომაზე მიიღო ICAO-ს საბჭომ, ხოლო ივნისის ბოლოს ორგანიზაციამ მოამზადა შუალედური ანგარიში Ryanair FR4978-ის რეისის საქმეზე.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, ანგარიშის მოსმენის დროს გამოითქვა საყვედური ბელარუსის მიერ რუსულ ენაზე წარმოდგენილი ბევრი დოკუმენტის შესახებ, რომელთა თარგმნასაც გარკვეული დრო სჭირდება.

საბოლოო ჯამში, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO- მ მიიღო გადაწყვეტილება ინციდენტის გამოძიების გაგრძელებისა და საბოლოო ანგარიშის 13 სექტემბრისთვის მომზადების თაობაზე.

„ოქროს მოწმის“ ბურუსით მოცული ისტორია

ძნელი სათქმელია, უკავშირდება თუ არა ბელარუსი დისპეტჩერის გაუჩინარება ICAO- ს მიერ დაწყებულ გამოძიებას, მაგრამ ღირს აღინიშნოს, რომ, ბელარუსის აერონავიგაციის სამსახურის ოფიციალური განმარტებით, გალეგოვმა ივნისში შვებულება აიღო, ბელარუსი ოჯახთან ერთად ივლისის დასაწყისში დატოვა და საკუთარი გეგმების შესახებ კოლეგებისთვის არაფერი უცნობებია.

გამოცემა Наша Ніва-ს ბელარუსის აერონავიგაციის სამსახურის თანამშრომლებმა დაუდასტურეს, რომ გალეგოვი მოულოდნელად გაუჩინარდა, ტელეფონი გათიშა და სოციალურ ქსელებში პირადი გვერდები წაშალა. მისმა ერთ-ერთმა კოლეგამ არ გამორიცხა, რომ ოლეჰ გალეგოვი გაემგზავრა საქართველოში, სადაც ნათესავები ჰყავს.

საქართველოში წასვლის ვარაუდს გალეგოვის წარმომავლობის გარდა ისიც აძლიერებს, რომ ბოლო ხანს საქართველო იქცა ერთგვარ სატრაზიტო პუნქტად არაერთი ბელარუსი პოლიტიკოსის, ჟურნალისტისა და სამოქალაქო აქტივისტისთვის, რომლებიც საქართველოს გავლით ცდილობენ უსაფრთხო ევროპაში მოხვედრას. მანამდე როგორც სატრანზიტო ქვეყანა, უფრო აქტიურად გამოიყენებოდა უკრაინა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ლუკაშენკამ უკრაინასთან საზღვრის სრული ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, რეჟიმის ოპონენტები საქართველოს გავლით ცდილობენ ევროპაში ჩასვლას.

„ბელარუსიდან ევროპაში უკვე ვეღარ მოხვდები. უკრაინიდან ეს რთულია, რადგან თვითმფრინავები არ დაფრინავენ.

ამიტომ ასეთი ლოგისტიკა ახლა საქართველოდან უფრო იოლი შესაძლებლია“, - ამბობს ანა სოუსი, რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის თანამშრომელი.

ისინი შეიძლება ყველგან მოგწვდნენ

ევროკავშირის ქვეყნებიდან ბელარუსები ძირითადად საქართველოში პოლონეთის საელჩოს აკითხავენ ვიზის მისაღებად. მათ შორის რამდენიმე ჟურნალისტიცაა, მაგრამ ისინი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ერიდებიან ბელარუსის სპეცსამსახურების შიშით, რომლებიც ყველგან ცდილობენ მისწვდნენ რეჟიმისათვის მიუღებელ პირებს.

გარდა ამისა, 5 ივლისს საქართველოს დედაქალაქში მომხდარი ძალადობრივი აქციის შემდეგ საქართველოც აღარ ითვლება არაპრობლემურ ქვეყნად, - გვითხრა ბელარუსმა ჟურნალისტმა, რომან ვასიუკოვიჩმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ იმოგზაურა საქართველოში .

ოლეჰ გალეგოვის საქართველოსთან კავშირის შესახებ ბელარუსში ძალიან ცოტა რამაა ცნობილი. რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, იგი მოწიფულ ასაკში გადასულა ბელარუში, სადაც გაიცნო ბელარუსი გოგო და მასზე იქორწინა.

ვერსია, რომ იგი შეიძლებოდა საქართველოში ნათესავებთან წასულიყო, როგორც ზემოთ ითქვა, ერთ-ერთ მის კოლეგას ეკუთვნის.

საქართველოს ოფიციალური უწყება, საპატრულო პოლიცია, რომელსაც ე.წ. გამტარი საზღვრის კონტროლი აბარია, რადიო თავისუფლების თხოვნით, ამოწმებს ინფორმაციას ამ სახელისა და გვარის ადამიანის საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის შესახებ.

ოლეჰ გალეგოვი „ბელაერონავიგაციაში“ სულ მცირე 2010 წლიდან მუშაობს. გამოცემა Наша Ніва-ს ინფორმაციით, კუთვნილი შვებულების შემდეგ იგი წინასწარ დამტკიცებული გრაფიკით ივლისში უნდა გამოსულიყო თავის ცვლაში, მაგრამ გალეგოვი სამუშაოზე არ გამოჩენილა.

დისპეტჩერის ერთ-ერთი კოლეგის თქმით, Ryanair-ის თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტის დროს რადიოეთერში გასული დისპეტჩერის ხმა ოლეჰ გალეგოვს ეკუთვნის.

ოლეჰ გალეგოვმა 23 მაისს, ბორტზე ბომბის არსებობის ყალბი შეტყობინების საფუძველზე, მინსკის აეროპორტში დაშვება მოსთხოვა ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავს. ლაინერში, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ოპოზიციონერი ბლოგერი, ტელეგრამ-არხ Nexta-ს დამფუძნებელი რამან პრატასევიჩი იმყოფებოდა. მინსკის აეროპორტში თვითმფრინავის იძულებით დაშვების შემდეგ ბელარუსის ხელისუფლებამ პრატასევიჩი და მისი მეგობარი, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა დააკავა.

ევროკავშირმა და აშშ-მა, ასევე ბრიტანეთმა და კანადამ ბელარუსს სანქციები დაუწესეს თვითმფრინავის ინციდენტის გამო.

გარდა ამისა, ევროკავშირმა შეაჩერა საჰაერო მიმოსვლა ბელარუსთან და აღარ აძლევს ნებას ბელარუსთან დკავშირებულ თვითმფრინავებს დასხდნენ, აფრინდნენ ან გადაუფრინონ ევროკავშირის ტერიტორიებს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG