Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ იკეტებოდა პარლამენტი მედიისა და მოქალაქეებისთვის


ფოტოილუსტრაცია - საქართველოს პარლამენტი
ფოტოილუსტრაცია - საქართველოს პარლამენტი

2023 წლის შემოდგომაზე, სანამ პარლამენტი ახალ, საშემოდგომო სესიას დაიწყებდა, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, გამკაცრდა საკანონმდებლო ორგანოში მოქალაქეების შეშვების წესები.

ახალი რეგულაციების მიხედვით, ვისაც სურს პარლამენტში მოხვედრა, საშვის ასაღებად უნდა მიუთითონ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის მიზანი. ეს ვალდებულება უსაფრთხოებით აიხსნა. მანამდე მუშაობის წესები გამკაცრდა მედიისთვისაც. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში ჟურნალისტები აკრედიტაციას კარგავენ.

წარმომადგენლობითი ორგანოს ღიაობის დეკლარაციის 28-ე მუხლის თანახმად, პარლამენტი და მისი პლენარული სხდომები ღია უნდა იყოს ყველა მოქალაქისთვის. გამონაკლისი უნდა იყოს განპირობებული მხოლოდ უსაფრთხოების წესებისა და ადგილების შეზღუდვით. ამ დეკლარაციას საქართველოს პარლამენტმა ხელი 2015 წელს მოაწერა.

პარლამენტში მოქალაქეების თავისუფლად მოხვედრის შეზღუდვა პოლიტიკურ პროცესებში მოქალაქეების მონაწილეობის შეზღუდვას ნიშნავს.

რადიო თავისუფლებამ გადახედა გასულ წლებს იმის სანახავად, თუ როდის და როგორ იკეტებოდა პარლამენტის კარი.

ქრონოლოგია აჩვენებს, რომ პარლამენტში შესვლა 2019 წლის 20 ივნისის, იგივე „გავრილოვის ღამის” შემდეგ ეტაპობრივად რთულდებოდა და შეზღუდვები, როგორც წესი, მიმართული იყო კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის შესაზღუდად.

  • 2019 წლის 24 ივნისი

პარლამენტში შეზღუდვები დაწესდა დროებითი საშვით მოხვედრაზე. 15:00 საათიდან საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი უთხრეს რამდენიმე მოქალაქეს, ვისზეც პარლამენტის საშვთა ბიუროს დროებითი საშვი ჰქონდა გაცემული. მათ შორის, რადიო თავისუფლების ჟურნალისტს და ოპოზიციური დეპუტატის თანაშემწეს. პარლამენტმა ამ დღეს განმარტა, რომ შეზღუდვა 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ ორგანიზებული აქციების პარალელურად დაუწესდათ მხოლოდ იმ ჟურნალისტებს, ვინც დროებითი საშვით სარგებლობდა.

  • 2019 წლის 3 სექტემბერი

პარლამენტში ზღუდავენ დროებითი საშვების გაცემას. საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარს ეუბნებიან პარლამენტარ ელენე ხოშტარიას, რომელსაც სურდა რამდენიმე მოქალაქისთვის დაეშვა საშვები. პარლამენტში შესვლას ვერ ახერხებენ „სირცხვილიას” წევრები.

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებსაც პარლამენტის დროებითი საშვი ჰქონდათ, საკანონდებლო ორგანოს შენობაში არ შეუშვეს მომდევნო დღეებშიც. პოლიტიკოსების განმარტებით, მათ კომიტეტის სხდომაზე სურდათ დასწრება, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას უსმენდნენ.

  • 2019 წლის 9 ოქტომბერი

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ არ უშვებენ პარლამენტის შენობაში, სადაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ყოფილ გენერალურ პროკურორს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს უსმენენ.

  • 2019 წლის 12 დეკემბერი
ჟურნალისტების ნაწილს მანდატურებმა იურიდიული კომიტეტის სხდომისას, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების დამტკიცების საკითხი განიხილება, ძალის გამოყენებით დაატოვებინეს დარბაზი. მანდატურებმა განსაკუთრებული უხეშობით გაიყვანეს დარბაზიდან „ტაბულას“ ჟურნალისტი თიკო ერაძე, რომელსაც ნაკაწრები ჰქონდა ხელზე.
შსს-მ საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.
  • 2020 წლის 29 იანვარი

პარლამენტში შესვლაზე უარი უთხრეს პანკისის ხეობაში, სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს. დეპუტატი მდინარაძე „ქართული ოცნებიდან” ხსნის, რომ ეს გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ უსაფრთხოების რისკების გათვალისწინების შემდეგ მიიღო. მალხაზ მაჩალიკაშვილი ამ დღეს პარლამენტის შენობასთან შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარება დასჭირდა. ის პარლამენტის შენობაში ოპოზიციონერ დეპუტატთან, თინა ბოკუჩავასთან ერთად აპირებდა ბრიფინგის გამართვას.

მალხაზ მაჩალიკაშვილი
მალხაზ მაჩალიკაშვილი
  • 2021 წლის 12 ივლისი

პარლამენტში ჟურნალისტებს არ უშვებენ - მედიამენეჯერებისა და ჟურნალისტების ნაწილი მთავრობისა და პრემიერის გადადგომას ითხოვს. ეს მოთხოვნა მას შემდეგ დააყენეს, რაც „TV პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, წინა დღით, 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს.

  • 2021 წლის 18 ივლისი

„შესაძლო პროვოკაციების პრევენცის“ საბაბით პარლამენტმა შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი აამოქმედა. რიგგარეშე სესიას მხოლოდ წინასწარ შეთანხმებული საშვის მქონე ჟურნალისტები აშუქებენ. ამ დღეს პარლამენტში სიტყვით გამოდის შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, რომელმაც 5 ივლისს ძალადობრივი აქციის შესახებ კითხვებს უნდა უპასუხოს.

"თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციას მართავენ რადიკალური მემარჯვენე კონსერვატორი ჯგუფები, დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი, მათ შორის რადიო თავისუფლების ორი რეპორტიორი. დარბეულია "სირცხვილიას" და "თბილისი პრაიდის" ოფისები. პარლამენტის წინ ჩამოხსნეს და დაწვეს ევროკავშირის დროშა, აღმართეს რკინის ჯვარი.
"თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციას მართავენ რადიკალური მემარჯვენე კონსერვატორი ჯგუფები, დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი, მათ შორის რადიო თავისუფლების ორი რეპორტიორი. დარბეულია "სირცხვილიას" და "თბილისი პრაიდის" ოფისები. პარლამენტის წინ ჩამოხსნეს და დაწვეს ევროკავშირის დროშა, აღმართეს რკინის ჯვარი.
  • 2021 წლის 22 ივლისი

პარლამენტში არ უშვებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც სურთ საკანონმდებლო ორგანოში გენდერული დისკრიმინაციისა და ქალზე ძალადობის შესახებ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. მათთან ერთად არ შეუშვეს ოპოზიციონერი დეპუტატებიც.

ამ დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სურდათ დაეგმოთ შალვა პაპუაშვილის მხრიდან ქალ კოლეგაზე, თინა ბოკუჩავაზე ძალადობა საკანონმდებლო ორგანოში. პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, NGO-ების წარმომადგენლების არშეშვება, რომლებზეც წინა დღეს საშვები დაშვებული იყო, წესრიგის დაცვის სურვილით და უსაფრთხოების მიზნებით ახსნა.

შალვა პაპუაშვილს კოლეგა დეპუტატი ძალის გამოყენებით გაჰყავს ტრიბუნიდან.
შალვა პაპუაშვილს კოლეგა დეპუტატი ძალის გამოყენებით გაჰყავს ტრიბუნიდან.

2021 წლის 4 ნოემბერი

პარლამენტში ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ უშვებენ ყოფილ დეპუტატს, გოკა გაბაშვილს. მას სურს მოინახულოს ელენე ხოშტარია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში შიმშილობს. 2019 წლის ნოემბერში ელენე ხოშტარიამ 17 დღე იშიმშილა პარლამენტში ყოფილი პრეზიდენტის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით.

ელენე ხოშტარია შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ ტოვებს პარლამენტის შენობას.
ელენე ხოშტარია შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ ტოვებს პარლამენტის შენობას.
  • 2022 წლის 27 ივლისი

პარლამენტში შესვლა იზღუდება ყველასთვის, გარდა თავად დეპუტატებისა და ჟურნალისტებისთვის.

მიზეზი: პარლამენტი ინტერპელაციის წესით მიწვეულ მთავრობის წევრებს უსმენს. დეპუტატების შეკითხვებს უნდა უპასუხონ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

დეპუტატებს აინტერესებთ, რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება იმისათვის, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციას არ შეექმნას პრობლემები, რას აკეთებენ კონკრეტული უწყებები, რათა რუსეთმა ვერ შეძლოს საქართველოს გავლით სანქციებისთვის გვერდის ავლა.

  • 2023 წლის 6 თებერვალი

პარლამენტი ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის ახალ წესებს უწესებს. ამ წესებით იზღუდება როგორც პარლამენტში დაშვებული ჟურნალისტების რაოდენობა, ასევე მათი პროფესიული საქმიანობა. კერძოდ, არ შეიძლება ჟურნალისტმა პარლამენტში რესპონდენტის თანხმობის გარეშე კითხვა დასვას, დეპუტატის სამუშაო ოთახი გადაიღოს და იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტარი საუბრისას გადაიფიქრებს ინტერვიუს მიცემას, ჟურნალისტი ვალდებულია შეწყვიტოს ჩაწერა. წესების დამრღვევ ჟურნალისტს საშვი უუქმდება.

  • 2023 წლის 27 თებერვალი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პარლამენტი აქციების მოწყობის ადგილი არ არის. ამ დროს პარლამენტში ჟურნალისტები „აგენტების კანონის” წინააღმდეგ იბრძვიან, ოპოზიციონერ დეპუტატებს კი არ ეძლევათ უფლება საშვები დაუშვან იმ მოქალაქეებზე, ვისაც სურს პარლამენტში გამოხატოს საკუთარი აზრი კანონის შესახებ.

„აგენტების კანონის” წინააღმდეგ ჟურნალისტები რამდენიმე დღის განმავლობაში პარლამენტის შენობაში ბანერებით და სასტვენებით მიდიოდნენ და აქტიურად გამოხატავდნენ პოზიციას საპარლამენტო საქმიანობის პარალელურად.

  • 2023 წლის 6 მარტი

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „აგენტების კანონის” საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების პარალელურად საქართველოს პარლამენტში დაშვების შეზღუდული რეჟიმი მოქმედებს. პარლამენტმა „ტაბულას“ რედაქტორსა და „პუბლიკის“ ჟურნალისტებს აკრედიტაციები შეუჩერა.

  • 2023 წლის 4 სექტემბერი

პარლამენტი უსაფრთხოების ახალ წესებს ამტკიცებს, რომლებიც 18 სექტემბრიდან ამოქმედდება. ამ წესების მიხედვით, მოქალაქეს, რომელიც პარლამენტში საშვს ითხოვს, ევალება დაასაბუთოს საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის მიზანი. პარლამენტის ვიზიტორებს ეკრძალებათ ტრანსპარანტების გამოფენა და საინფორმაციო მასალის დარიგება, აგრეთვე, შენობაში სადემონსტრაციო მასალის (პლაკატების, ბანერების, წარწერების და ა.შ.) გაკვრა ან სხვაგვარად განთავსება. ასევე, ჟურნალისტებთან კომუნიკაცია პარლამენტის წევრებისათვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრულ სივრცეებში, პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე.

საქართველოს პარლამენტის ვიზიტორები ვალდებულნი არიან დაემორჩილონ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლისა და პარლამენტის მანდატურის მითითებებს.

მოქალაქეებისთვის შეზღუდვის დაწესებას პარლამენტში წინ უძღოდა მოქალაქის პროტესტი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ერთ-ერთ ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრად მივიდა, შემდეგ კი სხდომათა დარბაზის იარუსიდან გაშალა კაშნედ შემოხვეული ნაჭერი წარწერით და პარლამენტარებს გადააყარა ნაბეჭდი რუბლები.
მოქალაქეებისთვის შეზღუდვის დაწესებას პარლამენტში წინ უძღოდა მოქალაქის პროტესტი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ერთ-ერთ ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრად მივიდა, შემდეგ კი სხდომათა დარბაზის იარუსიდან გაშალა კაშნედ შემოხვეული ნაჭერი წარწერით და პარლამენტარებს გადააყარა ნაბეჭდი რუბლები.
XS
SM
MD
LG