რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლების მოსაზღვრედ, ყოფილ სავენტილაციო ნაკეთობათა ქარხნის გვერდით, იქ, სადაც დანგრეული საწარმოო შენობების ნაკვალევს დღესაც შეამჩნევთ, განახლდა გერმანელ ტყვეთა საფლავების გათხრები. მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ აყვანილ გერმანელთა საფლავებს ,,გერმანელი სამხედრო ტყვეების საფლავებზე ზრუნვის სახალხო კავშირის“ ინიციატივით იკვლევენ.
ამ ორგანიზაციის მიერ რუსთავში მოვლინებულმა გერმანელმა ექსპერტმა ლუტც მიულერმა დაზვერვითი სამუშაოები 2017 წლის ნოემბერში დაიწყო. მაშინ 14 მიცვალებულის ნეშტს მიაკვლიეს.
ლუტც მიულერი დღეს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ იმავე ტერიტორიაზე ერთ დიდ საერთო საფლავს მიაკვლიეს, სადაც ამ დროისთვის 80-მდე გერმანელის ძვლების ფრაგმენტებია ამოღებული. მისივე ვარაუდით, აქ, ახლოს, უნდა ყოფილიყო ტყვეთა ბანაკი.
გერმანელმა ექსპერტმა არ იცის, ზუსტად რამდენი ადამიანი მარხია იმ ტერიტორიაზე, რომლის გამოკვლევასაც აპირებს. მიცვალებულთა იდენტიფიცირება პრაქტიკულად შეუძლებელია. გერმანული მხარის ამოცანაა საქართველოს სხვადასხვა ადგილას არსებული გერმანელ ტყვეთა საერთო სასაფლაოების მოძებნა და ნეშტების ერთ ადგილას გადასვენება. გათხრებში მონაწილეობენ რუსთავის ისტორიული მუზეუმის არქეოლოგებიც.
გერმანული წყაროების მონაცემებით, რომელიც მოსკოვში მოპოვებულ საარქივო დოკუმენტებს ეყრდნობა, რუსთავის მიდამოებში გერმანელ ტყვეთა 3 ბანაკი უნდა ყოფილიყო. ვარაუდობენ, რომ რუსთავის მიდამოებში დაახლოებით 4 600 გერმანელი ტყვე განისვენებს..