Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირება მოხდა


დაპირისპირება ზუგდიდში
დაპირისპირება ზუგდიდში

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბთან ახალგაზრდების აქცია ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა. ონლაინმედია „მეველის“ წარმომადგენლები დღეს შტაბთან მივიდნენ ოპოზიციის მიერ მათთვის მუშაობაში ხელის შეშლის ფაქტის გასაპროტესტებლად. აქციის მონაწილეების მტკიცებით, „მეველის“ ჟურნალისტები წუხელ შტაბთან მივიდნენ პარტიის ლიდერებთან გასასაუბრებლად, მაგრამ შტაბის ხელმძღვანელი ანა წითლიძე მათ დაუპირისპირდა და გადაღების უფლება არ მისცა. აქციის მონაწილეების თქმით, სწორედ ამ ფაქტის დაგმობა სურდათ დღეს მშვიდობიანი აქციით, თუმცა ოპოზიციამ მათ შტაბთან მობილიზებული მხარდამჭერები დაახვედრა. თავის მხრივ, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის გაუგებარი აღმოჩნდა დღევანდელი აქციის შინაარსი და ამბობდნენ, რომ ეს იყო შეგნებული პროვოკაცია, „ქართული ოცნების“ აქტივისტების მიერ მოწყობილი.

ზუგდიდში ოპოზიციის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირება მოხდა
please wait

No media source currently available

0:00 0:01:39 0:00

ამასთან, შტაბის ხელმძღვანელის, ანა წითლიძის, განცხადებით, ჟურნალისტის სახელით წუხელ მათ ოფისთან უკანონო გადაღებას აწარმოებდა ზუგდიდის მერიის ააიპის „ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის“ თანამშრომელი ნიკა მაქაცარია, რისი საშუალებაც მას არ მიეცა. ანა წითლიძის სიტყვებით, „ქართულ ოცნებაში“ იციან, რომ სალომე ზურაბიშვილს მეორე ტურშიც დაბალი რეიტინგი აქვს და პროვოკაციის მოწყობას ცდილობენ.

თავის მხრივ, აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ არ არიან არც ერთი პოლიტიკური სუბიექტის - მათ შორის „ქართული ოცნების“ - მხარდამჭერები და დღევანდელი აქციით მხოლოდ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტეს. აქციაზე იმყოფებოდა მერიის ააიპის წარმომადგენელი ნიკა მაქაცარია. მან თქვა, რომ იზიარებს აქციის მონაწილეთა მოთხოვნას. რაც შეეხება ოპოზიციის ოფისთან წუხელ მომხდარ ინციდენტს, განმარტა, რომ თავად ვიდეოგადაღებას არ აწარმოებდა და რომ მეგობარ ჟურნალისტებს, უბრალოდ, მანქანით მოემსახურა.

აქცია ოპოზოციის საარჩევნო შტაბთან თითქმის ერთი საათი გაგრძელდა. საბოლოოდ, სიტუაცია სამართალდამცავებმა განმუხტეს.

XS
SM
MD
LG