Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოშიევსკა: "მტკიცედ ვუჭერ მხარს ამ არჩევნების შედეგების არაღიარებას"


მალგოჟატა გოშიევსკა, პოლონეთის სეიმის ყოფილი ვიცე-მარშალი
მალგოჟატა გოშიევსკა, პოლონეთის სეიმის ყოფილი ვიცე-მარშალი

„ნუ გახდებით კრემლის მძევლები, როგორც ეს ბელარუსში მოხდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლონელი ევროპარლამენტარი, ბელარუსთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელი და პოლონეთის სეიმის ყოფილი ვიცე-მარშალი, მალგოჟატა გოშიევსკა. ევროპარლამენტში ის რეფორმისტებისა და კონსერვატორების ჯგუფს წარმოადგენს, რომლის წარდგენილი რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას მოითხოვს. „ეს ადამიანი დიდი ხნის წინ უნდა აღმოჩენილიყო სრულ იზოლაციაში, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ დონეზე“, - ამბობს გოშიევსკა ვაჟა თავბერიძესთან ინტერვიუში.

ხელისუფლებაში თავიდანვე მოვიდა პიროვნება, რომელიც მორალურ პრინციპებთან მწყრალადაა და სახელმწიფოს საკუთარი მაფიური ინტერესების ჭრილში ხედავს. 

რადიო თავისუფლება: როგორც ჩანს, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები ჩიხში შევიდა - თქვენ რა გამოსავალს ხედავთ ამ ჩიხიდან, რა ნაბიჯებს?

გოშიევსკა: უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ თავად ჩაიგდო თავი ამ რთულ მდგომარეობაში. ევროკავშირმა არ უნდა ცნოს ბოლო არჩევნების შედეგები - ბრიუსელი ვერ მიიღებს საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიულ და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკასა და იმ ქმედებებს, რომლებიც ამ პოლიტიკას ახლავს. თვალს ვერ დავხუჭავთ არჩევნების გაყალბებაზე, უკანონო დაკავებებზე, ოპოზიციის დევნაზე, პოლიტპატიმრებზე, რუსეთისთვის დასავლური სანქციების თავიდან აცილებაში „შეშველებაზე“ (მაგალითად, კონტრაბანდის გზით), ანტიდასავლურ და ანტიუკრაინულ რიტორიკაზე, რომელიც ყოველდღე გვესმის, რუსული ყაიდის კანონებზე, რომელიც შეუთავსებელია ევროკავშირის სტანდარტებთან.

იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაუბრუნდეს, აუცილებელია, რომ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ გადახედოს როგორც საგარეო, ისე შიდა პოლიტიკას და დაიწყოს კანონის უზენაესობის პატივისცემა. აუცილებელია ევროკავშირის მიერ დასახული ცხრა პუნქტის შესრულება, [„უცხო ძალის აგენტების“] კანონის გაუქმება და იმ ქმედებებისგან თავის შეკავება, რომლებიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და კანონის უზენაესობას არღვევს. ყველა ანგარიშში, რაც პარლამენტში განვიხილეთ, ღიად იყო ხაზგასმული, რომ არჩევნები არ შეესაბამებოდა სტანდარტებს და ქვეყანაში სერიოზული დემოკრატიული კრიზისია.

ყველა ხელისუფლება - და ვიმეორებ, ყველა, საუკეთესო ხელისუფლებაც კი - თუ მისი ქმედებები არ კონტროლდება და მისი შემაკავებელი ინსტრუმენტები აღარ მუშაობს, გარდაუვალად გადაიხრება დიქტატურისკენ. მით უმეტეს, თუ ხელისუფლებაში თავიდანვე მოვიდა პიროვნება, რომელიც მორალურ პრინციპებთან მწყრალადაა და სახელმწიფოს საკუთარი მაფიური ინტერესების ჭრილში ხედავს.

ამ ხელისუფლებას უნდა შევხედოთ, როგორც “მოსკოვის გრძელ ხელს”.

რადიო თავისუფლება: თქვენი აზრით, არსებობს რაიმე სივრცე მანევრებისათვის, საერთო ენის გამოსანახად ამჟამინდელ მთავრობასა და ევროკავშირს შორის? მაგალითად, შესაძლოა თუ არა ვიხილოთ რაიმე გარიგება ივანიშვილსა და ბრიუსელს შორის, თუნდაც ზემოთ ნახსენებ კანონებთან მიმართებით?

გოშიევსკა: დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი შეთანხმება თუ გარიგება არ შედგება მანამ, სანამ საქართველო დემოკრატიულ გზას არ დაუბრუნდება.

ამჟამინდელი, „მოსკოვიდან მოვლენილი“ ხელისუფლება არასოდეს იმოქმედებს საქართველოს ან ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ამ ხელისუფლებას უნდა შევხედოთ, როგორც „მოსკოვის გრძელ ხელს“, რომელსაც არა მხოლოდ ქართული საზოგადოების მიმართ ამოძრავებს მტრული მიზნები, არამედ არაერთ საფრთხეს უქმნის ევროპასაც.

დასაწყისიდანვე, ხელისუფლება მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ატარებდა, და ეს ინტერესები თანხვედრაშია მათ საკუთარ ინტერესებთანაც. შესაბამისად, რთულია მასთან რაიმე შეთანხმებაზე საუბარი. ივანიშვილი არ უნდა განიხილებოდეს, როგორც პოტენციური პარტნიორი დემოკრატიული სამყაროსათვის, ეს ადამიანი დიდი ხნის წინ უნდა აღმოჩენილიყო სრულ იზოლაციაში, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ დონეზე.

ვერ დავუშვებთ, რომ საქართველოს მთავრობა, ერთი მხრივ, მოსკოვის პოლიტიკას ატარებდეს და, მეორე მხრივ, ევროკავშირისგან ფულს იღებდეს, თანაც საკუთარ ხალხს ატყუებდეს, რომ ქვეყანა ევროპისკენ მიჰყავს.

რადიო თავისუფლება: ევროპარლამენტს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების სრული იზოლაციისკენ მოუწოდებთ. როგორ ფიქრობთ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამგვარ მიდგომას?

გოშიევსკა: მთელ ჩემს ძალისხმევას მოვახმარ იმას, რომ ეს მოწოდება პარლამენტმა გაითვალისწინოს. როდესაც დიალოგს შედეგი არ მოაქვს, სხვა ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენოთ. ვერ დავუშვებთ, რომ საქართველოს მთავრობა, ერთი მხრივ, მოსკოვის პოლიტიკას ატარებდეს და, მეორე მხრივ, ევროკავშირისგან ფულს იღებდეს, თანაც საკუთარ ხალხს ატყუებდეს, რომ ქვეყანა ევროპისკენ მიჰყავს.

მხარს ვუჭერ დაფინანსების შეჩერებას და დიპლომატიური ვიზიტების გაყინვას. თუმცა, ჩემი აზრით, მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს ან კიდევ უფრო გაიზარდოს დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის. ქართველ ჩინოვნიკებს კი გრძელვადიანი სანქციები უნდა დაუწესდეთ. უნდა გაჩერდეს ევროკავშირის ის დაფინანსებაც, რომელსაც ქვეყნის თავდაცვის და სამხედრო სექტორი იღებს.

არჩევნების გაყალბებისა და მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობის ფონზე, ვფიქრობ, უნდა შეჩერდეს უვიზო რეჟიმიც და ზოგადად, გაწევრიანების პროცესი. ვფიქრობ, რომ ევროკავშირის მხრიდან მხოლოდ ხაზგასმით მტკიცე, მკაცრმა ნაბიჯებმა და ქმედებებმა შეიძლება შეაჩეროს ამ ხელისუფლების „ბანდიტური“ ტენდენციები.

რადიო თავისუფლება: არსებობს შიშები, რომ ასეთი მიდგომა „ქართულ ოცნებას“ რუსეთს კიდევ უფრო მიუახლოებს, რადგან სხვა გზა აღარ დარჩებათ. რას ფიქრობთ ამაზე?

გოშიევსკა: კითხვაზე კითხვით გიპასუხებთ: განა კიდევ რამდენად უნდა დაახლოვდნენ? საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება უკვე მთლიანად რუსეთის გავლენის ქვეშაა, ასე რომ, მეტს რას უნდა მიაღწიონ?

მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ ევროკავშირის მხრიდან მკაცრი იზოლაცია, ეკონომიკური სანქციები და „ქართული ოცნების“ ჩინოსნებისთვის გადაადგილების შეზღუდვა სასურველ შედეგს გამოიღებს. დროა, მათ თავიანთ თავზე იგრძნონ საკუთარი პოლიტიკის შედეგები. დღეს ისინი თავს ხელშეუხებლად მიიჩნევენ, რადგან მათ გადაცდომებს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ჯეროვანი რეაგირება არ მოჰყოლია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია დასავლეთის მკაფიო და მტკიცე პოზიცია - ნულოვანი კოოპერაცია მათთან, ვინც წესებს არ იცავს. ივანიშვილიც და „ქართული ოცნებაც“ მშვენივრად აცნობიერებენ ქართველი ხალხის პროევროპულ განწყობებს. და ისიც ზუსტად იციან, რა შეიძლება მოჰყვეს ამ გზიდან ოფიციალურად გადახვევას. დარწმუნებული ვარ, ახსოვთ, როგორ დასრულდა ეს უკრაინაში 2013 წელს.

რადიო თავისუფლება: თქვენ აცხადებთ, რომ უვიზო მიმოსვლა უნდა შეჩერდეს. ვისი დასჯა გამოდის ეს - ქართველი ხალხის თუ ხელისუფლების?

გოშიევსკა: დიახ, უვიზო რეჟიმის შეჩერება, სამწუხაროდ, სირთულეებს შეუქმნის რიგით ქართველებს, მაგრამ ეს პირველ რიგში მიმართულია ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს. ეს ნაბიჯიც სწორედ მათი ქმედებების მტკივნეული გამოძახილია. ჩვენი მიზანი არ არის ქართველი საზოგადოების დასჯა; მაგრამ - სხვა გამოსავალი არ რჩება, თუ გვსურს, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ვაიძულოთ საკუთარ პოლიტიკას გადახედოს. წამალიც ზოგჯერ მწარე და უსიამოვნოა, მაგრამ ჯანმრთელობისთვის საჭირო. ანალოგიურად, ამ შემთხვევაშიც, მკაცრი სანქციები მიმართულია იმ ცვლილებების მისაღწევად, რომლებიც საბოლოოდ ყველა ქართველის სასიკეთოდ იქნება.

ევროკავშირს საქართველოსთვის კარის ღიად დატოვება სურს, მაგრამ ამ კარს თავად ხელისუფლება კეტავს.

რადიო თავისუფლება: რა შეიძლება შეცვალოს საქართველოში ევროკავშირის ტექნიკური მისიის გამოგზავნამ?

გოშიევსკა: საქართველოში ევროკავშირის „ტექნიკური მისიის“ მიზანი იქნება ადგილზე არსებული სიტუაციის ანალიზი“ და არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევებისა და შესაძლო გაყალბების გამოძიება. ეს მისია შეისწავლის, რა მოხდა და რა ზომები უნდა იქნეს მიღებული მომავალში - ამ არჩევნებმა ევროპის მასშტაბითაც სერიოზული შეშფოთება გამოიწვია, ამიტომ გულგრილები ვერ დავრჩებით.

ევროკავშირს საქართველოსთვის კარის ღიად დატოვება სურს, მაგრამ ამ კარს თავად ხელისუფლება კეტავს კანონების დარღვევით, დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფითა და არჩევნების გაყალბებით. ამიტომაც, მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ამ არჩევნების შედეგების არაღიარებას - ამ პოზიციას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც იზიარებს.

რადიო თავისუფლება: აირჩიეთ „ომი ან მშვიდობა“ - ეს ნარატივი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ბერკეტი იყო „ქართული ოცნების“ ხელში საარჩევნო პერიოდში. რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომელთა დაშინებასაც მთავრობა ცდილობს იმით, რომ მათი ხელისუფლებიდან წასვლის შემთხვევაში, რუსეთი შესაძლოა საქართველოში შემოიჭრას?

გოშიევსკა: ეს ცალსახად პროპაგანდაა, მოსახლეობის დაშინების ტაქტიკა. რუსეთი კარგა ხანია, უკვე შემოიჭრა საქართველოში - ოფიციალური ხელისუფლება მიჯაჭვულია რუსეთზე - ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური პროცესები კრემლის საქმის კურსში ჩაყენებით და თანხმობით ხორციელდება. გარდა ამისა, რუსეთის ჯარები უკვე წლებია, საქართველოს ტერიტორიაზე არიან - ქვეყნის 20 პროცენტი სწორედ რუსეთს აქვს ოკუპირებული. ასე რომ, „ქართული ოცნების“ მხრიდან მოსახლეობის დაშინება რუსების ახალი შემოსევით - ცარიელი სიტყვებია.

ნუ გახდებით კრემლის მძევლები, როგორც ეს ბელარუსში მოხდა.

რადიო თავისუფლება: დაბოლოს, რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს ბოლო დღეები - და ღამეებიც - ქუჩაში გაატარეს, პროტესტის ნიშნად?

გოშიევსკა: მინდა მივმართო ჩემს მეგობრებს საქართველოში და პროტესტის ყველა მონაწილეს – არ დანებდეთ. თქვენი თავდადება და თავგანწირვა შედეგს მოიტანს; დარწმუნებული ვარ, უკვე მოაქვს კიდეც.

ისევე, როგორც 2003 წელს იქცა რეალობად „ვარდების რევოლუცია“ და პროდასავლელი რეფორმატორის, მიხეილ სააკაშვილის გამარჯვება, ცვლილებები დღესაც შესაძლებელია. გთხოვთ, არ დანებდეთ, მტკიცედ იდექით თქვენი ღირებულებების სადარაჯოზე, იბრძოლეთ მათთვის - რადგან სხვა გზა არ არსებობს, მხოლოდ ასე მოახერხებთ მათ შენარჩუნებას. არასდროს შეწყვიტოთ ბრძოლა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ნუ შეურიგდებით პროსაბჭოთა მთავრობას, რომელიც თქვენს იზოლაციას და დამონებას ცდილობს. ნუ გახდებით კრემლის მძევლები, როგორც ეს ბელარუსში მოხდა. თქვენ უფლება გაქვთ, თავად გადაწყვიტოთ თქვენი ბედი და გახდეთ თავისუფალი, დემოკრატიული სამყაროს ნაწილი.

ნება მიბოძეთ, დავასრულო პოლონეთის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამისა და რუსეთის იმპერიალიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ერების გაერთიანების მომხრე, მარშალ იოზეფ პილსუდსკის სიტყვებით:
„მხოლოდ ისინი, ვისი რწმენაც მტკიცეა და ამ რწმენით მოქმედებენ, განურჩევლად შედეგებისა, იმსახურებენ ადამიანებად იწოდებოდნენ“.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG