ახალქალაქის გაერთიანებული ოპოზიციის შტაბს თავს დაესხნენ. ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, დაახლოებით 30–მდე აქტივისტი, ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმის ხელმძღვანელობით, თავს დაესხა ოფისში მყოფ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს. თავდამსხმელები ხელკეტებითა და ჯოხებით იყვნენ შეიარაღებული. ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავებული 5 ადამიანი, საავადმყოფოში მოხვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 239–ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს წინასწარ შეთანხმებით ჯგუფუს ხულიგნობას ცეცხლსასროლი იარაღით ან სხვა საგნის გამოყენებით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4–დან 7 წლამდე ვადით.
გაერთიანებულ ოპოზიციაში ამბობენ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც თავდასხმა მოხდა, ვიდეოკამერებია დამონტაჟებული, თუმცა ტექნიკური ხარვეზების გამო ჩანაწერი არ არსებობს. ნაირ ირიციანის განმარტებით, ინციდენტი წუხელ დაიწყო, მაშინ ,,როცა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა სალომე ზურაბიშვილის პლაკატების ჩამოხსნა დაიწყეს. დილით, კი ამ ფაქტს ფიზიკური დაპირისპირება მოყვა. სალომე ზურაბიშვილის პლაკატების ჩამოხევას საპასუხოდ პატარა ინციდენტი მოყვა. სწორედ ამიტომ მივიდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები ოფისში, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოყვა. ამ დროისათვის ვითარება განმუხტულია და ახალქალაქში სიმშვიდეა“ – აცხადებს მმართელი პარტიის თავმჯდომარე ახალქალაქში.