Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადაყრილი კულტურული მემკვიდრეობა - ზაქარია ქუცნაშვილი ახლად ნაყიდ შენობებს არემონტებს


სტატიაში გამოქვეყნების შემდეგ შეტანილია ცვლილებები. სტატიას თან ახლავს განმარტებები.

ყოფილი პარლამენტის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის კუთვნილ შენობებში, რომლებიც თბილისში, ტურგენევის ქუჩაზე მდებარეობს და რომლებიც ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, მიმდინარე რემონტის დროს ღირებული ფრაგმენტები მოხსნეს და უკან აღარ აბრუნებენ.

ფრაგმენტები და ჩუქურთმები, რომლებიც ტურგენევის 4 ნომერში* ჩამოხსნეს ღია ცის ქვეშ აწყვია*. რემონტზე მომუშავე მუშებმა ადგილობრივებს უთხრეს, რომ რადგან არ აპირებენ ფრაგმენტების უკან დაბრუნებას, შეუძლიათ ისინი აიღონ კიდეც.

ზაქარია ქუცნაშვილის სახლი ტურგენევის ქუჩაზე
ზაქარია ქუცნაშვილის სახლი ტურგენევის ქუჩაზე

ზაქარია ქუცნაშვილმა ტურგენევის ქუჩაზე ორი ბინა სარდაფებით და სხვენით 2018 წელს იყიდა. ეს ქუჩა თბილისის ისტორიულ ნაწილში, განახლებულ აღმაშენებელთან ახლოს მდებარეობს და ყოფილი დეპუტატი იქ სავარაუდოდ სასტუმროების მოწყობას აპირებს.

ხელოსნებმა, რომლებიც ისტორიულ ძეგლს არემონტებენ, დაადასტურეს, რომ ეს შენობა ნამდვილად ყოფილ დეპუტატს ეკუთვნის. სახლის ჩამოხსნილი ფრაგმენტები კი რამდენიმე მოქალაქემ მართლაც წაიღო. ერთ-ერთი მათგანია ნატა ფერაძე, რომელიც ამბობს, რომ თუკი ზედამხედველობის სამსახური ამ სახლების ბედით დაინტერესდება და მათ ნორმალურ რეაბილიტაციას ჩაუტარებენ, სახლის დეტალს უკან დიდი სიამოვნებით დააბრუნებს, მანამდე კი შეინახავს, რომ ამ გზით განადგურებას გადაარჩინოს. ზაქარია ქუცნაშვილის სახლის ის დეტალი, რომლის შენახვაც ნატა ფერაძემ გადაწყვიტა, რუსთავი 2-ის მიერ რამდენიმე დღის წინ მომზადებულ სიუჟეტში ჯერ კიდევ შენობაზე იყო მიმაგრებული.* ასეთივე დეტალები ამ დრომდე დევს ზაქარია ქუცნაშვილის ახლადნაყიდი სახლის სადარბაზოშიც.

ტფილისი ჰამქრის წევრი, ცირა ელისაშვილი კი ამბობს, რომ ყოფილი დეპუტატი ისტორიული მემკიდრეობის ძეგლზე რემონტს ყველანაირი არქიტექტურული პროექტის გარეშე, წესების დარღვევით აკეთებს.

ამ შენობის რეაბილიტაციის პროექტი თბილისის მერიის საიტზე იძებნება და მასში წერია, რომ "სამუშაოებით ვცდილობთ შევინარჩუნოთ ისტორიული შენობის ინტერიერი, რათა უფრო მიმზიდველი გახდეს მისული სტუმრებისთვის."

ტურგენევის ქუჩაზე მისულ რადიო თავისუფლების გადამღებ ჯგუფს ყოფილი დეპუტატი ადგილზე დახვდა და უთხრა, რომ ეს შენობა მისი კერძო საკუთრებაა, რომელიც საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნება აღმოჩნდა. ყოფილი დეპუტატის თქმით, მას ამ სახლების შესაძენად იპოთეკური სესხის აღება დაჭირდა. დეპუტატმა ისიც თქვა, რომ შენობა ძველია, 2 საუკუნეზე მეტი ხნის და ის რეაბილიტაციის შემდეგ კიდევ უფრო ლამაზი და მშვენიერი იქნება.

"მრავალჭირნახული შენობაა, კომუნისტების დროს მოხდა უამრავი ოჯახის შესახლება, დღეის მდგომარეობით ჩვეულებრივი იტალიური ეზოა. როგორც ისტორიკოსები გვეუბნებიან, ეს იყო სასამართლოს შენობა. ფაქტიურად ვეშველები სახელმწიფოს, როცა პირადი სახსრების ვახდენ ექსტერიერის რეაბილიტაციას. ექსტერიერი ნიშნავს ფასადს," - უთხრა ზაქარია ქუცნაშვილმა რადიო თავისუფლებას.

2018 წელს ამ შენობების გარდა ქართული ოცნების წევრის ოჯახის ქონება მილიონი ლარის უძრავი ქონებით გაიზარდა.

ომარ ქუცნაშვილს, ზაქარია ქუცნაშვილის მამას, 76 ათასი ამერიკული დოლარი დაუჯდა ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ და პრესტიჟულ სამშენებლო კომპანიაში ბინის ყიდვა.

ქუცნაშვილებმა მიწის ნაკვეთი გასულ წელს ყაზბეგშიც შეიძინეს. დეკლარაციის თანახმად, ზაქარია ქუცნაშვილის მეუღლემ თეა სანიკიძემ, დაბა სტეფანწმინდაში, 888 კვ.მ. მიწაში 35 ათასი ამერიკული დოლარი გადაიხადა.

ქუცნაშვილები საბურთალოზე ​არასაცხოვრებელ უძრავ ქონებასაც აქტიურად აგროვებენ. საბურთალოს 32 ნომერში, 88 კვადრატულ მეტრში დეპუტატმა ქუცნაშვილმა 70 ათასი ამერიკული დოლარი გადაიხადა. 2019 წლის დეკლარაციის თანახმად, გაადიდეს და კიდევ მიუმატეს ფართი ქუცნაშვილების 4 სართულიან სახლს საირმის გორაზე.* ეს შენობა დეკლარაციაში 180 ათას ამერიკულ დოლარადაა შეფასებული.

დეპუტატის წლიური ხელფასი 56 835 ლარს შეადგენს.

ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტარის მანდატი მას შემდეგ დატოვა, რაც თბილისში გამართულ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ანსამბეის ფარგლებში მოწვეული სტუმარი, რუსეთის დუმის წევრი კომუნისტი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში თავმჯდომარის სკამში ჩაჯდა და მძლავრი სამოქალაქო პროტესტის ტალღა გამოწვია.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შეაჩერა სარემონტო სამუშაოები, რადიო თავისუფლებას კი დაუკავშირდა ზაქარია ქუცნაშვილი, რომელმაც სადავოდ მიიჩნია ტექსტში არსებული რამდენიმე გარემოება:

* ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ ისტორული დეტალები მოხსნილია არა მის საკუთრებაში მყოფი ორი საცხოვრებელი სახლის ფასადიდან, არამედ მხოლოდ ერთის ფასადიდან, რომელიც ტურგენევის ქუჩის 4 ნომერში მდებარეობს.

* ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ სახლის ფასადიდან მოხსნილი დეტალები არა "ღია ცის ქვეშ", არამედ სადარბაზოში დევს.

* ზაქარია ქუცნაშვილს სურს საზოგადოებამ იცოდეს, რომ მისი ოჯახის ბიუჯეტში მნიშვნელოვან წილს წარმოადგენს მამის, ომარ ქუცნაშვილის შემოსავლები. 1940 წელს დაბადებული ომარ ქუცნაშვილი შპს ,,ჯეოინჟინირინგის" და "ნავთობისა და გაზის კორპორაციის" სამეთვალყურეო საბჭოების წევრია და მისი დეკლარირებული წლიური შემოსავალი აღემატება დეპუტატი შვილის ხელფასს.

* ზაქარია ქუცნაშვილმა ასევე მიუთითა,რომ სახლი, რომლის ფასადიც რუსთავი 2-ის კადრში ჩანს არა მისი სახლი, არამედ მისი მეზობლის სახლია. რადიო თავისუფლება დაეყრდნო რუსთავი ორის მიერ გადმოცემულ ინფორმაციას, როგორც სახლის ფასადთან დაკავშირებით, ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ 2019 წლის დეკლარაციის თანახმად, ქუცნაშვილების ოჯახმა გაადიდეს და კიდევ მიუმატეს ფართი ქუცნაშვილების 4 სართულიან სახლს საირმის გორაზე.

XS
SM
MD
LG