Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადაუწყვეტელი, მაგრამ პასუხისმგებლობიანი ამომრჩევლის მანიფესტი


გია ნოდია
გია ნოდია

მე გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ვარ. შეიძლება, ამ ნიშნით უმრავლესობაში ვიყო - გააჩნია, რომელ გამოკითხვას დავეყრდნობით. ასეა თუ ისე, ის კი ნამდვილად ვიცი, რომ მომავალი არჩევნების ბედი ჩვენნაირებზეა დამოკიდებული.

ამავე დროს, თავი პასუხისმგებლობიანი და რაციონალური ამომრჩეველი მგონია. გონებით მესმის, რომ ჩემი ერთი ხმა ბევრს არაფერს წყვეტს; მაგრამ ისიც ვიცი, რომ, როგორც ამ ქვეყნის პატრიოტმა, ჩემს ხმას უნდა გავუფრთხილდე და უაზროდ არ გავფლანგო.

ამ ტექსტს ასეთი ამომრჩევლებისთვის ვწერ. არავის ვეუბნები, ვის მისცეს ხმა, მაგრამ შევეცდები, ჩამოვაყალიბო პრინციპები, რითაც, ჩემი აზრით, ხმები უნდა განვკარგოთ ვითარებაში, როცა არცერთი პოლიტიკური ძალა დიდად არ მოგვწონს.

პასუხისმგებლობიანი მოქალაქის პირველი მცნება

პასუხისმგებლობიანი მოქალაქის პირველი მცნება, ან თუ გნებავთ, დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის ქვაკუთხედი ისაა, რომ რეალობიდან ამოვიდეთ და ამავე დროს მისი გაუმჯობესების პერსპექტივა დავინახოთ.

არჩევნების კონტექსტში ეს ნიშნავს, რომ უნდა ავირჩიოთ იმ მენიუდან, რომელსაც პოლიტიკური კლასი გვთავაზობს. პოზიცია „არც ერთი პარტია არ მომწონს“ უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური მოქალაქის უმთავრესი მახასიათებელია. თუ მენიუ არ მოგწონს, სცადე მისი გაუმჯობესება, ანუ შექმენი პარტია, რომელიც შენთვის მოსაწონი იქნება.

მეორე ვარიანტია, წადი სხვა რესტორანში, ანუ შენთვის უფრო მოსაწონ ქვეყანაში გადასახლდი და იქ გააკეთე არჩევანი. მაგრამ თუ ამ ქვეყანას უკავშირებ შენს და შენი შვილების მომავალს, კეთილი ინებე და მიეცი ხმა პარტიას, რომელიც ყველაზე ნაკლებ არ მოგწონს, ანუ შენს ქვეყანას ყველაზე ნაკლებ ზიანს მოუტანს.

აქვე შევნიშნავ, რომ განსხვავება პარტიას, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონს და პარტიას, რომელიც ყველაზე ნაკლებ არ მოგწონს ზუსტად ისაა, რაც განსხვავება ნახევრად სავსე და ნახევრად ცარიელ ჭიქას შორის: არავითარი.

პასუხისმგებლობიანი და კომპეტენტური მოქალაქე წინასწარ მზად უნდა იყოს, რომ მთლად მის მოსაწონი პარტია საარჩევნო ბიულეტენში შეიძლება ვერც ნახოს, მაგრამ არჩევანი მაინც უნდა გააკეთოს. იქ, სადაც ეს არ ესმით, დემოკრატიაც არ მუშაობს.

რასა და რას შორის ვირჩევთ?

ამ კითხვაზე პასუხი სულაც არაა ცხადი. ხელისუფლება ავრცელებს ვერსიას, თითქოს ასარჩევი გვაქვს მასა და „ნაცებს“ შორის. ამის მხოლოდ მის მომხრეებს არ სჯერათ: ზოგი ამბობს, რომ ოპოზიციურადაა განწყობილი, ანუ „ქოცები“ არ მოსწონს, მაგრამ მეორე მხარეს მხოლოდ მიშას ხედავს. თავის მხრივ, ამ ხედვის გამზიარებელი ოპოზიციონერები ორად იყოფიან: ზოგი ასკვნის: „ესე იგი, ნაციონალებს უნდა მივცეთ ხმა“, ზოგი კი სწორედ იმიტომაა გადაუწყვეტელი, რადგან „არც ქოცები უნდა და არც ნაცები“.

ეს ხედვა მცდარია და სრულიად ცხადი როგორც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებიდან, ისე ბოლო წლების არჩევნების შედეგებიდან. მათიც მესმის, ვინც გამოკითხვებისადმი სკეპტიკურადაა განწყობილი. ეს მხოლოდ ქართული პრობლემა არ არის: გამოკითხვები ხშირად ვერ წინასწარმეტყველებს არჩევნების შედეგს. მაგრამ ისინი საკმაოდ სანდოდ გვაჩვენებს, ვინ არის ან არ არის ძირითადი მოთამაშე.

ჩვენს შემთხვევაში გამოკითხვებიც და წინა არჩევნების შედეგებიც ცალსახად გვეუბნება: ასარჩევი გვაქვს, ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილის პერსონალური მმართველობის გაგრძელებასა და, მეორეს მხრივ, მისი კოალიციური ხელისუფლებით ჩანაცვლებას შორის.

აქედან ისიც გამომდინარეობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელია, ამ ეტაპზე მაინც. რაც შეეხება კოალიციურ მმართველობას, ამის სხვადასხვა ვარიანტი არსებობს და ჩვენზე, ამომრჩევლებზე ნაკლებად იქნება დამოკიდებული, რომელს აირჩევს პოლიტიკური ელიტა.

მათემატიკურად ცხადი მხოლოდ ერთია: მმართველ კოალიციაში, თუ ასეთი შედგა, ან „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება, ან „ქართული ოცნება“. თეორიულად შესაძლებელია, კოალიცია ორმა ყველაზე დიდმა პარტიამ შექმნას, თუმცა ეს ნაკლებ ალბათურია. ხელისუფლების ნამდვილი ცვლილება იმას დაერქმევა, თუ კოალიცია მხოლოდ დღევანდელი ოპოზიციური პარტიებისგან შეიქმნება; მაგრამ ვერ გამოვრიცხავთ, რომ რომელიმე ოპოზიციური პარტია „ოცნებასთან“ კოალიციას დათანხმდება. ამით ვარიანტები ამოწურულია.

რას ნიშნავს კოალიციური მთავრობა?

ამ კონტექსტში აუცილებელია გავიაზროთ, რას ნიშნავს კოალიციური მმართველობა. ეს ჩვენთვის სრულიად ახალი ხილია და, ამიტომ, კარგად არ გვესმის.

ბევრი არ დამეთანხმება: როგორ, 2012 წლის შემდეგ პირველ წლებში კოალიცია არ გვქონდა? არა: იმ მთავრობისთვის „კოალიციურის“ დარქმევა პოპულარული, მაგრამ მაინც შეცდომაა. ასეთი ხედვა მხოლოდ „რესპუბლიკელების“ და „თავისუფალი დემოკრატების“ თვითშეფასების ამაღლებას ემსახურებოდა. მთავარია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებდა; მის კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული, ვის აზრს გაუწევდა ან არ გაუწევდა ანგარიშს.

წყალგამყოფი ნამდვილ და ფსევდოკოალიციას შორის ისაა, რომ კოალიციის პარტნიორები იძულებულნი არიან, ერთმანეთს ანგარიში გაუწიონ, რადგან სხვაგვარად ვერც საპარლამენტო უმრავლესობა და ვერც მინისტრთა კაბინეტი ვერ შედგება. სხვა სიტყვებით, კოალიციაში შემავალ თითოეულ პარტიას ვეტოს უფლება აქვს. ამის გარეშე კოალიციაზე ვერ ვილაპარაკებთ.

რას ნიშნავს ეს ჩვენს პოლიტიკურ გარემოში?

თუ შეიქმნა კოალიციური მთავრობა, რომელშიც ყველაზე დიდი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ „მიშას მმართველობა ბრუნდება“. ვერავინ იტყვის, რაზე შეძლებენ ან ვერ შეძლებენ შეთანხმებას ასეთი კოალიციის პარტნიორები, მაგრამ წარმოუდგენელი მგონია, რაოდენობრივად უფრო მცირე მოთამაშეები დათანხმდნენ მიხეილ სააკაშვილის ან თუნდაც მისი პარტიის სრულ დომინაციას. „ნაცებსაც“ დათმობაზე წასვლა მოუწევთ, რადგან ალტერნატივა „ოცნების“ მმართველობაა. „სისხლიანი ცხრა წელი“, გინდაც „ბრწყინვალე ცხრა წელი“ ვერ დაბრუნდება.

ასევე შესაძლებელ, თუმცა, ჩემი მოკრძალებული აზრით, ნაკლებ ალბათურ სცენარში, როცა კოალიციის ყველაზე დიდი პარტნიორი „ქართული ოცნება“ იქნება, ბიძინა ივანიშვილი მაინც დაკარგავს ფაქტობრივად შეუზღუდველ ძალაუფლებას, რაც ახლა აქვს. პოტენციურ პარტნიორებს „ოცნებასთან“ კავშირი რეპუტაციულ ზიანს მოუტანს და ისინი აუცილებლად მოსთხოვენ ივანიშვილს სერიოზულ პოლიტიკური ფასს, რომლის გადახდაც მას მოუწევს.

ცხადია, ეს ყველაფერი ვარაუდია. არავინ იცის, როგორ და რამდენად იმუშავებს კოალიციური მმართველობა ჩვენს პირობებში, თუმცა, დიდი ალბათობით, სურათი გერმანიის ან შვედეთის კოალიციური მთავრობებისგან განსხვავებული იქნება. ჩვენი პარტიების სიმყიფეც უნდა გავითვალისწინოთ: ცალკეული დეპუტატები შეიძლება თავიანთი პარტიების ერთგულნი არც დარჩნენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ „ბიძინა ყველას იყიდის“: მისმა თითქმის თერთმეტწლიანმა მმართველობამ ცალსახად დაგვანახა, რომ მას ეს არ შეუძლია.

თუ ივანიშვილის პირადი მმართველობის დასრულება გვინდა, ამის გზა ერთია - უცნობ პოლიტიკურ ტერიტორიაზე შებიჯება უნდა გავბედოთ. გაურკვეველი ვითარებისთვის მზაობა სამართლიანადაა მიჩნეული დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის უმთავრეს ნიშნად. შეჩვეული ჭირის ფანებისთვის ავტორიტარიზმია ზედგამოჭრილი.

კონკრეტულად რას ნიშნავს „გადაუწყვეტელი“?

„გადაუწყვეტელი ამომრჩევლის“ ცნებასაც დაზუსტება სჭირდება. ჩემთვის სრულიად ცხადია, რომ ივანიშვილის მმართველობა უნდა დასრულდეს; ამიტომ ვიცი, რომ ჩემს ხმას რომელიმე ოპოზიციურ ძალას მივცემ, თუმცა ჯერ ზუსტად არ ვიცი, რომელს. ასეთი ადამიანი ბევრია.

მაგრამ სხვაგვარი გადაუწყვეტლებიც არსებობენ: მათ ხელისუფლება დიდად არ მოსწონთ, მაგრამ მაინც მერყეობენ, ისევ მმართველ პარტიას მისცენ ხმა თუ ოპოზიციას. რეალურად, მათი არჩევანია სტაბილობას, „შეჩვეულ ჭირს“ თუ უკეთესობის შედარებით გაურკვეველ პერსპექტივას შორის. სწორედ მათ შორისაა პოპულარული აზრი, რომ მთავრობის ერთადერთი ალტერნატივა მიშას დაბრუნებაა: შეიძლება გულის სიღრმეში ესმით კიდეც, რომ ეს ტყუილია, მაგრამ ასეთი რწმენა „შეჩვეული ჭირისთვის“ ხმის მიცემას უადვილებთ. მე მათ ვერაფერს ვეტყვი: დასკვნითი ნაწილი მხოლოდ ჩემნაირ „გადაუწყვეტლებს“ ეხება, ვისაც მტკიცედ უნდა ცვლილება, მაგრამ ჯერ ნათლად ვერ ხედავს მისკენ მიმავალ გზას.

ვინ ავირჩიოთ ოპოზიციური მენიუდან?

მათი მისამართით კიდევ ორ ზოგად მოსაზრებას ჩამოვაყალიბებ. პირველი: რაკი პასუხისმგებლობიანი და კომპეტენტური ამომრჩეველი პრაგმატიკოსია, მან ხმა უნდა მისცეს მხოლოდ იმ სიას, რომელსაც ბარიერის გადალახვის რეალისტური, უკეთესია - უტყუარი შანსი გააჩნია.

აქედან შეიძლება გამომდინარეობდეს მტკივნეული დასკვნა: ხმა არ უნდა მისცე პარტიას, რომელიც ყველაზე ახლოსაა შენს ხედვასთან და ღირებულებებთან. ეს პრობლემა სხვაზე მეტად აქტუალურია პოლიტიკურად აქტიური „ბაბლის“ წევრებისთვის, რადგან მათი რჩეულები ხშირად მასობრივ ამომრჩეველში პოპულარობით არ სარგებლობენ. იმედი დავიტოვოთ, რომ ჩვენ-ჩვენი ბაბლისთვის მისაღები პოლიტიკოსები რაციონალურად მოიქცევიან და ერთ-ორ „გამსვლელ“ სიად გაერთიანდებიან, მაგრამ ამის გარანტია არ არსებობს.

ცხადია, არც იმის სრული გარანტია გვაქვს, რომ ჩვენს მიერ „გამსვლელად“ მიჩნეული სიები ხუთპროცენტიან ბარიერს გადალახავენ. როგორც ვთქვი, გამოკითხვები მხოლოდ მიახლოებით წინასწარმეტყველებენ არჩევნების შედეგს; შეიძლება პარტიას თუ სიას არჩევნებამდე ერთი თვით ადრე შედარებით სანდოდ მიჩნეულ კვლევაში, ვთქვათ, რვა პროცენტი ჰქონდეს, მაგრამ საბოლოოდ 4.8% მიიღოს და მისი ხმების ნახევარზე მეტი მმართველმა პარტიამ წაიღოს. რაკი დემოკრატიული პოლიტიკა გაურკვევლობის სფეროა, შეცდომისგან არავინ ვართ დაზღვეული. მაგრამ ეს არ ნიშნავს, არ ვეცადოთ, შეცდომებს თავი ავარიდოთ.

მეორე და ფსიქოლოგიურად, შესაძლოა, კიდევ უფრო რთული პრობლემა არჩევნების შემდგომ ეტაპს ეხება. ჩავთვალოთ, რომ საქმე კარგად წავიდა: „გამსვლელად“ მიჩნეულ სიებში ჩვენთვის შედარებით მისაღები შევარჩიეთ და ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირების პერსპექტივაც რეალისტური გახდა. ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ჩვენთვის შედარებით მისაღებ პოლიტიკოსებს კიდევ უფრო მიუღებლებთან გაერთიანება მოუწევთ. ვიღაცა ამას აუცილებლად „უზნეობას“ და „უპრინციპობას“ უწოდებს და ფეისბუკზე მრისხანე პოსტებს დადებს, სადაც მიუღებელი პარტნიორების წარსულ ბოროტ საქმეებს ჩამოთვლის.

არ გამოვრიცხავ, ამ დროს კონკრეტული შეფასებები სწორი იყოს. მაგრამ მთლიანობაში, ასეთი მორალური სიმაღლიდან ლაპარაკი ფარისევლურია. ნაკლები ბოროტების პრინციპი უზნეო სულაც არ არის, პირიქით, ის პოლიტიკური ზნეობის ქვაკუთხედია. პოლიტიკის უმთავრესი მიზანია, ქვეყანაში და მსოფლიოში ბოროტება შეამციროს - სიკეთის დამყარებას ის ვერასოდეს შეძლებს. უინსტონ ჩერჩილს ნათქვამი აქვს, რომ სატანასაც კი შეეკვრებოდა თავისი ქვეყნის გადასარჩენად - ასეც გააკეთა, როცა, ჰიტლერთან ბრძოლაში, სტალინი მოკავშირედ გაიხადა. არასწორად მოიქცა? ჰიტლერის გამარჯვება ჯობდა?

სატანასთან მეგობრობა ძალიან სახიფათო და არასასიამოვნოა, მაგრამ თუ შენი ქვეყნის კანონიერი ინტერესი სხვა გზას არ გიტოვებს, უზნეობა ამის არგაკეთებაა. აქვე დავაზუსტებ, რომ დღევანდელი ოპოზიციის არც ერთ ლიდერს არც სატანად და არც სტალინად არ ვთვლი და არც ბიძინა ივანიშვილი მიმაჩნია ახალ ჰიტლერად: ზოგადი პრინციპის განსამარტად მაქსიმალურად დრამატული მაგალითის მოყვანა მინდოდა. თუ მართლა გვინდა, ჩვენი ქვეყანა უკეთესობისკენ შევცვალოთ, ნათლად უნდა გვესმოდეს, რა არის აქეთკენ მიმავალი გზა.

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

XS
SM
MD
LG