Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადაურჩება თელავი მრავალსართულიანებს? -  საკრებულო ქალაქის გენგეგმას არ ამტკიცებს


თელავი
თელავი

2017 წელს დაიწყო და 2019 წლის მიწურულს დასრულდა პროექტზე მუშაობა, რომელიც „თელავის გენერალური გეგმის“ სახელით არის ცნობილი - სხვაგვარად პროექტს ჰქვია თელავის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი. გეგმის ტექსტური ნაწილი 331-გვერდიანია. ცალკეა რუკები, ფოტომასალა, გრაფიკული მონაცემები და სხვა თანმდევი დოკუმენტები.

გენერალური გეგმის პროექტში, რომლის შედგენაზეც 35-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა, დეტალურად არის აღწერილი, როგორ უნდა განვითარდეს თელავი, სად რა სახის მშენებლობები იქნება ნებადართული, რამდენსართულიანი უნდა იყოს ახლად აგებული შენობები, როგორ უნდა შენარჩუნდეს თელავის ისტორიულ ქუჩები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.

დოკუმენტის შემუშავება დაახლოებით 300 ათასი ლარი დაჯდა. პროექტის დამკვეთები იყვნენ ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამინისტროები. დოკუმენტი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას თელავის საკრებულო დაამტკიცებს.

თელავი
თელავი

თელავის გენერალური გეგმის პროექტის მიხედვით, მას შემდეგ რაც დოკუმენტს დაამტკიცებენ, ქალაქი სამ ნაწილად დაიყოფა. ქალაქის ცენტრში, ისტორიულ ნაწილში მაქსიმუმ 3-სართულიანი შენობები აშენება, გარდამავალ ზონაში - 4-, ხოლო გარეუბანში 6-სართულიანი.

თელავის გენერალურ გეგმას კარგად იცნობს სამოქალაქო აქტივისტი მაკა მოსიაშვილი. დოკუმენტის მომზადების პროცესში, საჯარო განხილვების დროს იყო ჩართული. როგორც მაკა იხსენებს, ჯერ კიდევ წინა მოწვევის საკრებულოს წევრებს ჰქონდათ შენიშვნები, რომლებიც დოკუმენტშიც აისახა.

„თელავში ბევრი ისეთი ნაგებობაა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები, რომლებსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ასეთი სტატუსის სახლებში რემონტის ჩატარება არ შეიძლება, თუ არ იქნება შეთანხმებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან. წინა მოწვევის საკრებულოს მოთხოვნა იყო, რომ კახეთში სააგენტოს თავისი წარმომადგენლობა გაეხსნა, რაც მოსახლეობას სამშენებლო და სარემონტო ნებართვების მიღებას გაუმარტივებდა. ეს მოთხოვნა სამინისტრომ და გენგეგმის ავტორებმაც გაიზიარეს და დოკუმენტში ასახეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მაკა მოსიაშვილმა.

ფოტო თელავის გენგეგმის პროექტიდან.
ფოტო თელავის გენგეგმის პროექტიდან.

სანამ დოკუმენტი არ არის დამტკიცებული, ქალაქის ისტორიული ნაწილი საფრთხეშია, მაკა მოსიაშვილმა სცადა გაერკვია, რატომ არ ამტკიცებს ახალი მოწვევის საკრებულო თელავის გენერალურ გეგმას.

„ადგილობრივი ხელისუფლება ან დეველოპერების შანტაჟის ქვეშ არის, ან დეველოპერებთან ერთად საერთო ინტერესს იზიარებს - რაც შეიძლება მეტი მოგება მიიღოს მშენებლობების ნებართვის გაცემიდან”, - ამბობს აქტივისტი და განაგრძობს: “რადგან ჯერ არ არის დამტკიცებული გენგეგმა, თელავის მერიამ ალაზნის გამზირზე მრავალსართულიანი შენობების მშენებლობის ნებართვა გასცა და სამუშაოებიც დაწყებულია. გენგეგმის პროექტში წერია, რომ ამ ადგილზე (ალაზნის გამზირზე) 6 სართულზე მეტის აშენება არ შეიძლება, თუმცა ნებართვები გაცილებით მეტი სართულების მშენებლობაზეა გაცემული. თელავი არ არის მეგაპოლისი, არის ოცსაუკუნოვანი ისტორიული პატარა ქალაქი, რომელმაც თავისი სახე უნდა შეინარჩუნოს", - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

„თუ დოკუმენტი დროულად არ დაამტკიცეს, თელავი დაკარგავს იმ ხიბლსა და ფასს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა“, - ამბობს ნიკა ვარდოშვილი, „ლეიბორისტული პარტიის“ კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

კავკასიონი თელავიდან
კავკასიონი თელავიდან

ნიკა ფიქრობს, რომ თელავში ბოლო დროს წამოწყებული ან დაგეგმილი მშენებლობების გამო მთლიანად დაიფარება კავკასიონის და ალაზნის ხედები, რომლებიც ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობებია.

„ახლა გავიგე, რომ ერთი 12-სართულიანი საცხოვრებლის აშენებას აპირებენ თელავში, პარკ ნადიკვარის სიახლოვეს. ჩათვალეთ, რომ ეს პარკი გახდება ამ შენობის უკანა ეზო... მე არ გამოვრიცხავ, რომ დოკუმენტის არდამტკიცების უკან კორუფციული სქემაც იყოს“, - ამბობს იგი.

პროექტის ხელმძღვანელი ვახტანგ კასრელიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სამუშაო ჯგუფს თელავის საკრებულოდან რაიმე შენიშვნები არ მიუღია.

“თუკი იქ არის რამე საკვანძო საკითხები, რაზეც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დარწმუნებულია, რომ უკეთესად შეიძლება… კი ბატონო, გამოიტანონ საკრებულოზე და შეცვალონ, არც მაგის პრობლემაა, მაგრამ დასაბუთებული, მკვეთრად გაწერილი შენიშვნა…არ ყოფილა - არც ჩვენ მოგვიღია ასეთი შენიშვნები და არც სამინისტროს“, - ამბობს ვახტანგ კასრელიშვილი, პროექტის ხელმძღვანელი.

ფოტო პროექტ "პანორამა თელავიდან"
ფოტო პროექტ "პანორამა თელავიდან"

"პანორამა თელავი" - ასე ჰქვია საცხოვრებელ კომპლექსს, რომლის მშენებლობაც შპს „ელიტ ბილდინგ კომპანი“-მ თელავში, ალაზნის გამზირზე 2022 წლის 3 ნოემბერს დაიწყო. მშენებლობა 4 წელში უნდა დასრულდეს. კომპანიის დირექტორმა ივანე გოგლიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სულ ოთხ 11-სართულიან კორპუსს ააშენებენ. თელავის გენერალური გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, ამ ადგილზე მაქსიმუმ 6-სართულის აშენება იქნება შესაძლებელი.

„მე ვარ ინვესტორი და არაფერს ვანგრევ, არც უკანონოდ ვაშენებ. მოვითხოვეთ ნებართვა და მივიღე. სურვილი გვქონდა, რომ 14-სართულიანი კორპუსები აგვეშენებინა, მაგრამ მერიამ გვითხრა, რომ მხოლოდ 11-იანის აშენება შეგვეძლო, დავთანხმდით. არავის არ უნდა შეეშინდეს, იმის, რომ კავკასიონის ხედი დაიფარება. ალაზნის გამზირი დაბლობზეა და ზედა მხარეს მცხოვრებლებს წინ ბარიერი არ ექნებათ. ასე რომ ყოფილიყო, მერია ნებართვას არ გასცემდა… 4 კორპუსის აშენებით არაფერი არ დამახინჯდება. მე თელავის მერიაში არც არავის ვიცნობ. გორიდან ვარ და სულ 2-ჯერ ვარ ნამყოფი ქალაქში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ივანე გოგლიძემ.

თელავის განაშენიანების გეგმა
თელავის განაშენიანების გეგმა

თელავის მერიაში, გენერალური გეგმის პროექტთან და მათ მიერ გაცემულ სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებას კომენტარზე უარი უთხრეს.

„კი, დოკუმენტის მიხედვით, მაქსიმუმ 6 სართულზეა ლაპარაკი, მაგრამ ამჟამად უკვე არსებობს იქ 9-სართულიანი შენობებიც. არის ხალხი რომელიც ამბობს, რომ მრავალსართულიანი შენობები არ უნდა აშენდეს, თუმცა არის ხალხი, ვინც ძალიან არგუმენტირებულად თვლის, რომ სიმაღლეში არ უნდა შევზღუდოთ. …ჩვენი (საკრებულოს) ამოცანაა, რომ, ერთი მხრივ, დავიცვათ ქალაქი უწესრიგო მშენებლობებისგან და, მეორე მხრივ, ეკონომიკას მივცეთ იმის საშუალება, რომ განვითარდეს; ქალაქს მივცეთ საშუალება მოხდეს ურბანიზაცია, გაერთიანება-განვითარება… ვთვლით, რომ ძალიან მალე არსებითი ნაბიჯები და გარკვეული კონტურები გამოიკვეთება. ეს ის დოკუმენტი იქნება, რომელსაც ჩემი მოწვევის საკრებულო აუცილებლად დაამტკიცებს!“ - უთხრა რადიო თავისუფლებას თელავის საკრებულოს თავმჯდომარემ თენგიზ მთვარელიშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარე თელაველების ნაწილის წუხილს იმაზე, რომ მრავალსართულიანი მშენებლობების დაწყებით შესაძლოა ქალაქის იერსახე დამახინჯდეს, ასე პასუხობს:

„არანაირი ქაოსური მშენებლობები არ მიმდინარეობს ახლა თელავში! მითუმეტეს, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, რომ ასეთი მშენებლობები წავიდეს, საფრთხე არ არსებობს. იმ ტერიტორიებზე სადაც უკვე მიდის მშენებლობა, ცხადია, ჯობია იყოს გარკვეული რეგულაციები, მაგრამ იქაც არაფერი არ ხდება ისეთი, რომ საფრთხეს ქმნიდეს ახლა ან სამომავლოდ.“

თელავის გენერალური გეგმის პროექტის ავტორი, ვახტანგ კასრელიშვილი ამბობს, რომ თუკი ქალაქში სამშენებლო ნებართვები გაიცა და ქაოსური მშენებლობები მასობრივად დაიწყო, ამის შემდეგ დოკუმენტის მიღება დაგვიანებული იქნება:

„თუ ქალაქს აქვს ხედვა, ბიზნესი იქიდან კი არ გარბის, პირიქით ერგება და ყველა თავის სარგებელს იღებს, მაგრამ როცა არ გაქვს ხედვა, მაშინ ნებისმიერი ბიზნესი თავის ვექტორს ქმნის. ამ ქალაქის მიმართ ინტერესი არის ის, რომ აქ არის ჩამოყალიბებული ისტორიული წარსული და თან ყველაფერი შენარჩუნებულია. ეს არის მთელი თელავის ღირებულება და თუ მასობრივად გაშენდა, რაც სხვა ქალაქებს დაემართა, ეს გაქრება, იმიტომ რომ თელავს არ აქვს იმხელა მასშტაბი, რომ ეგ აიტანოს. სულ რამდენიმე უხეში ჩარევა და დიდი საქმე გაფუჭდება".

კახეთის რეგიონში განაშენიანების გენერალური გეგმა არცერთ მუნიციპალიტეტს არ გააჩნია. იმ შემთხვევაში, თუ საკრებულო გეგმის პროექტს დაამტკიცებს, თელავი კახეთში ერთადერთი ქალაქი იქნება, რომელსაც ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი ექნება.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG