Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მორიგი აფეთქება


ბუნებრივი აირის მრიცხველები
ბუნებრივი აირის მრიცხველები

ქარელში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, იმ კორპუსში, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ, აფეთქება მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, ეს ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. კორპუსის პირველ სართულზე მცხოვრები 58 წლის კაცი, დაზიანებებით, თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. დაზიანდა კორპუსის ფანჯრები. საგანგებო სამსახურმა მცხოვრებთა ევაკუაციაც მოახდინა. ადგილზე რჩებიან სპეციალისტები, რომლებიც აფეთქების გამომწვევ მიზეზს სწავლობენ. აფეთქება კი იმდენად ძლიერი იყო, რომ სამივე სართულის ფანჯრები ჩაიმსხვრა და მეზობლებიც დაზარალდნენ.

გახშირებული აფეთქებების ფონზე, გორის ქუჩებში გამოკითხული მოქალაქეების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ როგორც აბონენტები უნდა გაფრთხილდნენ და საკუთარ და სხვის ჯანმრთელობაზე იზრუნონ...


შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე დაზიანებულია 11 საცხოვრებელი ბინის შესასვლელი კარი, ოთახებს შორის ტიხრები და ჩამსხვრეულია მინები. დაზიანებულია ასევე ეზოში მდგარი 1 ავტომობილი. ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ქარელის მუნიციპალიტეტის მერის, ზაზა გულიაშვილის, განცხადებით, სპეციალისტებმა უკვე შეისწავლეს კორპუსის მდგრადობა და იქ ცხოვრება საშიში არ არის.

ნოემბრიდან კი ბუნებრივი აირის მომხმარებლებისთვის რეგულაციები მკაცრდება. ახალი წესის თანახმად, თუ ობიექტზე არსებული გაზდანადგარის ექსპლუატაცია დაუშვებელია და მომხმარებელი უარს აცხადებს მის დაუყოვნებლივ დემონტაჟზე, გაზგამანაწილებელი ორგანიზაციის თანამშრომელი ვალდებული იქნება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი გარემოების შესახებ პოლიციას აცნობოს. პროექტი ფულად ჯარიმებსაც ითვალისწინებს, თუმცა ფინანსური სანქციები მხოლოდ 2021 წლიდან ამოქმედდება. პირველ ეტაპზე ფიზიკური პირებისთვის 50, ხოლო იურიდიული პირებისთვის 500-ლარიანი ჯარიმებია დადგენილი. კანონპროექტი პარლამენტს დასამტკიცებლად მალე წარედგინება. გორში კი გაზგამანაწილებელი კომპანიის წარმომადგენლები მოახლოებულ ზამთრის სეზონთან დაკავშირებით აბონენტებთან უკვე მიდიან და მათ მოწყობილობებს ამოწმებენ. ნარგიზა სალუქაშვილს წყლის გაზის გამათბობელი სამზარეულოში აქვს დამონტაჟებული, კომპანიის წარმომადგენლებმა მას დანადგარის გარეთ გატანა უკვე მოსთხოვეს.

გაზგამანაწილებელი კომპანია მოსახლეობას ბუნებრივი აირის სუნის შემთხვევაში საავარიო სამსახურის სასწრაფოდ გამოძახებას ურჩევს.


გახშირებული აფეთქებების ფონზე, გორის ქუჩებში გამოკითხული მოქალაქეების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ როგორც აბონენტები უნდა გაფრთხილდნენ და საკუთარ და სხვის ჯანმრთელობაზე იზრუნონ, ასევე უნდა გააქტიურდნენ გაზგამანაწილებელი კომპანია „სოკარ ჯორჯიას“ წარმომადგენლები და მაქსიმალურად შეამოწმონ დანადგარები.

„სოკარ ჯორჯია“ კი მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და დანადგარების შემოწმებაში ხელშეწყობას სთხოვს. გარდა ამისა, გაზგამანაწილებელი კომპანია მოსახლეობას ბუნებრივი აირის სუნის შემთხვევაში საავარიო სამსახურის სასწრაფოდ გამოძახებას ურჩევს. გორში ასეთი შემთხვევები უკვე საკმაოდ ხშირია.

XS
SM
MD
LG