„მისი დამოკიდებულება საქართველოს მიმათ წინააღმდეგობრივი იყო. ის ცდილობდა ერთმანეთისთვის შეეთავსებინა რუსული ნაციონალიზმი და დემოკრატია. ძალიან ბუნდოვანი იყო მისი შეხედულებები რუსულ იმპერიალიზმთან დაკავშირებითაც“, - ამბობს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.
ნავალნის ყველაზე „მკვახე“ განცხადება რუსეთ-საქართველოს ომს უკავშირდება, როდესაც მან თქვა, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს.
„კი, ქართველებისთვის ეს ძალიან მტკივნეული იქნება. მაგრამ როგორც ერთ სიმღერაშია - მტკივნეულია, მაგრამ მერე სასიამოვნო. გარკვეული დროის შემდეგ, ისინი შეეჩვევიან გარდაუვალს. გარკვეული დროის შემდეგ მიხვდებიან, რომ წარსულს ვერ დააბრუნებენ და გააგრძელებენ ნორმალურ ცხოვრებას: ყურძენს მოიყვანენ, იმღერებენ, მთაში გარეკავენ ვირებსა და ჩოჩრებს და კიდევ ვისაც მწყემსავენ ხოლმე... აიმაღლებენ ცხოვრების დონეს და შესაძლოა, ასობით ათასმა ქართველმა აღარ იბოდიალოს რუსეთში. ისინი დარჩებიან სახლში და ბევრ კარგ საქმეს გააკეთებენ“, - წერდა ნავალნი თავის ბლოგში 2008 წლის 12 აგვისტოს.
რამდენიმე დღით ადრე კი ქართველებს „გრუზინების“ ანალოგიით „გრიზუნები“ (რუსულად მღრღნელები) უწოდა.
„რა თქმა უნდა, ძალიან მინდა დავუშინოთ ფრთოსანი რაკეტა „გრიზუნების“ გენშტაბს, მაგრამ „გრიზუნები“ სწორედ ამას ელოდებიან ... რუსეთმა უნდა მიიღოს მინიმუმ შემდეგი ზომები: აღმოუჩინოს სერიოზული სამხედრო და ფინანსური დახმარება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს... ბლოკადაში მოაქციოს საქართველო... გააძევოს ჩვენს ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე რუსეთიდან“, - ბლოგპოსტი, 2008 წლის 8 აგვისტო.
ხუთი წლის შემდეგ ნავალნიმ „ამერიკის ხმასთან“ თქვა, შეცდა - არასწორი იყო, როცა ქართველებს შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა სხვა დანარჩენზე აზრი არ შეუცვლია.
„ვწუხვარ ჩემი არასწორი განცხადებების გამო, როდესაც ქართველები მოვიხსენიე „გრიზუნებად“, მე არასწორად მოვიქეცი და ეს იყო შეცდომა. პოლიტიკოსი ვარ და შეცდომის აღიარება შემიძლია. მაგრამ ჩემი პოლიტიკური შეხედულებები არ შეცვლილა, კერძოდ:
2008 წლის ომი საქართველოსა და რუსეთს შორის საქართველოს მთავრობის ქმედებებს მოჰყვა.
სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დე ფაქტო რეგიონები წლების განმავლობაში არ იმართებოდა თბილისის მიერ, მათი მთავარი დამფინანსებელი კი წლებია რუსეთია.
მე თუ პრეზიდენტი გავხდები, რაღაც პერიოდის განმავლობაში რუსული ბაზები შენარჩუნდება ამ ტერიტორიებზე, მაგრამ, დარჩება თუ არა სულ, ამაზე პასუხისთვის ახლა მზად არ ვარ.
მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს სამსჯელო და კომპლექსური საკითხებია. მაგრამ რუსეთმა ხვალ რომ შეწყვიტოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაფინანსება, რა მოხდება, რა შეიცვლება? საქართველოს დაუბრუნდებიან?“
ალექსეი ნავალნის მიერ დაარსებული „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ წლების მანძილზე ამხელდა ვლადიმირ პუტინისა და მისი გარემოცვის კორუფციულ გარიგებებს. მის იუტუბარხსა და ჟურნალისტურ გამოძიებებს მილიონობით ადამიანი უყურებდა. ნავალნი მიიჩნეოდა ყველაზე რეალურ ოპოზიციურ ძალად პუტინის წინააღმდეგ.
კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ ნავალნის თავისი გავლენის გაძლიერება სურდა, რუსულ საზოგადოებაში კი, სადაც ნაციონალიზმი და იმპერიალიზმი დღემდე ძლიერია, მხოლოდ დემოკრატიული ლოზუნგებით ფონს ვერ გავიდოდა.
სინამდვილეში კი რამდენად ემთხვეოდა ნავალნის განცხადებები მისსავე პირად აზრს, ამის გაგება ახლა უკვე საკმაოდ პრობლემატურია, - „ეს შეიძლება მისმა თანამებრძოლებმა იცოდნენ, რომლებმაც ურჩიეს კიდეც, საქართველოსთან დაკავშირებით მსგავსი განცხადებები არ ეკეთებინა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩამოვიდნენ და მიხვდნენ, რომ ძალიან გააბრაზეს ქართველები“.
ალექსეი ნავალნი გამოეხმაურა გავრილოვის აქციებსაც. როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გავრილოვის საქართველოს პარლამენტიდან გაგდების შემდეგ საქართველოში ფრენები აკრძალა, ნავალნიმ თქვა, რომ საქართველოს შიდა საქმეების გამო პუტინი ისევ რუსებს არ უნდა სჯიდეს და არ უნდა აიძულებდეს, ბათუმში დაგეგმილი დასვენება გააუქმონ.
მისი ერთ-ერთი ბოლო განცხადება კი მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება. 2023 წლის აპრილში მან, უკვე პატიმარმა, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, ასევე პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი ტანჯვისაგან გაეთავისუფლებინა.
„საქართველოს ბედნიერი ევროპული მომავლის მჯერა. ეს მაგარი ქვეყანაა, რომელსაც ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ აყვავდეს. მჯერა, რომ პოლიტიკური დაპირისპირება (სად არ არის იგი?) მშვიდობიანად და სასიკეთოდ გადაწყდება.
მაგრამ ყოფილი პრეზიდენტი, აი, ეს პატიმრობა და ტანჯვა საშინელი და უგულოა. ევროპულ არჩევანს ურტყამს, განვითარებას ურტყამს, ნორმალური მომავლის შანსებს ამცირებს. მორალურ მდგომარეობას ამცირებს და ქვეყანას სიბრაზით ავსებს”, - წერდა ნავალნი.
16 თებერვალს 47 წლის ალექსეი ნავალნი რუსეთის ციხეში გარდაიცვალა. ნავალნი თაღლითობის და ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნის ბრალდებებით დააკავეს, და 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას სასტიკ და არაადამიანურ პირობებში ამყოფებდა ხელისუფლება იამალის ოლქის კოლონიაში.
2020 წლის აგვისტოში ნავალნი „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ნავალნი ორი კვირით კომაში ჩავარდა. შემდეგ ის რამდენიმე კვირა ფეხზე ვერ იდგა და 15 კილოგრამი დაკარგა. პოლიტიკოსმა გერმანიაში რამდენიმე თვე იმკურნალა. 2021 წლის იანვარში ის რუსეთში დაბრუნდა და იმ დღსვე, მოსკოვის აეროპორტში დააპატიმრეს.
საქართველოში, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას ოფიციალურად მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა და ეს ამბავი შეაფასა როგორც „ტრაგედია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ყველა დამცველისთვის“ .
მთავრობასა და „ქართულ ოცნებას“ ამ თემაზე განცხადება არ გაუკეთებიათ. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, არის თუ არა ნავალნი პუტინის რეჟიმის მსხვერპლი? - პაპუაშვილმა უპასუხა: „რაიმე კომენტარი ამ საკითხზე ვერ მექნება... კომენტარს რომ არ ვაკეთებ, ახლა, მიზეზებს ხომ არ ავხსნი?!“
„თუ დავაკვირდებით საქართველოს ხელისუფლების პოზიციას რუსეთთან დაკავშირებით, ძალიან მიამიტური იქნებოდა, გვეფიქრა, რომ რამე განცხადებას გააკეთებდნენ. საქართველოს ხელისუფლებას ხანდახან საკუთარი ჩრდილისაც კი ეშინია, რუსეთს როცა შეეხება საქმე. მკაფიო განცხადებებს ბორდერიზაციაზეც კი არ აკეთებენ“, - ამბობს კორნელი კაკაჩია.
18 თებერვალს ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ასობით ადამიანი ყვავილებითა და სანთლებით მივიდა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალებსა და ძეგლებთან. OVD-Info უფლებათა ჯგუფის ცნობით, ამის გამო ათზე მეტ ქალაქში პოლიციამ 401 ადამიანი დააკავა.
ნავალნის გარდაცვალების მიზეზი ისევ უცნობია. კოლონია „პოლარულ მგელში“ ჩასული დედისა და ადვოკატებისთვის მისი ცხედარი არ მიუციათ.