Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერას პირველი კომენტარი ფარულ ჩანაწერებზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 10 მარტს


ბერა ივანიშვილი: ვინც მე დედას შემაგინებს, დღესაც პასუხს მოვთხოვ

"ტვ პირველის" ეთერში გასული ფარული სატელეფონო ჩანაწერების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა ბერა ივანიშვილმა. მან ინტერვიუ ტელეკომპანია "იმედს" მისცა.

ბერა ივანიშვილი ამბობს, რომ ჩანაწერები გაკეთებულია 2011 წლის ზაფხულში, იმ დროს, როცა ის არასრულწლოვანი იყო. კითხვაზე, არის თუ არა ავთენტიკური ეს ჩანაწერები, მან თქვა, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს და რომ ეს არც აინტერესებს. ჩანაწერების შინაარსთან დაკავშირებით კი თქვა:

„მე დღესაც იმავე პოზიციაზე ვდგავარ და პირდაპირ ვიტყვი თქვენს ეთერში, რომ მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, ოჯახს შეეხება, რაც ყველაზე წმინდაა, მე ასეთ ადამიანს პასუხს მოვთხოვ, დღესაც. მანახეთ ქართველი კაცი, რომელიც ამ საკითხზე სხვანაირად ფიქრობს”, - განაცხადა მან.

ბერა ივანიშვილმა ასევე თქვა, რომ დაცვის სამსახურის ჩარევა ონლაინკომენტარების საკითხში მისი გულშემატკივრების დასაცავად გადაწყვიტა: „ამ ისტორიაში ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი იყო ჩემს გულშემატკივრებზე, 10-11 წლის ბავშვებზე მასიური, ასი-ორასკაციანი ჯგუფების თავდასხმა. იქ იყო მუქარა, რაღაც საზიზღარი პორნოგრაფიული სურათები. იქ იყო მუქარა, ჩვენ შენთან სახლში მოვალთ, ბერა შენ ვერ დაგიცავს“.

მისი თქმით, ამ კომენტარების თაობაზე რამდენიმე ბავშვის მშობელი დაუკავშირდა მას. „ჩვენ ვალდებული ვიყავით, ეს გადაგვეცა დაცვის სამსახურისთვის, რომელმაც ყოველგვარი კანონის, ეთიკისა და მორალის დაცვით მოინახულა ეს ადამიანები“, - თქვა ივანიშვილმა.

გადაცემის წამყვანმა მას კითხვა დაუსვა იმის თაობაზეც, თუ რას ნიშნავს შეძახილი „ტრი“ აუდიოჩანაწერში. ამაზე რეპერმა შემდეგი პასუხი გასცა:

„2010-2011 წლებში მე და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ხშირად დავდიოდით საფრანგეთში ჩემს მუსიკალურ საქმიანობასთან დაკავშირებით. ირაკლიმაც ფრანგული ძალიან კარგად იცის და ჩვენ ასე, ხუმრობით ერთმანეთს რაღაც ფრანგულ სახელებს ვეძახდით. იქ „ტრი-ტრის“ არ ვიძახდი, იქ ვიძახდი „ანტონი“-ს“.

ამ თემაზე ასევე ნახე:

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ხუთივე ბრალდებული მოსამართლემ დამნაშავედ ცნო

ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ბიძინა სტურუამ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში.

პატიმრობა მიესაჯათ:

  • არჩილ გაგნიძეს - 16 წელი;
  • ნიკოლოზ რევაზიშვილს - 16 წელი;
  • ვახტანგ ჩიქოვანს - 16 წელი;
  • 2 არასრულწლოვნის ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს სასჯელი განისაზღვრება მომდევნო, 16 მარტის სხდომაზე.

შაქარაშვილის ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია. ოჯახის სახელით კომენტარი გარდაცვლილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაჩენის გამოცხადების შემდეგ გააკეთა.

„განაჩენი არის სრულიად ობიექტური, ეს იყო ზუსტი, იდენტური იმისა, რაც იყო ჩადენილი დანაშაული. საბოლოო ჯამში, ეს აისახა ძალიან სწორ სასჯელში... არც ერთი პირი ტყუილად არ ყოფილა მიცემული სისხლის სამართლის საქმეში, გეუბნებით მთელი პასუხისმგებლობით. მტკიცებულებები იყო საკმარისზე მეტი, რომ ეს განაჩენი დამდგარიყო“, - თქვა მირიან ნიკოლაძემ, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ.

პატიმრობამისჯილების ადვოკატები კი განაჩენს არ ეთანხმებიან და მას „უსამართლოს“ უწოდებენ.

ამ თემაზე ასევე ნახე:

რაგბის კავშირში პრეზიდენტის ასარჩევად ემზადებიან

საქართველოს რაგბის კავშირის მორიგ ყრილობამდე და საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერი ვეტერანი მორაგბეები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ, რათა ეთქვათ, რომ ხმის უფლების მქონე დელეგატებზე ზეწოლა მიმდინარეობს და ბოლო დღეებში ეს ზეწოლა უფრო გაძლიერდა. ბობა კვინიხიძის განცხადებით, ამ ბინძური სცენარის მიზეზი ისაა, რომ პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატის - იოსებ ტყემალაძის - მხარდამჭერი გარეშე ძალები ხედავენ, რომ, კვორუმის არარსებობის გამო, კრება შეიძლება კიდევ ერთხელ ჩაეშალოთ.

დღევანდელი ყრილობის მოწინააღმდეგე ვეტერანმა მორაგბეებმა გუშინ საგანგებო პრესკონფერენციაზე ილაპარაკეს. იქვე გაავრცელეს ინფორმაცია მათ ერთ-ერთ თანამოაზრეზე - სარაგბო კლუბ „არმიის“ პრეზიდენტ ირაკლი სულთანიშვილზე - განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით. კვინიხიძემ დამსწრეთ უთხრა, რომ „არმიის“ პრეზიდენტს, რომელიც კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის უფლებით სარგებლობს, თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს, რათა მის ნაცვლად ყრილობაზე გამოცხადდეს მათთვის სასურველი დელეგატი, რომელიც პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატს, იოსებ ტყემალაძეს, დაუჭერს მხარს.

წაიკითხე მეტი.

რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი: ამერიკელები აპირებენ შეარყიონ „ქართული ოცნების“ პოზიციები

რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი, სერგეი ნარიშკინი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-ის დამოკიდებულებაზე საუბრობს. განცხადებას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც რუსეთის საგარეო დაზვერვის ფედერალური სამსახურის უფროსი ნარიშკინი აცხადებს: „ამერიკის შეერთებული შტატები ჯერ კიდევ მ. სააკაშვილის დროიდან მიეჩვია საქართველოს პოლიტიკური პროცესების „ხელით მართვას“, კარნახს, როგორ ფუნქციონირებდეს ხელისუფლება და როგორ ექცეოდეს ოპოზიციას. ბოლო დროს ვაშინგტონში იზრდება უკმაყოფილება მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მოქმედებების მიმართ, რომელიც ამერიკული მოთხოვნების უპირობო შესრულებას არიდებს თავს. თეთრ სახლში აღიზიანებთ, რომ „მეოცნებენი“ სრულყოფილად არ ასრულებენ მითითებას, ულაპარაკოდ მისდიონ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს.

საქართველოში წესრიგის დასამყარებლად ამერიკელები აპირებენ, ოპოზიციის მხარდასაჭერად სისტემურად იმუშაონ და, ამავდროულად, შეარყიონ „ქართული ოცნების“ პოზიციები“.

წაიკითხე მეტი.

დებატები ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე

ევროპარლამენტში პლენარული სესიების გახსნიდან მეორე დღეს დებატები საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს დაემთხვა. დასაწყისში სხდომა ჩაშლის საფრთხის ქვეშ დადგა, რადგან დარბაზში მოულოდნელად ელექტროენერგია გამოირთო. მოგვიანებით სხდომა ისევ განახლდა.

საქართველოს შესახებ მომხსენებელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეფ ბორელი იყო. მისი თქმით, პოლიტიკური ვითარება საქართველოში „სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“.

„ევროკავშირი პრიორიტეტად ხედავს დემოკრატიის კონსოლიდირებას, მათ შორის, საარჩევნო რეფორმას, პოლიტიკურ სტაბილურობასა და ინკლუზიურ საპარლამენტო პროცესს. სამართლიანი, დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემა, ასევე, არის მოწინავე მნიშვნელობის. ეს არის ჩვენი წინაპირობები საქართველოსთვის, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს პარტნიორობა ევროკავშირთან, ასოცირების ხელშეკრულებასთან ერთად. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ მიღწეული პროცესი შევაფასოთ უახლოეს პერიოდში, როდესაც შევხვდებით ასოცირების საბჭოს ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, 16 მარტს. ეს იქნება მნიშვნელოვანი თარიღი და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ შეგვეძლება პროგრესზე საუბარი“, - განაცხადა ბორელმა.

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა კი თავის სიტყვაში კრიზისზე პასუხისმგებლობა ორივე მხარეს დააკისრა. მისი თქმით, ორივე „ჩრდილოვანმა აქტორმა“ - მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა - უნდა შეწყვიტოს პროცესებში ჩარევა.

სხდომაზე პოლიტიკური პატიმრების საკითხიც გაჟღერდა. ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ თქვა, რომ გიორგი რურუასა და ნიკა მელიას გათავისუფლება ერთ-ერთი ნაბიჯია იმისთვის, რომ „საქართველო დაბრუნდეს სწორ გზაზე“. მან ყურადღება გაამახვილა ევროპელი ელჩების მედიაციის მნიშვნელობაზეც პოლიტიკურ კრიზისში.

ბელარუსში ქალები წინააღმდეგობის მოძრაობის წინა ხაზზე დგანან

შარშან ბელარუსელი ოპოზიციონერი ქალები 9 აგვისტოს სადავო საპარლამენტო არჩევნების გამო წამოწყებული საპროტესტო გამოსვლების ავანგარდში იდგნენ.

როგორც ლონდონის Control Risks Group-ის დირექტორი, ოქსანა ანტონენკო ამბობს, ბელარუსელმა ქალებმა მსოფლიო ტენდენციის განვითარებასაც კი მისცეს ბიძგი.

„ქალები მთელ მსოფლიოში თამაშობენ სულ უფრო დიდ როლს პოლიტიკურ აქტივიზმში და ბელარუსის მაგალითი დიდი ინსპირაცია იყო სხვა რეგიონებისთვის, მათ შორის, საპროტესტო გამოსვლებისთვის რუსეთში, ტაილანდსა და მიანმარში [ბირმა], სადაც მრავალი მონაწილე ქალია“, - უთხრა ანტონენკომ რადიო თავისუფლებას. „უფრო დიდია ალბათობა, რომ საპროტესტო გამოსვლები, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ, მშვიდობიანად ჩაივლის და მოიცავს მთელს საზოგადოებას, მათ შიშებსა და მისწრაფებებს. ასევე შესანიშნავია, როცა ვხედავთ, რომ ამ საპროტესტო გამოსვლებისას ყალიბდებიან ქალი ლიდერები და პოლიტიკოსები, რომლებსაც შეუძლიათ აღადგინონ დემოკრატული ინსტიტუტების ნდობა“.

ექვსმა ქალმა, რომლებზეც აქ მოგითხრობთ, არა მხოლოდ კვალი დაამჩნია მოვლენებს, არამედ მაღალი საფასურიც გაიღო საამისოდ.

წაიკითხე მეტი.

შეიძლება თუ არა, კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა გადაიქცეს "რბილ ძალად", რომელიც მნიშვნელოვნად იმოქმედებს საერთაშორისო ურთიერთობებზე? წარმოადგენს თუ არა რუსეთს "მოწინავე ქვეყნად" ვაქცინის ეფექტიანი გამოყენება, იმ ვაქცინისა, რომელსაც "სპუტნიკი" დაარქვეს და დღეისთვის არაერთ ქვეყანაში დაარეგისტრირეს? ამ თემაზე გვესაუბრება ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე.

XS
SM
MD
LG