Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში პროტესტის მასშტაბები ყოველდღიურად იზრდება - რა არ უნდა გამოგრჩეს 19 აგვისტოს


ლუკაშენკა ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოზე: ესაა „ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა“

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობს. მისი თქმით, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭო, რომლის წევრებიც გუშინ გააცნო საზოგადოებას პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ.

საკოორდინაციო საბჭოში შევიდნენ ნობელის პრემიის ლაურეატი, მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი, პაველ ბელოუსი, ალეს ბიალიაცკი, მარია კოლესნიკოვა და სხვები. თავად ციხანოუსკაია ლიეტუვიდან ავრცელებს ვიდეომიმართვებს.

გუშინ ასევე ცნობილი გახდა, რომ გაფიცულებსა და დემონსტრანტებს 100 ბელარუსი სპორტსმენი და მწვრთნელი შეუერთდა.

წაიკითხე მეტი.

შეთანხმებული, შეუთანხმებელი და შესათანხმებელი

18 აგვისტოს, ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიცია შეთანხმდა, რომ ამომრჩეველთა ხმებს ერთობლივი ძალებით დაიცავს. ასევე შეთანხმებულად გამოცხადდა მაჟორიტარი კანდიდატების საკითხი თბილისის 8-ვე ოლქისთვის. თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია შეკითხვებს იწვევს.

შეთანხმების პარალელურად რჩება საკითხები, რომელთა ნაწილიც არჩევნებამდე უნდა გადაწყდეს. თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქისთვის მანამდე შეთანხმებულ 6 კანდიდატს ოპოზიციურმა ერთობამ 18 აგვისტოს კიდევ 2 კანდიდატი მიუმატა: დიდუბე-ჩუღურეთის ოლქისთვის - ზურაბ ჯაფარიძე ("გირჩი"), ხოლო საბურთალოს ოლქისთვის - ირაკლი ოქრუაშვილი („გამარჯვებული საქართველო“).

„ნაციონალურ მოძრაობას“ 18 აგვისტოს პირდაპირ არ უთქვამს, რომ მხარს არ უჭერს ირაკლი ოქრუაშვილს. მაგრამ ფაქტია ისიც, რომ - თუკი ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევაში მხარდაჭერას „მკაფიოს“ უწოდებენ, ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევაში სიტყვა მხარდაჭერა საერთოდ არ გამოიყენება.

წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

19 მილიონი ყოფილ მაღალჩინოსნებს

2020 წლის 3 აგვისტოს სახელმწიფო კომპანია “ოუფენ ნეტმა” 10-მილიონიანი (10 037 000 ₾) ხელშეკრულება პირდაპირ, ტენდერის გარეშე გაუფორმა კომპანია “პარვუს ჯგუფს”. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ ამ წლის ბოლომდე ოზურგეთის რაიონში ოპტიკურბოჭკოვანი ინტერნეტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა უნდა მოაწყოს.

ოზურგეთი საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის საპილოტო რეგიონად 2020 წლის 9 მარტს შეირჩა, თუმცა მას შემდეგ გასული 5 თვე, “ოუფენ ნეტის” ხელმძღვანელის ოფიციალური წერილის მიხედვით, საკმარისი არ აღმოჩნდა ტენდერის ჩასატარებლად და მსხვილი შეკვეთის გამარტივებული წესით განკარგვა გადაწყდა. “ოუფენ ნეტმა” ჩაატარა ბაზრის კვლევა და არჩევანი შპს “პარვუს ჯგუფზე” შეაჩერა. “ოუფენ ნეტის” განმარტებით, საუკეთესო ფასი და პირობები “პარვუს ჯგუფმა” შესთავაზა. კომპანია სულ ერთი წლის დაარსებულია. ის 2019 წლის მაისში ორმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სულხან ზუმბურიძემ და მამუკა პაპუაშვილმა დააფუძნეს. ეს სულხან ზუმბურიძის ერთადერთი სახელმწიფო დაკვეთა არაა.

გიორგი მგელაძის ამ გამოძიებაში გიამბობთ, როგორ მიიღო ერთმა მაღალჩინოსანმა პოსტიდან წასვლის შემდეგ 2 წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან თითქმის 19 მილიონი ლარის სახელმწიფო შეკვეთა, აქედან 14 მილიონზე მეტი - ტენდერის გარეშე.

ევროკავშირის ლიდერები ბელარუსზე იმსჯელებენ

ევროკავშირის ლიდერები ბელარუსის შესახებ მსჯელობას დღეს აპირებენ საგანგებო სხდომაზე.

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა 17 აგვისტოს ტვიტერში დაწერა, რომ სამიტი ვიდეოკონფერენციის სახით გაიმართება ბრიუსელში.

„ბელარუსის ხალხს აქვს უფლება, გადაწყვიტოს საკუთარი მომავლის ბედი და თავისუფლად აირჩიოს საკუთარი ლიდერი“, დაწერა მიშელმა. „საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია და ამის დაშვება არ შეიძლება“.

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი აპირებს სანქციები დაუწესოს ბელარუსის მაღალი რანგის მოხელეებს, რომლებმაც ბრძანება გასცეს, სასტიკად გასწორებოდნენ მასობრივი საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა ამის შესახებ ჟურნალისტებს ამცნო პარასკევს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელთა რიგგარეშე შეხვედრის შემდეგ, რომელიც ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს მიეძღვნა.

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულმა მხარემ შემთხვევის ადგილზე ექსპერიმენტი ჩაატარა - როგორ დასრულდა ის?

წუხელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ადგილზე არაგვის ხიდებთან საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა. რეალურ დროში ექსპერიმენტი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ ჩაატარა.

კობაიძის თქმით, ამ ექსპერიმენტით უნდა დამტკიცდეს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი შაქარაშვილის მკვლელობის ეპიზოდში არ ფიგურირებს. ადვოკატმა სამი ექსპერიმენტი ჩაატარა, ერთი ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ჩვენებას უკავშირდება, მეორე "ფერად სახლთან" განვითარებულ მოვლენებს, მესამე კი ბილიკზე ჩარბენის ეპიზოდს შეეხება.

როგორ დასრულდა ექსპერიმენტი და რას აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი, წაიკითხე რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.

შეიარაღებული თავდასხმა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრზე

ცხინვალის შესასვლელ-გასასვლელები გადაკეტილია. პოლიცია, ომონი და უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები ამოწმებენ და ჩხრეკენ მანქანებს.

სამძებრო ღონისძიებები იმ პირების დასაკავებლად მიმდინარეობს, ვინც ორი დღის წინ ცეცხლი გაუხსნა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრს, იგორ ნანიევს. ის არ დაშავებულა - ამ ინფორმაციას ცხინვალიდან რადიო თავისუფლებას სამოქალაქო აქტივისტები აწვდიან. ცხინვალელებმა ნანიევზე შეიარაღებული თავდასხმის შესახებ დილით საინფორმაციო წყაროებით შეიტყვეს და სოციალური ქსელებით მაშინვე გაჩაღდა დისკუსია.

ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში კომენტატორების ერთ ნაწილს ეს თავდასხმა ბიბილოვის ხელისუფლების მორიგ სპექტაკლად მიაჩნია, ჩაკეტილი გზების გამო არსებული პრობლემების გადასაფარად. მათი აზრით, თუ მინისტრ ნანიევზე დაგეგმილი თავდასხმა მოხდა, თავდამსხმელები ჩანაფიქრს სისრულეში მოიყვანდნენ.

წაიკითხე მეტი.

ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა

ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ თავად ტელევიზიამ გაავრცელა.

საზოგადობრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობას თიკო ბერძენიშვილი შეასრულებს. გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭომ მიიღო.

მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად 2017 წლის 6 იანვარს აირჩიეს. ის მანამდე "ქართული ოცნების" თავმჯდომარისა და დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზიის, GDS-ის წამყვან თანამდებობაზე მუშაობდა. მისი არჩევა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" არხზე პოლიტიკური ზეგავლენის გაზრდის ნიშნად აღიქვეს.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დედისთვის ჩამორთმეული ბავშვები: არქმევს თუ არა სახელმწიფო ღარიბებს მოძალადის სახელს?

„მარტო ერთი ოცნება მაქვს, ჩემი შვილები დავიბრუნო“.

დედას, რომელიც ამ სიტყვებს ამბობს (არც მის და არც ბავშვების ვინაობას, მათივე ინტერესების გამო, ღიად არ ვასახელებთ), უკვე ხუთი თვეა, თავისი ორი შვილი - 11 წლის ბიჭი და 17 წლის გოგო არ უნახავს.

ბავშვები წელიწად-ნახევარია, რაც დედას დააშორეს და თბილისიდან შორს, რეგიონში გადაიყვანეს, მინდობით აღზრდაში.

წარმოიდგინეთ, რომ გაღარიბდეთ და ამის გამო თქვენგან შვილი წაიყვანონ. ეს გამოსავალი კი არა, დანაშაულია“, - გვეუბნება ადვოკატი ანა არგანაშვილი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებას ჩაჰყურებს, სადაც წერია: ბავშვები უგულვებელყოფის მსხვერპლები გახდნენ და საჭიროებენ განთავსებას სახელმწიფო მზრუნველობაში“.

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, სადაც ანა მუშაობს, საქმეში ახლახან ჩაერთო. ანა ბავშვის უფლებებს იცავს. მიზანი 17 და 11 წლის და-ძმის დედასთან დაბრუნებაა.

როგორ დაიწყო და განვითარდა მათი ამბავი და ხდება თუ არა სიღარიბე დედებისთვის ბავშვების ჩამორთმევის მიზეზი საქართველოში? - წაიკითხე ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

ჯო ბაიდენი აშშ-ის სენატორი იყო 30 წელიწადზე მეტხანს, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს კი - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი.

ნოემბერში პროფესიონალი პოლიტიკოსი შეეცდება, დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხოს.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG