Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ბალტიის გუშაგი" - რას უპირისპირებს ნატო რუსეთის "ჩრდილოვან ფლოტს"?


ნატოს გენერალური მდივნისა და ბალტიისპირეთის 8 ქვეყნის ლიდერების შეხვედრა ჰელსინკიში
ნატოს გენერალური მდივნისა და ბალტიისპირეთის 8 ქვეყნის ლიდერების შეხვედრა ჰელსინკიში

ბალტიის ზღვის ფსკერზე და მის გარშემო განლაგებული კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დასაცავად ნატოს ხელმძღვანელობა ახალ მისიას, „ბალტიის გუშაგს“ (Baltic Sentry) აამოქმედებს.

ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ჰელსინკიში, 14 იანვარს, ალიანსის წევრი ბალტიის 8 ქვეყნის ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნატოს ახალი მისია ბალტიის ზღვაზე ევროპაში ნატოსა და აშშ-ის გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, გენერალ კრისტოფერ კავოლის დაექვემდებარება, ხოლო „ბალტიის გუშაგის“ ამოცანა ისეთი დივერსიული აქტების პრევენცია იქნება, რომლებმაც ბოლო ხანს სერიოზული ფინანსური და პოლიტიკური ზიანი მიაყენა ალიანსის ბალტიელ მოკავშირეებს.

„მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩვენ მოწმენი გავხდით სადენების დაზიანებისა, რომლებიც ლიეტუვას და შვედეთს, გერმანიას და ფინეთს აკავშირებენ, სულ ახლახან კი დაზიანდა რამდენიმე სადენი, რომლებიც ესტონეთსა და ფინეთს აკავშირებენ. ყველა ამ შემთხვევის გამოძიება გრძელდება, მაგრამ გვაქვს საფუძველი სერიოზული შეშფოთებისა. ჩვენი ინფრასტრუქტურის დაცვას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. ინტერნეტტრაფიკის 95%-ზე მეტის უზრუნველყოფა წყალქვეშა კაბელებით ხდება. 1,3 მილიონი კილომეტრის სიგრძის კაბელი კი ყოველდღიურად 10 მილიონი დოლარის მოცულობის ფინანსურ ტრანზაქციას უზრუნველყოფს. ამ რისკების გათვალისწინებით ნატოელმა მოკავშირეებმა შესაბამისი ზომები მივიღეთ“, - თქვა მარკ რუტემ შეხვედრისას, სადაც პოტენციური საფრთხის კონტექსტში რამდენჯერმე იქნა ნახსენები რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტი“.

ევროკავშირის ქვეყნებს "რუსული ენის კურსებზე ჩაწერა" მოუწევთ, თუ თავდაცვით ხარჯებს არ გაზრდიან

ფინეთის დედაქალაქში ნატოს სახელმწიფოთა ლიდერების 14 იანვრის შეხვედრას, წინ უძღოდა რამდენიმე ინციდენტი ბალტიის ზღვაზე, რამაც გააძლიერა შეშფოთება რეგიონში რუსეთის შესაძლო სახიფათო ქმედებების გამო.

დეკემბრის ბოლოს ფინეთის ხელისუფლებამ, დივერსიაში მონაწილეობის ბრალდებით, დააკავა ტანკერი Eagle S, რომელიც სავარაუდოდ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილს წარმოადგენს.

დივერსიის შედეგად გადაჭრილი აღმოჩნდა ბალტიის ზღვის ფსკერზე გამავალი, ესტონეთისა და ფინეთის დამაკავშირებელი კაბელი.

„როიტერსის“ ბოლო ცნობით, რომელიც ფინელ გამომძიებლებს ეყრდნობა, კუნძულ კუკის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის ეკიპაჟი მზად იყო გადაეჭრა ასევე სხვა კაბელები და მილსადენები, მათ შორის ფინეთსა და ესტონეთს შორის მდებარე გაზის მილსადენი BalticConnector-ი.

ფინეთის საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელის თანახმად, ეჭვმიტანილის სტატუსით დაკავებულია ეკიპაჟის 9 წევრი.

იმ დროს, როდესაც ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ჰელსინკიში ევროპელ პოლიტიკოსებს ხვდებოდა, პოლონეთის სახელმწიფო ტელეკომპანია TVP-მ გაავრცელა ცნობა, რომ ნორვეგიიდან პოლონეთისკენ მიმავალი გაზსადენის რაიონში შეამჩნიეს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ ერთი ხომალდი, რომელიც პოლონეთის ხელისუფლების ცნობით, გაზსადენის მახლობლად „წრეებს ხაზავდა“.

„ხომალდების კაპიტნებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურის პოტენციურ საფრთხეს შედეგები მოჰყვება, რაც მოიცავს ხომალდის გემბანზე გადასვლას, ქონების კონფისკაციასა და დაპატიმრებას“, - განაცხადა ჰელსინკიში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ბალტიის ზღვის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრამდე ნატოს გენერალური მდივანი სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტში, სადაც ნატოს წევრ ევროკავშირის ქვეყნებს თავდაცვის ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 2%-მდე გაზრდისკენ მოუწოდა.

„წინააღმდეგ შემთხვევაში ოთხ-ხუთ წელიწადში ევროპელებს მოუწევთ ან რუსული ენის კურსებზე ჩაწერა, ან ახალ ზელანდიაში წასვლა“, - განაცხადა ევროპარლამენტში გამოსვლის დროს მარკ რუტემ.

ჰელსინკიში გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურ მდივანს სთხოვეს დაეკონკრეტებინა, თუ რატომ ხედავს რუსეთში მთავარ საფრთხეს.

„ამჟამად, როდესაც საუბარი კინეტიკურ (პირდაპირ) ომზეა, ჩვენ უსაფრთხოდ ვართ. ალიანსს ძალუძს მოიგერიოს ყველა, ვინც ჩვენზე თავდასხმას შეეცდება. მე ყველაზე მეტად მაშფოთებს, თუ რა მოგვივა 4-5 წლის შემდეგ, თუ ჩვენ მეტ ინვესტიციას არ ჩავდებთ კოლექტიურ თავდაცვაში, თუ ჩვენ უფრო მეტს არ გავაკეთებთ ჩვენი პროდუქციის გაზრდისთვის. რასაც რუსები სამი თვის განმავლობაში აწარმოებენ, ჩვენ წელიწადში ვუშვებთ. და „ჩვენ“ ვართ მთელი ალიანსი ლოს-ანჯელესიდან ანკარამდე. თუ დავაკვირდებით იმას, თუ რას ვხარჯავთ ჩვენ, და რამდენ ფულს ხარჯავს რუსეთი და როგორია მისი მსყიდველუნარიანობა, - ნამდვილად შევეჯახებით სირთულეებს, თუ არ გავზრდით იმ სახსრების მოცულობას, რასაც თავდაცვაზე ვხარჯავთ და არ გავაფართოებთ სამხედრო-სამრეწველო ბაზას“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ჰელსინკიში.

32-წევრიან ნატოში ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაა გაწევრიანებული. ბოლო ათი წლის განმავლობაში, ალიანსის ხელმძღვანელობა თავდაცვაზე მოკავშირეთაგან მშპ-ის მინიმუმ 2%-ის დახარჯვას ითხოვს, მაგრამ დღეისთვის ამ მიზანს მხოლოდ 24-მა წევრმა ქვეყანამ მიაღწია

რა შეიარაღება ექნება "ბალტიის გუშაგს"?

ნატოს ახალი მისია „ბალტიის გუშაგი“ კარგი წინაპირობაა ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად და დამატებითი ინვესტიციების მოსაზიდად.

სამშაბათს ჰელსინკიში ნატოს ბალტიის ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე მყოფმა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანიის საზღვაო ძალები გაგზავნიან ხომალდებს ბალტიის ზღვაში და ასევე მზად არის გამოიყენოს საკუთარი რესურსები იმ „მზარდი საფრთხის გათვალისწინებით“, რაც რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის შესახებ შეშფოთების ფონზე დაეუფლა რეგიონს.

მთლიანად მისიაში 10-მდე ხომალდი ჩაერთვება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორმა ახალმა წევრმა, ფინეთმა და შვედეთმა ასევე გამოაცხადეს მზადყოფნა - უზრუნველყონ თავიანთი გემების გაგზავნა.

მაგრამ ხომალდების გარდა „ბალტიის გუშაგი“ აღჭურვილი იქნება ასევე მცირე სადესანტო კატარღებით, ფრეგატებითა და საზღვაო საპატრულო თვითმფრინავებით. „შეკავების მექანიზმისა და გაძლიერებული თვალთვალის უზრუნველსაყოფად“, ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ბალტიის ზღვაზე სამხედრო-საზღვაო დრონების მცირე პარკის გაშლაც იგეგმება.

ბალტიის ზღვაში რამდენიმე სატელეკომუნიკაციო და ელექტროსადენი დაზიანდა მას მერე, რაც რუსეთი 2022 წლის თებერვალში სრული მასშტაბით შეიჭრა უკრაინაში. ექსპერტები და პოლიტიკოსები ამ ინციდენტებში ადანაშაულებენ მოძველებულ ხომალდებს, რომლებიც რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“ ეკუთვნის.

„რუსეთი საშიშროებას უქმნის ჩვენს ევროპულ უსაფრთხოებას, არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის უკანონო ომით, არამედ ასევე გადაჭრილი სადენებით, ადგილშეცვლილი სასაზღვრო ტივტივებით, დეზინფორმაციის კამპანიებით, GPS-ის ჩამხშობებით და, როგორც ვნახეთ, ნავთობის მოშლილი ტანკერებით“, - განაცხადა 10 იანვარს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა.

კრემლი უარყოფს კავშირს ინციდენტებთან.

რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის წინააღმდეგ პირდაპირ მოქმედებასთან ერთად, დასავლეთის ქვეყნებმა სანქციების დაწესება დაიწყეს ცალკეული ხომალდებისთვისაც, რომლებსაც „ჩრდილოვან ფლოტს“ მიაკუთვნებენ.

„ჩრდილოვან ფლოტში“ იგულისხმება ფორმალურად სხვა ქვეყნებში დარეგისტრირებული ხომალდები, რომლებსაც რუსეთი სანქციებისთვის თავის ასარიდებლად იყენებს. ეს არის საშუალება ქვეყნებისთვის, რომლებსაც აკრძალული აქვთ ნავთობით ვაჭრობა ან, როგორც რუსეთის შემთხვევაშია - ვაჭრობაზე შეზღუდვაა დაწესებული (მაქსიმალური ფასის განსაზღვრით). ექსპერტთა შეფასებით, რუსეთის ნავთობის თითქმის 70 პროცენტის ექსპორტი სწორედ „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების მეშვეობით ხორციელდება.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG