ფინეთის პოლიციის განცხადებით, ბალტიის ზღვის ფსკერიდან ამოღებულია ღუზა იმ ინციდენტის გამოძიების ფარგლებში, რომლის დროსაც დაზიანდა წყლის ქვეშ მდებარე ელექტრო და ტელეკომუნიკაციის სადენები.
გამოძიებისას გამოკვეთილი ვერსიით, სადენების დაზიანება მოჰყვა ხომალდის მიერ ღუზის გარკვეულ მონაკვეთზე თრევას. დაკავებულია რუსეთის ნავთობით დატვირთული ტანკერი Eagle S-ი, რომელსაც ერთ-ერთი ღუზა არ ჰქონდა. მანამდე გამომძიებლები ამბობდნენ, რომ ფსკერზე აღმოაჩინეს ათობით კილომეტრის სიგრძის კვალი, რომელიც, სავარაუდოდ, ღუზამ ხომალდის მიერ თრევით დატოვა, თუმცა საკუთრივ ღუზა ნაპოვნი არ იყო.
"ადგილი, სადაც ღუზაა აღმოჩენილი, ემთხვევა Eagle S-ის მარშრუტს... ზღვაზე აღმოჩენილი თრევის კვალის დასავლეთ ბოლოს მიმართულებით", - ამბობს ფინეთის გამოძიების სახელმწიფო ბიურო (NBI) განცხადებაში.
ფინეთის საბაჟოს ვარაუდით, ტანკერი ეკუთვნის რუსეთის "ჩრდილოვან ფლოტს" - ხომალდებს, რომლებსაც გადააქვთ რუსეთის ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები. ამ პროდუქტებს ემბარგო აქვს დაწესებული უკრაინაში მოსკოვის შეჭრის გამო.
ფორუმი