პარტიის პოლიტსაბჭოს სახელით გავრცელებული განცხადება იმეორებს „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ ამ დრომდე საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს „გლობალურ ომის პარტიასა“ და „დიპ სტეიტზე“. განსხვავება მხოლოდ ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის - საქართველოს შესახებ ინიციირებული „მეგობარი აქტის“ ავტორის - შესახებ ფრაგმენტია:
„ჯო უილსონი არის „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება - დეგრადირებული პოლიტიკოსი ნულოვანი პოლიტიკური კულტურით, რომელიც უხეშად გვემუქრება, რომ დაგვსჯის, თუ არ ვიომებთ“.
ამავე განცხადებაში ქართველი ხალხი და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ერთიან კონტექსტშია მოხსენიებული:
„საქართველოს ხელისუფლებას ვერავინ ვერავითარი სანქციების ფასად ვერ აიძულებს, ქვეყანა გამანადგურებელი ომისთვის გაწიროს. ქართველი ხალხი საქართველოს უკრაინიზაციას არავითარი სანქციების ფასად არ დაუშვებს“.
„ქართული ოცნების“ ამ განცხადებაში „გლობალური ომის პარტია“ 12-ჯერ, „დიპ სტეიტი“ კი 25-ჯერ არის ნახსენები.
რესპუბლიკელი კონგრესმენი, „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე ჯო უილსონი ბოლო პერიოდში აქტიურობს „ქართული ოცნების“ ლიდერების, მათ შორის პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხზე.
2024 წლის 27 დეკემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს. 30 დეკემბერს მიწერილი წერილით, უილსონმა აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახისა და ახლობლების სანქცირებისკენ მოუწოდა.
ერთ-ერთი ბოლო პოსტი სოციალურ ქსელ X-ში ჯო უილსონმა 5 იანვარს გამოაქვეყნა. მასში ეწერა:
„ქართული კოშმარის არაღიარების აქტი შემუშავებულია და მზადაა წარსადგენად! ქართველი ხალხი ითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. აშშ არ აღიარებს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მომხრე, პროირანულ ივანიშვილის რეჟიმს!“
„მეგობარი აქტი“, რომლის განახლებული ვერსიაც ხელახლა დარეგისტრირდა შეერთებული შტატების განახლებულ წარმომადგენელთა პალატაში, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთან ერთად, მათი ოჯახის წევრებისთვისაც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას.
კანონპროექტი ერთდროულად ორ სცენარზეა გათვლილი და „ქართულ ოცნებას“ სთავაზობს „თაფლაკვერსა და მათრახს“ - ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნების შემთხვევაში, ითვალისწინებს სამხედრო დახმარებას, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, ხოლო კურსის შენარჩუნების შემთხვევაში - კიდევ უფრო მკაცრ სანქციებს.
ოჯახის წევრებს სანქციები შეეხებათ იმ შემთხვევაში, თუკი „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების შესახებ შემოწმებისას - რასაც ამ კანონპროექტით კონგრესი ავალდებულებს აღმასრულებელ ხელისუფლებას - დადასტურდება, რომ ისინი მონაწილეობდნენ კორუფციასა თუ ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვაში.
„მეგობარი აქტი“ თავდაპირველად 2024 წლის 20 მაისს - საქართველოს პარლამენტში „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე - დარეგისტრირდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში. მსგავსი შინაარსის აქტი - „ქართველი ხალხის აქტი“ - შეიტანეს კონგრესის ზედა პალატაში, სენატშიც.
ფორუმი