საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა საყვირების ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ოლქის შენობის წინ გაერთიანებული ოპოზიციის ორგანიზებით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები არ ეთანხმებიან არჩევნების ოფიციალურ შედეგებს. ხმაური იყო ოლქის სხდომაზეც. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა და დამკვირვებლებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ საარჩევნო ადმინისტრაცია ჩატარებული არჩევნების გამო გააკრიტიკეს:
„ხალხი იყო თავიდან ბოლომდე მოუმზადებელი. ტყემალს ჭამდნენ და ბალზე ისხდნენ „ქართული ოცნებისა“ და ოლქის მიერ წარმოდგენილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები. 11 ათასი ბათილი ბიულეტენი იმაზე მიგვანიშნებს, რომ, უკაცრავად და, რაღაც მაიმუნობას ჰქონდა ადგილი“, - თქვა ირაკლი ფაღავამ.
ორივე უბნის გადათვლის და გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ არანაირი გადაცდომა, არანაირი ზედმეტი ბიულეტენი არ იყო და შედეგები დარჩა უცვლელი...ციალა შავაძე
„კომისიის წევრებს მინდა მოგიწოდოთ, კარგად დაფიქრდით, ვიდრე ამ შემაჯამებელ ოქმს მოაწერთ ხელს“, - თქვა დიმიტრი დარჩიამ.
საოლქო კომისიის ორმა წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ და რამდენიმე დამკვირვებელმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
თავის მხრივ, ბათუმის 28-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ციალა შავაძემ, განაცხადა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიამ ოქმების შედგენისას ტექნიკური შეცდომები მართლაც დაუშვა, რომელიც ახსნა-განმარტებებით გამოასწორა. ის, რომ უბნებზე დაშვებული იყო ტექნიკური შეცდომები, ორი უბნის თავიდან გადათვლამ დაადასტურაო, თქვა ციალა შავაძემ:
„რაც შეეხება გადათვლებს, საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ ორი უბანი გადაითვალა. მე-19 უბანი გადავთვალეთ საჩივრების საფუძველზე, ასევე - 85-ე უბანი, რომლის გადათვლა დაგვავალა სასამართლომ. ორივე უბნის გადათვლის და გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ არანაირი გადაცდომა, არანაირი ზედმეტი ბიულეტენი არ იყო და შედეგები დარჩა უცვლელი“, - ამბობს ბათუმის 28-ე საოქლო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძე.
„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში 120 საარჩევნო უბანზე შედგენილი ოქმების თითქმის 70 %-ის გაბათილებას და ხელახლა გადათვლას მოითხოვდა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ კი ოლქში შეტანილი საჩივრებით 20 უბნის გადათვლას ითხოვდა. მათგან დაკმაყოფილდა მხოლოდ ერთი.
სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ამის შემდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა და 14 ოქმის გადათვლა მოითხოვა, თუმცა ორი ინსტანციის სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნაზე უარი უთხრა. როგორც საიას იურისტი მირზა მამულაძე განმარტავს, გასაჩივრებულ ოქმებში ამომრჩეველთა რაოდენობა არ ემთხვეოდა დაჯამებული ბიულეტენების რაოდენობას - ერთ შემთხვევაში 103-ით მეტობა იყო, ორ შემთხვევაში 90-ით, ერთ შემთხვევაში 65-ით, დანარჩენ შემთხვევებში 10-ის ფარგლებში, ორში კი ბალანსის გამოანგარიშება საერთოდ შეუძლებელი იყო, რადგან მითითებული არ იყო არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობა. მოახდენდა თუ არა ეს ცდომილება გავლენას არჩევნების შედეგებზე, ამ შეკითხვის პასუხად საიას იურისტი ამბობს:
„ამის განსაზღვრა ახლა რთულია, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით, ეს უზუსტობები მექანიკური შეცდომების გამო იყო, თუ სხვა რამემ განაპირობა. სწორედ ამიტომ ვითხოვდით მიღებული შედეგების გადამოწმებას, რომ გაზრდილიყო სანდოობა პროცესის მიმართ. ახლა რომ ვთქვა, ეს გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე-მეთქი, გამომივა მარჩიელობა. ყველა კითხვას პასუხი რომ გასცემოდა ამომწურავად, აუცილებელი იყო საარჩევნო ადმინისტრაციასაც და სასამართლოსაც ეხელმძღვანელა გამჭვირვალობის პრინციპით, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა“.
შეიძლება ეს ყველაფერი მექანიკური შეცდომაც ყოფილიყო, ამიტომ იყო აუცილებელი შედეგების თავიდან გადათვლა, რომ დავრწმუნებულიყავით, ეს უზუსტობები ოქმებში მექანიკური შეცდომა იყო, თუ მანიპულაციის შედეგი...მირზა მამულაძე
სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი მირზა მამულაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ბათუმის ოლქის მაგალითზე შეუძლებელია იმის დადგენა, ცდომილება შემაჯამებელ ოქმებში იყო თუ არა დაშვებული კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის სასარგებლოდ:
„არჩევნებში 57 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა. დაანგარიშების შედეგად კი რამდენიმე ბიულეტენით მეტობა დგინდება. ეს რამდენიმე ბიულეტენი კი ვის სასარგებლოდაა მითითებული, ამის განსაზღვრა, თუკი თავიდან არ გადათვლი, შეუძლებელია. როგორ უნდა გამოიცნო წინასწარ, რომლის სასარგებლოდ იქნებოდა. შეიძლება ეს ყველაფერი მექანიკური შეცდომაც ყოფილიყო, ამიტომ იყო აუცილებელი შედეგების თავიდან გადათვლა, რომ დავრწმუნებულიყავით, ეს უზუსტობები ოქმებში მექანიკური შეცდომა იყო, თუ მანიპულაციის შედეგი“, - ამბობს საიას იურისტი მირზა მამულაძე.
თუ რატომ არ გადათვალეს ბათუმის საოლქო კომისიაში სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მოთხოვნილი ოქმები, - ასეთი კი საიას 20-მდე ჰქონდა წარდგენილი, „სამართლიან არჩევნებს“ კი - 13, - ამის შესახებ ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე დავით თოდრია ამბობს, რომ ორი უბანი, რომელიც თავიდან გადათვალეს, იმ ნიშნით შეარჩიეს, რომ აქ ყველაზე მეტი საჩივარი იყო დაწერილი. რაც შეხება სხვა უბნებს, დავით თოდრია სასამართლოს გადაწყვეტილებას იშველიებს:
„სასამართლო პროცესებზე ეს ძალიან კარგად იქნა ახსნილი, მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვისაც, ვინც ასაჩივრებდა. უბნის ბათილობა განსაკუთრებულ შემთხვევებში ხდება - მაშინ, როცა ეს არის ძალიან უხეში დარღვევა, კონკრეტული ქეისი უნდა არსებობდეს ამისთვის. მინდა გითხრათ, რომ არც ერთ ამ უბანზე, არც ერთ პროცედურულ დარღვევაზე საჩივარი არ ყოფილა. ყველა შემაჯამებელ ოქმზე ყველა კომისიის წევრი, მათ შორის ოპოზიციური პარტიების დანიშნული, აწერს ხელს და არც ერთ ოქმს არ ახლავს განსხვავებული აზრის ჩანაწერი. ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ პროცესი მიმდინარეობდა ჩვეულებრივად, ყველა პროცედურის დაცვით. უბრალოდ, არის ტექნიკური ხარვეზი შეჯამებისას“, - ამბობს ბათუმის 28-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დავით თოდრია.