საპრეზიდენტო არჩევნებიდან მეორე დღეს ახმეტაში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მინდია იუკურიძემ განაცხადა, რომ თანამდებობა დატოვა. ოპოზიციურ პარტიებში დარწმუნებით ამბობდნენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელი აიძულეს სამსახურიდან წასულიყო, რადგან მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ახმეტაში ამომრჩეველთა უფრო ნაკლები ხმები მიიღო, ვიდრე ოპოზიციის კანდიდატმა. თუმცა მას შემდეგ, რაც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ასეთი შეფასებები მოჰყვა, მინდია იუკურიძემ თქვა, რომ თანამდებობა არ დაუტოვებია და მუშაობას აგრძელებს. რა მოხდა ახმეტაში და რა განმარტებას აკეთებს საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი?
საპრეზიდენტო არჩევნებიდან მეორე დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა შაქრო ტერტერაშვილმა განაცხადა, რომ ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მინდია იუკურიძემ განცხადება დაწერა და თანამდებობა დატოვა.
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები კახეთში
- საპრეზიდენტო არჩევნებში ახმეტის ოლქში გრიგოლ ვაშაძემ 6220 ხმა მიიღო.
- „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა - 4497.
- გრიგოლ ვაშაძემ ასევე ხმების უმეტესობა მიიღო თელავში, ყვარელსა და ლაგოდეხში.
- სალომე ზურაბიშვილს ხმების უმრავლესობა მოიპოვა სიღნაღში, გურჯაანში, საგარეჯოსა და დედოფლისწყაროში.
- კახეთის რეგიონში ორივე კანდიდატის წარმომადგენლები მეორე ტურისთვის უკვე ემზადებიან.
მოგვიანებით თავად იუკურიძემაც დაადასტურა, რომ დაკავებულ პოზიციაზე აღარ იმუშავებდა და ეს იყო პირადი გადაწყვეტილება, რომელიც პოლიტიკას არ უკავშირდებოდა. უფრო კონკრეტულად, 29 ოქტომბერს შეკითხვას, დატოვა თუ არა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა, მინდია იუკურიძემ ასე უპასუხა: „მართალია, დავტოვე თანამდებობა. ჩემი გადაწყვეტილებაა და არანაირად არჩევნებს და პოლიტიკას არ უკავშირდება. უბრალოდ, ასე მოხდა. გუშინდლამდე ვიყავი თანამდებობაზე“.
ამ განცხადებიდან მეორე დღეს, 30 ოქტომბერს, მინდია იუკურიძეს კიდევ ერთხელ დავუკავშირდით და ვთხოვეთ მიზეზი დაესახელებინა, რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება მაშინ, როცა არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი. სრულიად მოულოდნელად იუკურიძემ გვითხრა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა არ დაუტოვებია და მუშაობას კვლავ აგრძელებს. მისი განმარტებით, „უბრალოდ, ოჯახური მდგომარეობის გამო ორი დღე არ შეეძლო სამსახურში სიარული“.
„გუშინწინ და გუშინ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვერ ვიქნებოდი ადგილზე, რადგან ჩემს ოჯახში 24 წლის ახალგაზრდა ბიჭი იყო გარდაცვლილი. მე ვაგრძელებ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. მე ვთქვი, რომ გასვენება იყო და 2 დღე ვერ ვიქნებოდი სამსახურში. ყველაფერმა ჩაიარა წყნარად, ყოველგვარი ხარვეზების გარეშე და, შესაბამისად, ისევ ვაგრძელებ საქმეს“.
ახმეტაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი შაქრო ტერტერაშვილი ამბობს, რომ იუკურიძეს სამსახურის დატოვება მას შემდეგ მოსთხოვეს, რაც ახმეტის საარჩევნო ოლქში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატზე, გრიგოლ ვაშაძეზე, თითქმის 13 პროცენტით ნაკლები ხმები მიიღო.
თუმცა მას შემდეგ, რაც მინდია იუკურიძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მწვავე რეაქცია მოჰყვა, ის თანამდებობაზე დააბრუნეს. საპრეზიდენტო არჩევნებში ახმეტის ოლქში გრიგოლ ვაშაძემ 6220 ხმა მიიღო, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კი - 4497.
„საერთოდ, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გაძვირებული საწვავის, პროდუქტებისა და გაუფასურებული ლარის გამო არავინ არ ერჩის. ერჩიან მხოლოდ არჩევნების შედეგების გამო. არჩევნების შედეგები კი დადგა ისეთი, როგორიც დადგა. ახმეტაში ხელისუფლებამ წააგო და საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე იყო წნეხი და იმის მერე, რაც გახმაურდა ეს ამბავი, წნეხი მოეხსნა. ამ ადამიანს მიეცა იმის საშუალება, რომ მუშაობა გააგრძელოს, თუმცა, თუ ყურადღება შესუსტდება, შეიძლება ეს წნეხი ისევ გაიზარდოს“.
აღსანიშნავია, რომ კახეთში ახმეტა არ არის ერთადერთი მუნიციპალიტეტი, სადაც გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილზე მეტი ხმა მიიღო. ასეთი მდგომარეობაა თელავში, ყვარელსა და ლაგოდეხშიც, ხოლო კახეთის დანარჩენ 4 მუნიციპალიტეტში - სიღნაღში, გურჯაანში, საგარეჯოსა და დედოფლისწყაროში - სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის კანდიდატზე მეტი ხმები მიიღო. რეგიონში ორივე კანდიდატის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მეორე ტურისთვის უკვე ემზადებიან.