Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი „ჯოკერი“ – „გთხოვ, შეწყვიტე სიმღერა!“


ჯოკერი პირველი სახით იყო ერთგვარი განსახიერება ქაოსისა, არსება, რომელსაც სინდისის გრძნობა ჩაკლული აქვს. ეს იყო მისი ძალა და, თუ გნებავთ, ამაში იყო მისი მომხიბვლელობაც. ახლა ავტორებმა გადაწყვიტეს, ადამიანურობა შესძინონ მის „მეორე მეს“, არტურის სახით.
ჯოკერი პირველი სახით იყო ერთგვარი განსახიერება ქაოსისა, არსება, რომელსაც სინდისის გრძნობა ჩაკლული აქვს. ეს იყო მისი ძალა და, თუ გნებავთ, ამაში იყო მისი მომხიბვლელობაც. ახლა ავტორებმა გადაწყვიტეს, ადამიანურობა შესძინონ მის „მეორე მეს“, არტურის სახით.

„ჯოკერი: სიგიჟე ორისთვის“ (აშშ, 2024, რეჟისორი ტოდ ფილიპსი)

ახალი „ჯოკერი“, ვფიქრობ, ისედაც საკმაოდ უღიმღამო კინემატოგრაფიული წლის მთავარი გაწბილებაა. ერთს ველოდით, მაგრამ სულ სხვა მივიღეთ.

როცა 2019 წელს, ვენეციის კინოფესტივალზე, კინოკრიტიკოსებმა ოვაციები მოუწყვეს ჟიურის, რომელმაც „ოქროს ლომით“ აღნიშნა ტოდ ფილიპსის ფილმი, გულში ვიფიქრე, რომ ეს წარმატება ხანმოკლე იქნებოდა და არტურ ფლეკის ამბის ამ ვერსიას კინოს ისტორია სულ მალე დაივიწყებდა. მაგრამ შევცდი. „ჯოკერმა“ ფილმის ავტორებს ერთი მილიარდი მოგება მოუტანა. პრემიერიდან ცოტა ხნის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰოლივუდი „ჯოკერის“ გაგრძელებისთვის ემზადება და ჰოაკინ ფენიქსი უკვე დიეტაზეა… „ჯოკერი-2“-ის გადაღების წინ მსახიობმა 23 კილო დაიკლო. მერე გამოცხადდა, რომ ახალი ფილმი მიუზიკლი იქნება. არსებითად აქ აირია ყველაფერი. ცხადი გახდა, რომ „ჯოკერის“ ავტორები თავიანთ ფანებს სიურპრიზს უმზადებენ.

ერთი მხრივ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ტოდ ფილიპსმა დასცინა იმათ, ვინც წინა ფილმში ძალადობის პროპაგანდას აბრალებდა. მაგრამ ამით უნებლიედ დასცინა თაყვანისმცემლებსაც, გააწბილა რა მათი მოლოდინი.

დიახ, ახალი „ჯოკერი“ რადიკალურად განსხვავდება პირველი ფილმისგან (არა მარტო იმიტომ, რომ მიუზიკლია). ეს რადიკალიზმი შეიძლებოდა სიახლედ, მოულოდნელობად აღქმულიყო, რომ არა ერთი ნიუანსი - ავტორები თავად ვერ ინელებენ წინა ფილმს და მუდმივად მიმართავენ მას მოგონებებსა და დიალოგებში. მეტიც, თუკი პირველი „ჯოკერისთვის“ მარტინ სკორსეზეს „ტაქსის მძღოლი“ და „კომედიის მეფე“ თავისებური ყავარჯენი იყო, ახალ „ჯოკერში“ ასეთსავე როლს ასრულებს წინა, წარმატებული ფილმი, რომლის მთავარი პერსონაჟის დეკონსტრუქციას (არსებითად საკუთარი წარმატების დეკონსტრუქციას), ზოგადად კინოს, როგორც ხელოვნების დეკონსტრუქცია მოჰყვება. ამ მხრივ „ჯოკერი-2“ ნამდვილად საინტერესო სანახავია - ფილმი, რომელმაც მოკლა წინა ფილმი, მოკლა ჯოკერი არტურ ფლეკში და არა მარტო გაასამართლა, არამედ მთლად სასამართლოზე „აგვიხსნა“ რატომ იქცეოდა ასე „ჯოკერი-1“-ში.

ამბავი იწყება წინა ფილმის დასასრულიდან ორი წლის შემდეგ. გამოგონილი ქალაქის, გოთემის „ფსიქიატრიულ ციხეში“ გამომწყვდეული არტურ ფლეკი ელოდება სასამართლოს მკვლელობის სერიისთვის, რომელიც მის მიერ მოწყობილ ამბოხებას მოჰყვა. დაღლილს, წამლებისგან გამოფიტულს, აძლევენ უფლებას, მონაწილეობა მიიღოს გუნდის მუსიკალურ გაკვეთილებში, სადაც გაიცნობს ჰარლი ლი ქვინს, ლედი გაგას შესრულებით. ფსიქიატრიულის პაციენტები არიან, თუმცა მაყურებელი მალევე გააცნობიერებს, რომ ფილმის სათაურში გამოტანილი სიტყვა „სიგიჟე“ ირონიაა, მე ვიტყოდი, „ჯოკერის“ ფანების მასხარად აგდებაც კი. რადგან ირკვევა, რომ ეს არის ფილმი არა ჯოკერზე, არამედ არტურ ფლეკზე, რომელიც ცდილობს იყოს რაიმე სხვა სიმბოლო, გარდა იმისა, რასაც ჩვენ მისგან ველით.

ჯოკერი პირველი სახით იყო ერთგვარი განსახიერება ქაოსისა, არსება, რომელსაც სინდისის გრძნობა ჩაკლული აქვს. ეს იყო მისი ძალა და, თუ გნებავთ, ამაში იყო მისი მომხიბვლელობაც. ახლა ავტორებმა გადაწყვიტეს, ადამიანურობა შესძინონ მის „მეორე მეს“, არტურის სახით. ჯოკერის ნიჰილიზმი და საზოგადოების წესების მიუღებლობა შეიცვალა ეჭვით და სინანულით. რატომაც არა... ეს, როგორც იტყვიან, „ავტორის არჩევანია“. მაგრამ პერსონაჟის უძარღვობამ აქ, სამწუხაროდ, ფილმის მხატვრული მთლიანობაც შეიწირა. ეს უძარღვობა, ხელოვნური წესიერება გადაედო ფილმსაც, რომელსაც კატასტროფულად აკლია დინამიკა. თავად ფილმი დაემსგავსა სახეშეცვლილ ჯოკერს, რომლისგანაც რაღაცას ელი. მაგრამ სრულიად ამაოდ.

ისე მოხდა, რომ მსოფლიო ეკრანებზე ტოდ ფილიპსის ფილმის პრემიერა დაემთხვა პირველ ჩვენებებს ჟაკ ოდიარის შესანიშნავი მიუზიკლის, „ემილია პერესისა“, რომელმაც მთლიანად გადაფარა ჰოლივუდის ახალი „ჯოკერი“. „ემილია პერესის“ საუნდტრეკი, რომელშიც მხოლოდ 5 ტრეკია, კანში საუკეთესო მუსიკალურ ალბომად გამოცხადდა. აბა, გამოტყდით, ვის დაგამახსოვრდათ 30-60-იანი წლების ნოსტალგიური ქავერები, რომლებსაც ლედი გაგა და ჰოაკინ ფენიქსი ასრულებენ? არცერთი მუსიკალური სცენა არ ეხმარება აქ სიუჟეტის განვითარებას არა იმდენად შესრულების, რამდენადაც სიმღერების წარმოდგენის გამო. რას ვხედავთ ამ ინტერლუდიებში? სიგარეტის კვამლში გახვეულ ჰოაკინ ფენიქსს და ლედი გაგას, რომელიც განუწყვეტლივ ტრიალებს მუსიკის ფონზე. უკვე მეორე მუსიკალური სცენის შემდეგ ვხვდებით, რომ ეს ჩადგმული მუსიკალური პაუზები ავტორებს უბრალოდ სცენარის სიცარიელის ამოსავსებად სჭირდებათ. მათი გადაადგილება, რომელიმე მათგანის ამოღება საერთოდ არაფერს შეცვლიდა. გვრჩება კიტჩური ქორეოგრაფია, „ცეკვა-თამაში“, რომელიც სრულიად ანგრევს ფილმის რიტმს და ისედაც ვაი-ვაგლახით განვითარებულ ამბავს გადატვირთულ, დამძიმებულ კოლაჟად აქცევს.

კიდევ ერთი პუნქტი, რომელიც პრობლემას უქმნის ფილმს, არის „ჯოკერი-2“-ის სივრცითი ჩარჩო. ის ფაქტი, რომ მოქმედებების უმეტესი ნაწილი ციხეში ვითარდება, ბადებს კლაუსტროფობიის განცდას, მაგრამ ასევე ამცირებს ფილმის შინაარსობრივ და ვიზუალურ შესაძლებლობებს. პირველი ნაწილისგან განსხვავებით, სადაც ქალაქი თავისთავად იყო პერსონაჟი, არტურის შინაგანი ქაოსის ანარეკლი, აქ სიმბოლური ფონი არა გვაქვს. მილიმეტრიანი კადრირება, აუჩქარებელი ზუმები, კარგად მოფიქრებული ფერადოვანი კონტრასტები საქმეს ვერ შველის. რა თქმა უნდა, ჩაკეტილ სივრცეში შედევრებიც გადაუღიათ, რა თქმა უნდა, არაერთი „სასამართლოს ფილმის“ გახსენება შეიძლება, რომელშიც დაძაბულობა მუდმივად მატულობს. მაგრამ ამას დიდი ავტორები ახერხებდნენ. დიდი მსახიობებით, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი ვერც ჰოაკინ ფენიქსისა და ვერც, მით უმეტეს, ლედი გაგას ინტერპრეტაციაზე. სიგიჟის თამაში, რომელსაც მიმართავენ მსახიობები, იმდენად ყალბია, რომ ხანდახან უხერხულობის გრძნობა შეიძლება გაუჩნდეს მაყურებელს. მით უმეტეს, რომ, ვიმეორებ, ეს სიგიჟე, ინტენსივობა, ენერგია მთლიანად ფილმს აკლია.

გასაგებია, რომ ამ კვაზიფსიქოდელიურ ისტორიაში ციხე არტურის ფსიქიკური ციხეა. ეს ფილმი წარმოგვიდგენს მის ფანტაზიებს, მის მისწრაფებებს, მის სურვილებს. მაგრამ აქვე ჩნდება ფილმის მეორე თემა - მედიის გავლენა საზოგადოებრივ აზრზე და პუბლიკის არაჯანმრთელი ინტერესი სერიული მკვლელების და მანიაკების მიმართ. არტურის ფსიქიკური ხილვები და მწვავე სოციალური პრობლემები ერთმანეთს ხელს უშლის და საბოლოოდ, ორივე იკარგება, ან მაქსიმუმ ბანალურად ვითარდება. პოლიტიკური კათარსისის ეფექტი, რომელიც წინა „ჯოკერს“ ჰქონდა, ტოდ ფილიპსის მთავარი გზავნილი, მისი სურვილი, ეჩვენებინა, როგორ იშორებს თავიდან ლიბერალური საზოგადოება ყველაზე სუსტებს და ამით ქმნის ახალ ურჩხულებს, შეიცვალა თითქოს ყოველგვარი ენთუზიაზმის გარეშე გადაღებული ამბით და სიმღერებით, რომლებიც კინოსაც კლავენ და თავად სიმღერებსაც. ამიტომ, ვფიქრობ, „ჯოკერი-2“-ის დასრულების შემდეგ მაყურებელს შეიძლება მხოლოდ ერთი ფრაზა დაამახსოვრდეს - როცა არტური ეხვეწება ლედი გაგას გმირს: „გთხოვ, გეყოფა სიმღერა!“... თქვენი არ ვიცი და ეს ფრაზა მუდმივად მიტრიალებს თავში.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG