Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის შავი ხვრელების წინააღმდეგ - აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლები თბილისში


 ჯიმ ო’ბრაიენი, დევიდ ო’სალივანი, კუმარ აიერი
ჯიმ ო’ბრაიენი, დევიდ ო’სალივანი, კუმარ აიერი

„რუსეთი არ გაჩერდება... მუდმივად ეცდება, რომ შავი ხვრელები და გზები გამონახოს“, - აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მაღალჩინოსნები ამ ეტაპზე მთავარ მიზნად ასახელებენ კონტროლის გაძლიერებას, რათა რუსეთმა ვერ შეძლოს ელექტროსაქონლით უკანონო მომარაგება, რის უკანაც სამხედრო მიზნები დგას.

საქართველოს ორი დღის განმავლობაში სტუმრობდა დელეგაცია სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯიმ ო’ბრაიენის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა გენერალური დირექტორის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერისა და სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის დევიდ ო’სალივანის შემადგენლობით.

რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაკისრებული სანქციების აღსრულების საერთაშორისო კოორდინატორები აცხადებენ, რომ ხელისუფლება სერიოზულად ეკიდება საკითხს, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული სანქციებისგან თავის ასარიდებლად და მუშაობა მიმდინარეობს კონტროლის მექანიზმების კიდევ უფრო დასახვეწად და გასაღრმავებლად.

26 ივნისს თბილისში ორი პრესკონფერენცია გაიმართა. ბრიტანეთის საელჩოში პრესკონფერენცია გამართეს ჯიმ ო’ბრაიენმა და კუმარ აიერმა; ხოლო ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ჟურნალისტებს დევიდ ო’სალივანი შეხვდა.

რადიო თავისუფლების შეკითხვაზე - რატომ სახელდება საქართველო ერთ ჯგუფში თურქეთთან, სომხეთთან, ყაზახეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ერთად [როდესაც სანქციების გვერდის ავლაზეა ლაპარაკი] და რა მსგავსება ან განსხვავებაა ამ ქვეყნებს შორის? - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჯიმ ო’ბრაიენმა განმარტა, რომ მუშაობა მიმდინარეობს „რუსეთის მეზობლებთან“ და „რუსეთის მსხვილ სავაჭრო პარტნიორებთან“. დელეგაცია მალე სომხეთში აპირებს ჩასვლას.

გაზრდის თუ არა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა სანქციებისგან თავის არიდების რისკებს? - რადიო თავისუფლების შეკითხვაზე კუმარ აიერმა უპასუხა, რომ "სანქციებისგან თავის არიდება, უმეტესად, სახმელეთო საზღვრების გზით ხდება“ და ახლა მიმდინარეობს მუშაობა დამატებითი მექანიზმების შემოღებაზე, რათა გამკაცრდეს „საქონლის სახმელეთო გზით მიმოსვლის კონტროლი და მონიტორინგი“; ხოლო საჰაერო მიმოსვლა იქნება კიდევ ერთი მიმართულება, „რომლის კონტროლიც ასევე საჭიროა“.

ო’ბრაიენმა და კუმარ აიერმა განაცხადეს, რომ მიზანს არ წარმოადგენს რუსეთთან ვაჭრობის სრული აკრძალვა და ლაპარაკი არ არის, მაგალითად, სურსათსა და მედიკამენტებზე; თუმცა ხაზგასმით ლაპარაკია იმ ტიპის საქონელზე, რომელიც „ბრძოლის ველზე გამოიყენება“. მათი განმარტებით, ბოლო თვეებში გამოიკვეთა ახალი პრობლემა, რომ რუსეთი უკრაინასთან ომში, სამხედრო მიზნებისთვის იყენებს ელექტროსაქონელს, რომლის მიწოდებაც მისთვის სხვადასხვა ქვეყნიდან ხდება. ორმაგი დანიშნულების ელექტროსაქონლის სია შედგება 38 დასახელებისგან.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ კონკრეტული ჩვენი ჩამოსვლის მიზანი იყო ის 38 დასახელების ელექტროსაქონელი და ჩვენ ახლა ამ [38 დასახელების] ელექტროსაქონელზე სასაუბროდ ვართ ჩამოსული“, - თქვა კუმარ აიერმა.

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა დევიდ ო’სალივანმა 26 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ „საქართველო ყველა საჭირო ძალისხმევას მიმართავს, რათა ქვეყანა [სანქციებისთვის] გვერდის ავლის გზად არ იქნეს გამოყენებული“. თუმცა რაც მეტი გზა იქნება ღია საქართველოსა და რუსეთს შორის, მით მეტი კონტროლია საჭირო.

„რაც შეეხება ფრენებს, თუ რუსეთიდან საქართველოში შესვლის წერტილების რაოდენობას გაზრდით, მაშინ უნდა გაზარდოთ კონტროლიც ყველა ამ შესვლის პუნქტზე... ნებისმიერი სასაზღვრო პუნქტი პოტენციური სუსტი წერტილია სანქციების აღსრულების კუთხით, მაგრამ არ მგონია, საქართველოში იმაზე სუსტი იყოს ეს წერტილები, ვიდრე სხვა ქვეყნებში“, - ასე უპასუხა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა რადიო თავისუფლების შეკითხვას [სანქციების აღსრულების ჭრილში] რუსეთთან აღდგენილ პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით.

ო’სალივანის თქმით, დასანანია, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება, რადგან ქვეყანას სურს გახდეს ევროკავშირის წევრი; თუმცა, ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო სპეციფიკურ ვითარებაშია, გეოგრაფიული თვალსაზრისით.

26 ივნისს გამართულ პრესკონფერენციებზე არ დასახელებულა არცერთი კონკრეტული ფაქტი, რაც შესაძლოა ჩათვლილიყო სანქციების გვერდის ავლის გამოვლინებად. დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების აღსრულების პროცესის კოორდინატორებმა აღნიშნეს, რომ ძალისხმევა მიმართულია სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებასა და კონტროლის მექანიზმების კიდევ უფრო გაძლიერებაზე.

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა - ჯიმ ო’ბრაიენმა, კუმარ აიერმა და დევიდ ო’სალივანმა საქართველოში შეხვედრები გამართეს პრემიერ-მინისტრთან, მინისტრებთან, გენერალურ პროკურორთან, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელებსა და ბიზნესის წარმომადგენლებთან. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შეხვედრები ასევე გაიმართა პრეზიდენტსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

XS
SM
MD
LG