Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ო'ბრაიენმა და აიერმა საქართველოში ჩამოსვლის მიზანი დაასახელეს


თბილისი. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯეიმს ო'ბრაიენის და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორის, კუმარ აიერის ერთობლივი პრესკონფერენცია
თბილისი. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯეიმს ო'ბრაიენის და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორის, კუმარ აიერის ერთობლივი პრესკონფერენცია

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა ჯიმ ო’ბრაიენმა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა გენერალურმა დირექტორმა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში კუმარ აიერმა არ უპასუხეს შეკითხვას, რომელიც ეხებოდა პერსონალური სანქციების შესაძლო დაწესებას, მათ შორის „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ.

სანქციების კოორდინატორებმა დიდი ბრიტანეთიდან და შეერთებული შტატებიდან განმარტეს საქართველოში ჩამოსვლის მიზანი. მათი განცხადებით, მათი მიზანია, რომ კონკრეტული ელექტროსაქონელი არ მოხვდეს რუსეთში.

„მე არ ვისაუბრებ შესაძლო სანქციებზე ამ კონკრეტულ შემთხვევებზე. ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ დიდი სამუშაო შესრულდა საქართველოს მთავრობის მიერ და არის კომპლექსური სისტემა შექმნილი. თუკი შექმნილი სისტემა გააგრძელებს მუშაობას, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მოვახდინოთ იმ საქონლის იდენტიფიცირება, რაც არის აკრძალული. ეს არის ახალი სისტემა და მას ვაუმჯობესებთ როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე ყოველდღიურად. ბევრი დასახლების ელექტროსაქონლით ვაჭრობა იყო ლეგალური გარკვეულ პერიოდამდე, წლის დასაწყისამდე. უკვე თებერვლის ბოლოსკენ ჩვენმა მთავრობამ, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა კონკრეტული დასახელების ნივთებით ვაჭრობა გახადა არალეგალური. უკვე ამის შემდგომ ჩვენ დავინახეთ ვაჭრობის დინამიკის ცვლილება რუსეთის მეზობელ ქვეყნებში. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ეს სისტემა არსებობს და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ეს იყოს ეფექტიანი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ვაჭრობის დინამიკა შეიცვალა, ემბარგოს შემდეგ აღდგა საქართველოში რუსული ექსპორტი. ზოგიერთ გლობალურ კომპანიას საქონელი შემოაქვს საქართველოში, რუსეთის მეზობელ ქვეყნებში, ვიდრე თავად რუსეთში.

ჩვენი შეხვედრების და ურთიერთობების მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენ და საქართველოს მთავრობა ვდგავართ ერთნაირ პოზიციაზე, იციან, რომ ამ დასახელების პროდუქცია არ უნდა შევიდეს რუსეთში.

ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ შეჩერდეს ოკუპანტი, რომელიც იპყრობს მეზობელ ქვეყანას. საქართველომ, ალბათ, ეს ყველაზე კარგად იცის თავისი გამოცდილებიდან და ესმის ამის მნიშვნელობა", - განაცხადა ო'ბაიენმა.

კუმარ აიერმა თქვა, რომ სრულად იზიარებს ო’ბრაიენის განცხადებას. ის გამოეხმაურა შესაძლო პერსონალური სანქციების შესახებ შეკითხვას და განმარტა ვიზიტის მიზანი. „რამდენჯერმე გამეორდა ეს კითხვა და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ კონკრეტული ჩვენი ჩამოსვლის მიზანი იყო ის 38 დასახელების ელექტროსაქონელი და ჩვენ ახლა ამ 38 ელექტროსაქონელზე სასაუბროდ ვართ ჩამოსული", - თქვა მან.

აიერი აცხადებს, რომ ამ თემაზე სალაპარაკოდ მხოლოდ საქართველოში არ ჩამოსულა. „კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ ამაზე სასაუბროდ ჩვენ მხოლოდ საქართველოში არ ჩამოვსულვართ, აქედან მივემგზავრებით სომხეთში. ჩვენი ერთობლივი ჯგუფი 5-6 ქვეყანაში არის ნამყოფი და კიდევ ბევრგან ვაპირებთ ჩასვლას ზუსტად ამ კონკრეტულ საკითხზე სასაუბროდ, როგორც ვმუშაობთ ამაზე, როგორც ვაკეთებთ ამის იდენტიფიცირებას, რას ვუყურებთ, რა კონკრეტული მეთოდიკა გვაქვს შემუშავებული. სწორედ ამაზე ვისაუბრეთ ჩვენ ძალიან ბევრ შეხვედრაზე. ფოკუსიც სწორედ ეს იყო და ვაპირებთ, ასე გავაგრძელოთ", - განაცხადა მან.

რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, საქართველო რა კრიტერიუმით მოხვდა და რა აქვს საერთო ამ ხუთ ქვეყანასთან, ო’ბრაიენმა ასე უპასუხა: „რაც ვნახეთ ამ ქვეყნებში, ისინი ცდილობენ გაამკაცრონ პოლიტიკა".

გამოცემა „პოლიტიკომ" 8 ივნისს გამოაქვეყნა პუბლიკაცია, რომლის თანახმად, ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ სანქციებისგან თავის არიდება რჩება „სერიოზულ პრობლემად“ და დაასახელა ხუთი ქვეყანა (მათ შორის საქართველო), რომლებთან მიმართებითაც შეერთებულმა შტატებმა „მოახდინა პრობლემების იდენტიფიცირება“.

საქართველოში ორდღიანი ვიზიტითაა ასევე ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სანქციების საკითხებში დევიდ ო’სალივანი. მისი პრესკონფერენცია დღეს საღამოს იგეგმება.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 11 პაკეტი აქვს დაწესებული.

საქართველოს მთავრობას ეროვნულ დონეზე რუსეთისთვის ეკონომიკური შეზღუდვები არ დაუწესებია, თუმცა აცხადებს, რომ იცავს საერთაშორისო სანქციებს. ამასთან, პერიოდულად ვრცელდება ცნობები, რომ რუსეთი სანქცირებულ საქონელს შესაძლოა, საქართველოს გავლით იღებდეს.

XS
SM
MD
LG