Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქციების კოორდინატორები: რუსეთი არ გაჩერდება და მუდმივად ეცდება, იპოვოს შავი ხვრელები


გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორის, კუმარ აიერის და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯეიმს ო'ბრაიენის ერთობლივი პრესკონფერენცია თბილისში
გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორის, კუმარ აიერის და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯეიმს ო'ბრაიენის ერთობლივი პრესკონფერენცია თბილისში

სანქციების კოორდინატორებმა დიდი ბრიტანეთიდან და შეერთებული შტატებიდან, ჯეიმს ო'ბრაიენმა და კუმარ აიერმა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ბიზნეს სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრების შემდეგ მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც ისაუბრეს სანქციების როლზე უკრაინის ომის კონტექსტში და თქვეს, რომ ვიზიტის მიზანია საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება სანქციების ეფექტურად აღსრულების მიმართულებით.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა ჯეიმს ო'ბრაიენმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ არავინ ითხოვს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის სრულად გაწყვეტას, თუმცა მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება იმ პროდუქციაზე, რომელიც შესაძლოა, რუსეთის მხრიდან ბრძოლის ველზე იქნას გამოყენებული.

"ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შევუშალოთ რუსეთს, მიიღოს ის იარაღი, რაც მას სჭირდება უკრაინაში აგრესიული ომის საწარმოებლად და ხალხის დასახოცად. ჩვენ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისე დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი, ყურადღებას ვამახვილებთ იმ ელექტრონულ მოწყობილობებზე, რომლებიც გამოიყენება ამ მიზნით და ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან ზუსტად გულისხმობს ამ ელექტრონული მოწყობილობების მიმართულებას", - თქვა ჯეიმს ო'ბრაიენმა.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალურმა დირექტორმა კუმარ აიერმა კი სანქციების შედეგებსა და ეფექტურობაზე ისაუბრა და თქვა, რომ სწორედ სანქციების დამსახურებაა ის, რომ რუსეთის ბიუჯეტს 2%-იანი დეფიციტი აქვს, 45%-ით არის შემცირებული ბუნებრივი რესურსების გაყიდვით მიღებული თანხები რუსეთისთვის და ფრონტზე დეფიციტია იმ დასავლური პროდუქციის, რაც სამხედრო ტექნიკის და იარაღის განახლებისა და ფუნქციონირებისთვის არის საჭირო.

"ვიცით, რომ რუსეთი არ შეჩერდება და ისიც ვიცით, რომ რუსეთი ყოველთვის ეცდება, რომ შავი ხვრელები და გზები გამონახოს, რომ აიცილოს კონკრეტულ საქონელზე სანქციების ქვეშ მოხვედრა და სწორედ ამის გასარკვევად ვართ ჩვენ ჩამოსული", - თქვა კუმარ აიერმა თბილისში ბრიტანეთის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე სიტყვებით, საქართველოში ამ კონკრეტული ვიზიტის მიზანი იყო 38 დასახელების ელექტრომოწყობილობის სანქციების გვერდის ავლით შესაძლო ექსპორტზე საუბარი. მან თქვა, რომ ელჩთან, ო’ბრაიენთან ერთად საქართველოს შემდეგ გაემგზავრება სომხეთში, ამ კონკრეტულ საკითხებზე და აღსრულების მექანიზმებზე სასაუბროდ.

საქართველოს მთავრობას ეროვნულ დონეზე რუსეთისთვის ეკონომიკური შეზღუდვები არ დაუწესებია, თუმცა აცხადებს, რომ იცავს საერთაშორისო სანქციებს. ამასთან, პერიოდულად ვრცელდება ცნობები, რომ რუსეთი სანქცირებულ საქონელს შესაძლოა, საქართველოს გავლით იღებდეს.

XS
SM
MD
LG