Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუმარ აიერი: სანქციებისგან თავის არიდება, ძირითადად, სახმელეთო გზით ხდება, თუმცა ფრენებიც უნდა გაკონტროლდეს


კუმარ აიერი
კუმარ აიერი

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი კუმარ აიერი ამბობს, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისგან თავის არიდება, ძირითადად, სახმელეთო გზით ხდება. ასე უპასუხა მან რადიო თავისუფლების ჟურნალისტის კითხვას, გაზრდის თუ არა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა სანქციებისგან თავის არიდების რისკებს?

"სანქციებისგან თავის არიდება, უმეტესად, სახმელეთო საზღვრების გზით ხდება. ახლა ვართ ფოკუსირებული, რა მექანიზმები შეიძლება დამატებით იყოს შემოღებული, რათა გამკაცრდეს საქონლის სახმელეთო გზით მიმოსვლის კონტროლი და მონიტორინგი", - თქვა კუმარ აიერმა თბილისში, ბრიტანეთის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე და დაამატა ისიც, რომ საჰაერო მიმოსვლა იქნება მეორე მიმართულება, რომელიც ასევე უნდა გაკონტროლდეს.

მისივე სიტყვებით, მათი მიზანი არაა რუსეთთან ვაჭრობის შეჩერება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ეხება საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, არამედ, "აქ ჩვენ ვუყურებთ კონკრეტულად იმ ტიპის საქონელს, რომელიც ბრძოლის ველზე გამოიყენება".

სანქციების კოორდინატორებმა დიდი ბრიტანეთიდან და შეერთებული შტატებიდან, კუმარ აიერმა და ჯეიმს ო'ბრაიენმა მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის ომის კონტექსტში სანქციების როლზე ისაუბრეს და თქვეს, რომ ვიზიტის მიზანია საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება სანქციების ეფექტურად აღსრულების მიმართულებით.

საქართველოში ორდღიანი ვიზიტითაა ასევე ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სანქციების საკითხებში დევიდ ო’სალივანი. მისი პრესკონფერენცია დღეს საღამოს იგეგმება.

საქართველოს მთავრობას ეროვნულ დონეზე რუსეთისთვის ეკონომიკური შეზღუდვები არ დაუწესებია, თუმცა აცხადებს, რომ იცავს საერთაშორისო სანქციებს. ამასთან, პერიოდულად ვრცელდება ცნობები, რომ რუსეთი სანქცირებულ საქონელს შესაძლოა, საქართველოს გავლით იღებდეს.

XS
SM
MD
LG