Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის პრობლემა ილუზიების ტყვეობაში


აფხაზეთის ომის თემაზე ახალი ფილმის გამოსვლამ და მთიანი ყაბარაღის პრობლემის გადაწყვეტამ ჩვენს ტერიტორიულ კონფლიქტებზე მწვავე დისკუსიას მისცა ბიძგი. კამათს და განხილვას რა ჯობია, მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ, უმეტესწილად, ემოციური და ხშირად პრიმიტიული კლიშეების დონეს ვერ გავცდით.

ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ, რაკი რეალობა სავალალოა, მისთვის თვალის გასწორება გვიჭირს. მეორე მხრივ, ვითარების სირთულის აღიარებას ხშირად მორალურად და პოლიტიკურად მომგებიანი პოზიციის დაკავება გვირჩევნია.

არა მაქვს პრეტენზია, რომ სიმართლე ვიცი და ახლა გაუწყებთ. მხოლოდ რამდენიმე პოპულარულ, მაგრამ არასწორ მოსაზრებას შევეხები, რომლებიც ბოლო ხანებში ან მანამდეც გამიგია.

ესენია:

„კონფლიქტი აფხაზებთან კი არა, რუსეთთან გვაქვს“

„კონფლიქტი აფხაზებთან დიალოგით მოგვარდება“

„ბოდიში უნდა/არ უნდა მოვიხადოთ“

„მალე რუსეთი დაინგრევა და აფხაზეთს დავიბრუნებთ“

სიმარტივისთვის მარტო აფხაზეთის თემას ვეხები, თუმცა მესმის, რომ ცხინვალის რეგიონის პრობლემა არანაკლებ მნიშვნელოვანი და, ამავე დროს, განსხვავებულია.

„კონფლიქტი აფხაზებთან კი არა, რუსეთთან გვაქვს“

ეს პოზიცია ისეთივე ძველია, როგორც თავად კონფლიქტი. ის მეტია, ვიდრე ფაქტობრივი შეცდომა: ამ აზრის პოპულარობა ერთ-ერთი (ვერ ვიტყვი, რომ ძირითადი) მიზეზია იმისა, რომ დღეს წაგებული მხარე ვართ.

მისი არსი ისაა, რომ აფხაზები, როგორც ერი („საზოგადოება“, „ეთნიკური ჯგუფი“ - არა აქვს მნიშვნელობა, რომელ გამოთქმას ვიხმართ), კონფლიქტის მხარე არ არის. მხარე რუსეთია, საქმეც მხოლოდ მასთან უნდა გვქონდეს.

როგორც ყველა პოპულარულ, მაგრამ არასწორ აზრში, ამაშიც არის ჭეშმარიტების მარცვალი. კონფლიქტი ჩაისახა და განვითარდა რუსეთის იმპერიაში, აფხაზები თავიანთ პოზიციებს და პოლიტიკურ პროგრამებს რუსეთის პოზიციის გათვალისწინებით ავითარებდნენ. რუსეთის იმპერიას სხვა პოლიტიკა რომ ჰქონოდა, აფხაზური ნაციონალიზმიც შეიძლებოდა სხვაგვარად განვითარებულიყო. რაც მთავარია, კონფლიქტის სამხედრო და პოლიტიკური შედეგი რუსეთის ფაქტორმა განსაზღვრა.

დღეს აფხაზეთის პრობლემა არსებითად შთანთქა რუსეთთან კონფლიქტმა. აფხაზეთი რუსეთის ოკუპირებული ტერიტორიაა და ამის თქმა სწორია. თუმცა აფხაზებს გააზრებული აქვთ, რომ მათი კოლექტიური ინტერესები რუსეთისასგან განსხვავდება, ისინი მათ ეფექტიანად ვერ იცავენ, რადგან მთლიანად რუსეთზე არიან დამოკიდებულნი. მცირე საკითხებში შეიძლება გაჯიუტდნენ და თავისი გაიტანონ კიდეც, მაგრამ არსებითად რუსეთის სატელიტები არიან.

თუ ასეა, რაღაზე ვკამათობ? რუსეთი ამ კონფლიქტში დომინანტია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აფხაზ ერს სუბიექტობა არ გააჩნია და ის მხოლოდ რუსული იმპერიალიზმის პროექციაა.

ამ ლოგიკით, ძალიან ბევრი ერის სუბიექტობა დადგება ეჭვის ქვეშ. თანამედროვე ერები ყალიბდება გარემოში, რომელსაც დიდი მოთამაშეების ხედვები და ინტერესები გასაზღვრავს. მაგალითად, მე-19 საუკუნეში საქართველოს ისტორიული მიწები რუსეთის იმპერიის ფარგლებში გაერთიანდა: რუსეთ-ოსმალეთის ან რუსეთ- ირანის ომები სხვანაირად რომ წასულიყო, დღეს სხვაგვარი საქართველო გვექნებოდა. ახალი ქართული ნაციონალიზმი, რომლის სათავეებთან თერგდალეულები იდგნენ, რუსეთის იმპერიის კონტექსტში და, ამავე დროს, ევროპული ნაციონალიზმების შთაგონებით ჩამოყალიბდა.

შემდგომ, პირველი რესპუბლიკა იმიტომ შეიქმნა, რომ იმპერია დროებით დაიშალა; ესეც, ალბათ, საკმარისი არ იქნებოდა, გერმანიას, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერა რომ არ გადაეწყვიტა.

მაშინ დამოუკიდებლობა დავკარგეთ, რადგან გერმანიამ ომი წააგო, დიდმა ბრიტანეთმა კავკასიის დატოვება გადაწყვიტა, ხოლო ბოლშევიკური რუსეთი და თურქეთის რესპუბლიკა ერთმანეთში გარიგდნენ. მეორე მხრივ, რაკი ბოლშევიკები ერთა თვითგამორკვევის პრინციპს ფორმალურად იზიარებდნენ, საბჭოთა კავშირშიც შენარჩუნდა საქართველო, როგორც ადმინისტრაციული ერთეული. 1991 წელს დამოუკიდებლობა იმპერიის სხვადასხვა ნაწილში განვითარებული პროცესების შედეგად დავიბრუნეთ; ის აქამდე შევინარჩუნეთ, რადგან ახალ წესრიგს დასავლეთი უჭერს მხარს.

ნიშნავს თუ არა ზემოთქმული, რომ ქართველი ერი რუსეთის იმპერიამ შექმნა, ხოლო ქართული ნაციონალიზმის ამბიციები გერმანიის მთავრობას ან, დღევანდელ პირობებში, ამერიკას და ევროკავშირს უნდა მივაწეროთ? პუტინი სწორედ ამას გვეტყვის, მაგრამ ეს სწორი არ იქნება. ერების ჩამოყალიბებაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, მაგრამ მთავარი ისაა, რომ თავად ამ ერების წარმომადგენლებს მეტ-ნაკლებად მყარი ეროვნული იდენტობა აქვთ და მათი ელიტები (მაგალითად, ქართველი თერგდალეულები და ბევრი მოღვაწე მათ შემდეგ) ამ იდენტობის დამკვიდრებაზე მუშაობენ. ერები პოლიტიკურ სტატუსს ვერ მოიპოვებდნენ, მათ რომ, არსებული პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით, ამისთვის არ ებრძოლათ.

ეს ლოგიკა აფხაზებსაც ეხება. რუსეთის იმპერიამ ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ აფხაზური ეროვნული და პოლიტიკური იდენტობა ქართულის საპირწონედ განვითარებულიყო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აფხაზური ეთნოსი რუსებმა შექმნეს. დაახლოებით მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის აფხაზურმა ელიტებმა გარკვეული ხედვები ჩამოაყალიბეს, რომლებიც ქართულ ინტერესებთან წინააღმდეგობაში აღმოჩნდა. 1980-იანი წლების ბოლოს რუსეთმა თავის ინტერესებში გამოიყენა არსებითი დაპირისპირება ქართულ და აფხაზურ ეროვნულ პროექტებს შორის; მაგრამ ამ იდენტობებს და ხედვებს უკვე რომ არ ეარსება, ის ცარიელ ადგილზე კონფლიქტს ვერ შექმნიდა.

გარდა იმისა, რომ აფხაზებისთვის ეროვნული სუბიექტობის „ჩამორთმევა“ და პრობლემის მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობაზე რედუქცია ფაქტობრივად არასწორია, ის რთულ მორალურ მდგომარეობაში გვაყენებს. გამოდის, რომ ჩვენც ისევე ვმსჯელობთ აფხაზებზე, როგორც პუტინი უკრაინელებზე: ისინი არ არსებობენ, უკრაინული იდენტობა მტრული გარე ძალების შექმნილია. წმინდად პრაგმატული თვალსაზრისითაც, ერი, რომლის პოლიტიკური არსებობის პერსპექტივა დიდწილად ლიბერალური დასავლეთის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული, ასეთ პოზიციას ვერ დაიკავებს.

„კონფლიქტი აფხაზებთან დიალოგით მოგვარდება“

საპირისპირო, მაგრამ ასევე მცდარი აზრია, თითქოს კონფლიქტი აფხაზებთან გვაქვს, რუსეთი კი გავლენიანი, მაგრამ მაინც გარე ძალაა. შესაბამისად, პრობლემა აფხაზებთან დიალოგით უნდა და შეიძლება გადაწყდეს.

ამ ხედვის უკან ხშირად იმალება ფარული ფილოსოფიური წანამძღვარი, რომლის თანახმად, კონფლიქტის საფუძვლად მყოფი ნაციონალიზმი ერთგვარი ატავიზმია, ავადმყოფობაა, რომლისგან განთავისუფლება „პროგრესული“ იდეოლოგიების დანერგვით უნდა მოხდეს. მხარეთა წარმომადგენლებს შორის სწორი მეთოდოლოგიით წარმართულ დიალოგს მოჰყვება ერთგვარი კათარზისი; მხარეები ნაციონალისტური ვნებების ამაოებას გაიაზრებენ და რაციონალურ კომპრომისამდე მივლენ.

ეს თეორია მომხიბლავია და ბევრ კარგ ადამიანს იზიდავს. მაგრამ, სამწუხაროდ, ის უტოპიურია. მოგვწონს თუ არ მოგვწონს ამის აღიარება, ისტორიული გამოცდილება ცალსახად გვაჩვენებს: ტერიტორიული კონფლიქტები პოლიტიკური და სამხედრო ძალით წყდება. როგორც დავინახეთ, აზერბაიჯანმა ძალით შეძლო ყარაბაღის კონფლიქტის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტა; თუმცა მანამდე არსებული სტატუს-კვოც სომხეთის სამხედრო გამარჯვების შედეგი იყო. ჩვენი ტერიტორიული კონფლიქტების არსებული სტატუსიც სამხედრო ძალამ (პირველ რიგში, რუსეთისამ) განსაზღვრა.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ აფხაზებს არ უნდა ველაპარაკოთ? არავითარ შემთხვევაში. შეუძლებელია, აფხაზეთს ჩვენი ტერიტორია უწოდო და აფხაზებთან ურთიერთობაზე უარს ამბობდე - თუ, რა თქმა უნდა, კონფლიქტის გადაწყვეტის გზად ეთნიკურ წმენდას არ თვლი. მაგრამ არ უნდა მოიტყუო თავი, რომ ასეთი დიალოგით კონფლიქტს გადაწყვეტ.

ჩემი გამოცდილებით, აფხაზებს ქართველებზე გაცილებით უფრო რეალისტური დამოკიდებულება აქვთ დიალოგის პროექტების მიმართ. ისინი არავითარ სინანულს არ გამოთქვამენ იმის გამო, რომ ომით დაიცვეს ის, რაც დასაცავად მიაჩნდათ და არცერთ პრინციპულ საკითხზე კომპრომისისთვის მზაობას არ იჩენენ. მათ ისიც ესმით, რომ მაღალფარდოვანი სამშვიდობო რიტორიკის უკან მათი საქართველოს შემადგენლობაში „შეტყუების“ სურვილი დგას და ასეთ იმედებს, სრულიად სამართლიანად, ირონიით ეკიდებიან.

„ბოდიში უნდა/არ უნდა მოვიხადოთ“

განსაკუთრებით მწვავე რეაქცია ბოდიშის მოხდის თემამ გამოიწვია: სოციალურ ქსელებში ბევრმა განსაკუთრებით ემოციურად გამოხატა აზრი, რომ აფხაზებთან ბოდიში მოსახდელი არ გვაქვს - თუმცა კარგად არ ჩანდა, კონკრეტულად ვინ ითხოვს ბოდიშს.

საერთოდ რატომ წამოიჭრა ეს თემა? საქართველოში ბევრი ადამიანი თვლის, რომ 1992 წელს აფხაზეთში ჯარის შეყვანა სერიოზული შეცდომა იყო; კერძოდ, პრეზიდენტ გამსახურდიას ბევრმა მომხრემ ამ ნაბიჯს იმთავითვე „ეროვნული ღალატის“ კვალიფიკაცია მისცა. იმასაც ბევრი აღიარებს, რომ ომის პროცესში ქართულმა შენაერთებმა მრავალი დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინეს. კონფლიქტის მოგვარებაზე მომუშავე ზოგი ორგანიზაციის აზრით, თუ ჩვენი შეცდომები საჯაროდ ვაღიარეთ და მოვინანიეთ, ეს აფხაზების მხრიდან ჩვენ მიმართ ნდობას გაზრდის და, საბოლოო ჯამში, კონფლიქტის გადაწყვეტის (ანუ აფხაზების საქართველოში „შემოტყუების“) საქმესაც წაადგება.

მართლაც ასეა? ეს თემაც ორ ნაწილად უნდა გავყოთ. მეც ვთვლი, რომ წარსული შეცდომები ხმამაღლა უნდა ვაღიაროთ. მაგრამ ადამიანების პროტესტს ის იწვევს, რომ ბოდიში აფხაზური მხარის წინაშე გვაქვს მოსახდელი. ეს რეაქცია გასაგებიცაა და გამართლებულიც.

ეს მეორე მხარე (აფხაზები, რუსები, ჩრდილოკავკასიელები), სულ მცირე, არანაკლებაა პასუხისმგებელი როგორც ომის ფაქტზე, ისე ომის დროს ჩადენილ სისასტიკეებზე - მაგრამ მათგან მონანიების ინიციატივა არ გამოჩენილა.

როცა ცალკეული „ენჯიოშნიკები“ აფხაზებთან შეხვედრაზე სინანულს გამოთქვამენ ომის დროს ქართული მხარის გაუმართლებელი ქმედების გამო, მათი პარტნიორების რეაქცია იმის თქმა კი არ არის, რომ „ჩვენც არასწორად ვიქცეოდით“, არამედ კმაყოფილება - მადლობა ღმერთს, ქართველების ნაწილი მაინც აღიარებს, რომ ამ ომში ქართული მხარე მტყუანი იყო. ეს ბუნებრივ ბრაზს იწვევს: თუ აფხაზების აზრით, ისინი საკუთარი ქვეყნისთვის იბრძოდნენ და ეს მათ ნებისმიერ ქმედებას ამართლებს, იგივე ითქმის ქართველებზე. აფხაზური (ან აფხაზურ-რუსულ-ჩრდილოკავკასიური) მხარე მორალურ უპირატესობას ვერ დაიჩემებს.

ასე რომ. თუმცა ჩვენი შეცდომების გააზრება მართლაც ძალიან გვჭირდება, ეს ქართული პროექტი უნდა იყოს და არა კონფლიქტების მოგვარების ინსტრუმენტი.

„მალე რუსეთი დაინგრევა და აფხაზეთს დავიბრუნებთ“

აზერბაიჯანის მიერ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამ ჩვენც ანალოგიური იმედები თუ სურვილები გაგვიღვიძა. ეს სრულიად ბუნებრივია; მაგრამ რამდენად რეალისტურია ეს იმედი?

ზოგადად, მომავალი განუსაზღვრელია და ყველა შესაძლო ვარიანტს ვერ გავთვლით. თეორიულად ვერ გამოვრიცხავთ, სიტუაცია ისე შეიცვალოს, რომ საქართველომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეძლოს, რაც შეიძლება ძალის გამოყენებითაც მოხდეს.

მაგრამ ეს ზოგადად. ჯერჯერობით, არსებული ვითარების გათვალისწინებით, ასეთი რამ მოსალოდნელი არ არის. ის, რაც აზერბაიჯანმა გააკეთა, მისი განსაკუთრებული სიმდიდრის და თურქეთის მხარდაჭერის წყალობით მოხდა; ამ ფონზე მან მარჯვედ ისარგებლა მომენტით, როცა რუსეთს კავკასიისთვის არ სცხელოდა.

ეს უკანასკნელი ფაქტორი ჩვენს შემთხვევაშიც არსებობს, მაგრამ სხვა წანამძღვრები არა გვაქვს. რუსეთი გაცილებით უფრო ფესვგადგმულია ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებში, ვიდრე მთიან ყარაბაღში იყო; ჩვენ არ გვყავს ისეთი მოკავშირე, როგორიც აზერბაიჯანისთვის თურქეთია. ის, ვინც მოკავშირედ გვეგულება, დასავლეთი, ნამდვილად არ წაახალისებს ჩვენი ტერიტორიული კონფლიქტების ძალის გამოყენებით გადაწყვეტას. საერთოდ რამდენად გაგვაჩნია ეს სამხედრო ძალა, ცალკე საკითხია - რაც გვაქვს, ის თუნდაც დასუსტებულ რუსეთს ვერ გაუმკლავდება.

მეც იმედი მაქვს, რომ, საბოლოოდ, რუსეთი უკრაინასთან ომში დამარცხდება. მაგრამ კონკრეტულად რა სახეს მიიღებს ეს შედეგი, არავინ იცის. თუ მარცხი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, მან შეიძლება პუტინის რეჟიმის დესტაბილიზაცია და შეცვლა გამოიწვიოს, მაგრამ ის, რომ საბოლოოდ ამას რუსეთის დაშლა მოჰყვება, ფანტაზიის სფეროდანაა. მეც ვხალისობ ხუმრობებზე, რომელთა თანახმად იაპონიას და ფინეთს მალე საერთო საზღვარი ექნება, მაგრამ პოლიტიკურ გათვლებს ასეთ ფანტაზიებს ვერ დავაყრდნობთ.

გადაუწყვეტელი ტერიტორიული კონფლიქტები ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა და მას ვერ დავივიწყებთ. მაგრამ ახლა იმ ეტაპზე ვართ, როდესაც ქვეყნის არაოკუპირებული ნაწილის ბედია გაურკვეველი: კარგად არ ვიცით, რა არის ის ქვეყანა, რომელმაც აფხაზეთი უნდა „დაიბრუნოს“. პირველ რიგში, ამ რეალობიდან უნდა ამოვიდეთ.

სანამ ამ ტექსტს ვწერდი, ახლო აღმოსავლეთში ახალმა სამხედრო ესკალაციამაც მოგვისწრო. პირდაპირი კავშირი ჩვენს თემასთან ამას თითქოს არა აქვს, მაგრამ პრობლემის არსი ანალოგიურია: ორ ერს გარკვეული ტერიტორია თავისად მიაჩნია, თუმცა კონფლიქტზე გარე მოთამაშეებიც დიდ გავლენას ახდენენ; ათწლეულებია, მიდის მუშაობა საკითხის მოლაპარაკების გზით მოსაგვარებლად, მაგრამ ბოლოს ისევ ძალა წყვეტს ყველაფერს. ტრაგიკული მოვლენები პალესტინაში კიდევ ერთხელ გვიბიძგებს, ჩვენს პრობლემებსაც ფართო პერსპექტივაში შევხედოთ.

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

XS
SM
MD
LG