Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აუცილებლად სანახავი 9 ფილმი თბილისის კინოფესტივალზე


1 დეკემბერს კინოთეატრ „ამირანში“ თბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იხსნება. კინოს მოყვარულებისთვის წლის ეს მთავარი კულტურული მოვლენა, როგორც ყოველთვის, მრავალფეროვანია და განსხვავებული გემოვნების მაყურებელს დააინტერესებს.

ჩემთვის, პირადად, ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული კინოს სექციაა, რადგანაც პროგრამაში არაერთი ფილმია, რომლებიც საქართველოში ჯერ არსად უჩვენებიათ. უცხოენოვანი კინოს სექციებში ჩართული ფილმების უმრავლესობა ვნახე ბერლინის, კანისა და ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალებზე. ტატო კოტეტიშვილის „წმინდა ელექტროენერგია“ კი, რომლითაც გაიხსნება თბილისის კინოფესტივალი, ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფორუმზე. პროგრამას გადავხედე და ავირჩიე 9 ფილმი, რომელთა ნახვას ყველას გირჩევთ მათი მნიშვნელობის მიხედვით.

1. „მე ისევ აქ ვარ“ (რეჟისორი ვალტერ სალესი)

ეს ბიოგრაფიული დრამა ბრაზილიურ ოჯახზე, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი ხდება, ჩემთვის ჯერჯერობით 2024 წლის საუკეთესო ფილმია. არა მარტო იმიტომ, რომ ერთგვარი ანარეკლია ჩვენი დღევანდელი (და, იქნებ, ხვალინდელი) ცხოვრებისა, არც იმიტომ, რომ ავტორიტარული რეჟიმის შესანიშნავი პორტრეტია... ვალტერ სალესმა, რომელმაც ოდესღაც უამრავ მაყურებელს შეაყვარა თავი ფილმით „ბრაზილიის ცენტრალური ვაგზალი“, დიდი ოსტატობით გამოხატა ატმოსფერო, რომელსაც მოსალოდნელი ხიფათი ქმნის. ბედნიერი ოჯახი, მოსიყვარულე მამა, მხიარული ბავშვები, მზრუნველი დედა - ყველაფერი ეს შეიძლება დაასრულოს რეჟიმმა, გააქროს ყველა, ვინც მას არ ემსახურება და, მით უმეტეს, წინააღმდეგობას უწევს. ვენეციის წლევანდელ კინოფესტივალზე ჟიურიმ მხოლოდ ერთი პრიზი გაიმეტა სალესის ფილმისთვის - აღიარა, როგორც საუკეთესო სცენარი. თუმცა „მე ისევ აქ ვარ“ ნამდვილად იმსახურებდა „ოქროს ლომს“, ისევე, როგორც მთავარი როლის შემსრულებელი, ფერნარდა ტორესი, სრულიად გენიალური მსახიობი, რომელიც აქ ასრულებს როლს 5 შვილის დედისა, ქმრის, პარლამენტის დეპუტატის დაპატიმრების შემდეგ, მარტოდმარტო რომ ზრდის ბავშვებს და ცდილობს ოჯახის გადარჩენას.

2. „წმინდა ლეღვის თესლი“ (რეჟისორი მოჰამედ რასულოფი)

შეუძლებელია არ აღფრთოვანდე კონტრასტით, რომელიც ამ თითქმის სამსაათიანი ფილმის ბოლომდე არ მოგასვენებთ - კონტრასტით ავტორიტარული რეჟიმის მიერ შექმნილ გადაღების აუტანელ პირობებსა და ინტერპრეტაციის უმაღლეს ხარისხს შორის (დიალოგები, მსახიობების ოსტატობა, მიზანსცენები, მოქმედების განვითარება, რიტმი). ფილმი, რომელიც გვიამბობს თეირანელი მოსამართლის ოჯახზე (პროტესტების ფონზე), ნელ-ნელა გადაიზრდება სოციალურ პორტრეტად თანამედროვე ირანისა, სადაც რელიგია პოლიტიკური ძალაუფლების, პიროვნების განადგურების იარაღი გამხდარა. ბნელეთი და იზოლაცია კი არა მარტო მონების ხროვად აქცევს ქვეყანას, არამედ აგიჟებს ადამიანებს. შესაბამისად, ფილმი იწყება როგორც საოჯახო დრამა და სრულდება როგორც ფსიქოლოგიური ტრილერი, რომელიც შეგაშინებთ, მაგრამ იმედს არ მოგიკლავთ.

3. „დაჰომეი“ (რეჟისორი მატი დიოპი)

ბერლინის წლევანდელი კინოფესტივალის „ოქროს დათვით“ აღნიშნული ეს უნიკალური დოკუმენტური ფილმი სწორედ დიდ ეკრანზე უნდა ნახოთ, რადგანაც დიოპის „მაგიურ დოკუმენტალიზმს“, ავტორის სათქმელს მომაჯადოებელი გამოსახულება და ხმა ქმნის. მე-19 საუკუნეში აფრიკიდან გატანილი არტეფაქტები, რომელთა ნაწილი საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა ბენინს დაუბრუნა, აქ არა მარტო სამშობლოს, არამედ ხმას აღიდგენენ და... ალაპარაკდებიან. დიოპი სიტყვას აძლევს ბენინელ სტუდენტებსაც, რომლებიც გამოფენის გახსნის ფონზე ევროპის „ძღვენის“ მნიშვნელობაზე საუბრობენ. ეს კონტრაპუნქტი სტუდენტების დებატებსა და მოპარული ქანდაკებების დათვალიერებას შორის, ქმნის მწარე ირონიას კოლონიალიზმსა და პოსტკოლონიალიზმზე... „ობიექტები“ ჩვენ თვალწინ გადაიქცევიან სუბიექტებად და დაიბრუნებენ (კინოში მაინც) არსებობის და სიცოცხლის უფლებას.

4. „აპრილი“ (რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი)

დეა კულუმბეგაშვილის ფილმი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ვენეციის წლევანდელი ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში. შესაძლებელია, ყველაზე უკომპრომისო, რადიკალური, სრულიად მოკლებული კლასიკური კინოს შაბლონებს. „აპრილი“ დიდი ეკრანისთვისაა გადაღებული, კოლექტიური აღქმისთვის. იმდენად მომნუსხავი გამოსახულებით და ხმოვანი რიგით, რომ ვფიქრობ, ფილმის აღქმაში ის ხალხიც არ შეგიშლით ხელს, ვინც სავარაუდოდ მალევე დატოვებს სეანსს. „აბორტის უფლება“ აქ წამყვანი თემაა, მაგრამ განზოგადებული თითქმის ტრაგედიის დონემდე. არ ვიცი, როგორ ახერხებს ავტორი გააერთიანოს დიალოგების გამომწვევი სიმშრალე, პერსონაჟების ინდიფერენტულობა, სიცარიელე და სასოწარკვეთა კადრსმიღმა ემოციებთან, ვნებასთან, უაღრესად ფერწერულ პეიზაჟებთან... ვერ გეტყვით ზუსტად, როგორ მიიღწევა ასეთი მთლიანობა ფორმისა და სათქმელისა, მაგრამ ფაქტია - ბოლომდე თუ შეხვალთ ფილმში, „აპრილი“ არასდროს დაგავიწყდებათ. ოღონდ იცოდეთ, თავად უნდა შეძლოთ ეს. ავტორი არ დაგეხმარებათ.

5. „თეთრ ქალაქში“ (1983, რეჟისორი ალან ტანერი)

კინოფესტივალის სექცია „ევროპის ტური“ გთავაზობთ შვეიცარიული კინოს კლასიკოსის შედევრს, რომელიც მართალია დიდი ხნის წინ მაქვს ნანახი, მაგრამ, ვფიქრობ, არ მოძველებულა. აბა, რა დააძველებს კინოს, რომლის სტრუქტურას მხოლოდ და მხოლოდ რეალობა განსაზღვრავს და, ფაქტობრივად, გადაღებულია სცენარის გარეშე, იმპროვიზაციით... რა დააძველებს ტანერის საყვარელ ქალაქ ლისაბონს, სადაც მოგზაურობს, უფრო სწორად - ხეტიალობს ბრუნო განცის პერსონაჟი, მეზღვაური-მექანიკოსი და თავისი 8-მილიმეტრიანი კამერით იღებს ქალაქს. ასე იქმნება თავისებური კინო კინოში „ახალი ტალღის“ ადრეული ფილმების სტილში - სევდიანი, უმომავლო, უიმედო, სადაც ყველაფერი წარმავალია, მაგრამ მაინც რჩება მარადიული ქალაქი, რომელიც თავის თავში ინახავს ისტორიას და წამიერ ბედნიერებას.

6. „წმინდა ელექტროენერგია“ (რეჟისორი ტატო კოტეტიშვილი)

მარგინალების სამყარო ახალი არაა ჩვენი კინოსთვის. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში დაუთმეს ყურადღება თემურ ბაბლუანმა, ნანა ჯორჯაძემ, ალეკო ცაბაძემ და სხვებმა „აუტსაიდერებსა“ და ლუმპენებს. მაგრამ „წმინდა ელექტროენერგია“, მიჰყვება რა ქართული კინოს ამ ტრადიციას, სრულიად სხვა რაკურსით გამოხატავს „ნაგავსაყრელს“, დოკუმენტალიზმის და სიურრეალიზმის უჩვეულო ნაზავით, რომელსაც დასაწყისში შეიძლება ვერ გაუგოთ გემო, მაგრამ მალევე შეგიყვარდებათ ფილმის პერსონაჟები, ეს მეოცნებე, შერეკილი (ისევ ტრადიცია!) დონ კიხოტი და სანჩო პანსა და სხვებიც, მხოლოდ რამდენიმე წუთით რომ გამოჩნდებიან ეკრანზე. „ნაგავსაყრელს“ კინო გადააქცევს ულამაზეს, ფერად, სინათლით სავსე სივრცედ, სადაც გაჭირვება, სიღარიბე, უსამართლობა და ჩაგვრა ისეთივე ნაწილია სიცოცხლისა, როგორც სიკეთე, თანადგომა და ერთგულება. ეს სიცოცხლე ეკრანზე „განწმენდილია“ ენერგიით, უფრო სწორად, კინოს ენით.

7. „გულმოწყალება“ (რეჟისორი ელენ გიროდუ)

გიროდუს ერთ დროს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ („უცნობი ტბასთან“ საკულტო ფილმად იქცა, განსაკუთრებით ქვიარებისთვის), მაგრამ ბოლო დროს თითქოს დაიკარგა და ძველებურ პროვოკაციებს მოეშვა. „გულმოწყალება“ ამ რეჟისორის დაბრუნებაა დიდ კინოში - ძალიან საინტერესოდ კონსტრუირებული „წითელქუდას“ ისტორია, იგავი ვნებაზე, დანაშაულზე, საიდუმლოზე. ერთგვარი ტრანსგრესია, რომელიც ვიღაცას ჰიჩკოკის ფილმს, „ვინ მოკლა ჰარის“ გაახსენებს, ვიღაცას კი - მთლად პაზოლინის „თეორემას“. გიროდუს აქვს დამახასიათებელი „შავი იუმორი“, რომელსაც აქ ძალიან კარგად გრძნობენ მსახიობები. შესანიშნავია ფილმის კასტინგი, განსაკუთრებით ფელიქს კისილი. არ მესმის, რატომ არ ჩართეს „გულმოწყალება“ კანის ფესტივალის კონკურსში და უჩვენეს მხოლოდ კონკურსგარეშე.

8. „გოგონა ნემსით“ (რეჟისორი მაგნუს ვონ ჰორნი)

შავ-თეთრი ჰორორი (აბორტების გამართლების პოზიციით), რომელიც აღადგენს მეოცე საუკუნის დანიას და გვიამბობს ბავშვების სერიულ მკვლელზე, ძალიან ჰგავს გერმანელ ექსპრესიონისტთა ფილმებს და ცოტათი შთაგონებულია ლარს ფონ ტრიერის ესთეტიკით. კარგი საუნდტრეკი აქვს და მსახიობებიც დაგამახსოვრდებათ, თუმცა მაინც გაფრთხილებთ, რომ ეს რეტროდრამა ვერ სცილდება ევროპული „არტჰაუსის“ სტანდარტებს და უფრო ადრეული კინოს სტილიზაციაა, ვიდრე ორიგინალური მხატვრული ნაწარმოები, რომელიც რაღაცას შეცვლიდა ქალთა უფლებების თემის ინტერპრეტაციაში.

9. „მოტელი დესტინო“ (რეჟისორი კარიმ აინოზი)

ბრაზილიელი რეჟისორის ეს კრიმინალური დრამა, დატვირთული ეროტიკით, „ცხელი სხეულებით“ და ნეონის განათებით, ნამდვილად კარგად გაგართობთ, განსაკუთრებით ფინალისკენ. კინოს მოყვარულებს ფილმი გაახსენებს ლუკინო ვისკონტის „ახირებას“, მელოდრამატული სამკუთხედით, რომელიც მკვლელობით სრულდება. თუმცა მხოლოდ შინაარსით. „მოტელი დესტინო“ ვისკონტის შედევრის პოპვერსია უფროა - ლამაზი, ფერადი, ბოლო კადრამდე დაძაბული, მაგრამ მაინც საკმაოდ ცარიელი.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG