რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახალი კორონავირუსის გავრცელების მთავარ საფრთხედ საქართველოს ტერიტორიას ასახელებენ. დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი ავრცელებს სპეციალურ განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევების მზარდი სტატისტიკის გამო ჩაკეტილია ე. წ. საზღვარი, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები მაინც ცდილობენ ამ „საზღვრის დარღვევას“.
„26 თებერვლიდან 30 მარტამდე სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის მიერ დაფიქსირებულია საზღვრის დარღვევის 20 შემთხვევა. სამხრეთ ოსეთის და საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს მწვავე რესპირატორული დაავადება დაუდგინდა. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები ჰოსპიტალში გადაიყვანეს და მათ ახალ კორონავირუსზე ანალიზი აუღეს, საქართველოს მოქალაქეები რესპუბლიკიდან გაძევებულები არიან“, - ვკითხულობთ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, თუმცა ამ განცხადებაში არ კონკრეტდება რამდენი მოქალაქე გააძევეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.
სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციის განთავსების შემდეგ ცხინვალის ხელისუფლების სამთავრობო ტროლებმა ანტიქართულიკომენტარების განთავსება დაიწყეს. მაგალითად, ერთი მომხმარებელი იმასაც წერდა, რომ ქართველები ახალ კორონავირუსს სამხრეთ ოსეთში დრონების მეშვეობით ავრცელებენ და მესაზღვრეებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებდნენ.ცხინვალში მთავარი ინფორმაციის წყარო ახლა ადგილობრივი სახელისუფლებო და რუსეთის პროპაგანდისტული მედიაა, თუმცა ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები ინტერნეტით ალტერნატიულ ინფორმაციასაც ეცნობიან. მათ კარგადიციან, ახალი კორონავირუსის საფრთხის პრევენციისთვის რას აკეთებს თბილისი, როგორ მუშაობენ ქართველი ექიმები. ამ ექიმებთან შეხება დე ფაქტო რესპუბლიკის ბევრ მოქალაქეს ჰქონდა და ყოველთვის აღიარებენ, რომ ქართული მედიცინა კავკასიის რეგიონში საუკეთესოა. მათ ისიც კარგად იციან, რომ საქართველოსთან „საზღვარი“ დიდი ხანია, რაცჩაკეტილია და მთავარი საფრთხე ახლა ჩრდილოეთიდან უფრო მოდის,მით უმეტეს, რომ ვლადიკავკაზში ორი დაინფიცირებული მოქალაქე უკვე გამოავლინეს.
რუსეთის ფედერაციამ ოკუპირებულ ცხინვალთან, როკის გვირაბთან, საზღვარი უკვე ჩაკეტა. შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ სატვირთო გადაზიდვებზე. რუსეთთან „საზღვარს“ ანატოლი ბიბილოვიც კეტავს. ოსური მედიის ცნობით, დე ფაქტო ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება 2 აპრილიდან შედის ძალაში, თუმცა ის ეხება მხოლოდ ადგილობრივ მოქალაქეებს. მთავრობის განკარგულების ტექსტში წერია, რომ რუსეთის მეოთხე ბაზაზე მოსამსახურეებს, ეფესბეს სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებს, დიპლომატებს და სატვირთო გადაზიდვების მძღოლებს ეს არ ეხებათ. რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყაროს ცნობით, სამხრეთ ოსეთისთვისმთავარი საფრთხე ახლა რუსეთის ფედერაციაში მოსიარულე ხალხია.
„აქ გვარწმუნებენ, რომ საფრთხე საქართველოდან მოდის, მაგრამ ვიცით, რომ საზღვარი ჩაკეტილია და თუ ნორმალურადაა ჩაკეტილი, მაშინ რაღა საფრთხე მოდის? აგერ ვლადიკავკაზში უკვე ორი შემთხვევა დაფიქსირდა და იქითა მხრიდან უფრო მეტი საფრთხე მგონია, რადგან ბაზებზე მოსამსახურე პირები დაუბრკოლებლად დადიან და ისიც არ ვიცით, მათ კარანტინი და თვითიზოლაცია თუ ეხებათ. გარდა ამისა, გვეუბნებიან ფილტვების ვენტილაციის ათი აპარატი გვაქვსო. არ მგონია, ეს საკმარისი იყოს. ექიმებს რომ ვხედავთ, საერთოდ არ არიან ნორმალურად აღჭურვილები. ბიბილოვი იყო მათთან მისული და ინფექციურ განყოფილებაში მხოლოდ თეთრი ხალათებით დახვდნენ. ექიმები და ექთნები თვითონ დასაცავები არიან და ჩვენ დაგვიცავენ?“ - ამბობს რადიო თავისუფლების წყარო ცხინვალიდან.
დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი, ცენტრალური საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებას ესტუმრა და საკუთარი თვალით ნახა ექიმების აღჭურვილობა. ეს კადრები ადგილობრივმა ტელევიზიამაც გაავრცელა. ექიმებს თეთრი ხალათები აცვიათ, სხვა დამცავი აღჭურვილობა არ ჩანს.ბიბილოვთან მყოფ ჯანდაცვის მინისტრ გიორგი ტოჩიევს კი ერთჯერადი ცელოფნის საწვიმარი აქვს მოცმული. ბიბილოვის კომენტარმა უფრო მეტად შეაშფოთა ადგილობრივი მოსახლეობა.
„მე ექიმების გამო შეწუხებული ვარ, იმ ექიმების გამო, რომლებმაც დაავადებულებთან უნდა იმუშაონ. ავადმყოფებზე უნდა ვიზრუნოთ, ეს თქვენი სამუშაოს მთავარი ამოცანაა, მაგრამ ღმერთმა არ ქნას, თუ ექიმები დაავადდებიან, მათ ვინ უმკურნალებს? პირველ რიგში, მედპერსონალი უნდა აღვჭურვოთ“, - განაცხადა ბიბილოვმა.
ცხინვალში მედიკამენტების და აღჭურვილობის დეფიციტი რომ არის, იქაურმა საზოგადოებამ კარგად იცის, პატარა საზოგადოებაში ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება. ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები იმითაც შეწუხებული არიან, რომ, აფხაზეთისგან განსხვავებით, ბიბილოვის ხელისუფლება საერთაშორისო დახმარებაზე უარს ამბობს. სოხუმში უკვე მეორედ ჩავიდა გაეროს განვითარების პროგრამის სპეციალური ტვირთი აფხაზეთის ჯანდაცვის დასახმარებლად. ეს ტვირთი სოხუმში ზუგდიდიდან ენგურის ხიდის გავლით შევიდა. ცხინვალში კი მხოლოდ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ადგილობრივი ოფისი მუშაობს და ამ ორგანიზაციასაც დიდი რესურსი არ გააჩნია.
“ცხინვალის მიმართულებით მდგომარეობა შემაშფოთებელია. ცხინვალის პასუხი საკმაოდ დესტრუქციულია. შეთავაზებებს არ იზიარებს", - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.
მისი განმარტებით, ერთადერთი ორგანიზაცია წითელი ჯვარია, რომლის მეშვეობით ცდილობენ სრული იზოლაციის პირობებში ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას მდგომარეობა შეუმსუბუქონ.
,,ახალგორის მოსახლეობა კიდევ უფრო მოწყვლად მდგომარეობაშია. ამ სრული იზოლაციის პირობებში სხვა პაციენტებსაც შეუზღუდეს კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯანდაცვაზე წვდომა კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას. აღარ ვსაუბრობ ქართული წარწერის მქონე პრეპარატების ამოღებაზე სააფთიაქო ქსელებიდან, ისედაც მედიკამენტების დეფიციტის პირობებში. იმედია და ამაზე ვმუშაობთ კიდევ ჩვენი პარტნიორების ხაზით, რომ ახლა მაინც, ასეთი უმწვავესი მსოფლიო პანდემიის პირობებში, გადაიდგმება ცოტა უფრო გონივრული ნაბიჯები, რომლებზეც დამოკიდებულია ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამაზე უპირატესი ინტერესი არ არსებობს”, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ამასობაში ცხინვალში უკვე ემზადებიან საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად. ადგილობრივი შეიარაღებული ძალები განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადაყვანილი, დე ფაქტო პრეზიდენტმა კი მინისტრთა კაბინეტს საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაავალა. გარდა ამისა, ცხინვალში პროდუქტებისა და მედიკამენტების აჟიოტაჟური შესყიდვა მიმდინარეობს, პროდუქტების დეფიციტი და ფასის ზრდა უკვე შეინიშნება, ბიბილოვი კი პროკურატურას ავალებს, რომიმ ადგილობრივი ბიზნესმენების წინააღმდეგ ზომები გაამკაცრონ, ვინც პროდუქციაზე ფასს გაზრდის.