Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის უშიშროება რუსეთიდან დაბრუნებულ სტუდენტებს ეძებს


დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამთავრობო შენობა ცხინვალში.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამთავრობო შენობა ცხინვალში.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების კომიტეტი იმ სტუდენტებს ეძებს, ვინც რუსეთის ფედერაციიდან დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში დაბრუნდა. რუსეთში ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა შეწყდა და ცხინვალელმა სტუდენტებმაც უკან დაბრუნება დაიწყეს. დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, დაბრუნების შესახებ მათ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე უნდა დაერეკათ და თვითიზოლაციაში დარჩენილიყვნენ, თუმცა მათი აღრიცხვის საქმეში დე ფაქტო ხელისუფლებას პრობლემები აქვს. ოსური მედიის მიერ გავრცელებული ცნობებით, დაბრუნებული სტუდენტების რაოდენობა 70-მდეა, თუმცა დე ფაქტო რესპუბლიკის სანიტარიული ზედამხვედველობის სამსახურის უფროსის, მარინა კოჩიევას, ინფორმაციით, ცხელ ხაზზე მხოლოდ 26-მა სტუდენტმა დარეკა. ოკუპირებული რეგიონის უშიშროების კომიტეტმა დაადგინა, რომ რუსეთის საზღვარი, როკის გვირაბის გავლით, მხოლოდ 59-მა სტუდენტმა გადაკვეთა, დანარჩენი ათი სტუდენტის მონაცემები კი უცნობია. რადიო თავისუფლებას ცხინვალელი წყარო ეუბნება, რომ ამ ფაქტების გამო ადგილობრივი მოსახლეობა შეშფოთებულია.

„ძალიან გვაღელვებს ამ სტუდენტების ამბავი. მხოლოდ 26-მა დააფიქსირა თავისი ადგილსამყოფელი. ვხედავთ უკვე, რუსეთში რაც ხდება, და ახლა მთავარი საფრთხე იქიდან შემოსულ ხალხს უკავშირდება. ჩვენი მთავრობა ამ საზღვრის ჩაკეტვას არ აპირებს. თან, კორონავირუსის და, თან, პროდუქტების დეფიციტის საფრთხის ქვეშ ვართ. არ ვიცით, რა გვეშველება. ეს სტუდენტები, რომლებიც არ დაფიქსირდნენ, შეიძლება სოფლებში წავიდნენ, მაგრამ აქ ხომ სამოქალაქო პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში. თან, სოფლები მოხუცებითაა ძირითადად დასახლებული და მთავარი საფრთხე ახლა მათ ემუქრებათ. იმედია, კაგებე მათ მალე იპოვის“, - გვეუბნება ცხინვალში მცხოვრები რადიო თავისუფლების წყარო.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, რომელიც ე.წ. საზღვრის დამრღვევ საქართველოს მოქალაქეებს ეხებათ.

„სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი აფრთხილებს, საქართველოში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, სახელმწიფო საზღვრის ყველა დამრღვევი, რომლებსაც დააკავებენ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისა და სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის თანამშრომლები, აუცილებლად მოთავსდებიან სამედიცინო დაწესებულებების კარანტინში 14 დღით და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება მათზე სისხლის სამართლებრივი პროცედურები“, - ვკითხულობთ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთიდან ჩაიტანეს კორონავირუსის COVID19-ის დასადგენად განკუთვნილი სატესტო სისტემა. სააგენტო „რეს“-ის ცნობით, ამის შესახებ „სამხრეთ ოსეთის“ მთავარმა სანიტარიულმა ექიმმა, მარინა კოჩიევამ, განაცხადა საგანგებო შტაბის სხდომაზე.

კოჩიევას ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქვთ ხუთი სატესტო სისტემა, რომელიც ცხინვალის ლაბორატორიაში 200 ანალიზის ჩასატარებლად ეყოფათ. მისივე თქმით, რუსეთიდან დაბრუნდნენ „ოსპოტრებნადზორის“ თანამშრომლები, რომლებმაც სპეციალური სწავლების კურსი გაიარეს.

მარინა კოჩიევას განცხადებთ, მათთან ერთად ცხინვალში ჩავიდა სტავროპოლელი სპეციალისტი, რომელიც ადგილზე შეისწავლის სისტემის მუშაობას. დე ფაქტო რესპუბლიკის სანიტარიული ექიმის ინფორმაციით, ამ კვირის ბოლომდე რუსეთიდან მიიღებენ კიდევ 500 ტესტს, პირველ კვლევებს კი ამ დღეებში ჩაატარებენ.

მიუხედავად იმისა, რომ მარინა კოჩიევას თანახმად, აქამდე ტესტირების საშუალებები არ ჰქონდათ, დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ დღემდე „რესპუბლიკაში“ COVID-19-ით დაავადების შემთხვევები არ ყოფილა.

დე ფაქტო რესპუბლიკის სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი, მარინა კოჩიევა, ამბობს, რომ კორონავირუსის ფაქტი დე ფაქტო რესპუბლიკაში არ ფიქსირდება, თუმცა ღონისძიებები გასატარებელია. მისი თქმით, კარანტინის რეჟიმში 31 ადამიანი იმყოფება, 9 პაციენტი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია.

საქართველოს ცენტრალურმა მთავრობამ რამდენჯერმე გამოთქვა მზადყოფნა ქვეყნის ოკუპირებული რეგიონებისთვის შესაბამისი დახმარების გასაწევად.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან დე ფაქტო ხელისუფლებამ პირველი დახმარება მიიღო, ადგილობრივ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომელიც ჯანდაცვის სფეროში არსებულ ხარვეზებსა და პრობლემებს შეისწავლის. დიდი ხანია, ოკუპირებულ რეგიონში მედიკამენტების დეფიციტია, საკადრო პრობლემებია ჯანდაცვაში, საავადმყოფოები არ არის აღჭურვილი შესაბამისი ტექნიკით, ექიმებსა და ექთნებს არა აქვთ სამედიცინო მასალები, ცხინვალში კი მხოლოდ ერთი ლაბორატორიაა, სადაც ახალი კორონავირუსის ლაბორატორიული კვლევა შეუძლებელია, ამიტომ აკეთებს აქცენტს ჯანდაცვის სამინისტრო სწრაფ ტესტებზე. გარდა ამისა, ჯანდაცვის უწყება მუდამ დაფინანსების სიმწირეზე ლაპარაკობს, ამის გამო საპარლამენტო კომისია ყველა გამოწვევას შეისწავლის.

25 მარტიდან დე ფაქტო რესპუბლიკაში სპორტული და კულტურული ღონისძიებების ჩატარება აკრძალეს. გარდა ამისა, ადგილობრივი მილიცია ქალაქის ქუჩებში დადის და მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

დე ფაქტო რესპუბლიკის სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი, მარინა კოჩიევა, ამბობს, რომ კორონავირუსის ფაქტი დე ფაქტო რესპუბლიკაში არ ფიქსირდება, თუმცა ღონისძიებები გასატარებელია. მისი თქმით, კარანტინის რეჟიმში 31 ადამიანი იმყოფება, 9 პაციენტი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია. აქედან ერთ-ერთი ახალგორის რაიონის საავადმყოფოში წევს.

რაც შეეხება თვითიზოლირებულ ადამიანებს, სახლის პირობებში თვითიზოლაციაში 22 მოქალაქე იმყოფება.

დე ფაქტო რესპუბლიკამ საქართველოსთან ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტები მას შემდეგ ჩაკეტა, რაც პირველი შემთხვევები გამოვლინდა. ცხინვალი ე.წ. საზღვარს არ კეტავს რუსეთის ფედერაციასთან, საიდანაც ინტენსიურად მოძრაობენ ეფესბეს სასაზღვრო სამსახურისა და მეოთხე სამხედრო ბაზის წარმომადგენლები და ჯარისკაცები.

XS
SM
MD
LG