Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიბეჭდა აკაკი ბაქრაძის „მწერლობის მოთვინიერების“ ახალი გამოცემა


29 მარტს აკაკი ბაქრაძის დაბადების დღეა. ის 91 წლის გახდებოდა.

ლიტერატურის მუზეუმმა აკაკი ბაქრაძის წიგნის, "მწერლობის მოთვინიერების" ახალი, დასურათებული გამოცემა დაბეჭდა.

აკაკი ბაქრაძე
აკაკი ბაქრაძე

„როცა მწერლობის მოთვინიერებას“ ვწერდი, მიზნად არ მქონდა ვისიმე საყვედური-დამუნათება. არ მქონია იმიტომ, რომ არ ვიცი თავად როგორ მოვიქცეოდი იმათ მდგომარეობაში რომ ჩავვარდნილიყავი. წინასწარ არავინ უწყის, ვინ რას ჩაიდენს, როცა ყურში ნემსს გაუყრიან, როცა ივის მოაგლეჯენ, როცა ფეხებით თავდაყირა დაკიდებენ, როცა რკინის კეტებით ძვლებს დაუმტვრევენ... თუ ყველაფერი ეს გადაგიტანია და არ გატეხილხარ, მაშინ გაქვს უფლება შეხედო სხვას საყვედურიანი და მპატიებელი თვალებით. მაგრამ როცა არაფერი გემუქრება და არხეინად ნავარდობ, მაშინ იოლია სხვათა განკითხვა და პატიოსნების თამაში.

მე უბრალოდ მინდოდა საბუთების მოშველიებით დროის სურათი დამეხატა და ამ დროში განწირული ადამიანი (განსაკუთრებით მწერალი) - წერს აკაკი ბაქრაძე წიგნის მოკლე შესავალში.

მისი ვაჟი, ლიტერატურის მუზემის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე ფეისბუკის პირად გვერდზე აღნიშნავს, რომ „მწერლობის მოთვინიერება“ - 1983 წლის თავდაპირველი, არალეგალურად გავრცელებული ტექსტის მიხედვით გამოიცა, სადაც ყველა სახელი, რომელიც 1990 წლის გამოცემიდან ამოღებული იყო - ჩანს:

„სხვა, 1990 წლის გამოცემისგან განსხვავებული ადგილები მითითებულია სქოლიოებში“, - წერს ლაშა ბაქრაძე.

„მწერლობის მოთვინიერება“, ალბათ, წითელი ტერორის პირობებში მცხოვრები მწერლების შესახებ დაწერილი ყველაზე სევდიანი და მწარე წიგნია, რომელშიც, აკაკი ბაქრაძე აღწერს, თუ რა დათმობებზე წასვლა უწევდათ იმ დროის მწერლებს და ზოგადად, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს. როგორ ლექსებს უწერდნენ პარტიას, რომ არსებობდა ე.წ. მუშათა გაწვევა მწერლობაში. რომ ლიტერატურული კრიტიკა აღტაცებული იყო ასეთი ლექსებით:

„ინდუსტრიის მხარედ იქცა ჩვენი კუთხე მოსაწონი,

ტყვარჩელი და ჭიათურა, ტყიბული და ზესტაფონი,

აბრეშუმის ქარხანა და ქუთაისის ლიტოპონი.

ელექტრონით მოქარგული საქართველოს მიდამონი...

„როდის იყო გულწრფელი ლ. გუდიაშვილი? მაშინ როცა არწივისთავიანი გრ. რობაქიძე დახატა თუ მაშინ, როცა გველისტანიანი გრ. რობაქიძე გამოსახა? რა თქმა უნდა, ლ.გუდიაშვილმა თავისი გულისნადები მაშინ გამოთქვა, როცა არწივისთავიანი გრ.რობაქიძე დახატა. ხოლო როცა გველისტანიანი გრ. რობაქიძე გამოსახა, მაშინ მხატვარი კომპარტიის განკარგულებას ასრულებდა“... წერს აკაკი ბაქრაძე.

წიგნს კი ამ მინაწერით ამთავრებს:

„რაც ამ წიგნში წაიკითხეთ, მედლის ერთი მხარეა: რა დღეში იყო ქართული მწერლობა. მეორე მხარესაც უნდა გაეცნოს მკითხველი: როგორ ემსახურა XX საუკუნეში ქართული მწერლობა ეროვნულ და საკაცობრიო იდეალებს. ამას გიამბობთ მომდევნო წიგნში „გადარჩენა“.

დასაბეჭდად მზად არის აკაკი ბაქრაძის აქამდე გამოუქვეყნებელი ჩანაწერების სრული კრებული, რომელიც იმ დროის სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებს შეეხება. თუმცა ამ დრომდე წიგნის დაბეჭდვა, სპონსორი არარსებობის გამო, ვერ ხერხდება.

"მე ვფიქრობ, ეს ჩანაწერები ძალიან საინტერესო უნდა იყოს იმ ეპოქის აღსაქმელად, თუნდაც ერთი ადამიანის სუბიექტური ხედვით. ამ ჩანაწერებს თან ახლავს გაზეთებიდან ამონაჭრები და გამოსაცემად მზადაა", - გვითხრა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ჩაწერილ ინტერვიუში ლაშა ბაქრაძემ.

ილუსტრაცია წიგნიდან: სატირულ-იუმორისტულ ჟურნალის "ტარტაროზი" ყდა, 1 იანვარი, 1930
ილუსტრაცია წიგნიდან: სატირულ-იუმორისტულ ჟურნალის "ტარტაროზი" ყდა, 1 იანვარი, 1930

​​„მწერლობის მოთვინიერების“ ახალი გამოცემის პრეზენტაციას ლიტერატურის მუზეუმი უახლოეს მომავალში გეგმავს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG