Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აკაკი ბაქრაძე - კაცი, რომელსაც უსმენდნენ


აკაკი ბაქრაძე (პირადი არქივი)
აკაკი ბაქრაძე (პირადი არქივი)

იყო ერთი უცნაური თამაში, რომელსაც ლაშა ბაქრაძე ბავშვობაში თავის თავს ეთამაშებოდა: იტყოდა, მამაჩემის ლექციაზე აუცილებლად მოვა ბევრი ხალხი! - მიუხედავად იმისა, რომ, მაგალითად, იმ დღეს ფეხბურთის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი უნდა ყოფილიყო. და აკაკი ბაქრაძის ლექციაზე მართლა ტევა არ იყო. მათ შორის იყვნენ ის ახალგაზრდა ბიჭებიც, ვინც იმ მომენტში სტადიონზე უნდა ყოფილიყო.

მიუხედავად ამისა, 90-იან წლებში აკაკი ბაქრაძეს ხშირად უთქვამს: „მეგონა, რაღაც ნათელს ვაღვიძებდი და ბნელი გამიღვიძებიაო“. ის უკმაყოფილო იყო იმ ხალხის ქცევით და აზრებით, ვინც ხმამაღლა აცხადებდა, რომ აკაკი ბაქრაძის ლექციებზე იყო გაზრდილი - ის, რასაც ისმენდნენ, და ის, რასაც ლაპარაკობდნენ, ერთმანეთს არ ემთხვეოდა.

აკაკი ბაქრაძე (პირადი არქივი)
აკაკი ბაქრაძე (პირადი არქივი)

აკაკი ბაქრაძის ვაჟს, ლაშა ბაქრაძეს, რომელიც დღეს ლიტერატურის მუზეუმს ხელმძღვანელობს, დღემდე აქვს ეს განცდა, რომ აკაკი ბაქრაძე ქართული საზოგადოებისათვის მაინც უცხოდ დარჩა, მისი ნააზრევი კი ძალიან ადვილად დაივიწყეს. 29 მარტს ქართველი პუბლიცისტის, კრიტიკოსის, საზოგადო მოღვაწის - აკაკი ბაქრაძის - დაბადებიდან 90 წელი გავიდა. აკაკი ბაქრაძის ბოლო რვატომეული 12 წლის წინ გამოვიდა. მას შემდეგ მისი წიგნების განახლებული ტირაჟი აღარ გამოცემულა.

აკაკი ბაქრაძე (პირადი არქივი)
აკაკი ბაქრაძე (პირადი არქივი)

ამას წინათ ერთ სტატიაზე ვმუშაობდი, რეპრესირებულ ხელოვანებზე. დიდხანს რომ ეძებ რაღაც შესაფერის ორსიტყვიან წინადადებას, რომლითაც მთელ ამბავს შეაჯამებ. აკაკი ბაქრაძემ თქვა ეს ორი სიტყვა წლების წინ - „მწერლობის მოთვინიერება“ - და წიგნსაც ასე დაარქვა. ამ წიგნს ხელახლა გამოსცემს წელს ლიტერატურის მუზეუმი.

აი, ერთი ფრაგმენტი:

„ლიტერატურის პარტიულობის პრინციპმა არა მარტო თანამედროვე პრობლემებზე მსჯელობისას შეუკრა კრიჭა ქართულ მწერლობას, არამედ - წარსულისაც. მაგალითად, ის ხმას ვერ იღებს იმ ქართველი მოღვაწეების საქმიანობაზე,რომელთაც არ უნდოდათ საქართველოს რუსეთთან შეერთება ან შემდგომ პერიოდში საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას ემსახურებოდნენ...

აკაკი ბაქრაძე (პირადი არქივი)
აკაკი ბაქრაძე (პირადი არქივი)

....მენშევიკი გიორგი პლეხანოვი მოკრძალებით და პატივისცემით სარგებლობს, მენშევიკი ნოე ჟორდანია კი ლანძღვა-გინების წუმპეშია ამოსვრილი...მისი სახელი ქართველს პირველ დამოუკიდებელ რესპუბლიკას ახსენებს, პირველ ქართველ პრეზიდენტს და 26 მაისის იდეალებს. ეს კი ქართველს აკრძალული აქვს. თუ ვინიცობაა, ახსენა, უთუოდ ლაფი უნდა დაასხას. ასე სურთ მოსკოვში და იმიტომ. პავლიკ მოროზოვს, რომელმაც მამა გაყიდა, ქართული პოეზია უმღერის, მაგრამ არავის ახსოვს 1921 წლის 23 თებერვალს ყოფილი სამხედრო ტაძრის (ამ ადგილას ახლა მთავრობის სახლი დგას) გალავანში საძმო საფლავში ჩასვენებული ახალგაზრდა ქართველი ოფიცრები და სტუდენტები: არჯევან ანანიაშვილი, ალექსანდრე ახვლედიანი, ირაკლი თოიძე, პავლე იაკობაშვილი, ნიკოლოზ სტურუა, ნიკოლოზ ზანდუკელი, მიხეილ თუმანიშვილი, ნიკოლოზ კალანდარიშვილი და სხვანი... აღარ იბეჭდება და აღარ ლაპარაკობენ გერონტი ქიქოძის წიგნზე „ეროვნული ენერგია“ ანდა სხვა წერილებზე, რომლებიც დასტამბულია 1921 წლამდე...“

აკაკი ბაქრაძე (პირადი არქივი)
აკაკი ბაქრაძე (პირადი არქივი)

იმ დღეს კიდევ, 1978 წლის 14 აპრილის მონაწილეებს ვეძებდით 40 წლის წინანდელი ამბების გასახსენებლად, კინაღამ რომ რუსული გამოაცხადეს სახელმწიფო ენად. თითქმის ყველამ გაიხსენა აკაკი ბაქრაძის სიტყვა, რომელიც მან 12 აპრილს მწერალთა კავშირში წარმოთქვა. ორ მათგანს დავიმოწმებ - მწერალ ზაურ კალანდიას და ფილოლოგ თემურ შავლაძეს.

„აკაკი ბაქრაძის გამოსვლა, ალბათ, არასოდეს დამავიწყდება. ლაპარაკი რომ დაიწყო, ჩემს თვალწინ ეს კაცი უცებ თითქოს ფიზიკურადაც გაიზარდა, უზარმაზარი გახდა, მახსოვს, როგორ შევყურებდი. ეს იყო ძალიან დიდი, მართალი სიტყვა და მაშინ ვიფიქრე, რომ ჩვენ გადავრჩებოდით ამ ტრაგედიისგან, რაც გველოდა“.

„ეს იყო უნიკალური სიტყვა. მამულიშვილური, პატრიოტული, ბრძნული, წინასწარ განჭვრეტილი ერისთვის რაღაც დიადის სათქმელადაც, რომ არ მოდუნებულიყო ერი, არ შეშინებოდა და, ამავე დროს, სიფრთხილეც გამოეჩინა“.

აკაკი ბაქრაძის გამოუქვეყნებელი ჩანაწერები (პირადი არქივი)
აკაკი ბაქრაძის გამოუქვეყნებელი ჩანაწერები (პირადი არქივი)

გრძელი სიტყვაა, წასაკითხი. აქ მხოლოდ ფრაგმენტს მოვიყვან:

„საბჭოთა კავშირში რუსულს არ ჰყავს მეტოქე, არც პოლიტიკური და არც კულტურული თვალსაზრისით. ქართული კი მცირერიცხოვანი ერის ენაა. ქართულად სხვაგან არსად ლაპარაკობენ. ქართულს არ გააჩნია მონათესავე ენაც კი. იგი ობოლი ენაა და თუ საქართველოშიც არ მიეცა მას სახელმწიფო უფლებამოსილება, ქართული დასაღუპავად განწირული ენა იქნება. საზოგადოებრივ-პოლიტიკური თვალსაზრისით ენას ორი ფუნქცია აქვს: იგი ან არის სახელმწიფო ენა, ან არის პატუა (შინაური, შინ სახმარი) ენა. ახალი კონსტიტუციის პროექტი ქართულ ენას უტოვებს პატუა ენის ფუნქციას.

აკაკი ბაქრაძის გამოუქვეყნებელი ჩანაწერები (პირადი არქივი)
აკაკი ბაქრაძის გამოუქვეყნებელი ჩანაწერები (პირადი არქივი)

ყოველივე ზემოთქმულიდან რა დასკვნის გაკეთება შეიძლება? მე ვაკეთებ ერთადერთ დასკვნას − საქართველოს სსრ ახალი კონსტიტუციის პროექტი კონსტიტუციურ საფუძველს უყრის ქართველი ხალხის გარუსების საქმეს... სრული პირდაპირობით უნდა ითქვას − აქვს თუ არა რომელიმე ქართველს უფლება, რა მდგომარეობის, რა განათლების, რა შეხედულებისაც უნდა იყოს იგი, მხარი დაუჭიროს ამ კონსტიტუციის პროექტს? მე გეუბნებით, არა რომელიმე პუნქტს, არამედ მთლიანად კონსტიტუციას? ამ კონსტიტუციის სტილისტური გასწორება-დაზუსტება საქმეს არ უშველის. მისი არსი მაინც ანტიქართული დარჩება, ამიტომ ქართველმა ხალხმა არ უნდა მიიღოს ეს კონსტიტუცია. არც ერთ ჩვენთაგანს არა აქვს მორალური უფლება, ხმა მისცეს ახალ კონსტიტუციას“...

რატომ მოხდა, რომ კაცი, რომელიც წარმოუდგენლად პოპულარული იყო და რომელსაც თითქოს ძალიან ბევრი ადამიანი სცემდა დიდ პატივს, დავიწყებას არის მიცემული? - ეს კითხვა აკაკი ბაქრაძის ვაჟს, ლაშა ბაქრაძესაც, ხშირად დაუსვამს.

აკაკი ბაქრაძის გამოუქვეყნებელი ჩანაწერები (პირადი არქივი)
აკაკი ბაქრაძის გამოუქვეყნებელი ჩანაწერები (პირადი არქივი)

ლაშა ბაქრაძე - აკაკი ბაქრაძეზე

„ჩემი აზრით, ეს რამდენიმე ფაქტორით აიხსნება.მამაჩემს შეეძლო, თუმცა არ მიეკუთვნებოდა ქართულ „ელიტებს“. და როდესაც ამ „ელიტების“ წევრი არ ხარ, ის, საბოლოოდ, ზურგს გაქცევს და შენი ამბავი აღარ აინტერესებს. დავიწყების მიზეზი ისიც შეიძლება იყოს, რომ აკაკი ბაქრაძე ვერანაირ უჯრაში ვერ შეტენეს - ქართველი ნაციონალისტებისათვის ის არასაკმარისად ნაციონალისტი იყო, ქართველი ლიბერალებისათვის - არასაკმარისად ლიბერალი. მას ყოველთვის ჰქონდა დომინანტური აზრისგან განსხვავებული აზრი. და არა მხოლოდ კომუნისტების დროს, არამედ შემდეგაც.

საკმაოდ ბევრს წერდა, მაგრამ 90-იან წლებში უკვე აღარ უსმენდნენ. აღარ იყო მათთვის აქტუალური. და როცა ის ხედავდა, რომ მის სიტყვას არ ჰქონდა გავლენა, ცხადია, აღარც აქტიურობდა. მაშინ ესეც დიდი აგრესიის მიზეზი გახდა - ამბობდნენ, რატომ არ აქტიურობს, სად დაიკარგაო. თუმცა, სინამდვილეში, მისი აზრი არ აინტერესებდათ“.

ლაშა ბაქრაძე
ლაშა ბაქრაძე

„მწერლობის მოთვინიერების“ გარდა, წელს ლიტერატურის მუზეუმი ასევე გეგმავს გამოსცეს ამ წიგნის ერთგვარი გაგრძელებაც, რომლის დასრულებაც აკაკი ბაქრაძემ ვერ მოასწრო - სახელად „გადარჩენა“. ეს წიგნი არის იმაზე, რომ, მართალია, ქართულ მწერლობასა და მწერლებზე იყო დიდი ზეწოლა, მაგრამ იყვნენ ისეთი ადამიანებიც, ვინც ამას ეწინააღმდეგებოდა.

გამოუცემელი წიგნები

„როდესაც ვამბობ, რომ მისი წიგნები არ გამოიცემა, მეკითხებიან, მე რატომ არ გამოვცემ. რა გამოდის, რომ არა შვილი, ქვეყანას არ უნდა აინტერესებდეს ის ადამიანები, ვინც, მართლა მგონია, რომ არ არიან ხელწამოსაკრავები ამ ქვეყნის ისტორიისთვის? ეს ჩვენი საზოგადოების პრობლემაა. პრობლემაა მედიაც, რომელსაც ერთი და იგივე გმირები ჰყავს ამოჩემებული. ისევ წიგნებს რომ დავუბრუნდეთ, ახლაც მზად არის გამოსაცემად აკაკი ბაქრაძის თითქმის სრული შემოქმედება - ათ ტომად. ჯერჯერობით ვერ გამოიცემა. გამოუქვეყნებელი მასალიდან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მასალა - ეს არის მისი ჩანაწერები, რომელიც ეხება სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებს იმ დროისას. ეს არის 50-იანი წლების ბოლოდან და 1999 წელს, მისი გარდაცვალების წელს, სრულდება. მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო უნდა იყოს იმ ეპოქის აღსაქმელად, თუნდაც ერთი ადამიანის სუბიექტური ხედვით. ამ ჩანაწერებს თან ახლავს გაზეთებიდან ამონაჭრები და გამოსაცემად მზადაა. ან არის, მაგალითად, კინოსტუდიაში მუშაობის პერიოდის რეცენზიები, როდესაც ის კინოსცენარების რეცენზიებს წერდა, თავისივე დაწუნებული სცენარების. შენახული აქვს ამ დაწუნებული სცენარების რეცენზიები. მე მგონია, რომ ვისაც სცენარის დაწერა უნდა, ძალიან გამოადგებოდა როგორც სასწავლო წიგნიც. ძალიან სასაცილოა, რაზე წერდნენ ადამიანები სცენარებს, და ესეც ნაწილია ჩვენი კინოსი“.

აკაკი ბაქრაძის გამოუქვეყნებელი ჩანაწერები (პირადი არქივი)
აკაკი ბაქრაძის გამოუქვეყნებელი ჩანაწერები (პირადი არქივი)

აკაკი ბაქრაძის პირველი წიგნები 1966 წელს გამოჩნდა.

„კინოკრიტიკული ეტიუდები“ და „კრიტიკული წერილები“, „მითოლოგიური ენგადი“, „ილია ჭავჭავაძე“, „სჯანი“, „ფიქრი და განსჯა“, „კრიტიკული გულანი“, „რწმენა“, „მწერლობის მოთვინიერება“, „ილია და აკაკი“, „დაწუნებული გზა“ და სხვები. 2004-2006 წლებში გამოვიდა აკაკი ბაქრაძის რვატომეული. მას შემდეგ აკაკი ბაქრაძის წიგნების ახალი ტირაჟი აღარ დაბეჭდილა.

აკაკი ბაქრაძეს სახლში ბევრი საინტერესო ადამიანი სტუმრობდა, მათ შორის, დისიდენტებიც. რადგან სტუმრობას ღამით არჩევდნენ, სახლი კი პატარა იყო, ლაშას ხშირად უწევდა ლოგინიდან ადგომა და ან სხვაგან გადანაცვლება, ან სულაც მათი საუბრების მოსმენა. მისთვის არასოდეს არავის უთქვამს, რომ პატარა იყო და არ უნდა მოესმინა. არც ის განცდა გასჩენია ოდესმე, რომ მას არ ენდობოდნენ. და ეს იყო საუბრები, ძალიან საინტერესო, რომელსაც ვერასდროს სახლის გარეთ ვერ მოისმენდა.

ლაშა ბაქრაძე - მამაზე

"მამაჩემმა ძალიან, ძალიან ბევრი რამ მომცა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული ადამიანი იყო, ყოველთვის ცდილობდა ჩემთვის დრო გამოენახა. არ არსებობდა სასაუბრო თემები, რომელსაც ტაბუ ედო. ბავშვობაშიც არ მახსოვს რამე კითხვა დამესვა და ეთქვას, პატარა ხარ, გაიზრდები და მერე გიპასუხებო. სულ ბავშვობიდან მახსოვს, მაგალითად, გრიგოლ რობაქიძეზე საუბრები. მასზე კი საბჭოთა კავშირის დანგრევამდე არავინ საუბრობდა. კარგად მახსოვს, დედაჩემმა როგორ წამოიღო ბაბო დადიანისგან ჩოლოყაშვილის სურათი და მახსოვს, უამრავი ხალხი მოდიოდა ამ სურათის გადასაღებად.

ლაშა ბაქრაძე
ლაშა ბაქრაძე

მამას ხშირად მოჰქონდა სახლში არალეგალური ლიტერატურა, მაგრამ მხოლოდ ერთი ღამით, რადგან მერე სხვას უნდა წაეღო და წაეკითხა და ჩვენც იმ ღამით ვკითხულობდით, მეორე დღეს კი სკოლაში ვეღარ მივდიოდი ხოლმე. კიდევ, მახსოვს, რომ ჩვენ დროს სკოლაში აქტიურად იყენებდნენ ე.წ. გარჩევის წიგნებს, რომელშიც ეწერა სტანდარტული აზრი, რომლისგანაც მამაჩემის აზრები აბსოლუტურად განსხვავდებოდა. და რადგან მე მისგან ვისმენდი აზრს, თემებსაც ამ აზრების მიხედვით ვწერდი და ეს იწვევდა მასწავლებლების წარმოუდგენელ გაღიზიანებას“.

აკაკი ბაქრაძის გამოსვლების მხოლოდ რამდენიმე ვიდეოჩანაწერია შემორჩენილი. ერთი მათგანი, რომლის მოსმენაც ინტერნეტშია შესაძლებელი, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს შეეხება. საუბარი ჟურნალისტმა დალი ჯოჯუამ ჩაიწერა აფხაზეთის ტელევიზიაში:

საუბრობს აკაკი ბაქრაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:15 0:00
გადმოწერა

„სრულიად მკაფიო და ნათელი და გასაგებია, თუ თავს არ მოვიტყუებთ, რომ აფხაზეთიცა და ცხინვალის ოლქიც ჩვენ წაგვართვა რუსეთმა. დაგვსაჯა რუსეთმა ამით იმისათვის, რომ ჩვენ გამოვთქვით დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სურვილი. ჩვენ ერთხელ უკვე დაგვსაჯა ამისათვის. 1918-1921 წლებში, როდესაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა არსებობდა და შემდეგ ისევ დაიპყრო რუსეთმა საქართველო, მაშინ ჩვენ იმ თავისუფლების სურვილისათვის წაგვართვეს საინგილო, ლორეს ოლქი და სხვა ტერიტორიები. მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტური საქართველო რუსეთის ძაღლივით ერთგული იყო, ჩვენ არ დაგვიბრუნეს ეს ტერიტორიები. სასჯელი ბოლომდე გადაგვახდევინეს“...

1994 წელია. ომი აფხაზეთში 1 წლის დასრულებულია.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG