როგორც ცნობილია, 2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას გადიან სამგზავრო ავტობუსები, მიკროავტობუსები, 3.5 და მეტი ტონა ტვირთამწეობის სატვირთო ავტომობილები, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან კი სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარნენ სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილები.
გარდაბნის მკვიდრი ილჰამ კაზიმოვი 1981 წლიდან მძღოლად მუშაობს. ძირითადად საბჭოთა წარმოების სატვირთო მანქანების ტარება უწევდა, თუმცა 5 თვეა, ჩინური წარმოების „შაგმანის“ მარკის ავტომანქანას ატარებს, რომელიც რუსთავი-თბილისის ავტობანის მშენებლობაზე მომუშავე ჩინურ კომპანიას ეკუთვნის. ჩვენ ილჰამ კაზიმოვს რუსთავში, ავტომობილების ინსპექტირების ცენტრში, სწორედ მაშინ შევხვდით, როცა მის მანქანას ტესტირებას უტარებდნენ.
„დაგვაქვს ხრეში, მილები, ყველანაირი სამშენებლო მასალა. ჩემი მანქანა ჩინური წარმოებისაა, კარგი მანქანაა. მისი ტევადობა უფრო დიდია, ვიდრე „კამაზის“. „შაგმანს“ 70 ტონა ტვირთი გადააქვს, „კამაზს“ კი - 10-20 ტონა“.
თუმცა ილჰამ კაზიმოვის თქმით, ტექნიკური თვალსაზრისით, საბჭოთა, მაგრამ ახლა უკვე რუსული წარმოების სატვირთო მანქანებიც კარგია, თუ სადანადოდ მოუვლი.
რუსთავში ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ლიცენზიას შპს „დარე“ ფლობს, მისი დამფუძნებელი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით რეხვიაშვილი, ამბობს, რომ ცენტრი, რომლის საქმიანობაშიც აღარ ერევა, რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებს ემსახურება. მისი თქმით, პირველი ივლისის შემდეგ სავალდებულო ტექდათვალიერება დამატებით ცხრა ათასამდე ავტომობილმა უნდა გაიაროს.
„სულ, გარდაბნის რაიონში 12 ათასი მანქანაა, ჩვენთან [რუსთავში] - 19 ათასი. ეს 31 ათასი, ხომ? დაახლოებით, მარტო ჩემთან [რუსთავში] არის 12 ათასი მანქანის პოტენციალი და 9 ათასი [იურიდიული კომპანიის მანქანა] რომ დაემატა, 144 ათასი მანქანის ტესტირების პოტენციალი მაქვს [ტესტირების ცენტრში]“.
ყველას აქვს თავისი ნორმა გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების არსებობის. ზოგზე 50 პროცენტით აჭარბებს, ზოგზე - 100-ით, ზოგზეც - 20-ით. მაგას ადგენს კომპიუტერი...გიორგი ნანობაშვილი
დავით რეხვიაშვილის ინფორმაციით, ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში დამონტაჟებული სპეციალური აპარატურა, რომლის დიაგნოსტიკური მონაცემებიც შს სამინისტროს ბაზაში ავტომატურად ხვდება, იმის საშუალებას იძლევა, რომ ავტომობილების ინსპექტირებისას არ წარმოიშვას რიგები. მისივე ინფორმაციით, როგორც წესი, ყოველი 10-დან 6-7 ვტომანქანა ტექნიკურ პარამეტრებს ვერ აკმაყოფილებს.
გიორგი ნანობაშვილი, რუსთავის ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის დირექტორი, ამბობს, რომ ავტომონქანების ძირითადი პარამეტრები დანადგარებით მოწმდება. უმეტეს შემთხვევაში პრობლემა სამუხრუჭე ნაწილების გაუმართაობა და გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების გადაჭარბებული რაოდენობაა.
„მაგას ადგენს კომპიუტერული სისტემა. ის ადგენს მავნე ნივთიერებებს გამონაბოლქვში. ეს ეხება აბსოლუტურად ყველანაირი კატეგორიის მანქანას. ყველას აქვს თავისი ნორმა გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების არსებობის. ზოგზე 50 პროცენტით აჭარბებს, ზოგზე - 100-ით, ზოგზეც - 20-ით. მაგას ადგენს კომპიუტერი“.
ტესტირებას მოვრჩით, ახლა გადავუღებთ სურათებს და ავტვირთავთ [შინაგან საქმეთა] სამინისტროს საიტზე და უკვე დაუმზადდება „ტეხასმოტრი“ მანქანის პატრონს...გიორგი ნანობაშვილი
გიორგი ნანობაშვილის თქმით, საქართველოში დღემდე მოძრაობენ საბჭოთა დროინდელი სატვირთო მანქანები, რომლებიც ხშირად ვერ აკმაყოფილებენ ტექნიკურ მოთხოვნებს და მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან იმავე კატეგორიიის უცხოეთისას.
გიორგი ნანობაშვილი ტესტირების ცენტრის ტერიტორიაზეც შეგვიძღვა და შემოწმების პროცესზე დაკვირვების საშუალება მოგვცა.
ადგილზე სატვირთოსთან ერთად ერთ-ერთი ორგანიზაციის „ოპელის“ მარკის მსუბუქ ავტომობილს ამოწმებდნენ.
„ტესტირებას მოვრჩით, ახლა გადავუღებთ სურათებს და ავტვირთავთ [შინაგან საქმეთა] სამინისტროს საიტზე და უკვე დაუმზადდება „ტეხასმოტრი“ მანქანის პატრონს. მანქანა ყველანაირ სტანდარტში ჩაჯდა“, გვეუბნება ცენტრის თანამშრომელი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც საუბრის დროს „ოპელის“ საჭესთან იჯდა.
მასთან საუბარი ჯერ დასრულებული არ გვქონდა, როცა ცენტრში ერთ-ერთი კომპანიის მიკროავტობუსი შემოვიდა. მისი მძღოლი, გურამ დოჩია, ამბობს, რომ ის საკვები პროდუქტების დისტრიბუციით არის დაკავებული:
„ახლა შემოვიდა ბრძანება და ეგრევე შევუდექით საქმეს. დარწმუნებული ვარ, რომ მანქანა ტესტირებას გაივლის. აგერ დგას „მერსედეს პრინტერი“, 2002 წლის“.
გურამ დოჩიას თქმით, მის კომპანიას სულ 12 სადისტრიბუციო მიკროავტობუსი ჰყავს, ტესტირებას ყველა გაივლის და თითო ავტომანქანის შემოწმებისთვის კომპანია 61 ლარს გადაიხდის.
დადგენილი ტარიფით, მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური შემოწმება 60 ლარი ღირს, სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების — 100-დან 150 ლარამდე მერყეობს.
2018 წლის 1 იანვრიდან დადგენილი რეგულაციით, ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება ეტაპობრივად განხორციელდება და 2019 წლის ბოლომდე საქართველოს რეგისტრირებულ ყველა ავტომობილს შეეხება.